ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2020

კიბერთავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე - “ეს დივერსიისთვის მომზადებას ჰგავს და მგონია რაღაცა უფრო ცუდს აპირებენ”

შემოდგომაზე და ზამთარში ტურიზმს სრული კრახი ელის

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” სექტემბრის ნომრის N9 (271) მიმოხილვა

* * *

კიბერთავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე - “ეს დივერსიისთვის მომზადებას ჰგავს და მგონია რაღაცა უფრო ცუდს აპირებენ”

“კიბერშეტევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, რომლის უკანაც კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი და ანალიტიკოსი რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავენ. მათი თქმით, ეს არის გარკვეული მზადება რაღაც უფრო დიდი დივერსიისთვის და არ გამორიცხავენ, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი თავდასხმები უფრო გახშირდეს. რა წაიღეს ჰაკერებმა და რაში სჭირდებათ ლაბორატორიიდან მოპარული ინფორმაცია? - სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მასალებიდან ფეიკ ინფორმაციას გააკეთებენ, რომელსაც სხვადასხვა საიტებზე განათავსებენ და დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ საქართველო მომწამვლელ ნივთიერებებს ქმნის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კიბერთავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე - “ეს დივერსიისთვის მომზადებას ჰგავს და მგონია რაღაცა უფრო ცუდს აპირებენ”.

“კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ინფორმაციით, კიბერთავდასხმა ჯანდაცვის უწყების კომპიუტერულ სისტემაზე, ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან, პირველ სექტემბერს მოხდა. მიზანი სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს, რიჩარდ ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში შეღწევა იყო. კიბერშეტევისას სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება სცადეს. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ბრალდებები, რომელსაც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის “ნოვიჩოკით” მოწამვლის საქმეზე რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოსა და ამერიკისკენ ხელს იშვერენ. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და შეერთებულ შტატებშია. დუმის დეპუტატის ინფორმაციას აბსურდულსა და მტრულს უწოდებენ თბილისში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი ანდრო გოცირიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ეს ცალსახად რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან ასოცირებული კიბერაქტორების ნამოქმედარია. სქემა კიბერშეტევის შედეგად გარკვეული ინფორმაციის მოპარვაა. ხოლო ამ მოპარული მასალებით, ინფორმაციის ფაბრიკაცია ხდება. მისივე თქმით, თუ ამერიკულ მხარეს გავლანძღავთ, ვამხელთ ე.წ. შხამების და მომწამლავი ნივთიერების წარმოებაში, არჩევნების წინ უფრო ბევრი გაუთვითცნობიერებელი ამომრჩეველი იფიქრებს, რომ მაშინ საშველი ჩრდილოეთით არის და ამ მეზობელ ქვეყანას რაღაცებში ტყუილად ვადანაშაულებთ. შესაძლოა ეს ინფორმაცია ახლავე არავინ დაიჯეროს, თუმცა რუსეთის ტაქტიკა ის არის, რომ ასე ნელ-ნელა მოხდეს საზოგადოების მუდმივი ინფორმაციით კვება, რომლის შემდეგაც ინფორმაცია უკვე ეჭვად იქცევა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ ინფორმაციის მოპარვის შემდეგ ხდება ფაქტების გაყალბება. თითქოს და ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ ლუგარის ლაბორატორიაში ხდება ე.წ. შხამის “ნოვიჩოკის” წარმოება. შემდგომ ამის დადება კონტროლირებად საიტებზე ხდება, თითქოს და ინფორმაციამ გაჟონა. შემდგომ რუსული ტროლების დ ბოტების საშუალებით ამის გაშიფვრა ხდება. შესაძლოა შემდეგ განცხადებები ოფიციალურ დონეზეც კი გაკეთდეს. ამ ყველაფრის ერთი მიზანი შესაძლოა ისრების სხვაზე გადატანის მცდელობა იყოს, რადგანაც გერმანულმა მთავრობამ ისინი ცალსახად დაადანაშაულა ნავალნის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტში და მისი “ნოვიჩოკით” მოწამვლაში. მეორე მცდელობა კი არჩევნებში ჩარევაა. მათი მიზანია, რომ შექმნას საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა და ამერიკული ორგანიზაციის მიერ აშენებული ლუგარის ლაბორატორიის მიმართ უარყოფითი განწყობა გააჩინოს. ამერიკელი პარტნიორების მიმართ გაჩნდეს სკეპტიკური განწყობები და საქართველოში უფრო მეტი პრორუსული განწყობები გაჩნდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრო გოცირიძე.

“ქართულ-ამერიკული ურთიერთობებში რაც უფრო დაცარიელდება, ამ ვაკუუმს რუსეთი შეავსებს. რაც შეეხება საიდან მოხდა საიტის ე.წ. დაჰაკვა, გეოგრაფიის დადგენა ძალიან რთულია. მთავარია ვინ იდგა ამის უკან. ჩვენ ვარკვევთ, ვის აინტერესებდა, რა ტიპის ხელწერაა, რა ტიპის მავნე კოდია, ადრესატი საიდანაა. ეს არის შპიონაჟი. მართალია ამ ინფორმაციის სხვადასხვა გავრცელება 1 სექტემბერს მოხდა, მაგრამ გასარკვევია როდის მოიპარეს. შესაძლოა ეს ივნისში, მაისში მოიპარეს. შესაძლოა, თურქეთიდან, ამერიკიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ოკუპირებული ტერიტრიიდან და პირობითად საქართველოდანაც მოხდა. ამიტომაც საქართველოში ასეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურა აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ვერც კონცეპტუალურ და ვერც ტექნიკურ დონეზე ის კრიტიკას ვერ უძლებს. რუსეთი თავის კიბერუსაფრთხოებას იმდენად სწრაფად ავითარებს, რომ ჩვენ მათ ძალიან ბევრი ნაბიჯით ჩამოვრჩებით. წარმოუდგენელია მათ დღეს 2010 და 2012 წლის კანონმდებლობით ვებრძოლოთ. ფაქტია, რომ არსებობს შავი ხვრელები და ამ ხვრელებში რუსეთის სპეცსამსახურები ადვილად აღწევენ”, - დაასკვნის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი.

“მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ მოსალოდნელია, რომ რუსული სპეცსამსახურები უფრო გააქტიურდებიან და მსგავს კიბერშეტევებს უნდა ველოდოთ. გოცირიძე ამბობს, რომ რუსეთი კიბერშეტევებს არჩევნებში ყოველთვის იყენებს და მსგავსი არაერთი პრეცედენტი ყოფილა. მაგალითად ეს მოხდა 2014 წელს უკრაინის არჩევნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საუბარია ინგლისზე, საფრანგეთის არჩევნებზე. ამიტომაც საქართველოშიც თუკი დასჭირდება, ამას ყველაზე მარტივად გააკეთებს. კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ეჭვიც არავის ეპარება, რომ ამის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. თუმცა ხელისუფლება ამას კატეგორიული ფორმით ვერ იტყვის, რადგანაც ამის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. არეშიძე ამბობს, რომ ფაქტია - მზადდება ისეთი რამ, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისთვის საკმაოდ სახიფათოა”, - წერს სტატიის ავტორი.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებრივი აზრის დამუშავებას ემსახურება. ეს დივერსიისთვის მომზადებას ჰგავს და მგონია, რომ რაღაცა უფრო ცუდს აპირებენ. ხომ აბსურდია, რომ ამერიკას ისე გაუჭირდა, რომ “ნოვიჩოკს” საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაში ამზადებს. ასეთი პიარკამპანიებს ლოგიკა ნაკლებად სჭირდება. ის ძირითადად მუდმივად ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობას ემსახურება. რაც შეეხება კიბერ შეტევას. ეს ყველაფერი ამ პიარკამპანიის ნაწილია. მთავარი შედეგი ის არის, რომ მასალის ნაწილები აიტვირთება და ტყუილ-მართალს ერთმანეთში არევენ. ეს არის როგორც რუსეთის მოსახლეობაზე გათვლილი კამპანია, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. ასეთი ტიპის ინფორმაცია უკვალოდ არ ქრება. ეს ილექება, დღეს არის მედია ტყუილი, ხვალ არის საეჭვო ფაქტი, ზეგ არის გადასამოწმებელი ფაქტი, ხოლო მაზეგ უტყუარი ფაქტი. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს, თუნდაც სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“მისივე თქმით, რასაკვირველია, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი თავდასხმები ქვეყანაზე გახშირდება და სერიულ სახეს მიიღებს. ამიტომაც არეშიძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ იმაზე საუბარი, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსია. უხერხულია, რადგანაც საკუთარი ხალხის ჭკუასუსტად ჩათვლის მცდელობა გამოდის. არეშიძე ამბობს, რომ რუსეთის ამოცანა ის კი არ არის, რომ ქვეყანას პრორუსი ხელისუფლება ჰყავდეს. არამედ საქართველოს სახელმწიფოს ყველმხრივ დასუსტება სურთ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

შემოდგომაზე და ზამთარში ტურიზმს სრული კრახი ელის

“საქართველოში ტურიზზმა ზაფხულის სეზონზე დიდი დარტყმა განიცადა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებისა და კორონავირუსის მეორე ტალღიდან გამომდინარე, გაჩნდა მოლოდინი, რომ ზამთრის კურორტებზე დამსვენებელები თითქმის არ იქნება. შიდა ტურიზმე დიდი იმედი თავიდანვე არ მყარდებოდა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლა ქვეყანაში შეჩერდა, სფეროს სპეციალისტები ამბობდნენ, რომ საქართველოში შიდა ტურიზმი არ გაამართლებს და იმ შემოსავალს, რომელიც უცხოელი ვიზიტორებისგან უნდა მიგვეღო, ვერაფერი გადაფარავდა და შეავსებდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შემოდგომაზე და ზამთარში ტურიზმს სრული კრახი ელის / “ძალიან ცუდი ვითარებაა და არც კი ვიცი ის დანაკლისი როგორ ავინაზღაუროთ”.

“გადაცემა “საქმეში” “ჰელისკი ჯორჯიას” ხელმძღვანელის ვატო ასათაშვილის თქმით, ტურიზმის სექტორს და მასთან დაკავშირებულ სფეროებს, დაახლოებით 8-10 მილიარდ ლარამდე დააკლდა. “ჩვენ ჯერ კიდევ მაისში გვახსოვს მთავრობის მხრიდან “ბაქიბუქობა”, რომ საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნიდა საზღვრებს, შეიქმნებოდა მწვანე კორიდორები, მოიზიდავდა ხალხს - ეს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნებოდა შესაძლებლობა სწრაფად და მარტივად გამკლავებოდა კრიზისს. თუმცა, საზღვრები არ გახსნილა და ეს მოლოდინიც იყო არასწორი. ჯერ კიდევ მაისში გამოიკვეთა, რომ ტურისტული სეზონი საქართველოში ჩავარდებოდა და ჩავარდა კიდეც. დაახლოებით 8-10 მილიარდ ლარამდე გვაქვს ზარალი, ანუ შემოუსვლელი თანხა, რომელიც არა მხოლოდ ტურიზმის სექტორს, არამედ მათ შორის ჯაჭვურად სხვა სექტორებს (მომსახურების სფეროს, სოფლის მეურნეობას თუ ტრანსპორტს) დააკლდა”, - თქვა ასათაშვილმა, რომლის განმარტებით “რეალურად ეს თანხა საქართველოს ეკონომიკას დააკლდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამასთან, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ წელს ზამთრის სეზონიც არ იმუშავებს. რა ხდება დღეს? ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიას არასწორი მენეჯმენტის გამო დავაკელით 8-დან 10 მლრდ ლარამდე, პლუს ამას კრიზისის წინაშე მდგომ კომპანიებს გადარჩენაში ვეხმარებით და ისევ ჩვენი დაკლებული ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ, ანუ ყველა ვარიანტში მინუსში მივდივართ და რეალურად პერსპექტივა არაფერი გვაქვს. უნდა შევეგუოთ ფაქტს და მაქსიმალურად ვეცადოთ კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გავიტანოთ”, - მიიჩნევს ასათაშვილი... წელს რომ ტურისტული სექტორი ძალიან დაზარალდა, არაერთი ფაქტი მოწმობს. მართალია, ზღვისპირა კურორტებზე დამსვენებლების ნაკადი შეიმჩნეოდა, თუმცა ის მოლოდინი, რომელიც ზაფხულის დასაწყისში იყო, არ გამართლდა. ბათუმში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელი, ზურა ხიმშიაშვილი ამბობს, რომ წელს რთული მდგომარეობა იყო, რის გამოც დიდად იზარალა. ზამთრის სეზონზეც ყველანაირი იმედი მყარდება, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიქმნება შემოდგომის ბოლოს - ტურიზმის სფეროს სპეციალისტის მარინა მეტრეველის განცხადებით, რთულია პროგნოზის გაკეთება, მით უფრო, რომ სახარბიელო ვითარება ახლაც არ არის”, - დასძენს გამოცემა.

“პირდაპირ შეიძლება მკვდარი სეზონი დავარქვათ. მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო ტიპის სასტუმროებმა და ასევე დიდმა სასტუმროებმა ფასთა კლება გავაკეთეთ, ბათუმში ტურისტული სეზონი მაინც ჩავარდა. არ გვყავდა იმდენი დამსვენებელი, როგორი მოლოდინიც გვქონდა. შარშან თითქმის არც ერთი დღე არ გასულა ისე, რომ ხალხი არ მყოლოდა და ცარიელი ნომრები მქონოდა. წელს კი ეს ვითარება მთლიანად შეიცვალა. მაგალითად, ივლისშიც კი რამდენიმე დღე მიყოლებით ოთახები ცარიელი მქონდა. ფაქტობრივად, ჩავარდა სექტემბერიც, ე.წ. ხავერდოვანი სეზონი. ბათუმს ამ პერიოდშიც ბევრი დამსვენებელი ჰყავდა ხოლმე და წელს მათი მეოთხედიც თუ ჩამოვიდა, მადლობელი ვიქნებით. ძალიან ცუდი ვითარებაა და არც კი ვიცი ის დანაკლისი როგორ ავინაზღაუროთ, რომელიც კორონავირუსმა მოგვაყენა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურა ხიმშიაშვილი.

“მთავრობა ეძებდა გზას, რომ შემოსავალი მიეღო. ახლა ისეთი პერიოდია, როცა მეორე ტალღის დაწყებაზე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ. ალბათ, ყველაფერი დაიხურება და არც არავინ იცის როდის გაიხსნება. როცა გახსნილი ობიექტებიც კი იკეტება და უცნობია როდის გააგრძელებენ საქმიანობას, რთულია პროგნოზის გაკეთება. სანამ გვირაბში პატარა სინათლე არ გამოჩნდება, იქამდე ვერავინ იტყვის ზამთარში როგორი სიტუაცია გვექნება. როგორც კი, კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყება ეკონომიკის კლება გაგრძელდება და ეს მინუსები უფრო გაიზრდება. პროცესები პანდემიის პარალელურად განვითარდება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა მეტრეველი.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” სექტემბრის ნომრის N9 მიმოხილვა

ბელორუსს რუსეთი ნატოს წინააღმდეგ გამოიყენებს / სოციალური პირობების გაუმჯობესება და საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდა ქართულ არმიაში / თურქეთი და საბერძნეთი ერთმანეთს ემუქრებიან / “ჯარი მაგნიტივითაა. ისევ უკან გიზიდავს” / როგორ დავიცვათ ქართული “მიმინოები” რუსული “კრაზანებისგან” / ეროვნული გმირი ზურაბ იარაჯული / “ავრასია” კურსს იცვლის / “დავინახე კატარღიდან გვესროლეს და ჩვენს თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა... / მეხანძრე-მაშველები ოფიცრის წოდებას იღებენ / უცნაური გამოგონება ნებისმიერ პისტოლეტს “ჰუმანურს” ხდის, მხოლოდ პირველი გასროლისას...

“ხელისუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარი მოსახლეობის დარბევაზე წასული ლუკაშენკო პუტინს ყველაფერს დაუთმობს, ბელორუსში რუსული სამხედრო ბაზების განთავსების ჩათვლით, მაგრამ... ევროკავშირმა არ აღიარა ბელორუსის პრეზიდენტად მეექვსეჯერ ლუკაშენკოს არჩევა, ანუ დასავლეთი გვიან, მაგრამ მაინც ლუკაშენკოს ოპოზიციას უცხადებს მხარდაჭერას. სამაგიეროდ, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლებას ყველანაირად დაეხმარება, მათ შორის სამხედრო გზითაც, როგორც “კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ” ხელშეკრულება ითვალისწინებს. რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს კრემლს, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს, იმ ლუკაშენკოს, რომელმაც ბოლო წლებში თავისი გამონათქვამებით პუტინი არაერთხელ გააბრაზა?”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N9, სექტემბერი, 2020) სტატიაში, სათაურით ბელორუსს რუსეთი ნატოს წინააღმდეგ გამოიყენებს.

“აქამდე ლუკაშენკომ მრავალგზის უარყო კრემლის შეთავაზება შექმნილიყო რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სახელმწიფო და ბელორუსში რუსული სამხედრო ბაზები განთავსებულიყო. ბელორუსის პრეზიდენტის უარი პუტინის შეთავაზებაზე იმითაც იყო განპირობებული, რომ ლუკაშენკო ხვდებოდა, გაერთიანებულ სახელმწიფოში მას პირველ რიგებში აღარავინ დააყენებდა და მალევე მოიცილებდნენ, საპრეზიდენტო არჩევნებმა კი ლუკაშენკოსთვის თითქმის კატასტროფულად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ 81% მიუწერეს, ის ქვეყნის პრეზიდენტად არ აღიარა მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და ქუჩაში საპროტესტოდ გამოვიდა. ამიტომაც მიდის ლუკაშენკო სერიოზულ დათმობებზე კრემლთან, რათა რუსეთმა პოლიტიკურად და თუ საჭიროა სამხედრო გზითაც შეუნარჩუნოს ბელორუსის პრეზიდენტის სავარძელი. მაგრამ ემუქრება კი ვინმე დღევანდელ ბელორუსს სამხედრო აგრესიით? ძველი სიმღერის, რომ თურმე ნატო ბელორუსში შეჭრას აპირებს, თავად ბელორუსებს დიდი ხანია აღარ სჯერათ და ერთადერთი სამხედრო ძალა, რომელიც მალე შეიძლება ბელორუსის ტერიტორიაზე მართლაც შევიდეს, რუსი “მწვანე კაცუნები” არიან, სწორედ ის “მწვანე კაცუნები”, რომლებმაც 2014 წლის გაზაფხულზე უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძული “მოჰპარეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სტრატეგიული გათვლებით, კრემლის ინტერესებშია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ასევე ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო დანაყოფები და სულაც ჯავშანსატანკო ნაწილები ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან რაც შეიძლება ახლოს “მიაჩოჩოს”, რაც მას 600 კმ-იანი სიღრმის ოპერატიული სივრცის მოგების საშუალებას აძლევს. თუ აქამდე ლუკაშენკო ეურჩებოდა პუტინს ბელორუსში რუსული სამხედრო ბაზების განთავსებაზე, ახლა შეიძლება შეეხვეწოს, მაგრამ ეს მაინც ვერ შეუნარჩუნებს დიდი ხნით პრეზიდენტის სავარძელს - როგორც კი პუტინი გააძლიერებს გავლენას ბელორუსზე, ის პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის ლუკაშენკოს, სამაგიეროდ, რუსეთის არმია ბელორუსში მყარად მოიკიდებს ფეხს”, - დასძენს გამოცემა.

“გასულ წლებში აქტიურად ვიყავი ჩართული თავდაცვის ძალების შესაძლებლობის განვითარების გეგმის შემუშავებაში და კარგად ვიცნობ თავდაცვის ძალების როგორც ძლიერ მხარეებს, ასევე მის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ გამოწვევების გამკლავებაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. თავდაცვის ძალების განვითარება მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული თავდაცვის მინისტრის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე: პირადი შემადგენლობის სოციალური მდგომარეობისა და საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესება, ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სრულყოფა და მოდერნიზაცია, თავდაცვის ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების ამაღლებას ემსახურება”, - აცხადებს თავდაცვის ძალების ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ჟურნალ “არსენალისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სათაურით სოციალური პირობების გაუმჯობესება და საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდა ქართულ არმიაში.

“საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესება და განვითარება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება თავდაცვის ძალების განვითარების საკითხში. მიმდინარეობს ქვედანაყოფებისთვის სხვადასხვა ტიპის ევროპული და ამერიკული წარმოების სპეციალური დანიშნულების საავტომობილო ტექნიკის შეძენა, საჰაერო საფრენი აპარატების შეკეთება-მოდერნიზება, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების განახლება-მოდერნიზება, შეძენა; კავშირის სისტემების განვითარება თუ თანამედროვე სტანდარტების სისტემების ინტეგრაცია. გაგრძელდება საინჟინრო ქვედანაყოფების თანამედროვე კონტრმობილურობის ტექნიკითა და აღჭურვილობით დაკომპლექტება; გაუმჯობესდება სამედიცინო შესაძლებლობები, ქვედანაყოფებს უზრუნველვყოფთ `დიდგორის~ ტიპის ჯავშნიანი სამედიცინო-საევაკუაციო მანქანებით, სამედიცინო აპარატურითა და აღჭურვილობით. უწყვეტ პროცესად გაგრძელდება სპეციალური ოპერაციების სახმელეთო და საზღვაო შესაძლებლობების განვითარება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მათიაშვილი.

“უდავოდ მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალებში სამხედრო განათლების სისტემის მხარდაჭერისა და შემდგომში განვითარების საკითხი. “არსენალის” მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების - სსიპ გენერალ კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმის, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაღალი რეიტინგები და “პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის” (PFP) მიერ აღიარებული პოლკოვნიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლა. ყველა მათგანში მაღალი დონის სწავლება მიმდინარეობს ოფიცრებისა და სერჟანტების მოსამზადებლად. ვგეგმავთ განვაგრძოთ თანამშრომლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო სასწავლებლებთან, რათა შესაძლებელი გავხადოთ მაღალი დონის სპეციალისტების მომზადება და უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცრების კურსის ჩამოყალიბება. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს თავდაცვის ძალების ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან...” - განაგრძობს თავდაცვის ძალების ახალი მეთაური.

"მრავალსაუკუნოვანი წარსული აქვს საბერძნეთ-თურქეთის რთულ ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, ორივე სახელმწიფო 1952 წლიდან ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის წევრია, ისტორიულ დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს, რასაც 1974 წელს კვიპროსის ომიც მოჰყვა. დროდადრო ათენსა და ანკარას შორის დაძაბულობა კვლავინდებურად თავს იჩენს და ახალი ომის საფრთხე მატულობს. ამის ნიშნები ცოტა ხნის წინ ისევ გაჩნდა - ამჯერად მიზეზი კონტინენტურ შელფზე დაუდგენელი საზღვრებია. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბერძნული კუნძულები თურქეთის სანაპიროსთან ხელის გაწვდენაზეა, როცა საბერძნეთიდან ასეულობით კილომეტრი აშორებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით თურქეთი და საბერძნეთი ერთმანეთს ემუქრებიან.

“საერთაშორისო საზღვაო სამართალი კონტინენტური შელფის საზღვრებს კუნძულების გარშემო სივრცით განსაზღვრავს, ანუ თვით პატარა კუნძულსაც თავისი შელფი აქვს. ამ განმარტებით მთელი ეგეოსის ზღვისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის დიდი ნაწილის შელფი საბერძნეთის იურისდიქციაში ხვდება. თურქეთი ასეთ მიდგომას არ იზიარებს, გაეროს კონვენციას საზღვაო სამართალზე რატიფიცირებას არ უკეთებს და საზღვაო შელფის საზღვრების ათვლას სანაპირო ხაზიდან მოითხოვს... არადა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 122 ტრილიონ კუბმეტრს შეადგენს და ამ სიმდიდრეზე პრეტენზიას საბერძნეთი, კვიპროსი, ისრაელი, თურქეთი, ლიბია და ეგვიპტე აცხადებენ. 21 ივლისს თურქეთის ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა გამოუშვა საერთაშორისო გაფრთხილება, რომ 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე კუნძულ კასტელორიზოს სამხრეთითა და აღმოსავლეთით აირზე სეისმურ კვლევებს ჩაატარებდა. საპასუხოდ ათენმა შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა და პროტესტი განაცხადა. ანკარამ პროტესტს უსაფუძვლო უწოდა იმ მოტივაციით, რომ კასტელორიზოს კონტინენტური შელფი არა აქვს და ის თურქეთის სანაპიროდან სულ ორიოდე კილომეტრითაა დაშორებული, ამ დროს იურისდიქცია 40 000 კვკმ ზღვის ფსკერზე აქვს..." - აღნიშნავს გამოცემა.

"საერთაშორისო სამართალში ასეთ შემთხვევებზე ზუსტი განმარტება არ არის, ხოლო დავები, როგორც წესი, ძალის გამოყენებით ან შეთანხმებით მთავრდება. საბერძნეთი შექმნილი ვითარების დიპლომატიური გზით გადაჭრის გზებს ეძებს და ევროკავშირის ქვეყნებს თურქეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. წვროპის რიგმა ქვეყნებმა ანკარას სადავო რაიონებიდან გემების გაყვანისკენ მოუწოდეს, მაგრამ თურქეთი მოწოდებებს არად აგდებს და საძიებო სამუშაოების ბოლომდე მიყვანას აპირებს..." - განაგრძობს გამოცემა.

“კოპიტნარში მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე კადრირებული ქვეითი ბატალიონის პირველი ქვეითი ასეული სარეზერვო სამსახურს გადის. შეკრება დილის 8 საათზე იწყება. ამ დროისათვის იმერეთის ყველა რეზერვისტი სამხედრო ნაწილში უნდა იყოს. მიგვეჩქარება ჩვენც, თუმცა დროულად ჩასვლას ვერ ვასწრებთ, რის გამოც ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ჯაბა მუხურაძე ხშირად გვეხმიანება. რეზერვი თვეში ერთხელ იკრიბება. სამხედრო მომზადება წელიწადში 45 დღეს მოიცავს, ისე კი პროგრამა ხუთ წელიწადს გრძელდება. იმერეთის რეგიონში სარეზერვო სწავლება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ასე რომ, აქტიურ რეზერვს რეზერვისტთა კიდევ ერთი ასეული შეუერთდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “ჯარი მაგნიტივითაა. ისევ უკან გიზიდავს”.

“მეთაური ნაწილის შესასვლელში გვხვდება და კლასში შევყავართ, იქ, სადაც რეზერვისტები თეორიულ მომზადებას გადიან. მეცადინეობა სამხედრო ნავიგაციას ეხება. გაკვეთილს უფროსი სერჟანტი მიხეილ ჭკუასელი ატარებს. თემა რუკაზე წერტილების სიმაღლეების განსაზღვრაა. რეზერვისტები მანძილის გაზომვის მეთოდებსაც ეუფლებიან. კლასში ჯარისთვის დამახასიათებელი სიწყნარეა, რომელსაც მსმენელთა დისციპლინირებული აქტიურობა ერწყმის. 102-ე კადრირებული ქვეითი ბატალიონის 1-ლ ქვეით ასეულში 126 რეზერვისტი ირიცხება. მეცადინეობა სამ კლასში მიმდინარეობს და თითოეულში 42 ჯარისკაცი ზის. სამივე კლასში ერთი და იგივე ვითარებაა: საინტერესო ახსნა, ინტერესი და ყურადღება... სანამ მეცადინეობა დამთავრდებოდა და რეზერვისტებს გასასაუბრებლად მოვიხელთებდით, ბატალიონის მეთაურს ჯაბა მუხურაძეს ვთხოვეთ რეზერვისტებსა და იმ გარემოზე მოეთხრო, სადაც ისინი სამხედრო საქმეს შეისწავლიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმერეთის რეგიონში პირველი გაწვევა ოქტომბერში დავიწყეთ. ერთი ასეული დავაკომპლექტეთ და გაწერილია გრძელვადიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც ამ ასეულს ყოველ წელს თითო ასეული შეუერთდება. წელს დაგეგმილია მმართველობისა და შტაბის მომზადება. რეზერვისტები გადიან როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობას. პრაქტიკული მეცადინეობისთვის დიდი ტერიტორია გვაქვს, ტყეც არის, მინდორიც და შენობა-ნაგებობებიც ტაქტიკური გადაადგილებებისთვის, ჩასაფრებისთვის და ა.შ. სასროლად სენაკში, სასროლეთზე მივდივართ. წინასწარ არის გაწერილი გეგმა-გრაფიკი და შეკრება თვეში ზოგჯერ ორ დღეს, შაბათ-კვირას უწევთ, ხანაც სამი დღე, პარასკევის დამატებით. არსებობს მთავრობის დადგენილება, რომ ხელი შეუწყონ იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ ზოგი სამსახური მაინც უქმნის პრობლემებს და მათთან ჭიდილი გვიწევს. ეს კანონი უნდა გადაიხედოს...” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიცე-პოლკოვნიკი ჯაბა მუხურაძე.

“გარემონტებულ და ცაში აფრენილ ქართულ საბრძოლო თვითმფრინავებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული საზენიტო რაკეტებისგან დაცვა დასჭირდება. პოლიტიკური და კრიმინალური მოვლენებით გადაჯერებულ ჩვენს საზოგადოებაში რაღაცნაირად მიიჩქმალა ერთი კარგი ინფორმაცია - თავდაცვის სამინისტრომ, ბოლოს და ბოლოს, დაიწყო ოთხ წელს მიწას “მიჯაჭვული” მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების აღდგენა-გარემონტება. ირაკლი ღარიბაშვილმა შეასრულა გასული წლის შემოდგომაზე თავდაცვის მინისტრად დანიშვნისას დადებული ქართული საბრძოლო ავიაციის აღდგენის პირობა. 24 ივლისს მარნეულის საავიაციო ბაზაში დემონტაჟი ჩაუტარდა Су-25 ტიპის ორ მოიერიშე თვითმფრინავს, დაიტვირთა ტრაილერებზე და ჩამოტანილ იქნა თბილისის საავიაციო ქარხანაში, რომელშიც ისინი თავის დროზე აიწყო,” - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით როგორ დავიცვათ ქართული “მიმინოები” რუსული “კრაზანებისგან”.

“ქარხანაში “თბილავიამშენი” და “დელტა” ერთობლივი ძალებით შეუდგებიან მათ კაპიტალურად გარემონტებას”, სულ 12 ერთეული Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი და ექვსი Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენია შესაკეთებელი. იმედია, კაპიტალური რემონტი უპირველესად “მიმინოს” მოდიფიკაციის იმ რამდენიმე Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს ჩაუტარდება, რომლებიც დასავლური წარმოების თანამედროვე სანავიგაციო-საპილოტაჟო მოწყობილობით არიან აღჭურვილი და საბჭოთას გარდა, ნატოს სტანდარტის მართვადი ბომბებისა და რაკეტების გამოყენებაც შეუძლიათ. გასაგებია, რომ თითოეული “მიმინოს” კაპიტალურად შეკეთება შეიძლება რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდეს, მაგრამ აუცილებელია ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინებაც, რაც უფრო გააძვირებს “მიმინოების” მწყობრში ჩაყენებას, უფრო უსაფრთხოს გახდის ქართველი პილოტების მომავალს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აგვისტოს ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, რუსმა სპეციალისტებმა თავიანთ მოდერნიზებულ Су-25-ებზე, რომლებსაც სირიაში იყენებენ, თავდაცვის ახალი სისტემა “ვიტებსკ-25” დააყენეს. რადიოლოკაციური დამიზნების რაკეტების მოსაგერიებლად გამოიყენება აქტიური ხარვეზების გამომსხივებელი სადგური, ხოლო სითბური დამიზნების რაკეტის “დასაბრმავებლად” კი ოპტიკურ-ელექტრონული ჩამხშობი მოწყობილობა, რომლიდანაც გაშვებული ლაზერის სხივი `წვავს~ საზენიტო რაკეტის ძალიან მგრძნობიარე სითბური დამიზნების სისტემას. თავად საზენიტო რაკეტის სტარტი "ვიტებსკ-25"-ში შემავალი ულტრაიისფერი პელენგატორებით ფიქსირდება... ამ დონეზე მოდერნიზებული Су-25-ები რუსეთს ჩრდილო კავკასიის საჰაერო ბაზებში ჰყავს განთავსებული, საიდანაც აგვისტოს ომის დროს უკვე გვბომბავდნენ და ახლა მათ წინააღმდეგ ბრძოლა ქართველ მეზენიტეებს უფრო გაუჭირდებათ. მეორე მხრივ, თავად ქართულ “მიმინოებს” სჭირდებათ ანალოგიური თავდაცვის საშუალებებით აღჭურვა, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა ძალიან ძლიერი საჰაერო თავდაცვის ზონები შექმნა”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსულ “ოსას”, ანუ “კრაზანას” სითბური თუ “ბუკის” რადიოლოკაციური დამიზნების საზენიტო რაკეტებისგან დასაცავად ქართულ “მიმინოებსა” და “მფრინავ ნიანგებზე” აუცილებლად დასაყენებელია შესაბამისი დასავლური წარმოების აპარატურა, რომელიც შეიძლება ძვირი ღირს, მაგრამ ქართველ სამხედრო მფრინავებს უსაფრთხოების მეტ გარანტიას მისცემს საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო ამოცანის წარმატებით შესასრულებლად და უკან მშვიდობიანად დასაბრუნებლად. ისე, ინფორმაციისთვის: სითბური და რადიოლოკაციური დამიზნების რაკეტებისგან თავის დაცვის, იმ დროისთვის ულტრათანამედროვე ისრაელის წარმოების აპარატურა ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე იყო დაყენებული ბიძინა ივანიშვილისა და მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად შვეულმფრენებზე. ასე რომ, შეუძლებელი არაფერია”, - დასძენს გამოცემა.

“აფხაზეთის ომში ქართველი მფრინავებისთვის თითოეული საბრძოლო გაფრენა რუსეთის არმიის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა და გამანადგურებელ თვითმფრინავებთან დაპირისპირებას ნიშნავდა. და მაინც, ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მფრინავებმა გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადების არაერთი მაგალითი აჩვენეს... საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 აგვისტოს განკარგულებით, მოიერიშეთა საავიაციო ესკადრილიის მფრინავს, უფროს ლეიტენანტ ზურაბ იარაჯულს ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, თავდადებისა და გმირობისთვის სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და გადაეცა ეროვნული გმირის ორდენი”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ეროვნული გმირი ზურაბ იარაჯული.

“კაჩის მფრინავთა უმაღლესი სამხედრო-საავიაციო სასწავლებელში 1988 წელს საქართველოდან ხუთნი ჩავირიცხეთ, მაგრამ სასწავლებელი მხოლოდ მე და ზურაბ იარაჯულმა დავამთავრეთ. სწავლის პერიოდში ერთმანეთს მხარში ვედექით, ძალიან განვიცდიდით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. 9 აპრილის შემდეგ ზურაბი ხშირად მეკითხებოდა, სამშობლოს რითი დავეხმაროთო?” - იხსენებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მფრინავი ზვიად ბექაური... საბჭოთა კავშირი იშლებოდა, აღმოსავლეთ ევროპიდან საბჭოთა არმიის ნაწილები გამოდიოდნენ და 1992 წლის ივნისში კაჩის სასწავლებელმა დაჩქარებული წესით გამოუშვა მფრინავთა პირველი ნაკადი და მათ რიცხვში იყო ლეიტენანტი ზურაბ იარაჯული... ზურაბ იარაჯულის მოიერიშე 1993 წლის 13 ივლისს რუსებმა მაშინ ჩამოაგდეს, როცა აფხაზ სეპარატისტთა პოზიციების დაბომბვის შემდეგ, შემობრუნდა და კურსი კოპიტნარისკენ აიღო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამ დღე-ღამეს ქართველი მფრინავი მტრის ზურგიდან გამოღწევას ცდილობდა და ბოლოს მდევრებს უთანასწორო ბრძოლაში შეაკვდა. 22 წლის ქართველი მფრინავის თავდადება მტერმაც დააფასა, ფარაჯაში გახვეული დაკრძალა და შემდეგ მისი ნეშტი ქართულ მხარეს გადმოსცა. ზურაბ იარაჯული დაკრძალულია თიანეთში, სოფელ იარაჯულების სასაფლაოზე, ხოლო სოფელ ზარიძეებში გმირის სახელზე მემორიალი დადგეს. 1993 წლის სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით უფროსი ლეიტენანტი ზურაბ იარაჯული სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ყოველი წლის 12 მარტს - ზურაბის დაბადების დღეს, მის საფლავთან მფრინავები იკრიბებიან, რათა გაიხსენონ და პატივი მიაგონ მის ხსოვნას. იარაჯულების ოჯახში კი ტრადიცია გრძელდება - ირაკლი ჩიქოვანმა სახელოვან ბიძასავით მფრინავობა გადაწყვიტა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი დაამთავრა. A-22 ტიპის თვითმფრინავზე 150 საათი აქვს ნაფრენი და ამჟამად “საქაერონავიგაციაში” ავიამეთვალყურედ მუშაობს”, - წერს სტატიის ავტორი.

“1996 წლის 16 იანვარს ბორანი “ავრასია”, რომელიც შავ ზღვაში ტრაპიზონი-სოჭი-ტრაპიზონის საზღვაო ხაზზე კურსირებდა, ტრაპიზონის ნავსადგურში ხელში ჩაიგდო ტერორისტთა ინტერნაციონალურმა ჯგუფმა. ტერორისტებმა გემი ელვისებურად, ორ წუთში დაიკავეს. თბომავლის ბორტზე დატყვევებული აღმოჩნდა რუსეთის 212 მოქალაქე, რომელთა დიდი ნაწილი სოჭელი იყო. ტერორისტები ბორანზე ორ ჯგუფად შეიჭრნენ. პირველი ბორანს სატვირთო ავტომობილებით მიუახლოვდა. ექვსმა კაცმა, რომლებმაც ნავსაბმელზე წამიერად მოიყარეს თავი, ნიღბები აიფარა, ავტომატები მოიმარჯვა და თბომავლის გემბანი დაიკავა. რამდენიმე წუთის შემდეგ "ავრასიაზე" კიდევ რვა შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომლებმაც ორმხრივი სროლის შედეგად მძიმედ დაჭრეს ადგილობრივი უშიშროების სამსახურის უფროსი. თურქული სპეცსამსახურების ვერსიით, თავდამსხმელები ჩეჩნური წარმოშობის თურქები, ორგანიზაცია “შამილის შვილიშვილების” წევრები იყვნენ. ეს ორგანიზაცია თურქეთში ჩეჩნურმა დიასპორამ შექმნა. ის ფინანსურად და მორალურად უჭერდა მხარს ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ჯოჰარ დუდაევის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით “ავრასია” კურსს იცვლის.

“ბორნის ხელში ჩაგდებიდან მე-20 წუთზე თურქეთის ხელისუფლებას გემის რადიოსადგურიდან მიმართა ტერორისტების ლიდერმა მოჰამედ ტოკჯანმა. მან თავი შამილ ბასაევის თანაშემწედ გაასაღა და განაცხადა, რომ გემის მგზავრები და მისი ეკიპაჟი მძევლად არიან აყვანილი, რომ "ავრასიას" ტრიუმი დანაღმულია 50 კგ ტროტილით. თბომავალი აფეთქდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი კავკასიიდან ჯარებს არ გაიყვანდა... 1996 წლის 19 იანვარს ტერორისტები თურქეთის ხელისუფლებას ჩაჰბარდნენ, ხოლო ბორანი რამდენიმე დღის შემდეგ მგზავრებიანად სოჭში დაბრუნდა. პოლიციამ 9 ტერორისტი დააპატიმრა, ორი ჩეჩენის გამოკლებით, ყველა ტერორისტი თურქეთის მოქალაქე აღმოჩნდა... 2001 წელს მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს “ავრასიაზე” თავდასხმას მეთაურობდა აფხაზური წარმოშობის თურქი, ორგანიზაცია “შამილის შვილიშვილების” წევრი ჰამზათ გიცბა. ასე გაჩნდა “ავრასიაზე” ტერორისტული თავდასხმის ახალი არაოფიციალური ვერსია. ჰაზმათ გიცბა აფხაზეთში ადგილობრივ მაჰმადიანთა არაოფიციალური ლიდერი იყო. ოფიციალურ ლიდერობაში მას ხელი შეუშალა ორმა გარემოებამ - ის ვაჰაბიზმის მიმდევარი იყო და კრიმინალური წარსული ჰქონდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სეპარატისტებისთვის გიცბა ომის გმირი იყო - ის შამილ ბასაევის ჩეჩნური ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. ახალი ვერსიით, სწორედ გიცბამ წაუყენა თურქეთისა და რუსეთის ხელისუფლებებს ულტიმატუმი. ხოლო მოგვიანებით, (როცა შეიტყო, რომ საველე მეთაურმა სალმან რადუევმა რუსული ჯარის ალყას თავი დააღწია) თურქეთს ჩაჰბარდა. გიცბა ბორანზე თავდასხმაში მონაწილეობას არ მალავდა. მის გარშემო ჩამოყალიბდა აფხაზეთში ფანატიკოსთა მტკიცე დაჯგუფება, რომელიც ისლამის ულტრარადიკალურ დინებას აღიარებდა, ეს კი რუსეთის სპეცსამსახურების გეგმას არ პასუხობდა... 2007 წელს მის გუდაუთაში მიერვე აშენებული სალოცავიდან გამოსვლისას მის ახლოს შეჩერდა შავი “კრაისლერი” და ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდარმა ნიღბიანმა პირმა მაყუჩიანი ავტომატის ჯერი მისკენ მიმართა, ჰამზათ გიცბა დაიღუპა, ნახევარ საათში ქალაქის გარეუბანში ნახეს დამწვარი "კრაისლერი" - კილერებმა დაწვეს ავტომობილი და მასთან ერთად მკვლელობის იარაღი, შემდეგ კი სხვა მანქანით გაუჩინარდნენ...”, - განაგრძობს გამოცემა.

“მაშინ, როდესაც აფხაზეთის ომის დასრულება, სოხუმის დაცემა მხოლოდ დროის ამბავი იყო, 22 სექტემბერს თბილისიდან სოხუმისკენ გაფრენილ თვითმფრინავს ახალდაბელი სამხედრო ექთანი ქეთევან მჭედლიძეც გაჰყვა მეგობრებთან ერთად. ბაბუშერის აეროპორტში დაშვებისას, სამგზავრო თვითმფრინავს აფხაზმა სეპარატისტებმა კატარღიდან საზენიტო რაკეტა ესროლეს, პილოტმა როგორღაც დაჯდომა მოახერხა, მაგრამ ლაინერი ნაწილებად დაიშალა და ცეცხლი წაეკიდა, მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 12 წევრიდან და 120 მგზავრიდან, ეკიპაჟის 8 წევრი და 100 მგზავრი დაიღუპა, 24 ადამიანი კი სასწაულებრივად გადარჩა. ერთ-ერთი მათგანი, ქეთევან მჭედლიძე ჟურნალ "არსენალთან" იმ უმძიმესი დღისა და მისი ოჯახის ორკვირიანი ტყვეობის ჯოჯოხეთზე გვიამბობს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით დავინახე, რომ კატარღიდან გვესროლეს და ჩვენს თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა... / აფხაზეთის ომის ბოლოს სოხუმის აეროპორტთან აფხაზი სეპარატისტების მიერ ჩამოგდებულ ქართულ სამგზავრო თვითმფრინავში სასწაულებრივად გადარჩენილი ქართველი სამხედრო მედდის ტკივილიანი გახსენება...

“აფხაზეთიდან ვარ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში ვცხოვრობდით და თავდაცვის სამინისტროს ჰაერსაწინააღმდეგო ძალებში ვმსახურობდი, სადაც სამედიცინო პუნქტის უფროსი ექთანი ვიყავი. ამიტომ საომარ მოქმედებებში ჩართვამ მომიწია. 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, როდესაც აფხაზებსა და ქართველებს შორის შერიგების პროცესი დაიწყო, აფხაზეთიდან გამოვედით და 16 სექტემბრამდე, სანამ აფხაზურმა მხარემ სოჭის სამშვიდობო შეთანხმება არ დაარღვია, თბილისში ვიყავი. სამსახურში დასაბრუნებლად ვემზადებოდი. შემდეგ გავიგე, რომ აფხაზურმა მხარემ სოფელ ახალდაბაზე იერიში მიიტანა... დედაჩემი აფხაზურ დასახლება აძიუბჟის სამედიცინო პუნქტში ექიმ-ლაბორანტად მუშაობდა და ომის დაწყების პირველივე დღეს გამოაცხადა, არავინ მითხრას, რომ ჩემი პაციენტები ეთნიკური ნიშნით დავყო, ყველას ერთნაირად მივიღებო და მართლაც ასე იქცეოდა. როდესაც გუდაუთაში გადასასვლელი გზები ჩაიკეტა, დაჭრილ აფხაზებს, ასევე ფეხმძიმეებსაც ეხმარებოდა როგორც ფიზიკურად, ასევე მედიკამენტებით, სამედიცინო აღჭურვილობით. შესაბამისად, ყველა პატივს სცემდა. შემდეგ, ომის პერიოდში, როდესაც ჩემი ძმაც დაიჭრა და დედაც ტყვედ ჩავარდა, მათ სამშვიდობოს გამოყვანაში აფხაზები დაგვეხმარნენ”, - იხსენებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქეთევან მჭედლიძე.

“ომი საშინელებაა - შიმშილიც იყო, მედიკამენტების, სპეციალისტების, ყველაფრის დეფიციტი, მაგრამ ორივე მხარეს იყო ადამიანური მომენტები, დათმობის, გადარჩენის, პატიების. ოღონდ რაც უნდა ცუდად გამომივიდეს, მაინც უნდა ვთქვა, რომ აფხაზს დღესაც შემიძლია ყველაფერი ვაპატიო - დედაჩემის ტყვეობაც, ჩემი ძმის ჭრილობაც, იმ დროს დანგრეული ჩემი ფსიქიკა და ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან ჩამოვარდნის შედეგად მოშლილი ჯანმრთელობაც, მაგრამ აფხაზეთის სომეხს, რომელიც ვითომ პირში გვიღიმოდა და უარეს საშინელებას სჩადიოდა, ვიდრე აფხაზები, ვერასდროს ვაპატიებ, ისევე, როგორც რუსს, ჩეჩენსა და ჩრდილოკავკასიელს, რომლებმაც ჩვენი, სრულიად უცხო ერის გაუბედურებაში ძალ-ღონე არ დაიშურეს. ქართველებმა და აფხაზებმა ტყვია ვესროლეთ ერთმანეთს, მაგრამ ეს გზასაცდენილი ოჯახის წევრების ჩხუბს ჰგავდა და ხვალ-ზეგ მაინც შევრიგდებით. ყოველ აგვისტოს ყველა ჭრილობა მეხსნება. ძალიან მძიმედ მახსოვს ჩემი სოფლის მოსახლეობა, მოხალისეების თავგანწირული ბრძოლა. მათ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, იმ მოტივით, მშვიდობა უნდა დავამყაროთო, იარაღი ჩამოართვეს. ეტყობა, ზოგმა ვითარება ცოტა შიგნიდან იცოდა და იარაღის ნაწილი გადამალეს, თორემ ვინც გადავრჩით, იმათაც დაგვხოცავდნენ...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განკარგულებით, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტში რიგით შემადგენლობას ოფიცრის წოდება მიენიჭება. კერძოდ, 340 მეხანძრეს, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ, ოფიცრის პირველადი, უმცროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭათ, ხოლო 2 400 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც პოლიციის აკადემიაში ორკვირიან სპეციალურ კურსს გაივლიან, ოფიცრის წოდებას მიიღებენ. ეს სასიამოვნო სიახლე პირად შემადგენლობას მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და მისმა პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა აცნობეს. შეხვედრას ყველა სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან თითო წარმომადგენელი ესწრებოდა. მეხანძრე-მაშველების თქმით, ეს მათთვის დიდი სტიმული იქნება და ოფიცრის წოდებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით მეხანძრე-მაშველები ოფიცრის წოდებას იღებენ.

“რამდენიმეწლიანმა მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. ეს არის საქმე, რომელიც პრაქტიკაში უნდა ისწავლო და ყოველთვის ეცადო, რომ სირთულეები მარტივად გადაწყვიტო. მაინც ახალ-ახალ რაღაცას ყოველთვის სწავლობ. ზოგჯერ სრულიად განსხვავებულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა - ხან სიმაღლიდან დაშვება, ხან პირიქით, სიმაღლეზე კიბით ასვლა გიწევს და შიგ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანი დაგვხვდეს, ან ცოცხალს დახმარება სჭირდებოდეს და გადარჩენას წუთები წყვეტდეს, ან ბავშვი იყოს დარჩენილი... თავიდან ემოციები მეძალებოდა, მძიმე საქმის შემდეგ ძილიც მიჭირდა, შემდეგ თანდათან დალაგდა ყველაფერი. ისე კი, ფსიქოლოგები გვყავს და მათთან საუბრის შესაძლებლობაც გვაქვს. ახლა მუშაობისას ცივი გონებით ვუყურებ ყველაფერს და საქმეზე ვარ ორიენტირებული...ყოველთვის მინდოდა მეხანძრე-მაშველობა. ადამიანის გადარჩენა დიდ სტიმულს მაძლევს. უმეტესობა აცრემლებული გვიხდის მადლობას, ადამიანის გადარჩენა იმხელა შვებას ჰგვრის მაშველს, რომ მუშაობისას მძიმე გარემოებები უკვე მეორეხარისხოვანია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უმცროსი ლეიტენანტი გიორგი ციხითათრიშვილი და შეკითხვაზე - “13 ივნისის სტიქიის ღამეს ცვლაში იყავით? - პასუხობს:

“იმ ღამეს ჩვენი ჯგუფი ზოოპარკთან იყო. გარშემო საშინელება ხდებოდა, ადამიანებს სახლებში წყალი შესდიოდათ და სახურავებზე იყვნენ ასული, მანქანები წყალში ტივტივებდა... იმხელა წყალში და თანაც ქალაქში ფორსმაჟორული მუშაობა ჩვენთვისაც უჩვეულო იყო. არ გვქონდა ამის გამოცდილება... ახლაც მახსენდება, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა, მაგრამ, ვფიქრობ, საქმეს თავი კარგად გავართვით...”

“არაერთი შემთხვევა მახსოვს, როდესაც წუთები წყვეტდა ყველაფერს, თუნდაც სუიციდის მცდელობებისას. საბედნიეროდ, რამდენიმე თვეა რაც თვითმკვლელობის ცდაზე გამოძახება არ შემოსულა. ძირითადად, მტკვარში გვიწევს მუშაობა, იმ ადგილებში, სადაც ახლოს რესტორნები და სხვა გასართობი ადგილებია. ერთხელ რესტორნიდან გამოსული ნასვამი მამაკაცი გადახტა, ძალიან ოპერატიულად ვიმუშავეთ, ამოვიყვანეთ და ჩხუბი დაგვიწყო, ვინ გთხოვათ ჩემი გადარჩენაო და ისევ გადახტა, მაგრამ წყალში ვერ ჩავარდა, ნაპირზე დაეცა და ისევ იწევდა, უნდა გადავხტეო... ერთხელ ჩვენს რაიონში რამდენიმე ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი იტალიური ეზოები იწვოდა. ასეთ დროს პირველად ადამიანების ევაკუაციით ვიწყებთ. ერთ სახლში, სადაც უკვე ხანძრის კვამლი იდგა, ძლივს შევნიშნე, რომ გოგონას ეძინა, ხელში ავიყვანე და გამოვიყვანე. ამასობაში სხვა თანამშრომლებიც მომეხმარნენ... რომ გაიღვიძა, კივილი ატეხა, ხელი გამიშვიო. მერე გაიგო, რომ ცეცხლი გაჩენილა და შიშისგან ტირილი დაიწყო, რამხელა ხანძარია და მე თურმე მეძინაო...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“მიტინგებმა და მასობრივმა არეულობამ მსოფლიოს ყველა კონტინენტი მოიცვა, ანტარქტიდის გარდა. ქალაქების ქუჩებში დემონსტრაციების დაშლის ვიდეოჩანაწერები ჩვენი ტელეეკრანების ლამის მუდმივ "სტოპკადრად" იქცა. მიტინგებს შლიან და არბევენ "დიქტატორულ" ბელორუსშიც და "დემოკრატიულ" აშშ-შიც, რისთვისაც სამართალდამცავები არალეტალურ, ანუ არასასიკვდილო იარაღს იყენებენ, თუმცა მათი მოხმარება უსაფრთხოების ინსტრუქციის დარღვევით ადამიანის სამუდამო დასახიჩრებას ან სულაც სიკვდილს იწვევს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით პირველი გასროლა არასასიკვდილოა, მეორე კი... / უცნაური გამოგონება, რომელიც ნებისმიერ პისტოლეტს “ჰუმანურს” ხდის, ოღონდ მხოლოდ პირველი გასროლისას.

“მეორე მხრივ, პოლიციელსა თუ სპეცრაზმელს სურს მუდმივად თან ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღიც, რადგან თუკი შეიარაღებულ დამნაშავეს არალეტალური იარაღით ვერ შეაჩერებს, მაშინ ჩვეულებრივ პისტოლეტს გამოიყენებს. ამერიკულმა კომპანია Alternative Ballistics-მა შექმნა სპეციალური ჩამოსაცმელი, რომლის დაყენება თითქმის ნებისმიერ თანამედროვე პისტოლეტზე შეიძლება და პოლიციელს საშუალებას აძლევს შეტევაზე გადმოსული შეიარაღებული თავდამსხმელი პირველი გასროლით შეაჩეროს და “დაინდოს”, ანუ არ დაჭრას ან სულაც მოკლას. ჩამოსაცმელი მექანიზმი პლასტმასისაა, რომელსაც თავში ლითონის ბურთულა აქვს - პისტოლეტის ჩარჩოზე ჩამოცმის შემდეგ ბურთულა ლულის გასწვრივ აღმოჩნდება. გასროლისას ტყვია ტოვებს ლულას, ეჯახება ბურთულას და მის “ფუღუროში” ჩერდება. სამაგიეროდ, გასროლილი ტყვიისგან მიღებული ენერგიით აჩქარებული ბურთულა (“ჩახუტებულ” ტყვიასთან ერთად) წინ გაიტყორცნება და თავდამსხმელს ხვდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თავდამსხმელის სხეულზე მოხვედრილი ბურთულის სიჩქარე და ენერგია, რა თქმა უნდა, ბევრად ნაკლებია, ვიდრე მარტო ტყვია რომ მოხვედროდა, სამაგიეროდ, შემაჩერებელი ეფექტი მნიშვნელოვნად გაზრდილია ბურთულისა და ტყვიის მასების შეჯამების გამო, ანუ სასიკვდილო ჭრილობის მიყენების გარეშე თავდამსხმელის ნეიტრალიზაცია ხდება. თუკი თავდამსხმელი მაინც ვერ შეაჩერა პლასტმასის ჩამოსაცმლიდან გატყორცნილმა ლითონის ბურთულამ, მაშინ პოლიციელს ხელ-ფეხი ხსნილი აქვს და შეუძლია მეორე ტყვიის მიყოლებაც, რომელსაც უკვე ლითონის ბურთულა ვეღარ შეაკავებს. P.S. ამ ამერიკულმა კომპანიამ ორიგინალური კონსტრუქცია მოიფიქრა, მაგრამ უფრო მარტივი ხომ არ იქნებოდა, პოლიციელის “გლოკის” მჭიდში პირველი ვაზნა რეზინისტყვიანი ჩაედოთ? მეორე გასროლისთვის მას პისტოლეტის ხელმეორედ გადატენა თუ დასჭირდებოდა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა