ვანო მაჭავარიანი - აზერბაიჯანი ესაუბრება თურქეთს, სომხეთი - რუსეთს და ვის ესაუბრება საქართველო, რომ რეგიონალურ კონფლიქტში, რომელიც კარს არის მომდგარი, მიიღოს გარანტიები სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით?!

აზერბაიჯანი ესაუბრება თურქეთს, სომხეთი ესაუბრება რუსეთს და ვის ესაუბრება საქართველო, რომ ამ რეგიონალურ კონფლიქტში, რომელიც კარს არის მომდგარი, მიიღოს გარანტიები სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით?! - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა , „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მაჭავარიანი თვლის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება სახიფათო ნიშნულზე მივიდა და საქართველო ამ სიტუაციას სრულიად მოუმზადებელი ხვდება.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ ეს დაპირისპირება საქართველოს გვერდს აუვლის.

„ფართომასშტაბიან ომში გადაზრდის დიდი შანსი არსებობს. ეს არ იქნება მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება. მან, შესაძლოა, რეგიონალური ხასიათი მიიღოს და ამაზე მიუთითებს თურქეთის განცხადებები, რუსეთის პოზიცია და სომხეთის მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ დაეხმაროს აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ამაზე საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი, რომ მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ რეგიონალურად ამის განვითარება. საქართველო ამ სიტუაციას, სამწუხაროდ, სრულიად მოუმზადებლად ხვდება და მხოლოდ და მხოლოდ სესიაშვილის განცხადებებით შემოიფარგლება, რომელიც არასერიოზულია.

4 ივლისიდან მოყოლებული პირველი სამხედრო დაპირისპირებიდან ყველა ნიშანი იყო, რომ ორივე მხარე სერიოზული სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადებოდა. ეს 27 სექტემბერს სერიოზულ სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები, რომ ის მზად არის დაიბრუნოს სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, საკმაოდ სერიოზულია და ასევე, სერიოზულია თურქეთის განცხადება, რომ მზად არის აზერბაიჯანს გვერდით დაუდგეს. საქართველოს ხელისუფლებას უბრალოდ გამორჩათ ეს საკითხი და არასერიოზულად მიუდგნენ და მხოლოდ იმის იმედი აქვთ, რომ ეს სამხედრო დაპირისპირება ჩაცხრება და საქართველოს გვერდს აუვლის“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ აშშ-სთან საუბარი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება და ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი სწორედ შტატებია.

„20 ივლისიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაედგა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკასთან და ევროკავშირთან ამ თემაზე. თუ ეს დაპირისპირება ომში გადაიზარდა, საქართველოს გარეშე სამხედრო მოქმედებების განხორციელება წარმოუდგენელი იქნება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან აქტიურად ესაუბრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკასთან, რომელიც არის ერთადერთი გარანტი საქართველოს უსაფრთხოების და დაცულობის. სხვა მოსაუბრე და მოკავშირე საქართველოს არ ჰყავს. ეს მომენტი ხელიდან იქნა გაშვებული და მნიშვნელოვანია, ეს პროცესი, რაც შეიძლება, მალე დაიწყოს და დრო არ დაიკარგოს, რადგან ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ ჩათრეული რეგიონალურ კონფლიქტში თუ აზერბაიჯანს მხარში ამოუდგა თურქეთი და სომხეთს რუსეთი, რისი საშიშროებაც, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, მეორე დღეა მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. Reuters-ის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად ამ დრომდე დაღუპულია 21 და დაშავებულია ასობით ადამიანი. აღსანიშნავია, რომ დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

ასევე, საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ თუ დაპირისპირებულ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყოს - ეს საქართველოს ინტერესიც არის და ასეც იქნება, თუმცა, ამის ნიშნები არ ჩანს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო