ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2020

რამ ან ვინ შეიძლება გამოიწვიოს არეულობები არჩევნების დროს და რას ნიშნავს მონტენეგროს სცენარი საქართველოსთვის

ახალი დამატებითი შეზღუდვები სასწავლო პროცესში - რა შემთხვევაში გადავლენ სრულიად დისტანციურ სწავლებაზე

* * *

რამ ან ვინ შეიძლება გამოიწვიოს არეულობები არჩევნების დროს და რას ნიშნავს მონტენეგროს სცენარი საქართველოსთვის

“საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, რადგან პარტნიორი ქვეყნების აზრით, ეს დემოკრატიის ტესტი იქნება, რასაც ათმაგი ყურადღებით დააკვირდებიან. აქედან გამომდინარე კი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნოდ რუსეთი საქართველოში არასტაბილური პირობების შექმნით იყოს დაინტერესებული. როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, შესაძლოა რუსეთის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა მონტენეგროს სცენარით სცადოს ან შეეცდება, რომ საქართველოს რეგიონებში ეთნიკური დაპირისპირებები წინასაარჩევნოდ გააღვივოს. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი თვლის, რომ გარდა რუსეთის მხრიდან საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობისა, შესაძლოა არეულობები იმ ფაქტმაც გამოიწვიოს თუ “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას შეეცდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამ ან ვინ შეიძლება გამოიწვიოს არეულობები არჩევნების დროს და რას ნიშნავს მონტენეგროს სცენარი საქართველოსთვის.

“წინასაარჩევნოდ რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი - დესტაბილიზაციის მცდელობა უკვე ვიხილეთ კიბერშეტევის, მცოცავი ოკუპაციისა და საინფორმაციო ომის სახით. მეორე მომენტი ისაა, რომ წინასაარჩევნოდ გარე ძალების ჩართულობამ, შიდა პოლიტიკურ ძალებზეც იმოქმედოს და ერთობლივი კოორდინირებული ქმედებებით შესაძლოა არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობები ვიხილოთ. მაგალითად, დავასახელებ მონტენეგროს, როდესაც იქ მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდებოდა, რუსეთი ჩაერია, იქ არსებული რადიკალური დაჯგუფებები გამოიყენა და ამ გზით მოინდომა არჩევნებში ჩარევა. მათ შორის იქ გადატრიალების მოხდენაზე, პარლამენტში შეჭრასა და შენობის დაკავებაზეც იყო საუბარი, თუმცა ეს გეგმები ნატოს სპეცსამსახურების ჩარევით არ განხორციელდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“გარკვეულ დაპირისპირებას ისიც იწვევს, რომ მაგალითად, სიტყვა იქნა ჩაგდებული, რომ “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთიდან ფინანსდება, თუმცა ესეც გამოსაკვლევია, გაჩნდა მოთხოვნები, რომ ეს პარტია მოვხსნათ საპარლამენტო არჩევნებიდან და ა.შ. ამით არასტაბილურობის კერები უკვე შექმნილია. სრულიად შესაძლებელია, რომ წინასაარჩევნოდ რუსეთი საქართველოში არასტაბილური პირობების შექმნით იყოს დაინტერესებული, შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა სერიოზული დაპირისპირებები განახორციელონ, ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად ჩატარდეს და ამან რევოლუციური სცენარების განვითარება გამოიწვიოს. რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს მიმართ თავიანთი საშინაო დავალება აქვთ, ამისი ერთი ნაწილი ჩვენ უკვე ვიგემეთ. თანაც ეს არჩევნები წინა არჩევნებისაგან თვისობრივად განსხვავდება, შარშან მიღებულმა ახალმა კონსტიტუციამ, აჩვენა, რომ ეს კლასიკური საპარლამენტო მმართველობაა და ამ არჩევნებს ამიტომაც აქვს დიდი დატვირთვა” - მიიჩნევს რესპონდენტი. მან.

“რა თქმა უნდა, რუსეთი ასევე შეეცდება, რომ წინასაარჩევნოდ რეგიონებში ეთნიკური დაპირისპირებებით არასტაბილური ელემენტები შექმნას, იქ შესაძლოა რუსულმა მასმედიამ და რბილმა ძალებმა დავით გარეჯის ამბავი წამოსწიონ. სხვათა შორის რუსული საინფორმაციო საშუალებების დაინტერესების სფერო მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა იყო. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როცა სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნდება, მახსენდება მისი უკრაინაში საზღვრის გარღვევის პირობებში დაბრუნება, შემდეგ კი მან უკრაინაში სერიოზული დაპირისპირების ფონი შექმნა. მე არ ვამბობს, რომ სააკაშვილი არჩევნების პერიოდში ამას გაბედავს, მაგრამ არჩევნების მერე შესაძლოა, რომ “ნაცმოძრაობამ” არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს და ამის საფუძველზე სააკაშვილმა შემოჭრა ან საზღვაო სანაპიროდან მოახდინოს, ან თურქეთის ტერიტორიიდან და ამის საფუძველზე სამოქალაქო დაპირისპირების კერები შეიქმნას” - დასძენს მაისაია.

“პატრიოტთა ალიანსს” ან სხვა პრორუსულ ძალებს ის შესაბამისი რეიტინგი არ აქვთ, რომ გამოსვლებისა და დემონსტრაციების ჩატარების გზით ადგილი დესტაბილიზაციის მცდელობას ჰქონდეს, ამიტომაც რუსეთის ჩარევა მიმართული იქნება კიბერშეტევებით და გარკვეული საინფორმაციო ტექნოლოგიის გზით, პროდასავლური პარტიების დისკრედიტაციას შეეცდება. რუსეთს საქართველოს ხელისუფლებაში პროდასავლური ძალის მოსვლა არ აწყობს, რადგან კვლავ დღის წესრიგში ანაკლიის პორტის განხორციელების საკითხი და სახელმწიფო ინსტიტუტები შედარებით განმტკიცდება. ჯავახეთის მოსახლეობა ინფორმაციას ძირითადად რუსული არხებიდან იგებს და შესაძლებელია, რომ რუსეთმა ამის სახით პროპაგანდისტული მანქანა აამუშავოს”, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

“ასევე, ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური დაპირისპირებები შექმნას, მაგალითად ისეთი, როგორიც ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით წარმოიშვა. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან წინასაარჩევნოდ გარკვეულ მცდელობებს ექნება ადგილი და ამიტომ ქართული საზოგადოება მაქსიმალურად მომზადებით უნდა შეხვდეს. ამის გარდა, შესაძლოა არჩევნებისთვის არეულობა გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ თუ ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეეცდება, ასევე სხვადასხვა რეგიონებში გარკვეული ჯგუფების მხარდაჭერას შეეცდება, მათ შორის საარჩევნო უბნებზეც, ასევე თუ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდება, ამ შემთხვევაში შესაძლოა ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებს შორის გარკვეული დაპირისპირებები გამოიწვიოს”, - დაასკვნის ჩიტაძე.

ახალი დამატებითი შეზღუდვები სასწავლო პროცესში - რა შემთხვევაში გადავლენ სრულიად დისტანციურ სწავლებაზე

“იმის გამო, რომ კოვიდინფიცირებულთა ყოველდღიური რიცხვი მკვეთრად იზრდება, სასწავლო პროცესში ახალი რეგულაციები შემოდის, განათლების სამინისტრომ შერეული სწავლების მოდელი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც შედარებით მაღალ კლასებში მოსწავლეებს ნაწილობრივ ონლაინ-გაკვეთილები ჩაუტარდებათ. პროტოკოლის მიხედვით, I-დან IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა, რომ გაკვეთილები საკლასო ოთახებში ჩაუტარდეთ, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII - XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე. V-დან XII კლასების ე.წ ჰიბრიდულ მოდელს მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით სკოლა თავად ირჩევს, შერეული სწავლების მოდელი კი სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებული უნდა იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი დამატებითი შეზღუდვები სასწავლო პროცესში - რა შემთხვევაში გადავლენ სრულიად დისტანციურ წავლებაზე / “თუკი კორონავირუსი ძალიან მოედო - აჭარის მსგავსად, ამ შემთხვევაში…”.

“ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ თუ საზოგადოებამ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და ინფექცია აჭარის რეგიონივით მოედო, მისი აზრით, ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ. “შესაძლებელია თუ არა რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულიად დისტანციურ საწვლებაზე გადავიდნენ, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. თუ ასე გაგრძელდა როგორცაა, ალბათ არა - მთავარია კოვიდთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია მოთხოვნა დავიცვათ, ნუ ეხუმრებიან, ეს სახუმარო დაავადება არაა. რაც შეეხება იმას, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ თუ არა, ამაზე ამჯერად არაფრის თქმა არ შემიძლია, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენ არ ვიცავთ იმას, რაც აუცილებლად დასაცავია” - განაცხადა ენდელაძემ. მისივე თქმით, “თუკი კორონავირუსი ძალიან მოედო - აჭარის რეგიონის მსგავსად, ალბათ ამ შემთხვევაში გადავლენ სრულიად დისტანციურ სწავლებაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში აჭარის რეგიონის მსგავსი კორონავირუსთან დაკავშირებული სურათი მივიღოთ, ენდელაძემ გვიპასუხა, რომ თუ საზოგადოება ასე გააგრძელებს და რეკომენდაციებს არ დაიცავს, “ნამდვილად მოსალოდნელია”. რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებში შემსვლელთათვის თერმოსკრინინგი და პირბადის ტარება აუცილებელი პირობებია. გარდა ამისა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ კვების ობიექტებში ერთ მაგიდაზე მხოლოდ 6 პირის განთავსება იქნება ნებადართული. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძის თქმით, უნივერსიტეტებში საიზოლაციო ოთახი მოეწყობა, სადაც ნებისმიერ პირს განათავსებენ, ვისაც რაიმე სახის სიმპტომი გამოუვლინდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“უნივერსიტეტებში თერმოსკრინინგი აუცილებელ პირობად რჩება. ასევე სავალდებულოა პირბადეების ტარება, დეზინფექციასთან დაკავშირებული პროტოკოლის შესრულება, რაც ასევე მერხების ხშირ დეზინფექციას მოიცავს. აუდიტორიაში სტუდენტების განთავსებისთვის უნივერსიტეტებმა თვითონ უნდა შეადგინონ იმგვარი გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, ბევრი სტუდენტი ერთ სივრცეში არ განთავსდება და სალექციო საათების დარეგულირებაც თვითონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ. რაც შეეხება კვების ობიექტებს, ერთ მაგიდასთან დასაშვებ პირთა ლიმიტიც დაწესდა - დახურულ სივრცეში 6 ადამიანი განთავსდება ერთ მაგიდასთან - ღია სივრცეში განხორციელებული სოციალური ღონისძიება იქნება, თუ ნებისმიერი კვების ობიექტი, ერთ მაგიდასთან 12 ადამიანის განთავსება დასაშვები იქნება”, - განმარტა ფერაძემ, რომლის თქმით, “ყველგან მოთხოვნილია საიზოლაციო ოთახის გამოყოფაც”, - დასძენს გამოცემა.

“განათლების სამინისტროს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკ რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ სამშაბათსაც და ოთხშაბათსაც ხუთ ათეულამდე კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც სპეციალისტების აზრით, საფრთხილოა”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა