პროკურორის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეში ბრალდების მხარე გადამწყვეტ ნივთმტკიცებულებად ჩანთას არასდროს ასახელებდა

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში, ბრალდების მხარე გადამწყვედ ნივთმტკიცებულებად ჩანთას არასდროს ასახელებდა და სრულებით, შესაძლებელი იყო, რომ ჩანთაზე აღმოჩენილი დნმ-ს ნიმუშები ბრალდებულების დნმ-ს ნიმუშებს არ დამთხვეოდა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე ცდილობს საზოგადოების და სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.

„მოცემული საქმის ფარგლებში, ასობით ადამიანისგან მიღებული იქნა მათ შორის, დნმ ნიმუშები, იმისათვის, რომ გამოძიებისათვის საინტერესო საექსპერტო კვლევებს მიეცათ გამოძიებისათვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დღესაც კი მიმდინარეობს გამოძიება, აქ არ არის საუბარი მხოლოდ დნმ-ის ექსპერტიზებზე, სხვადასხვა ექსპერტიზები ამ საქმეზე დანიშნულია და გამოძიება ეტაპობრივად იღებს პასუხებს.

რაც შეეხება ჩანთას და აღმოჩენის გარემოებებს, გარკვეული დნმ ნიმუშები იქნა ჩანთიდან იდენტიფიცირებული, გარკვეული მათგანის ვინაობა ჩვენთვის არის ცნობილი და არის 2 დნმ ნიმუში, რომელთა გარკვევაც ხდება გამოძიების მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩანთა და მისი როლი ამ საქმეში დაცვის მხარის სტრატეგიის შესაბამისად იქნა წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებისათვის, ასევე სისხლის სამართლის საქმეში სხვადასხვა პოზიციების დაფიქსირების დროს.

იმ პირობებში, როცა დაცვის მხარეს არგუმენტირებული პასუხი არ აქვს ბრალდების მხარის პოზიციაზე და მტკიცებულებებზე, დაცვის მხარე ცდილობს ამ ეტაპზე საზოგადოების და შემდგომში ალბათ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას შეუზღუდავდა“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

როგორც პროკურორმა განმარტა, გიორგი შაქარაშვილის მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო, ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.

„ბრალდების მხარე ჩანთას არასდროს ასახელებდა, როგორც საქმისადმი ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ნივთმტკიცებად. ჩვენ ვამბობდით, რომ არსებობს საექსპერტო კვლევები, რაც კონკრეტულად მოგვცემდა საშუალებას დაგვედგინა კონკრეტულად ვის ჰქონდა ამ ჩანთასთან შემხებლობა. ჩანთაზე დნმ-ს აღმოჩენა ვერ იქნებოდა უტყუარი მტკიცებულება“, - განაცხადა გულუაშვილმა.

პროკურორმა ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა, ერთ-ერთი ბრალდებულის საცვლების დაკარგვის საკითხზე, რომლითაც მისი თქმით, ბოლო პერიოდში დაცვის მხარე აპელირებს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საქმე ეხება ერთ-ერთი ბრალდებულის საცვლების დაკარგვის საკითხს. დაცვის მხარე აპელირებს იმაზე, რომ თითქოს ეს ხდება მტკიცებულებათა გაყალბების და დნმ ნიმუშის დადარების მიზნით. ფაქტია, რომ ჩატარებული საექსპერტო კვლევებით ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხა ჩანთაზე აღმოჩენილ ორ უცნობ დნმ ნიმუშთან ბრალდებულთან კავშირი და ასევე, გამოირიცხა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მსხდომთა დნმ-ს ნიმუშებთან კავშირი“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ჩანთა არაგვის ხიდის სვეტზე გამოძიებამ 19 ივნისის საღამოს, გიორგი შაქარაშვილის მეგობარ, გურამ ამირხანაშვილთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას აღმოაჩინა.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.

შაქარაშვილის ჩანთის შუალედური ექსპერტიზის შედეგად ხუთი პირის დნმ გამოვლინდა, რომელთაგან 3 ცნობილია და 2 უცნობი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა