ნინო ბურჯანაძე ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ზუგდიდს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ცნობით, ადგილობრივებმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესახებ „ერთიანი საქართველოს" ხედვა და გეგმები მოისმინეს.

„ყველაფერს გავაკეთებ მეგრელი გლეხისთვის პროდუქციის გასაღების ბაზრების გასახსენელად. სამეგრელო ოდითგანვე ძლიერი და ცნობილი იყო თხილის, ჩაის, დაფნის, ციტრუსის ბიზნესით და დღეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, ამ რეგიონის მოსახლეობას არ უნდა უჭირდეს. ამ ყველაფრისთვის ვიბრძოლებ არა ტერმინებით , ფრაზებით, საკუთარ რეიტინგზე ფიქრით, პერფორმანსებით და გულში მჯიღის ცემით, რასაც აქამდე ვხედავდით და შედეგი არ გვქონდა, არამედ ყველანაირი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების ნაწილი და საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილთა პრობლემების მოგვარება იყო.

„ვიცი, რომ დღეს დევნილები ძალიან უიმედოდ არიან. ვიცი, რომ მათ არ სჯერათ პოლიტიკოსების, მაგრამ მე ვეუბნები მათ თუ რა შემიძლია გავაკეთო მათთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ვეუბნები, რომ ჩემს ძალას, გამოცდილებასა და კავშირებს მაქსიმალურად მოვახმარ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, რომელიც ერთი ნაბიჯითაც არ დაძრულა. ვისაუბრებ არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ვაშინგტონთან და ბრიუსელთანაც. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი პარტიის სლოგანი და ჩვენი გუნდის ძლიერი მხარე- ძალა და გამოცდილება, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ზუგდიდელ ამომრჩეველთან შეხვედრისას ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას ისეთი მთავრობა სჭირდება, რომელიც უმუშევრობის გამო საქართველოდან მოსახლეობის გადინებას ხელს კი არ შეუწყობს, არამედ ვინც წასულია მათაც სამშობლოში დააბრუნებს. შექმნის ისეთ პირობებს, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საკუთარ ქვეყანაში შეძლონ ოჯახის შენახვა და ადგილის დამკვიდრება.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ის პრობლემები, რაც 2016 წელს ან თუნდაც 2013 წელს იყო, კვლავ დასაძლევი და მოუგვარებელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა