ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2020

სანდრო თვალჭრელიძე - “მაინც ვფიქრობ, რომ კოალიციური მთავრობა საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესია”

უნდა დათანხმდეს თუ არა გახარია პრემიერობის სხვა კანდიდატებთან დებატებს

ზაზა ფირალიშვილი - “ოცნების” ლიდერები, ალბათ, ოცნებობენ, რომ სააკაშვილმა დროდადრო თავი შეგვახსენოს”

ოკუპანტებს “საზღვარი” უკვე სკოლიდან რამდენიმე მეტრში გაჰყავთ - რუსების “საჩუქარი” ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ

მამუკა ხაზარაძე - “გავიმარჯვებთ და მთავრობასაც ”ოცნებისა” და “ნაციონალების” გარეშე დავაკომპლექტებთ”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “მაინც ვფიქრობ, რომ კოალიციური მთავრობა საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესია”

“თუ სოციალურ ქსელებს გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს არც სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს და ათას სისულელეს წერენ. არსებობენ მორწმუნეები, რომელთაც ქრისტესი სჯერათ, ვიღაცას სჯერა ალაჰის და ა.შ., თუმცა არსებობენ ათეისტები, რომელთაც არ სჯერათ ღმერთის არსებობის. იმ ადამიანებს, რომელთაც დედამიწის ზურგზე არაფრის სჯერათ, მათ შორის - არც კორონავირუსის, სოციალურ ათეისტებს დავარქმევდი. ასეთ ურწმუნოებს კორონავირუსი რომც შეეყაროთ, ალბათ, მაინც იძახებენ, არ არსებობსო... ეს არის ბავშვური ინფანტილური სინდრომის გამოძახილიც, ანუ თუ თვალებს დახუჭავ, ყველაფერი კარგად იქნება. სხვათა შორის, მგონია, რომ ამ ინფანტილური სინდრომით არის გამოწვეული ჩვენში პარტიების ასეთი რაოდენობაც - 60-ზე მეტი... ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა კარგი რაღაც - ქართველებს დიდი ამბიციები გვაქვს, შესაძლებლობები კი პატარა, გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით, მაგრამ არაფერი რომ არ ვიცით, ეს არ ვიცითო”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნების” ოცეული, ანუ ვინ იქნება მმართველი პარტიის მთავარი ჯოკერი?!

“მოგეხსენებათ, მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. თუ პოლიტიკურ თავშეყრას აკრძალავ, გეტყვიან, რომ შენ ამას პოლიტიკური მიზნით აკეთებ და სახელმწიფო რესურსით უშლი ხელს ოპონენტებს არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობაში... არ კრძალავენ და იმავე პოლიტიკოსებისგან გვესმის განცხადებები, თუ თეატრებს, ქორწილებს, ქელეხებს ზღუდავ, რატომ არ არის პოლიტიკური შეხვედრები აკრძალულიო. მოკლედ, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო... არადა, ყველას ინტერესი უნდა იყოს ვითარების დასტაბილურება. ყველასთვის ცხადია ისიც, რომ ქელეხებსა და ქორწილებში პირბადეებს არავინ იკეთებს, პოლიტიკურ შეხვედრებზე კი, თუ მოინდომებენ, ამის გაკონტროლება თვითონ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ისევე, როგორც დისტანციის დაცვა... აქვე უნდა ვთქვა ხელისუფლების წარმომადგენლების არაადეკვატურ ქცევებზეც - რამდენიმე დღის წინ ვნახე, მინისტრი ლევან დავითაშვილი როგორ ათვალიერებდა რაღაც ქარხანას, იდგნენ 30-სანტიმეტრიანი დაშორებით და არც პირბადეები ეკეთათ... რა გამოდის, მთავრობის წევრებიც არ იცავენ მათივე დაწესებულ წესებს? ეს შემაშფოთებელია. გახარიაც ხშირად პირბადის გარეშე ჩნდება, რაც არასწორია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“მოკლედ, “ოცნების” სიის ეს შემადგენლობა მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არა მგონია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვინ არის ამ სიის მთავარი ფიგურა და ეს არის გიორგი გახარია - სწორედ მას აქვს დღეს ორთქლმავლის ფუნქცია... სხვა მხრივ აშკარაა, რომ პირველ ათეულში ერთგული ხალხი შეიყვანეს, დანარჩენები კი უცნობები არიან, მათი შესაძლებლობებისა და პროფესიონალიზმის შესახებ არაფერი მსმენია, გარდა იმ ორი სპორტსმენისა, რომელთა გვარებიც გამიგია და თამაშიც მინახავს, მაგრამ რამდენი წიგნი აქვთ წაკითხული და რა იციან პოლიტიკური მეცნიერებებისა, წარმოდგენა არ მაქვს... სულ ვამბობდი და დღესაც მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა უვარგისია, რადგან, როგორც წესი, არსებობს ჯოკერი - ლიდერი და შემდგომ მოდის უსახო ადამიანების სია, მაჟორიტარულ სისტემაში კი პიროვნებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩვენთან ეს პროცესიც დამახინჯებულად მიმდინარეობდა. არაფერი ახალი ამ საარჩევნო კამპანიაში არ არის. ძირითადად, პოლიტიკოსების სატელევიზიო დაპირისპირებას ვუყურებთ და ვიცინით... აი, ასეთ მარტივ პროცესამდეა დაყვანილი ქართული პოლიტიკა - არავინ ლაპარაკობს პროგრამებზე და არც არავინ ისმენს...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებას” გამარჯვებისთვის ერთი ჯოკერი ეყოფა ეყოფა, თუმცა “ქართულ ოცნებას” ჰყავს სხვა მთავარი ჯოკერიც - ივანიშვილი. რაც შეეხება გახარიას, მიმაჩნია, რომ მიუხედავად შეცდომებისა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთი პრემიერი არ გვყოლია. ის შეიძლება არ გამოირჩევა განსაკუთრებული ქარიზმით, არ არის დიდი ორატორი, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს, ზრუნავს მოსახლეობაზე, ეკონომიკაზე, გამოიჩინა თავი, როგორც კარგმა კრიზისმენეჯერმა, თუმცა უახლოესი კვირების განმავლობაში მას კიდევ ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს. რაც შეეხება შეცდომებს, ვინც აქტიურობს, ის შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ გახარიას გამოარჩევს ის თვისებაც, რომ ის ხედავს საკუთარ შეცდომებს და მათ გამოსწორებას ცდილობს. რაც შეეხება სპორტსმენების პოლიტიკაში მოყვანას, რასაც ყველა სახელისუფლებო ძალა ცდილობს ხოლმე, მე მათგან პოლიტიკაში წარმატებული არავინ მინახავს, თუ კახა კალაძეს არ ჩავთვლით, მაგრამ კალაძე არავის მოუყვანია, ის თავისი სურვილით შემოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობით მიაღწია ამ ყველაფერს. კალაძეც ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ძალიან აქტიურია. ის უდავოდ დიდი ნებისყოფის ადამიანია და ამის წყალობით იქცა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავადაც და პოლიტიკოსადაც... სპორტსმენები პოლიტიკაში იმიტომაც მოჰყავთ, რომ ცნობილი ადამიანები არიან და ფიქრობენ, რომ მათ ამის გამო მისცემენ ხმას, მაგრამ ეს მცდარი დამოკიდებულებაა... თუ "ქართული ოცნება" ვინმეს არ მოსწონს, არა მგონია, მას სანიკიძის ან კაჭარავას გამო დაუჭიროს მხარი”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“პრემიერობის კანდიდატის წარდგენაზე სულ ტყუილად წაეკიდნენ ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი”. სრულიად დარწმუნებული ვარ, ვერც სააკაშვილი და ვერც ვაშაძე პრემიერები ვერ გახდებიან. თავდაპირველად იყო ორი ძალა - “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. მერე ეს უკანასკნელი გაიხლიჩა და გაჩნდა “ევროპული საქართველო” და “სტრატეგია აღმაშენებელი”, მაგრამ ეს სამივე მაინც “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატზე მუშაობს. საქმე ის არის, რომ “ნაცმოძრაობიდან” გამოყოფილმა ძალებმა ვერ დააჯერეს საზოგადოება, რომ ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან დედა პარტიისგან, შესაბამისად, ე.წ. მიუმხრობელი ამომრჩევლის ხმების მიღების პერსპექტივაც ნაკლებად აქვთ. იყო ცდა, შექმნილიყო ოპოზიციური ერთობა, რაზეც თავიდანვე ვამბობდი, რომ არ გამოვიდოდა და ასეც მოხდა. ამის მიზეზი უმთავრესად ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის სახელმწიფოზე მნიშვნელოვანი საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის აქამდეც ხშირად გვპირდებოდა ჩამოსვლას. ხან წყლით მოდიოდა, ხან _ ხმელეთით, მაგრამ ფაქტია, აქამდე ვერ მოაღწია. ესეც უკვე ნაცნობი ტექნოლოგიაა, რითაც თავის სტაბილურ ამომრჩეველს გულს უმაგრებს”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“რაც შეეხება პატარა პარტიებს, ძალიან კარგი, რომ, ფაქტობრივად, უბარიერო ცენზი გვაქვს. იმედია, მოხერხდება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და საჭირო იქნება ამ პატარა პარტიების რესურსის გამოყენება. ძალიან მინდა, ასე მოხდეს. ამის ალბათობა ჯერჯერობით დიდი არ არის, თუმცა, ვნახოთ.... კოალიციის შემთხვევაში უფრო დაბალანსებული იქნება მთავრობა, უფრო ფრთხილი და მოზომილიც... ნებისმიერ დროს შეიძლება დაიშალოს კოალიცია და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გახდეს საჭირო, ამიტომაც მგონია, რომ მთავრობა მეტად იფრთხილებს. მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რაც შეიძლება კოალიციურ მართვას ახლდეს, მაინც ვფიქრობ, რომ კოალიციური მთავრობა საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესია”, - დაასკვნის ექსპერტი.

“რაც შეეხება კონგრესის ანგარიშს, ჩემი აზრით, ბევრმა ამერიკელმა კანონმდებელმა დაუშვა შეცდომა, როდესაც საინვესტიციო გარემოს კრიტიკის პარალელურად, გიორგი რურუა გამოაცხადეს პოლიტიკურ პატიმრად. როგორც ჩანს, რურუა რომ პოლიტპატიმარი არ არის, ხელისუფლებამ დაასაბუთა და ამის მაგალითზე მიუთითა, რომ სხვა მიმართულებით კრიტიკისასაც ცდებოდნენ ამერიკელი კონგრესმენები.. ჩემი აზრით, ამის შემდეგ აშშ-ში სერიოზულად დაფიქრდნენ, ვინ სჯობია იყოს ხელისუფლებაში - არაპროგნოზირებადი ოპოზიცია თუ ძალა, რომელიც რვა წელია, მეტ-ნაკლებად ართმევს თავს ქვეყნის მართვას და მათ რეკომენდაციებს 90%-ით მაინც ასრულებს. ოპოზიცია ამბობდა, დაუყადაღებენ ივანიშვილს ანგარიშებსო, მაგრამ აბა, სად არის დაყადაღებული ანგარიშები?! ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი რასაც ამერიკელებს ჰპირდება, ცდილობს, შეასრულოს კიდეც. მოკლედ, პოლიტიკაში ამჯობინებენ პროგნოზირებად მტერს ან ნეიტრალურ ძალას, ვიდრე არაპროგნოზირებად მეგობარს, მით უფრო, რომ ივანიშვილი დასავლეთის მტერი არ არის... თუმცა, ამასთანავე, ანგარიშში არის კრიტიკაც, მაგალითად, კორუფციის რისკზე. აქ ვკითხულობთ: “კორუფცია რჩება პრობლემად სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, სახელმწიფო მართვის პრაქტიკასა და სასამართლო სისტემაში არაზუსტი კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების გამო” - ამაზე მეტი რაღა უნდა დაეწერათ?! ზომიერად, დიპლომატიური ენით მიგვითითეს პრობლემებზე. ჩვენც ხომ ვიცით, სახელმწიფო შესყიდვებსა და სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემები რომ არის?!”- დასძენს თვალჭრელიძე.

უნდა დათანხმდეს თუ არა გახარია პრემიერობის სხვა კანდიდატებთან დებატებს

“იმედი მაქვს, რომ დებატებს დათანხმდება, რადგან მმართველ პარტიაში სხვა სუბიექტებს საუბრის უნარიც კი არ აქვს, თუმცა გახარიას საუბრის უნარი მას ნამდვილად გააჩნია, შეიძლება ითქვას არტისტი მეგრელია”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ჟურნალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დებატებში გაწვევას. გახარია მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერია და ამავდროულად, “ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრობის კანდიდატია. გიორგი ვაშაძემაც, თავის მხრივ, არჩევნებში “ოცნების” დამარცხების შემთხვევაში საკუთარი თავი ოპოზიციის შესაძლო კოალიციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატად დაასახელა. შაბათს მან ოფიციალურად გამოიწვია დებატებში გახარია და განაცხადა, რომ მზადაა მედიის თანდასწრებით საჯაროდ შეხვდეს მას და საქართველოს მომავალსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ესაუბროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით „თუ უარს იტყვის, ამას სისუსტეში ჩავუთვლი“, - უნდა დათანხმდეს თუ არა გახარია პრემიერობის სხვა კანდიდატებთან დებატებს.

“პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დებატები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომაც დებატები ცალსახად უნდა იყოს. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მმართველი პარტია ამ პროცესებს ცოტა ქედმაღლურად უყურებს ხოლმე და ოპონენტებს არ აღიარებს, ამ შემთხვევაში შესაძლოა ეს არარეალისტური იყოს. თუმცა, მე პირადად იმედი მაქვს, რომ რომელიმე ტელევიზიის, თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმატში, გახარია ამ პროცესს დათანხმდება და დებატებში შევა, მით უმეტეს, რომ მას ლაპარაკის უნარი ნამდვილად აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებია, ეს ფორმატი აუცილებელია. იმედი მაქვს, რომ გახარია დათანხმდება, ოღონდ ექსკლუზიურად რომელიმე ერთთან კი არა, არამედ კვალიფიციური პარტიების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების მონაწილეობით ერთიანი დებატების ჩატარებას. აქ ერთი ვარიანტია - მიხეილ სააკაშვილი რა ფორმატით ჩაერთვება და მიიღებენ თუ არა იმას, რომ იგი დისტანციურად ჩაერთოს და დანარჩენები ლაივში იყვნენ. ჩემთვის პირადად ასეთი დებატები საინტერესო იქნება და ამ პროცესს დიდი სიამოვნებით ვუყურებდი. წესით მმართველმა პარტიამ ასეთ რამეზე უარი არ უნდა თქვას, იმიტომ, რომ რა რა და გიორგი გახარიას სიტყვა ნამდვილად ერჩის, ვაღიაროთ, რომ ამისი რესურსები გააჩნია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“დებატებზე არდათანხმება სისუსტის მაჩვენებელია და შესაბამისად, მმართველმა პარტიამ უარი რომ თუნდაც ქედმაღლური დამოკიდებულებით თქვას, რომ, მაგალითად, ვინაა ჩვენი ღირსი რომ დებატზე გავიდეთო, ნებისმიერ შემთხვევაში მე პირადად, როგორც მოქალაქე და როგორც სპეციალისტი, ამას სისუსტეში ჩავუთვლი. ბოლოს და ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ამავდროულად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვალდებულება აქვს, რომ არათუ პრემიერ მინისტრობის კანდიდატებთან, არამედ ლამის მოქალაქეებთან ჩაერთოს დებატებში, თუ რომელიმეს რაიმე შეკითხვა აქვს. თან ეს მისი კეთილი ნება კი არა, ეს მისი ვალდებულებაა. იმედი მაქვს, რომ დებატებს დათანხმდება, რადგან მმართველ პარტიაში სხვა სუბიექტებს საუბრის უნარიც კი არ აქვთ. თუმცა, გახარიას საუბრის უნარი ნამდვილად გააჩნია, შეიძლება ითქვას არტისტი მეგრელია”, - დასძენს გამზარდია.

ზაზა ფირალიშვილი - “ოცნების” ლიდერები, ალბათ, ოცნებობენ, რომ სააკაშვილმა დროდადრო თავი შეგვახსენოს”

“როგორც ჩანს, ოპოზიციური სპექტრის დიდმა ნაწილმა ვერ გაიაზრა ის ცვლილება, რომელიც პანდემიამ საზოგადოებრივ განწყობაში შეიტანა. პანდემიამდე “ოცნების” რეიტინგი შეუჩერებლად ეცემოდა და მომავალ არჩევნებში მისი მარცხიც თითქმის გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ პანდემიამ მოქალაქეებში სტაბილურობის სურვილი გააძლიერა და საპროტესტო მუხტი გაანელა - არა იმიტომ, რომ ხელისუფლება “გამოსწორდა”, მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლებამ შეძლო ქცევის იმ მოდუსის მოძებნა, რომელიც ამ ვითარებაში ყველაზე ადეკვატურია და თუ შეცდომებს უშვებდა და უშვებს, შედეგი, პირობითად რომ ვთქვათ, მხოლოდ არჩევნების შემდეგ იჩენს თავს. ამიტომ ცდილობს ოპოზიციური ძალა, ირიბად მაინც ისე წარმოაჩინოს, თითქოს ახლა ხელისუფლება ხელოვნურად ამწვავებს ვითარებას. დასანანია, რომ არ გამოჩნდა ისეთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ახალი ვითარების ადეკვატური იქნება”, - აცხადებს ექსპერტი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნების” ლიდერები, ალბათ, ოცნებობენ, რომ სააკაშვილმა დროდადრო თავი შეგვახსენოს” / “ლუსტრაციის გარეშე ჩვენ დიდხანს ვიტრიალებთ ერთ ადგილზე ისევ და ისევ ვარაუდებში გახლართულნი”.

“ჩემთვის გაუგებარია, როდესაც პოლიტიკური პარტია ისეთ პიარკამპანიას ეწევა, თითქოს უცხოელი მრჩევლების დავალებების ხუთიანზე შესრულებას ცდილობს - ვერც ერთი უცხოელი მრჩეველი დროის იმ მოკლე შუალედში, როცა მას საქართველოში უწევს მუშაობა, ვერ გაითვალისწინებს ქართული პოლიტიკის უმთავრეს ფაქტორებს: ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, ქართველი ამომრჩევლის ფსიქოკულტურულ თავისებურებებს და ა.შ. შედეგად, შესაძლოა მივიღოთ ხუთიანზე შესრულებული დავალებები, ხოლო არჩევნებში - მარცხი. პოლიტიკური რელიეფის გარდაქმნის შანსი იყო 2019 წლის ახალგაზრდული გამოსვლები, მაგრამ ახალგაზრდებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი გამოცდილება, ხოლო ოპოზიციის დიდ ნაწილს იოლი და სწრაფი რევოლუციური ცვლილებების ცდუნება მოეძალა და ნაცვლად იმისა, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომისა და უმრავლესობის ლიდერის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ მოძრაობისთვის უფრო რაციონალური სახე მიეცა, აქციები უსასრულოდ, მანამდე გაჭიმა, სანამ მოძრაობამ ენერგია არ დაკარგა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

“ვფიქრობ, ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა “ნაციონალების” დღევანდელი ლიდერების რადიკალურმა სტრატეგიამ. შედეგად ის მივიღეთ, რომ პროცესები განელდა და გაქრა. ამასობაში “კოვიდმაც” იჩინა თავი - ახლა, ალბათ, `ოცნებაში~ ნანობენ კიდეც, რომ ასე სწრაფად დაიხიეს უკან და საკადრო ცვლილებებზე წავიდნენ”. “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მოკავშირეები დიდ წარმატებას რომ ვერ მიაღწევენ, უეჭველია. სააკაშვილის განცხადებები “ოცნების” მომხრეების უფრო მეტად მობილიზებას უწყობს ხელს. ამიტომ ”ოცნების” ლიდერები, ალბათ, ოცნებობენ, რომ სააკაშვილმა დროდადრო თავი შეახსენოს ჩვენს მოქალაქეებს. ეტყობა, ჯერაც ვერ გაუაზრებიათ, რომ 2012 წელს მათი მარცხი მხოლოდ ივანიშვილის ფულსა და ბედის უსამართლობას არ გამოუწვევია”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ლელომ” წარმოადგინა “მარშალის გეგმა”, რომელიც ზოგისთვის სიახლეა, ზოგისთვის კი გაუგებარი...” - პასუხობს:

“იმისათვის, რომ ამგვარმა პროექტმა ამომრჩევლის გულამდე და გონებამდე მიაღწიოს და ისტორიული ენთუზიაზმი გააღვივოს, არ არის საკმარისი ის მშვიდი აკადემიზმი, რომლითაც “ლელო” საჯარო სივრცეში იქცევა. შესაძლოა აკადემიზმი აუცილებელია იმ გარემოსთვის, საიდანაც “ლელოს” ლიდერები მოვიდნენ, მაგრამ არა იმ ვითარებისთვის, როცა საქმე საჯარო პოლიტიკურ სივრცეს შეეხება. არსებითად, ანაკლიის პორტი იმ გეოპოლიტიკური ჩიხის გარღვევა იქნებოდა, რომელშიც საუკუნეების წინ კონსტანტინოპოლის დაცემის გამო მოვექეცით. ის შანსს იძლევა, რომ თავი კვლავ ისტორიის სუბიექტებად, მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშეებად ვიქცეთ და შესაბამისად, დავიბრუნოთ ეროვნული ღირსების ის გრძნობა და როლი, რომელიც ისტორიულმა ავბედობამ წაგვართვა. ყველაფერი ეს ყოველი მოქალაქის გულამდე და გონებამდე უნდა იქნეს დაყვანილი. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო “ლელოს” ამოცანა და ვერ ვიტყვი, რომ ამას ახერხებს. მეტი ენერგია და გადამდები ენთუზიაზმია საჭირო. ანაკლია “ლელოს” საფირმო ნიშანია. სამწუხაროა, რომ ამ პარტიას არა ჰყავს ტრიბუნები”.

“ჩვენს საზოგადოებასთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ნელ-ნელა იზრდება. ფეოდალური პარტიკულარიზმი ბატონობს ერთადერთი და განუმეორებელი ლიდერებით. მისი დიდი ნაწილი ფსიქოლოგიურ ბმაშია საკუთარ საზოგადოებასთან კი არა, დასავლურ წრეებთან. ამ ვაკუუმით კი მყისიერად სარგებლობენ პრორუსული ძალები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ მხოლოდ კაბინეტური წარმოდგენა აქვთ, თუ რას წარმოადგენს ქართველი საზოგადოება. ეს განაპირობებს, რომ მეტისმეტად ენდობიან სოციოლოგიურ მონაცემებსა და უცხოელი კონსულტანტების აზრს. დღეს საქართველოში ძალზე ცოტაა ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც “სხეულით გრძნობს” საზოგადოებასა და მისი აზრის დინამიკას. ყველაზე გულუბრყვილოები ან პრიმიტიულად ნაციონალისტური, ან აბსტრაქტულად ლიბერალური სტერეოტიპებით ცდილობენ საზოგადოების ამოცნობას, მასთან ურთიერთობას და უკვირთ, როდესაც აღმოჩნდება, რომ თურმე სადღაც სხვაგან ყოფილან”, - ამბობს ექსპერტი.

“ცხადია, მოსალოდნელია არჩევნებში რუსეთის სახიფათოდ ჩარევა. ყველა ნიშანია, რომ პრორუსული ძალები წინასაარჩევნოდ არნახულად გააქტიურდებიან. რუსი ანალიტიკოსების დიდი ნაწილიც ადასტურებს, რომ ბოლო რამდენიმე წელია, პუტინი აღარც მალავს ქვეყნის სათავეში თავისი ყოფნის დიდ ისტორიულ მისიას - XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის იმპერიის აღდგენის იდეას. ეს იმდენად აშკარაა, რომ რუსეთის მეზობელ ყველა ქვეყანაში უკვე ეჭვით უცქერენ მის ნებისმიერ ნაბიჯს. გარდა ამისა, იმპერიის აღდგენის იდეამ თავად პუტინის გარემოცვაში გააჩინა მასზე აგრესიული პირები. მათ პუტინის “ზომიერება” აღარ მოსწონთ. ამიტომაც ის ხვდება, რომ თუ უახლოეს მომავალში თავის ისტორიულ როლს არ გაამართლებს, ახალი თაობის იმპერიული რევანშისტები თავიდან მოიშორებენ. პუტინის მიზანია, უახლოეს ხანებში მოაგვაროს უკრაინისა და ბელარუსის პრობლემები და საქართველოს არჩევნებში მის მიმართ ლოიალური ძალების გამარჯვებას მიაღწიოს. ამიტომაც არ დააკლებს ძალისხმევას და ქვეყნის განვითარების ვექტორების შეცვლას შეეცდება. ბედად, მისი ჩვენებური პარტნიორები არ არიან ისეთი პოტენციალის მქონენი, რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ”, - მიიჩნევს ზაზა ფირალიშვილი,

“პატრიოტთა ალიანსის” აფხაზეთში ვიზიტსაც მინდა შევეხო. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია თანამიმდევრულად ეწევა საბჭოთა ნოსტალგიისა და პრორუსული განწყობის მოქალაქეთა მობილიზებას და ეს უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. საქმე ამ განწყობების მქონეთა რაოდენობა კი არ არის, არამედ მათი მობილიზების ხარისხი. არჩევნებთან დაკავშირებული რუსული პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინაში მსგავსია. ჯერ წინა პლანზე იწევენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პატრიოტული რიტორიკითა და ეროვნული იდეის ერთგვარი ხალხური ვერსიით ოპერირებენ და ამით იქცევენ ამ განწყობის მქონე ხალხის ყურადღებას. როგორც ჩანს, შორს არ არის დრო, როცა აშკარა პრორუსულ რიტორიკასაც მოვესწრებით. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენმა მედასავლეთე პოლიტიკური ძალების დიდმა ნაწილმა თავისი იდეოლოგიური სნობიზმით პატრიოტული რიტორიკა და ეროვნული იდეა ლამის მთლიანად პრორუსულ ძალებს გადააბარა. მათ არ ეყოთ ინტელექტუალური ძალები, რათა თანამედროვე სამყაროსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში რიგითი მოქალაქისთვის ეროვნული იდეის ახალი პერსპექტივები დაენახებინათ და არ დაეშინებინათ “პროდასავლურობის” მისთვის კულტურულად უცხო ფორმებით. ისინი ვერ გამოვიდნენ ქვეყნის განმანათლებლების როლიდან, ამით კი რუსული პროპაგანდა კარგად სარგებლობს. კიდევ ერთხელ ვიკითხავ: ვის წისქვილზე ასხამს წყალს ასეთი იდეოლოგიური სნობიზმი? - დაასკვნის ზაზა ფირალიშვილი.

“უკვე სამი ათწლეულია, ლაპარაკია ლუსტრაციის კანონის აუცილებლობაზე. ეს თემა ხანგამოშვებით ცხოველდება, თუმცა კი იოლადაც მიეცემა დავიწყებას. არადა, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. ცხადია, ყოვლისმომცველ ლუსტრაციაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, უმაღლესი პარტიული მოხელეების, უმაღლესი თანამდებობის პირების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის უმაღლესი თანამდებობის პირების ლუსტრირების გარეშე მუდმივად წავაწყდებით ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების ლამის დაუფარავ საბოტაჟს. ლუსტრაცია უპირველესად უნდა შეეხოს იმ ქვეყნის აგენტურას, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს და დღეს აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ვინც მუდმივად ჰაკერულად თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს თუ სტრატეგიულ ობიექტებს და ვინც დაუფარავად აცხადებს, რომ მისი მიზანია, ოცდაათი წლის წინანდელი მახინჯი გეოპოლიტიკური წარმონაქმნის აღდგენა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ასე თავისუფლად ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესების შელახვას, ანაკლიის პორტისა და შავი ზღვის ფსკერზე ბოჭკოვანი კაბელის გასაყვანი პროექტების პარალიზებას და ა.შ. ლუსტრაციის გარეშე ჩვენ დიდხანს ვიტრიალებთ ერთ ადგილზე ისევ და ისევ ვარაუდებში გახლართულნი”, - დასძენს ფირალიშვილი.

ოკუპანტებს “საზღვარი” უკვე სკოლიდან რამდენიმე მეტრში გაჰყავთ - რუსების “საჩუქარი” ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ

“საქართველოს ტერიტორიის მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი სოფელ ხურვალეთთან - ოკუპანტებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბოძების დამონტაჟება დაიწყეს. როგორც ადგილობრივები “რეზონანსს” უყვებიან, რუსები სოფლის სიღრმისკენ მოიწევენ და უკვე სოფლის სკოლიდან სულ რამდენიმე მეტრით არიან დაშორებულები. მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ ბორდერიზაცია საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოკუპანტებს “საზღვარი” უკვე სკოლიდან რამდენიმე მეტრში გაჰყავთ - რუსების “საჩუქარი” ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ.

“დაახლოებით 20-მდე ბოძია დამონტაჟებული და სავარაუდოოდ, სამუშაოებს ხვალ და ზეგ გააგრძელებენ. ოკუპანტები, როგორც წესი. ბოძების ჩაყრის შემდეგ სპეციალურ ღობეებს ან კიდევ მავთულხლართებს აბამენ. პროცესის გაგრძელება იქნება და სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებისგან მხოლოდ სტნადრატულ განცხადებებს ვხედავთ და რაიმე რეალურ ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ. სამწუხაროდ, რუსები უკვე სოფლის შუაგულში მოიწევენ. ეს ადგილი სკოლის სიახლოვეს არის. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ სკოლიდან რუსები რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მოქმედებენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში შემოდიან. სკოლა სოფლის შუაგულშია და ფერდობიდან, რომელიც რუსების მიერ არის ოკუპირებული, ქვემოთ მოიწევენ. სოფლის მიმართულებით მოდიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ქაცარავა.

“სოფელ ხურვალეთის მცხოვრებნი კი “რეზონანსთან” ჰყვებიან, რომ ოკუპანტები ტექნიკით პარასკევს საღამოდან გამოჩნდნენ. მათ ბოძების ჩასაყრელად მიწა ამოჭრეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორია მონიშნეს. ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ მონიშნულის იქით არ გადავიდნენ. “ადრე ამ ტერიტორიაზე არ გადმოდიოდნენ. ეს არის ფერდობი, საიდანაც სოფლის სიღრმეში გზა მოდის. ეს ადგილი ჩვენი ხელისუფლების მიერ იყო კონტროლირებადი და ჩვეულებრივად გადავაადგილდებოდით. ახლა ტრაქტორებით და სამხედრო მანქანებით გამოჩდნენ, ჩაყარეს 20-მდე ბოძი და რა თქმა უნდა, შემოღობავენ. ვინ რას დაუშლით, როგორც უნდათ ისე მოიქცევიან. ჩვენ კიდევ თვალს შორიდან ვადევნებთ თვალს. შიში გვავს, რომ სოფლის ნაწილი არ მიიტაცონ”, - ამბობს სოფელ მხურვალეთის მცხოვრები... საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი”, - წერს სტატიის ავტორი.

“აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა “ცხელი ხაზი” და მოთხოვნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში, - დასძენს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - “გავიმარჯვებთ და მთავრობასაც ”ოცნებისა” და “ნაციონალების” გარეშე დავაკომპლექტებთ”

“სია, რომელიც რამდენიმე დღის წინ “ქართულმა ოცნებამ” წარმოგვიდგინა, ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური ძალა არაფრის შეცვლას არ აპირებს. პრობლემა ის არის, რომ “ქართული ოცნება” არა იდეაზე დაფუძნებული, არამედ ერთი კაცის პარტიაა. ივანიშვილმა წინა ფლანგი იმ იმედით გამოცვალა, რომ ყველაფერი თავზე არ ჩამოეშალოს. გახარია, თალაკვაძე, კობახიძე - ეს სამი კაცია მისი მთავარი დასაყრდენი. პირდაპირ ვიტყვი - გახარია ივანიშვილის რუსული პროექტია. თუმცა დარწმუნებული ვარ, მოუწევს გახარიას შეცვლა, რადგან დღევანდელი ეკონომიკური ვითარება ფეთქებადსაშიშია და “ოცნება” ამას ვერ გაუძლებს, ისევე, როგორც ვერ გაუძლებს არჩევნებს - “ოცნება” აუცილებლად წააგებს არჩევნებს”, - აცხადებს “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კოვიდთან” დაკავშირებულ პანიკასა და არჩევნებს შორის პირდაპირ კავშირს ვხედავ” / “არჩევნების შედეგი ყველა შემთხვევაში დამარცხებული “ოცნება“ იქნება”.

“არჩევნების შედეგი ყველა შემთხვევაში დამარცხებული “ოცნება” იქნება. პანდემიის დასაწყისში, ანუ აპრილში, სულ რაღაც 100 კაცს ჩაუტარეს ტესტირება. ახლა მასობრივად ატარებენ. კარგად მახსოვს, გახარიას მთავრობა რომ ამბობდა, ტესტირება საჭირო არ არისო. ახლა რატომ გახდა საჭირო? პირდაპირ კავშირს ვხედავ ამ პანიკასა და არჩევნებს შორის, ისევე, როგორც ვხედავდი კავშირს საერთაშორისო ორგანიზაციიდან ნასესხები ფულის მოქალაქეებისთვის დარიგებასა და არჩევნებს შორის. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა ვაწარმოოთ წინასაარჩევნო კამპანია, თუ ხალხს შეკრება და გადაადგილების უფლება შეეზღუდება?! ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ “ოცნებას” აქვს ადმინისტრაციული რესურსი და მას ემორჩილებიან ძალოვანი უწყებები. მათი ამოცანაა,­ მაქსიმალურად შეიზღუდოს პარტიების წინასაარჩევნო კამპანია და სავარაუდოდ, ასეც მოხდება. ასეთ ვითარებაშიც, რა თქმა უნდა, “ოცნება” 2020 წლის არჩევნებზე დამარცხდება. ამის სრულ გარანტიას გაძლევთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“რაც შეეხება “მარშალის გეგმას”, ნებისმიერ პროგრამას სჭირდება პროფესიონალთა გუნდი, მკვეთრად გამოხატული მიზანი და პროგრამა, თუ როგორ უნდა მიაღწიო მიზანს. ჩვენ სამივე კომპონენტი გვაქვს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პოლიტიკურ სპექტრში ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელსაც ეკონომიკაში რეალური გამოცდილება აქვს, შეუქმნია სამუშაო ადგილები და ინვესტიციებიც რეალურად შემოუტანია სახელმწიფოს ყოველგვარი დახმარების გარეშე. ეს მთელმა საქართველომ იცის. “მარშალის გეგმა” არ მოიცავს დაპირებებსა და ლოზუნგებს. გაწერილი გვაქვს სრულიად საქართველოს რესტრუქტურიზაცია, რაც საშუალებას მოგვცემს ქვეყანა 4 წელიწადში გამოვიყვანოთ რთული მდგომარეობიდან. რაც მთავარია, ჩვენ ვამბობთ იმას, რაც 27 წლის განმავლობაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უთქვამს - საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი საშუალო ფენა. უამისოდ ქვეყანა ვერც ეკონომიკურად გაძლიერდება, ვერც პოლიტიკურად და ვერც ჯანდაცვის მხრივ. ჩვენი კონკრეტული მიზანია, იმ 60 ათასმა კაცმა, რომლებიც 3.000-ლარიან ხელფასს იღებენ, 4 წელიწადში ეს თანხა 600 000-მა კაცმა უნდა აიღოს. ეს იქნება პირველი უპრეცედენტო ნაბიჯი ჩვენს ეკონომიკაში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პირველ რიგში ქვეყანა უნდა გახდეს გლობალური მიზიდულობის ცენტრი, უნდა გახდეს ფინანსური, ლოჯისტიკური, კულტურული, ენერგეტიკული და ციფრული ჰაბი. კულტურისა და იდენტობის გარეშე არაფერი გამოვა. თამამად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ქართველები და გვაქვს ჩვენი ტრადიციები. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, ჩვენი ქვეყნის მიერთება საერთაშორისო ფინანსურ არტერიებთან ლოჯისტიკური, ციფრული, ენერგეტიკული თვალსაზრისით და საქართველოს ინოვაციურ ცენტრად გამოცხადება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ძალიან კონკრეტულად შემიძლია საუბარი, თუ რომელ მიმართულებაში როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები. საქართველოში უზარმაზარი გამოუყენებელი ფინანსური რესურსია, რომელსაც არავინ იყენებს. ჩვენ ყოველწლიურად შეგვიძლია ქვეყანაში ერთ მილიარდ დოლარს გავუკეთოთ მობილიზება.... დღეს საქართველოში საბანკო დეპოზიტებზე 28 მილიარდი ლარია განთავსებული. ამ ფულს უბრალოდ სძინავს, მისი საინვესტიციო ღირებულება არაფერს შეადგენს. ჩვენ საქართველოში დავაფუძნებთ საერთაშორისო საფონდო ბირჟას. მხოლოდ საფონდო ბირჟას შეუძლია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება, ან ერთ სულ მოსახლეზე უნდა იყოს ძალიან მაღალი მოხმარება. ნიუ-იორკისა და ლონდონის მსგავსი საერთაშორისო საფონდო ბირჟის საქართველოში დაფუძნება საშუალებას მოგვცემს პირდაპირ ჩავრთოთ ქვეყანა გრძელვადიანი კაპიტალური ბაზრის მშენებლობაში. ეს ნიშნავს, რომ საშუალო, დიდ და მცირე ბიზნესებს უჩნდებათ მექანიზმი, რათა ძალიან მარტივად მოიზიდონ გრძელვადიანი საინვესტიციო (და არა საკრედიტო) თანხები თავიანთი კომპანიებისთვის”, - განმარტავს “ლელოს” ლიდერი.

“გარდა ამისა, ყველა კომპანიამ, რომელთაც ამა თუ იმ სფეროში სახელმწიფო ლიცენზია აქვთ, ამ ბირჟაზე თავიანთი მოგების 20% უნდა განათავსოს. ეს ჩვენს მოსახლეობას, თითოეულ მათგანს საშუალებას მისცემს გახდეს ამ ამუშავებული კომპანიების თანამესაკუთრე. ეს გააჩენს თანასწორობის განცდას ეკონომიკაში. საფონდო ბირჟის საშუალებით უნდა მოხდეს პრივატიზაცია ყველა იმ სახელმწიფო კომპანიისა (დაახლოებით 250-ია), რომლებიც დღეს ქვეყანას ზარალის სახით 3 მილიარდი უჯდება. სასწრაფოდ უნდა მოვიწვიოთ ქვეყანაში საერთაშორისო არბიტრაჟი, იმიტომ, რომ ვერ დაველოდებით სასამართლოს რეფორმას. სანამ საქართველოს სასამართლოში რეფორმები გატარდება, საერთაშორისო არბიტრაჟი უნდა იყოს გარანტია საერთაშორისო დონეზე კომერციული დავების სამართლიანი განხილვისა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიებისთვის. ამ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის პარალელურად ყველა რეგიონში უნდა გავაჩინოთ მიზიდულობის ცენტრი. ეს ნიშნავს, რომ იმერეთში, ქუთაისში შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა, შემოვიყვანოთ ისეთი კომპანიები, როგორიც არის “ამაზონი”, “ალიბაბა”, “დიეჩელი”, “ფედერალექსპრესი”. ასეთივე მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს კახეთთან, ბათუმთან, ანაკლიასთან დაკავშირებით, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

“ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტირება განათლებაში. მომავალ თაობას უნდა ჰქონდეს “პირველი სამსახური” - გარანტირებული ანაზღაურებადი სტაჟირება 6 თვით სწავლის დასრულებისთანავე. ახალდაქორწინებულებს სახელმწიფოსგან უნდა ჰქონდეთ “პირველი სახლი” - 40 კვადრატულამდე ფართობის ბინა. ახალგაზრდებისთვის უფასო უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 50%-იანი ფასდაკლება სახელმწიფო თეატრებში, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში...”სოფლის მეურნეობაში ფულის ჩასხმა საქმეს არ შველის, არც მიწის დახვნაა გლეხისთვის საკმარისი. დღეს ქართველმა გლეხმა არ იცის, რა დათესოს, როგორ მოუაროს, არა ჰყავს ზოოვეტერინარი, აგრონომი, არ იცნობს გასაღების ბაზარს. სოფლის მეურნეობა ასე არ შენდება, ჩვენი ნომერი პირველი ამოცანაა გლეხი ძლიერი ფერმერი გავხადოთ. ამას გავაკეთებთ კოოპერაციების საშუალებით. ყოველ წელს ას ახალგაზრდა ფერმერს გავგზავნით ჰოლანდიაში, ისრაელსა და შვეიცარიაში. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მსოფლიოში ბიომწარმოებელი გავხდეთ. მიწა დასვენებული გვაქვს, სახელმწიფო და კერძო სექტორში მიწების 70% დაუხნავია”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ფაქტია, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟშია საქმე, არბიტრაჟის უკან კი სხვა კომპანიებთან ერთად ამერიკული კომპანიებიც დგანან. საქართველოს სახელმწიფომ უცხოურ ინვესტიციებს ექსპროპრიაცია გაუკეთა. ასეთი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. რაზე ვსაუბრობთ? ივანიშვილმა ორი პრემიერი გაუშვა უცხოური ინვესტიციებისთვის, კერძოდ კი ანაკლიის პროექტის მხარდაჭერის გამო. ალბათ, თქვენც გახსოვთ, ბახტაძე ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად ჩატარებული პრესკონფერენციიდან ორ კვირაში თანამდებობიდან რომ მოხსნეს. ასევე საკმარისი იყო კვირიკაშვილის ჩასვლა და ხელის მოწერა ხელშეკრულებაზე “ესესეი მარინთან” ამერიკის ვიცე-პრემიერის თანდასწრებით და, ორ კვირაში ისიც მოხსნეს. ერთი “ფეისბუკით” წავიდა, მეორე - ვითომ “იუნისეფის” დასკვნის გამო. ახლახან “იუნისეფმა” ისევ გამოაქვეყნა ანგარიში და უარესი მდგომარეობაა ბავშვთა სიღარიბის მხრივ, მაგრამ გახარიას არავინ უშვებს, იმიტომ, რომ ის რუსული პროექტია”, - დასძენს ხაზარაძე და შეკითხვაზე - “უკვე განაცხადეთ, რომ ჩრდილოვან კაბინეტში მხოლოდ “ლელოს” წევრები არ იქნებიან. ვინ იქნებიან თქვენ გვერდით, მარგველაშვილიც ხომ არ შეიძლება ვიხილოთ?”, - პასუხობს:

“არა, ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ, მაგრამ დღეს მარგველაშვილი არ არის მზად პოლიტიკაში დასაბრუნებლად".

"რაც შეეხება ჩვენს ჩრდილოვან კაბინეტს, გვინდა გუნდში რაც შეიძლება მაღალი რანგის პოლიტიკოსები იყვნენ და სულაც არ გამოვრიცხავ მათ შორის სხვა პარტიის წევრები ან სულაც დამოუკიდებელი ფიგურები აღმოჩნდნენ. ვიქნები თუ არა პრემიერობის კანდიდატი ან ვინ იქნება, ამას გუნდი გადაწყვეტს. ჩვენ ვართ გუნდური, პასუხისმგებლიანი მოთამაშეები. მე და ბადრი ამ სტანდარტით ვცხოვრობთ და ამ სტანდარტით ვაშენებთ. ამიტომაც გვენდობიან უცხოელი პარტნიორები. პარტიაში ევროპული სტანდარტები დავამკვიდრეთ. “ლელო” არ არის ბადრის ან მამუკას პარტია. ჩვენ ლიდერთა მთელი გუნდი გვყავს. პარტიას ჰყავს პოლიტსაბჭო და მისი მსჯელობის შედეგად გადაწყდება, ვის წარადგენს გუნდი. ჩემი ამოცანაა ჩემ გარშემო ლიდერები შევქმნა და არა ბიძინა ივანიშვილივით მიმდევრები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, საკმაოდ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და მთავრობასაც ”ოცნებისა” და “ნაციონალების” გარეშე დავაკომპლექტებთ”, - დაასკვნის “ლელოს” თავმჯდომარე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა