ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020

გარდაცვალების შემთხვევათა ნახტომისებური ზრდა, ახალი შეზღუდვები და კორონავირუსთან ბრძოლის ახალი სტრატეგია

“ოქტომბრიდან ლარზე მოთხოვნა გაჩნდება არჩევნებიდან გამომდინარე და ამან გაუფასურება შეიძლება შეარბილოს”

“მას შესაბამისი წონადობა არ აქვს” - ივანიშვილი ხაზარაძის გამოწვევას არ მიიღებს

* * *

გარდაცვალების შემთხვევათა ნახტომისებური ზრდა, ახალი შეზღუდვები და კორონავირუსთან ბრძოლის ახალი სტრატეგია

“ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სრწაფი ზრდის ფონზე ნახტომისებურად მოიმატა გარდაცვალების შემთხვევებმაც. ინფექციონისტთა ნაწილი ამას ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდით სხსნის და მოსახლეობას უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესების ზუსტად დაცვისკენ მოუწოდებს. ყოველივე ამის ფონზე ეპიდემიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ ხუთშაბათს ახალი შეზღუდვების შემოღების და უკვე მოქმედის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ეს შეზღუდვები ძირითადად აჭარას ეხება, რადგანაც ყოველდღიურად ინფიცირების ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტი სწორედ აჭარაზე მოდის. ცვლილებები შედის საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის რეჟიმშიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გარდაცვალების შემთხვევათა ნახტომისებური ზრდა, ახალი შეზღუდვები და კორონავირუსთან ბრძოლის ახალი სტრატეგია.

“აჭარის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 1-ლი ოქტომბრის შემდეგაც არ განახლდება. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქალაქებში, სადაც ეპიდემიის მასშტაბები არც ისე დიდია, 1-ლი ოქტომბრიდან სწავლა სრული ფორმატით განახლდება, სხვა ქალაქებში და მათ შორის თბილისშიც სკოლებში სწავლის შერეული ფორმატი იქნება. გარდა ამისა, ხუთშაბათს გაირკვა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის. საავადმყოფოებში მხოლოდ მძიმე პაციენტების მკურნალობა მოხდება, შედარებით მსუბუქი შემთხვევების ეგრეთ წოდებული კოვიდ სასტუმროებში ან ბინაზე. ინფექციონისტები “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ეს გარდაუვალი იყო. ხუთშაბათს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნითა და აჭარაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ახალი შეზღუდვები დაწესდა. შეზღუდვების ვადები დამოკიდებულია აჭარის ეპიდვითარებაზე, რომელიც ცვალებადია. 25 სექტემბრიდან აჭარაში აღარ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მთლიანად გაჩერდება გარკვეული ეტაპი. აჭარაში რესტორნებს მუშაობა მხოლოდ 22:00 საათამდე შეეძლებათ. აჭარის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა 1-ლი ოქტომბრის შემდეგაც დისტანციურად გაგრძელდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში სწავლის შერეული რეჟიმი იმოქმედებს. 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, მე-7 და უფრო მაღალი კლასების მოსწავლეები კი სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ. ხოლო ფოთსა და გორში სწავლა ყველა კლასში დაიწყება. ამასთან, მშობლებს უფლება ექნებათ სურვილის შემთხვევაში თავისი შვილებისათვის დისტანციური სწავლება აირჩიონ. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, აჭარაში ვირუსის მაჩვენებლი მაღალი იყო და ამიტომ გახდა შეზღუდვები საჭირო. “ახალი შეზღუდვები გახდება საჭირო თუ არა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობაზეა დამოკიდებული - როგორ მოიმატებს და როგორ იქნება სხვა რეგიონებში. პროგნოზირება არ შემიძლია, ამას უფრო ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ, თუმცა ვერავინ განსაზღვრავს როგორი იქნება მატება. აჭარაში ესეთი სერიოზული მაჩვენებელი იყო და ამიტომ დაწესდა შეზღუდვები და ალბათ ეს დროებითია, როცა შეკავება მოხდება, ყველაფერი ისევ გაიხსნება”, - განაცხადა ენდელაძემ. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა იმედოვნებს, აჭარაში დაწესებული შეზღუდვები დროებითი და ლოკალურია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვიმედოვნებ, რომ სხვაგან არ იქნება ისეთი შეზღუდვები საჭირო, როგორიც აჭარაშია. იმედია აჭარაში ლოკალური და დროებითი შეზღუდვა დაწესდა არსებული ეპისიტუაციიდან გამომდინარე. ერთი კონკრეტული რეგიონის ჩაკეტვა არ არის კარგი, მაგრამ მაინც უფრო შესაძლებელია, ვიდრე მთლიანი ქვეყნის. ვთვლი, რომ აჭარაში რეგულაციების გამკაცრება ზუსტად იქითკენ არის მიმართული, რომ არ დაგვჭირდეს მთელ ქვეყანაში მსგავსი ღონისსიებების გატარება”, - განაცხადა გოგინავამ. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძის თქმით, სახელწიფომ შეზღუდვების დაწესებით სწორი პოზიცია დაიკავა. “თუ არ იქნება მძიმე შემთხვევები და მართვადი იქნება ინფექცია, შეზღუდვები არ გახდება საჭირო. ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსში თუ მოექცა, დიდი მნიშვნელობა არ ექნება ეს კორონავირურისის გამო მოხდა თუ შეზღუდვების. ამიტომ, სახელმწიფო სწორად ცდოლობს, რომ რაღაც შუალედური პოზიცია დაიჭიროს. აჭარაში ძალიან იმატა შემთხვევებმა. ეს რისი ბრალია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. თბილისში იგივე რაოდენობაა, რაც ადრე ფიქსირდებოდა”, - განაცხადა ხმალაძემ, რომლის თქმით, ძირითადად მომატებული რაოდენობები აჭარის რეგიონიდან მოდის”, - დასძენს გამოცემა.

“საქართველოში კორონავირუსის გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დაფიქსირდა. მას შემდეგ, დაახლოებით ხუთთვენახევრის განმავლობაში 21 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო ორ დღეში კი - 5. ენდელაძის განცხადებით, გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა ინფიცირებულთა რაოდენობის მატებამ გამოიწვია. “გარდაცვლილები რისკ ჯგუფებში იყვნენ. მაშინ გარდაცვლილების რაოდენობა ცოტა იყო, ახლა კორონავირუსის მაჩვენებელმა იმატა და გარდაცვლილთა რაოდენობამაც. ვინც გარდაიცვალა, ასაკოვნები იყვნენ და მძიმე ფონური დაავადებები ჰქონდათ. ბევრი მათგანი უკვე გამოჯანმრთელებული იყო კოვიდისგან, მაგრამ თანმდევმა მძიმე დაავადებებმა განაპირობა გარდაცვალება. ექვსი თვის განმავლობაში ბევრი ლეტალობა არ გვქონდა, მაგრამ ახლა შეინიშნება ლეტალობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიმატა გარდაცვლილთა პროცენტულმა რაოდენობამ”, - განაცხადა ენდელაძემ. გოგინავას განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში გარდაცვლილი ხუთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო”, - წერს სტატიის ავტორი.

“სამწუხაროდ, ახალ შემთხვევებს ახლავს მძიმე შემთხვვებიც და კრიტიკული პაციენტებიც. ამიტომ სიკვდილიანობამ იმატა. არა ძალიან და მასშტაბურად, მაგრამ ფაქტია, რომ ორ დღეში ხუთი ადამიან დაიღუპა. ხუთივეს მდგომარეობა იყო მძიმე, ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და კორონავირუსული ინფექცია ასეთ კონტიგენტში მიმდინარეობს საკმაოდ აგრესიულად. ჩვენ რაც შეიძლება უნდა შევზღუდოთ დაავადების გავრცელება და განსაკუთრებით დავიცვათ ის ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და არიან ხანდაზმულები. მათ იმუნური სისტემის პრობლემა აქვთ”, - განაცხადა გოგინავამ. ირაკლი ხმალაძე კი გარდაცვალების შემთხვევების მატებას პირდაპირ არ უკავშირების ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას. მისი თქმით, კორონავირუსი იქ გაილაღებს, სადაც ორგანიზმს ბრძოლა არ შეუძლია და ამიტომ მივიღეთ ლეტალური შედეგები”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

“დასნეულდნენ ადამიანები, რომელთაც კორონავირუსის გარდა სხვა გვერდითი დაავადებები ჰქონდათ. ზოგი ინსულტიანი იყო, ზოგი დიაბეტიანი და ასაკოვანი. ყველამ ვიცით, რომ ასეთი შემთხვევები უმეტეს წილად ცუდად მთავრდება. იგივე გრიპოზული ინფექცია რომ ყოფილიყო, მგონია ზუსტად ისე დამთავრდებოდა. როდესაც იმუნიტეტი დავარდნილია, ორგანიზმს აღარ გააჩნია საბრძოლველი და მას კორონა ემატება, იქ გაილაღებს ინფექცია. ამიტოპმ გვაქვს ლეტალური შედეგი. ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც თითქმის გადადებული პაციენტები გადარჩნენ ჩვენი ექიმების ძალისხმევით, ცოდნითა და გამოცდილებით. გარდაცვალების შემთხვევებმა რომ მოიმატა, ეს არ არის იმის ბრალი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა. უბრალოდ მოხდა იმ ხალხის დასნეულება, რომელთა ინფიცირება კატეგორიულად არ შეიძლებოდა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ამის პარალელურად ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის. თუკი აქამდე ყველა ინფიცირებულს სტაციონარში ათავსებდნენ, ამის შემდეგ საავადმყოფოში მხოლოდ მძიმე შემთხვევების მკურნალობა მოხდება, ხოლო შედარებით მსუბუქი შემთხვევების ე.წ. კოვიდ სასტუმროებში ან ბინაზე, სადაც მკურნალობისთვის სათანადო პირობები იქნება შექმნილი. მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტები დისტანციურად გადიან კონსულტაციას ოჯახის ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში ინფექციონისტებს უკავშირდებიან. ბინაზე ან კოვიდ სასტუმოში მკურნალობას ექიმები ჩაატარებენ, რომლებთაც უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები. პაციენტის მდგომარეობას ონლაინ შეაფასებენ, თუ რამდენად შესაძლებელია მათი ბინაზე დატოვება. მსუბუქ ან უსიმპტომო შემთხვევაში შეიძლება პაციენტი დარჩეს ბინაზე, თუ ის აკმაყოფილებს არა მარტო კლინიკური მდგომარეობას, არამედ საცხოვრებელი პირობებს. “რომელიმე პაციენტს ოჯახში თუ ჰყავს ვინმე, ვინც რისკ ჯგუფში შედის, ან მცირეწლოვანი ბავშვი, ამ შემთხვევაში გადაყვანილი იქნებიან კოვიდ სასტუმროებში, სადაც სამედიცინო პერსონალი გაუწევს დახმარებას. ყველა პაციენტს ეყოლება ოჯახის ექიმი, რომელიც ინფექციონის დაუკავშირდება. ამ სისტემაში ინფექციონისტებიც იქნებიან ჩართული”, - განაცხადა ენდელაძემ. გოგინავას განცხადებით, გარდაუვალი იყო ბინაზე ან კოვიდ სასტუმროში მკურნალობა მსუბუქი პაციენტებისთვის, რადგან ყოველდღიურად ასობით იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“როდესაც დღის განმავლობაში ასეობით ახალი შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ საავადმყოფოში ყველა პაციენტის მკურნალობა შეუძლებელია. ამიტომ უნდა ამოხდეს მათი გადანაწილება. ზოგი თვითიზოლაციაში, კოვიდ სასტუმრობში, ან ბინაზე უნდა იყოს მონიტორინგის ქვეშ. როგორც ვიცი, გადამზადება გავლილი აქვთ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს. ამ მოდელმა საკმაოდ ეფექტიურად უნდა იმუშავოს. დანარჩენს დინამიკა გვიჩვენებს, თუ რამდენად კარგად და ეფექტურად მოხდება ეს ყველაფერი”, - განაცხადა გოგინავამ. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ეთანხმება ბინაზე ან კოვიდ სასტუმროში მკურნალობის მეთოდს და აცხადებს, რომ კორონავირუსის სახლში მკურნალობის დროს საჭიროა იმავე წესების დაცვა, რომელიც ჩვეულებრივი გრიპის დროსაა რეკომენდირებული. “ვირუსულ ინფექციას სახლში მკურნალობა როცა ენიშნება, მაშინ არ სჭირდება ბევრი არაფერი. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმ გართულებებს, რომელიც შეიძლება კოვიდ ინფექციას მოჰყვეს. სახლში მკურნალობა გულისხმობს იმ წესების დაცვას, რომელიც ჩვეულებრივ ვირუსული გრიპის დროსაა რეკომენდებული. არის შემთხვევები, როცა გარკვეული პრეპარატები ინიშნება მეთვალყურეობის ქვეშ. მსუბუქ ფორმას არ სჭირდება რეანიმაციაში წოლა”, - ამბობს ხმალაძე, რომლის განმარტებით, “ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა პაციენტს სჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ოქტომბრიდან ლარზე მოთხოვნა გაჩნდება არჩევნებიდან გამომდინარე და ამან გაუფასურება შეიძლება შეარბილოს”

“ბოლო სამი კვირაა ლარის გაუფასურება შეუქცევადია და ვერაფრით აჩერებენ. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ლარს 3,40-იანი ნიშნულისკენ გაეხსნა გზა და ეს მაჩვენებელი მალე დაფიქსირდება. ხოლო წლის ბოლომდე შიძლება 4,0-იან ნიშნულსაც მიაღწიოს. ცალკე საკითხია ის პრობლემები, რაც შეიძლება უკონტროლო გაუფასურებას მოჰყვეს. როგორც ბიზნესი, ასევე მთელი ქვეყნის მოსახლეობა სავალუტო პროცესების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. იმ ფონზე, როცა წინასაარჩევნოდ ასეთი მდგომარეობაა, ადვილად წარმოსადგენია, რა მოხდება არჩევნების შემდეგ, როცა პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს და ლარის გაუფასურებასთან ქვეყანას იძულებითი შეგუება მოგვიწევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მოსახლეობის გაკოტრება დაწყებულია” - ლარის დევალვაციას საზღვარი არ აქვს / შეიძლება ცოტა ხანში მოჩვენებითი გამყარება დაიწყოს, მაგრამ არჩევნების დასრულებისთანავე კურსი დიდი ალბათობით 3.50-ს გადასცდება.

“ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ ლარის ასეთი მასშტაბური გაუფასურებით მოსახლეობის მასობრივი გაკოტრება დაიწყება და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. “,გვქონდა პროგნოზი მაის-ივნისში და შემდგომ პერიოდშიც, რომ სექტემბრიდან დაიწყებოდა ლარის დიდი გაუფასურება. 3,20-3,25-ის ფარგლებში გვქონდა სავარაუდო მაჩვენებელი. ვფიქრობდი უფრო მეტ ვარდნასაც, მაგრამ აქამდე მაინც მეგონა, რომ ეროვნული ბანკი ამას ყველანაირად წინ აღუდგებოდა. ეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვის დიდი დარტყმა იქნება. გაკოტრება დაწყებულია, ინვესტიციები, ახალი იდეები და ახალი ბიზნესები ვერ შემოდის, ვერაფერი არეგულირებს კურსს”, - განაცხადა ანალიტიკოსმა, რომლის თქმით, “,ასე თუ გაგრძელდება, არჩევნების დასრულებისთანავე ლარმა შეიძლება 3,50-იან ნიშნულს თავისუფლად მიაღწიოს, წლის ბოლომდე, 4,0-იანსაც, თუკი პროცესი ვერ გააჩერეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის ინტერვენციებით კურსის გამყარება თუ არა, არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება შესაძლებელი იყო, თუმცა სებ-ი რატომღაც ინარჩუნებს მაღალ კურსს, რაც ძალიან მალე ფასების ზრდის საბაბად იქცევა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ შემოაბრუნონ სიტუაცია, ლარის ასეთი გაუფასურება საარჩევნოდ წამგებიანია”, - მიიჩნევს ნიკა შენგელია. სპეციალისტებს განსაკუთრებით ის ფაქტი აფიქრებთ, რომ ლარი ინტერვენციების მეშვეობითაც ვერ მყარდება და ეს მეთოდი უკვე საერთოდ ვეღარ ამართლებს. ფინანსური ბაზრის მკველვარი ვახტანგ ხომიზურაშვილი ვარადობს, რომ კურსი სავარაუდოდ, ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება ან მცირედით კიდევ გაუფასურდება, მაგრამ 3,40-იან ნიშნულამდე არ მიუშვებენ, თუნდაც არჩევნების გამო”, - განაგრძობს გამოცემა.

“ოქტომბრიდან ლარზე მოთხოვნა გაჩნდება არჩევნებიდან გამომდინარე და ამან გაუფასურება შეიძლება შეარბილოს. სებ-ის პოლიტიკას თუ გავითვალისწინებთ, ვვარაუდობ, რომ ინტერვენციებს კიდევ მიმართავენ, რაც საბოლოოდ დოლარის მოცულობას ცოტათი გაზრდის. ალბათ, რაღაც დონეზე დაიჭერენ კურსს, სხვა გამოსავალი არ აქვთ. ჩემი აზრით, ამ ბოლო თვეებში 3,30-3,33 -ის ფარგლებში იქნება ლარი. საარჩევნო პერიოდი რომ არ იყოს, მეტად ვიფიქრებდი ლარის გაუფასურებაზე, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ზომებს მიიღებენ და ამაზე მეტად არ გაუშვებენ კურსს. ახლა ისეთი მოცემულობაა, როცა ბანკებს დაკრედიტებისთვის ლარი უფრო სჭირდებათ. შეიძლება, რაღაც ლიკვიდობის მომენტი ჰქონდეთ. მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე მაშინ იზრდება ხოლმე, როცა ბანკებს დოლარის დეპოზიტებთან დაკავშირებით უჩნდებათ ლიკვიდობის გარკვეული პრობლემა. საქართველოში ბანკების დეპოზიტების 80% , ძირითადად, დოლარშია, 20% კი ლარშია განთავსებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხდება დეპოზიტებიდან დოლარის გადინება და ბანკები ლიკვიდობის მომენტს ამ შეძენილი დოლარით ამაგრებენ, სადეპოზიტო ვალდებულებების შესასრულებლად”, - აცხადხებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხომიზურაშვილი.

“ექსპერტები ეროვნულ ბანკს არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებენ ბრალს. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგია არანორნალური დევალვაცია. სებ-ი კი წლის ბოლომდე იგი, სავარაუდოდ, 200 მილიონზე მეტი დოლარის გაყიდვას გეგმავს”, - წერს სტატიის ავტორი.

“მას შესაბამისი წონადობა არ აქვს” - ივანიშვილი ხაზარაძის გამოწვევას არ მიიღებს

“პატარა ვაშაძე გახარიას იწვევს დებატებში, ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილს. გასაგებია, რომ საარჩევნო პიარ-კამპანია აქვთ და ოპოზიციური პარტიები დღეს საარჩევნო “ამაოების ბაზარზე” არიან”, - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. პარტიის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ტელევიზიაში დებატებში იწვევს. მისი თქმით, ქვეყანა რთულ ეკონომიკურ სიტუაციაშია, მთავრობამ კი არ იცის რა ქნას და ამიტომ იმალება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მას შესაბამისი წონადობა არ აქვს” - ქანთარიას თქმით, ივანიშვილი ხაზარაძის გამოწვევას არ მიიღებს.

“მივმართავ „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ტელევიზიაში, თქვენს კონტროლირებადში, გამოდით დებატებში. კრიზისიდან გამოსვლის ჩვენი პროგრამა უკვე ნახა საზოგადოებამ. თქვენ როგორ აპირებთ ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას?” - ასე მიმართა მამუკა ხაზარაძებიძინა ივანიშვილს. “ეს მოძრაობა შეიქმნა ორი კაცის იმუნიტეტისთვის, თავის გადასარჩენად. არ მინდა სიღრმეებში შევიდე, ამას სასამართლო დაადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ მათი ზეამოცანა არის როგორმე გამოძვრნენ. შექმნეს ეს მოძრაობა, რათა გადავიდნენ პოლიტიკურ ლანდშაფტში. ყველაფერი სხვისგან გადმოწერილი აქვთ - იდეაც და პროგრამაც“, - განაცხადა “რეზონანსთან” ნუკრი ქანთარიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

“რაც შეეხება დებატებს, პატარა ვაშაძე გახარიას იწვევს დებატებში, “ლელო” - ბიძინა ივანიშვილს. გასაგებია, რომ საარჩევნო პიარ-კამპანია აქვთ. ოპოზიციური პარტიები საარჩევნო “ამაოების ბაზარზე” არიან და ცდილობენ თავის თავი სარფიანად გაყიდონ. ბიძინა ივანიშვილი რომ გამოიწვიო დებატებში, რაღაც წონადობა ხომ უნდა გქონდეს? ერთი-ორი სკოლა ხომ მაინც უნდა გქონდეს აშენებული, ერთი თეატრი და ერთ კლუბი? მაგრამ ცდილობენ რაღაც დამატებითი იმპულსი შემატონ საარჩევნო კამპანიას, თორემ თვითონაც არ სჯერათ, რომ ასეთი დებატები გაიმართება. ამიტომაც ამბობენ”, - დასძენს გამოცემის კორსპონდენტთან საუბრისას ნუკრი ქანთარია.

მამუკა ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი დებატებში არ დაუჯდება, ეს გამორიცხულია, მაგრამ თავის ამომრჩეველთან ქულებს იწერს” - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ფორმატს და ტელევიზიას მნიშვნელობა არ აქვს და ამ არჩევანს ბიძინა ივანიშვილს უტოვებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ხაზარაძემ იცის, რომ ივანიშვილი დებატებში არ დაუჯდება, მაგრამ ქულებს იწერს” - ზაქარეიშვილი.

“რა თქმა უნდა, დებატებს წინასაარჩევნოდ იყენებენ პარტიები, უწყინარი ფორმაა, მაგრამ ხშირად ვერ საზღვრავენ სტატუსს. მამუკა ხაზარაძე კენჭს იყრის, ივანიშვილი კი - არა. მამუკა ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის ისიც, რომ ივანიშვილი დებატებში არ დაუჯდება, გამორიცხულია. ივანიშვილი უარს თუ იტყვის, ისიც ქულებს იწერს - მას შეუძლია, თქვას, კენჭს არ ვიყრი და რატომ მიწვევთ დებატებშიო. ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რომ რაიმე შემატონ საარჩევნო კამპანიას. კარგი ვარიანტი იქნებოდა, თუ მათ შორის შეთანხმება შედგებოდა და გაიმართებოდა დებატები, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ამ დონემდე არ მისულა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით