კახა კუკავას განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“ ყოფილი სახელისუფლებო პარტიების შეთანხმებას არ შეუერთდება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“ ყოფილი სახელისუფლებო პარტიების შეთანხმებას არ შეუერთდება. კერძოდ, კახა კუკავას თქმით, საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის გაზრდის მიზნით, რეფორმების განხორციელებას.

კახა კუკავას თქმით, დოკუმენტის იდეა და მისი შინაარსი კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება, თუმცა „დოკუმენტზე ხელმომწერი ადამიანების უმრავლესობა თავად არიან დამნაშავეები სისტემის დამახინჯებაში“.

„არსებულ იდეას მივესალმები, რომელიც: მართლმსაჯულების, სასამართლოს, პროკურატურისა და პოლიციის რეფორმირებას ითვალისწინებს, თუმცა ამავე დოკუმენტზე ხელმომწერი ადამიანების უმრავლესობას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი თავად არიან დამნაშავეები ამ სისტემის დამახინჯებაში. აქედან გამომდინარე „თავისუფალი საქართველო“ აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით არ შეუერთდება. ეს იგივე იქნებოდა, რომ ჯაბა იოსელიანთან გაგვეფორმებინა მემორანდუმი კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ან ანალოგიური მემორანდუმი შევარდნაძესთან გაგვეფორმებინა, რომელიც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

მიგვაჩნია, რომ ის პარტიები, რომლებმაც დღემდე ვერ მისცეს ობიექტური შეფასება გირგვლიანის მკვლელობას, 7 ნოემბრისა და 26 მაისის სასტიკ დარბევას, ასევე პატიმრების წამებას საქართველოს ციხეებში, მათთან ერთად სერიოზული დიალოგი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე არასერიოზული და კომიკურია“,- განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ.

ცნობისთვის, დღეს, ოპოზიციურმა პარტიებმა: „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“ და „ გირჩი“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც NDI-ს ორგანიზებით ბორჯომში გამართული ოპოზიციის მოლაპარაკებებისას შეჯერებული საკითხების ნაწილს მოიცავს.

აღნიშნულ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა