ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020

საქართველო “წითელ ზონაში” გადადის - რას ნიშნავს ეს და რამდენად არის მზად ამისთვის ჯანდაცვის სისტემა

ეს უკვე პანიკაა - ლარის კურსს ეროვნული ბანკის დიდი ინტერვენციაც ვერ შველის

“ამ ორმაგი შეტევის პირობებში „ოცნებისთვის“ მოქმედება ადვილი არ იქნება”, - საყვარელიძე

* * *

საქართველო “წითელ ზონაში” გადადის - რას ნიშნავს ეს და რამდენად არის მზად ამისთვის ჯანდაცვის სისტემა

“საქართველო, სავარაუდოდ უკვე 17 სექტემბერს, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების თვალსაზრისით “წითელ ზონაში” გადადის. ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ “რეზონანსთან” საუბრისას. მათივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებამ, რომ ქვეყანა ისევ “მწვანე ზონაში” იმყოფება გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია. 10 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პრესასთან განმარტა, თუ როგორ და რა მეთოდით ანგარიშობენ, რომელ ზონაში გადავდივართ. მინისტრის მოადგილე ერთი კვირის წინ ამტკიცებდა, რომ საქართველო მწვანე და შუალედურ, განგაშის ეტაპს შორისაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველო “წითელ ზონაში” გადადის - რას ნიშნავს ეს და რამდენად არის მზად ამისთვის ჯანდაცვის სისტემა.

“ჩვენ გვაქვს ეპიდემიოლოგიური მოდელი, რომელიც საქართველოსთვის მომზადდა. ბევრი ქვეყანა სხვადასხვა მაჩვენებელს იყენებს. ჩვენ ნიშნული ავიღეთ საშუალოდ 10 შემთხვევა ყოველ 100 000 მოსახლეზე, რაც არის მწვანე ნიშნული. დღევანდელი დილის მონაცემით, ეს მაჩვენებელი არის 10.2, რაც ნიშნავს, რომ გადავინაცვლეთ შედარებით მომატებული სიფრთხილის ზონაში - ყვითელი ზონა. ყვითელი ზონა არის 100 000 მოსახლეზე 10 შემთხვევიდან 30 შემთხვევამდე, რიცხვებში გამოდის 370-დან 1100-მდე შემთხვევა, რაც ორი კვირის განმავლობაში თუ გვექნება, უკვე არის ყვითელი. 100 000 მოსახლეზე 30 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ წითელი ზონაა. ჯერ ჩვენ ვართ მწვანე და შუალედურ, განგაშის ეტაპს შორის”, - განაცხადა გაბუნიამ. როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, პარამეტრი, რითაც ქვეყნებში ეპიდემიის გავრცელებას ზომავენ, ინციდენტობაა, ანუ, ავადმყოფობის ახალი შემთხვევების რიცხვი დროის გარკვეულ მონაკვეთში. კოვიდპანდემიის პირობებში საორიენტაციოდ იღებენ ორკვირიან ან ერთკვირიან მონაკვეთში კოვიდ-19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას ყოველ 100 000 მოსახლეზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თავდაპირველად საქართველოში მოქმედი შუქნიშნის პრინციპი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ასე ახსნეს: “მწვანე ზონა” გულისხმობდა ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-მდე ინფიცირებულს; “ყვითელი ზონა” გულისხმობდა ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-დან 30-მდე ინფიცირებულს; “წითელი ზონა” გულისხმობდა ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 30-ზე მეტ ინფიცირებულს, შესაბამისად, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უკვე “წითელ ზონაში” გადავდივართ. ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე აცხადებს, რომ ხვალ უკვე “წითელ ზონაში” ვიქნებით, რადგანაც ყვითელი ზონის ზღვარზე ვართ. მისივე თქმით, ციფრები და მაჩვენებლები იმისთვის გვჭირდება, რომ მოხდეს გაანგარიშება და დათვლა, თუ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას რამდენის გაძლება შეუძლია. ამიტომაც ახლა სასწრაფოდ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ “წითელ ზონაში” გადასვლის შემდეგ ვიცოდეთ ზუსტად რა რესურსი გვაქვს”, განაგრძობს გამოცემა.

“თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში არის მოცემული ე.წ. შუქნიშანი, რომლის მიხედვითაც ითვლიან რომელ ზონაში რა შემთხვევაში გადავდივართ. ყველა ქვეყანას თავისი გამოთვლის სიტემა აქვს და მათ შორის საქართველოსაც. ჩვენ უკვე “მწვანეში” კი არა, ხვალ უკვე “წითელ ზონაში” ვიქნებით. სულ რომ რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდეს, უკვე “წითელ ზონაში” ვართ. ორი კვირის განმავლობაში ზრდა გადასცდა დაწესებულ ზღვარს. ამიტომაც პრემიერის განცხადება გაუგებარია, როდესაც “მწვანე ზონაში” ყოფნაზე საუბრობს. ყველა ქვეყანას თავისი დათვლის სისტემა აქვს. ეს არის დამოკიდებული ქვეყნის სიდიდეზე, ჯანდაცვის სისტემის გამართულობაზე. ამ სისტემის შემუშავება იმიტომ მოხდა, რომ ვიცოდეთ რისთვის ვართ მზად და რა შესაძლებლობები გაგვაჩნია. თუ გვაქვს 100 ადგილი, პირობითად ვამბობ, და ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს, მაშინ გამოდის, რომ ადგილი აღარ გვაქვს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგი ჩიხლაძე.

“მისივე თქმით, წითელ ზონაში გადასვლისას ქვეყანა მზად ორი მიმართულებით უნდა იყოს - რომ ინფექცია ვაკონტროლოთ, ეს არის დროული გამოვლენა, რაც ტესტირებასა და დიაგნოსტიკას ეხება; ხოლო მეორე ჯანდაცვის სისტემის მზად ყოფნაა - ჰოსპიტალების გამართული ინფრასტრუქტურა, დატრენინგებული ექმები და ექთნები. ექსპერტი ამბობს, რომ თუ ამა ყველაფერს ვაკონტროლებთ, მაშინ ვირუსის მართვა არ უნდა გაგვიჭირდეს და მნიშვნელობა არ აქვს რა რაოდენობის ზრდა გვექნება. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ორი კვირის განმავლობაში 1050 კაცი თუ იქნება დაინფიცირებული, მაშინ ეს “წითელ ზონაში” გადასვლას ნიშნავს. სურგულაძე ამბობს, რომ ეს თავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეემუშავებული სისტემაა, რომლის მიხედვითაც ზომავენ რომელ ზონაში გადავდივართ”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც უნდა ისე ჭრიან და კერავენ. პრემიერს თავისივე დაანგარიშებული და შემუშავებული დოკუმენტი რომ აჩვენონ, ალბათ აჯობებს. უკვე “წითელ ზონაში” გადავდივართ. ორ კვირაში 1050 შემთხვევა უკვე გვაქვს და გახარიას რანაირად ეუბნებიან, რომ ისევ “მწვანე ზონაში” ვართ?! თავის პროგრამას შეხედონ რა უწერიათ. რაც შეეხება იმაზე ნერვიულობას - არიქა “„წითელ ზონაში” გადავდივართ და რა გვეშველება - ასე არ უნდა მივუდგეთ. თუკი ვირუსის გაკონტროლებას შევძლებთ, საშიში არაფერია. უფრო ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ. კლინიკების მაქსიმალური მომზადება და მედ-პერსონალის მობილიზება უნდა მოხდეს. ახლა ყველამ კარგად ვიცით, რომ ქვეყნის ისევ ჩაკეტვა ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანს. შიმშილით უფრო ბევრი ხალხი დაიღუპება, ვიდრე კორონათი. ამიტომაც ეს გათვლები წინასწარ უნდა გაკეთებულიყო და ამისთვის უნდა მოვმზადებულიყავით. მხოლოდ იმას გაიძახიან, რომ “გავაკეთებთ”, მაგრამ აგერ უკვე “წითელ ზონაში” გადავალთ და როდისთვის უნდა გააკეთონ?! 88 გვერდიანი გეგმა აქვთ დაწერილი, მაგრამ იქიდან ჯერ არც ერთი პუნქტი არ გაუკეთებიათ. უამრავი თანხაა დახარჯული ორკვირიან უაზრო კარანტინში. ამ ფულის მობილიზება უნდა მომხდარიყო და ე.წ “წითელ ზონაში” გადასვლისთვის უნდა მოვმზადებულიყავით“, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

ეს უკვე პანიკაა - ლარის კურსს ეროვნული ბანკის დიდი ინტერვენციაც ვერ შველის

“ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება და ახალი ანტირეკორდისკენ მიიწევს. ბოლო დღეებში, მკვეთრად გაუფასურებული ლარისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობის მხრიდან ისმის დაპირებები, რომ ეროვნულ ვალუტის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა არსებული რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს. ეროვნული ბანკის 40-მილიონიანი ინტერვენციის შემდეგაც კი ლარმა ვარდნა გააგრძელა და უკვე საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა. მთავრობა ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ კურსი დასტაბილურდება, თუმცა სავალუტო ბაზარზე სრულიად სხვა მოვლენები ვითარდება. ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარებისთვის ბოლო თვეებში დოლარი არაერთხელ გაყიდა, თუმცა ეს პრაქტიკულად არაფერს ცვლის. ქართული ფული სამეზობლოში ყველაზე არასტაბილური ვალუტაა. ახლანდელი სიტუაცია განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ლარმა ყველანაირი ანტირეკორდი დაამხო. თანაც, წინ არჩევნებია, რა დროსაც ეროვნული ვალუტა ყოველთვის უფასურდება არანორმალურად გაზრდილი ხარჯების გამო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ეს უკვე პანიკაა - ლარის კურსს ეროვნული ბანკის დიდი ინტერვენციაც ვერ შველის / “ეროვნული ვალუტა 100%-ითაა გაუფასურებული და რა ნდობა უნდა ჰქონდეს ან საზოგადოებას, ან _ ბიზნესს?”.

“ლარის მკეთრად გაუფასურებას ნაწილობრივ წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. “მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, არის სავალუტო დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება ინფლაციასთან დაკავშირებით. ასევე, უპრეცედენტო შოკის ფონზე ჩვენ აქტიური ვართ ბაზარზე, ასე იქნება მიმდინარე წელს და მომავალი წლის დასაწყისში. როგორც კი პანდემია დამთავრდება და ეკონომიკა გაჯანსაღებულ სისტემაზე გადავა, სებ-ი კვლავ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც არის მოქნილი გაცვლითი კურსი”, - განაცხადა გვენეტაძემ. ლარს ახლა ყველაზე მეტად უჭირს, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს აქვს იმის რესურსი, რომ ლარის სტაბილურობა უზრუნველყოს. “არაერთხელ დაამტკიცა სებ-მა პანდემიის პირობებში, რომ აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს კურსის სტაბილურობა. საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი ჩაერევა ბაზარზე არსებულ სიტუაციაში. 300 მლნ აშშ დოლარი უკვე დახარჯული აქვს, რომ რყევა და შოკი ემართა. ამ მხრივ, ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება”, - თქვა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა. თუმცა, რადგანაც ახლა ეკონომიკაში არასახარბიელო ვითარებაა, ლარის კიდევ მეტად გაუფასურება მოსალოდნელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ ყველაფერს წინასაარჩევნო და მისი შემდგომი პერიოდი ემატება და, როგორც ყოველთვის, ასეთ დროს, ეროვნული ვალუტა უფასურდება ხოლმე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავრობა ჯიუტად აცხადებს, რომ გაუფასურება დროებითია და ეროვნული ბანკი მზადაა, კურსის სტაბილიზაციას ხელი შეუწყოს. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ საქართველოში ვალუტის კურსის რყევა ზომიერი და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. “რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც დიდი გამოწვევა და სიმძიმეა, მაგრამ თუ დავაკვირდებით ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას, მიუხედავად ტურიზმის, საგარეო ვაჭრობისა და სხვა შეზღუდვებისა, ესეც არ არის მაინცდამაინც დიდი მერყეობით გამორჩეული. რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებითაც ჩვენი მაჩვენებლები პროცენტულად დაბალია. ვფიქრობ, არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ უფრო გაღრმავდეს კრიზისი ლარის კურსთან დაკავშირებით”, _ განაცხადა თურნავამ. მთავრობის წარმომადგენლებისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ეკონომისტებს. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობის შეფასებები მათში ნდობას არ იწვევს. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს იღებს, პასუხს კი არავინ სთხოვს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მე უფრო ის მაინტერესებს, ვინც ამბობს, რომ ლარის კურსის გაუფასურება დროებითია და მალე დასტაბილურდება, რას გულისხმობს დროებითში? ბოლო ექვსი წელია, ლარი უფასურდება და რომელ პერიოდს გულისხმობენ? კურსზე ისეთი ადამიანები მსჯელობენ, რომელთაც არანაირი შეხება არ აქვთ ვალუტასთან. საერთოდ არ ცდილობენ ვითარების გამოსწორებას და არც მიაჩნიათ პრობლემად. მგონია, ან ვერ ახერხებენ პრობლემის მოგვარებას და არ იციან, როგორ მოაგვარონ, ანდა მიზანმიმართულად ხდება და ვიღაც ამით სარგებელს იღებს. არ შეიძლება, წლების განმავლობაში ქვეყანას ჰქონდეს ეროვნული ვალუტა ამ დონეზე არასტაბილურად, ამ დროს ეკონომიკის განვითარებაზე ვიფიქროთ და რაიმე საშუალოვადიანი გეგმა დავსახოთ. სებ-მა არაერთხელ თქვა, რომ ლარი დასტაბილურებისთვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებია. ეროვნული ბანკი მაშინ ხარჯავს თანხებს, როდესაც ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ჩემში ეს ყველაფერი უნდობლობას იწვევს. 6-7 წლის განმავლობაში იმას იძახიან, ნუ გეშინიათ, ყველაფერს გავაკეთებთ და ლარის გაუფასურებას არ დავუშვებთო, ახლა კი ეროვნული ვალუტა 3.18-ზეა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდობლობას იწვევს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ჯანაშვილი.

“ბოლო 6 წელიწადში ეროვნული ვალუტა 100%-ითაა გაუფასურებული და რა ნდობა უნდა ჰქონდეს ან საზოგადოებას, ან _ ბიზნესს? კრიზისის პერიოდში მოთხოვნა შემცირებულია, ყველგან ფასები ეცემა, არ მესმის, ასეთ დროს როგორ შეიძლება, შენს ქვეყანაში მოახერხო ის, რომ ფასები გაიზარდოს. სამწუხარო კი ისაა, რომ პასუხის მომთხოვნი არავინაა. სებ-ს არც გეგმა გააჩნია და არც სტრატეგია”, - დაასკვნის ჯანიაშვილი. თითქმის ორ კვირაში ლარი 8 პუნქტით გაუფასურდა. თუ პირველ სექტემბერს ეროვნული ვალუტა 3.07-ის ნიშნულზე იყო, დღეის მდგომარეობით მისი მაჩვენებელი 3.15-ია. ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ქმედებები უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს, რაც ასე ნამდვილად არ არის”, - დასძენს გამოცემა.

“ეროვნული ვალუტის რყევა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია გაურკვევლობასთან, იქნება ეს არჩევნები, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა თუ ჩაკეტვის მოლოდინი. რაც უფრო მაღალია გაურკევლობის ფაქტორი, მით უფრო მეტად მერყევია ლარის კურსი. გაუფასურება შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს იმპორტის მოცულობასთან. შესაძლოა, ბოლო პერიოდში მისი მოცულობა გაიზარდა და აისახა კურსის ცვლილებაზე. ეროვნულმა ბანკმა ბევრი ფაქტორი უნდა განსაზღვროს და მიიღოს მხედველობაში. რეზერვების ხარჯვა რამდენიმე შემთხვევში არის დასაშვები, მაგალითად, როდესაც გაურკვევლობის ფაქტორითაა გამოწვეული დევალვაცია. თუ საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა, მაგალითად, სავაჭრო პარტნიორებშიც ხდება ვალუტის გაუფასურება, მაშინ რეზერვების ხარჯვა არ არის სწორი ნაბიჯი, რადგან სავაჭრო პირობები გაუარესდება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპოპნდენტთან საუბრისას აკაკი ცომაია.

“გარდა ამისა, თუ საქმე გვაქვს ფუნდამენტურ ფაქტორებთან, როგორიცაა, მაგალითად, იმპორტის ზრდა სავაჭრო ბრუნვაში, მაშინ რეზერვების ხარჯვას არანაირი აზრი არ აქვს და ეს შედეგს არ მოგვიტანს. ასე რომ, ეროვნულმა ბანკმა ბევრი ფაქტორი უნდა მიიღოს მხედველობაში. სებ-ი რაც უფრო გამჭვირვალე იქნება და რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის გასაგებ ენაზე, მით უფრო მეტად შეუწყობს ხელს პროცესების დარეგულირებას”, - ამბობს ცომაია. სამშაბათს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად, მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა და 40 მილიონი დოლარი გაიყიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამას სავალუტო ბაზარზე ცვლილება არ მოუხდენია და ლარმა ვარდნა გააგრძელა. იგი უკვე მიუახლოვდა საშიშ ნიშულს _ 3.20-ს, როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე უკლებლივ ყველაფერი გაძვირდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ამ ორმაგი შეტევის პირობებში „ოცნებისთვის“ მოქმედება ადვილი არ იქნება”, - საყვარელიძე

“ოცნებას” საერთოდ რთული პერიოდი დაუდგა: ერთი მხრიდან ლარის კურსი უტევს, მეორე მხრიდან - კორონავირუსი და ორივე ანტირეკორდებს ამყარებს. ამ ჩიხში და ამ ზეწოლის ქვეშ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის" მოქმედება ადვილი არ იქნება, მაგრამ, პრინციპში, მაინც შედეგი ისეთივე იქნება, როგორც თვითონ ამბობენ”, - ასე აფასებს ”რეზონანსთან” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას და წინასაარჩევნოდ ამის შესაძლო გავლენას მმართველი პარტიის რეიტინგზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ამ ორმაგი შეტევის პირობებში „ოცნებისთვის“ მოქმედება ადვილი არ იქნება”, - საყვარელიძე.

“ეროვნული ბანკის ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1547 ლარი გახდა, ანტირეკორდი დაამყარა კორონავირუსის დღიურმა შემთხვევებმაც - ოთხშაბათსვე კოვიდ-19-ის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც საყვარელიძე აცხადებს, მიუხედავად სირთულეებისა, “ქართული ოცნება” არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებს, რადგან იმედისმომცემი ალტერნატივა პოლიტიკურ რეალობაში არაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოცნებას” საერთოდ რთული პერიოდი დაუდგა; ერთი მხრიდან ლარის კურსი უტევს, მეორე მხრიდან - კორონავირუსი და ორივე ანტირეკორდებს ამყარებს. ამ ჩიხში და ამ ზეწოლის ქვეშ რა თქმა უნდა “ქართული ოცნებისთვის” მოქმედება ადვილი არ იქნება, მაგრამ, პრინციპში, მაინც შედეგი ისეთივე იქნება, როგორც თვითონ ამბობენ, ანუ უმრავლესობას მოიპოვებენ, რადგან ალტერნატივები არაა დამაჯერებელი. ალტერნატივებს რომ გადავხედოთ, “ნაციონალურ მოძრაობაზე” აღარ ვლაპარაკობ, რადგან, მათ შესახებ შთაბეჭდილება დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა და არცთუ ისე კარგი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“მაგრამ სხვა პარტიებსაც რომ შევხედოთ, დაჯერება იმისა, რომ, ვთქვათ “ოცნება” გავუშვით და ხელისუფლებაში რომელიმე მაგათგანი რომ მოვიყვანოთ, ან კორონა უკან დაიხევს, ან ლარის კურსი გასწორდებაო, შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ერთ პარტიას პოლიტიკური მართვის გამოცდილება არ აქვს. წარმატებული მართვის გამოცდილება კიდევ სხვაა, მაგრამ ამათ გამოცდილება საერთოდ არ აქვთ. ამიტომ, ალტერნატივების უქონლობის გამო, იგივე სიტუაცია იქნება. ერთი ეგაა, რომ შეიძლება იმ ადამიანთა რიცხვი გაიზარდოს, ვინც არჩევნების დღეს სახლში დარჩება”, - დაასკვნის რესპონდენტი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით