ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, არ მისცეს საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაასამაროს საზოგადოების, წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი “ქართულ ოცნებას“ და არჩევნების გზით ერთხელ და სამუდამოდ გაისტუმროს ხელისუფლება.

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ინტერვიუში საუბრობს.

-ბატონო ბადრი, ვართ რეალობაში, რომელშიც პარლამენტს პირველი მოსმენით აქვს მიღებული ე.წ. „რუსული კანონი“ . მიუხედავად მასშტაბური პროტესტისა და მასობრივი უკმაყოფილებისა, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მაინც გადადგა. წარმოუდგენელია მათ ეს პროტესტი არ გაეთვალათ, მაგრამ მაინც წავიდნენ ამ ნაბიჯზე. რით ხსნით, ამ „აუტკივარი თავის ატკივებას“ ხელისუფლების მხრიდან?

აქ არსებობს რამდენიმე ლეგიტიმური ვერსია „ქართული ოცნების“ მიზნებთან დაკავშირებით დაწყებული პირდაპირი დაკვეთიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან შესაძლოა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა. ეს ერთი ვერსიაა. მეორე ვერსია არის, რომ „ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს, რომ არ მისცეს ევროკავშირს არანაირი საფუძველი გაიხსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ თანხვედრაშია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესებთან და დაკვეთასთან და ეს დასტურდება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებით, შესაბამისად, ასეთი ვერსიაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია. არსებობს კიდევ ერთი მიზანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია და ეს არის, წინასაარჩევნოდ მაქსიმალურად შეზღუდოს ის არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც, მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ, როგორც არჩევნებზე დაკვირვების კუთხით, ასევე, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და კორუფციული ფაქტების გამოვლენის კუთხით. მაქსიმალურად შეზღუდოს ეს მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენი მეგობრებისგან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში. ასე რომ, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზნის მიღწევას ემსახურება დღევანდელი მმართველი ძალის მიერ „რუსული კანონის” მიღება და ყველა შემთხვევაში ეს მიზნები არის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებიდან გამომდინარე. ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ და პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის ფედერაციის წისქვილზე, რადგან სწორედ ეს არის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ამოცანა, რომ გამორიცხოს საქართველოს შემდგომი ინტეგრირება ევროკავშირში და პირისპირ დატოვოს საქართველო რუსეთის ფედერაციასთან და ამით გამორიცხოს საქართველოს წინსვლა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ეს არის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ამოცანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ამ ნაბიჯით ადასტურებს მის პრორუსულ ბუნებას და ადასტურებს იმას, რომ არ ემსახურება ქართველ ხალხს და ემსახურება რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

-როგორი შეიძლება იყოს პარტნიორების საპასუხო რეაქცია კრიტიკულ განცხადებებს მიღმა?

დასავლელი პარტნიორებისგან იქნება ყოველთვის ღიად და მკაფიოდ დაფიქსირებული ის, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ძალიან გულწრფელად იტყვიან ამას, ღიად, საჯაროდ. რა თქმა უნდა, სტრატეგიული პარტნიორები სრულად მხარს უჭერენ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს, მაგრამ ამავდროულად მათ ვალდებულება აქვთ ღიად, საჯაროდ განაცხადონ ის, რომ თუკი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იღებს ისეთ კანონს, რომელიც პირდაპირ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, ეს მაშინ გამორიცხავს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ამიტომ ეს უკვე ქართველი ხალხის, ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია, რომ არ მისცეს საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაასამაროს მთელი ჩვენი საზოგადოების, ჩვენი წინაპრების, ჩვენი წინა თაობების ოცნება, რომ ქვეყანამ მოიპოვოს ადგილი უსაფრთხო ევროპულ ოჯახში. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი “ქართულ ოცნებას “ და არჩევნების გზით ერთხელ და სამუდამოდ გაისტუმროს ეს ხელისუფლება და ამით აღკვეთონ „ქართული ოცნების“ მომავალი მცდელობებიც, რომ მოახდინოს ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საბოტაჟი.

-არჩევნებამდე ექვსი თვეა დარჩენილი და საინტერესოა საზოგადოებას თუ მიყვება არჩევნებამდე ის პროტესტი, რომელიც ახლა აქვს და მეორეს მხრივ, საინტერესოა „ქართული ოცნების“ იმ ამომრჩეველზე ვინ ან რა ფორმით უნდა იმუშაოს, ვისაც სჯერა რომ „გამჭვირვალობაში“ ცუდი არაფერია.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა ყოველთვის გათვლილია ყალბი გზავნილებით ადამიანებში დაბნეულობის შეტანაზე. მათ პროპაგანდისტული და რუსეთის ფედერაციაში აპრობირებული ძლიერი ზემოქმედების იარაღები გააჩნიათ. ივანიშვილის ტელევიზიების და სხვა მედიასაშუალებების გამოყენებით ისინი გააგრძელებენ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას. რა თქმა უნდა, რუსული ტიპის პროპაგანდა ისეთი წარმატებული ვეღარ იქნება, როგორიც იყო წარსულში იმიტომ, რომ ადამიანებმა თვალნათლივ დაინახეს, რომ „ქართული ოცნება“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ატყუებდა მათ, რომ ვითომდა მას სურდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და სინამდვილეში, განზრახვა არის ამის საპირისპირო. თუმცა, საზოგადოების ნაწილზე „ქართული ოცნების“ რუსული სტილის პროპაგანდა ალბათ, მაინც იქონიებს გავლენას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური უმრავლესობა დღეს უკვე ნათლად ხედავს, რომ ამ ქვეყნის განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება არჩევნების გზით. ვფიქრობ, რომ დღეს იმდენად ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რომ ჩვენ თვალნათლივ დავინახავთ არჩევნების დღეს საზოგადოების გამორჩეულად მაღალ აქტივობას, რადგან წყდება თითოეულ ოჯახის, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის და მათი შვილების მომავლის საკითხი. შესაბამისად, აქ უკვე ინერტულობა, პასიურობა არის მომავალი თაობის და საკუთარი ქვეყნის მიმართ ღალატის ტოლფასი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგად აქვს გათვითცნობიერებული ჩვენს საზოგადოებას.

-გარდა ამ ე.წ. „რუსული კანონისა“ ვნახეთ პარლამენტმა როგორ მიიღო მესამე მოსმენით კანონი ე.წ. „ოფშორების“ შესახებ. ჯერ გკითხავთ, რისთვის შეიძლებოდა გაკეთებულიყო ეს და მეორე, რა საფრთხის შემცველია ის ჩვენი ქვეყნის თუნდაც საბანკო სექტორისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის?

აქ ჩვენ ვხედავთ პირდაპირ მცდელობას, რომ ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო გადააქციოს თავისი პირადი ინტერესების მოსამსახურე ტერიტორიად. ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი, რაც მიღებული იქნა. დააკვირდით, რა არის ამ კანონში. არამხოლოდ იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ოფშორული ზონიდან შემოტანილი ქონება, არამედ, საშემოსავლო გადასახადისგანაც შემდგომი წლების განმავლობაში და ქონების გადასახადისგანაც, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენს. წარმოიდგინეთ, რომ მილიარდერი, რომელსაც თავისი ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ თავისი პირადი უსაფრთხოების და თავისი ქონების უსაფრთხოების დაცვის ინსტრუმენტად მიაჩნია, თავს არიდებს მის ქონებაზე ერთი პროცენტის გადახდასაც კი. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად უსამართლოა ეს იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც პირნათლად იხდიან გადასახადებს. გამოდის, რომ თუ ბიზნესმენს შემოაქვს მანქანა-დანადგარები პირობითად ვამბობ, გერმანიიდან, საფრანგეთიდან ან სხვა ქონება შემოაქვს იგივე ქვეყნებიდან, მან უნდა გადაიხადოს ყველა გადასახადი და შემდგომში საშემოსავლო გადასახადიც, ცხადია, გადასახდელი ექნება. ოფშორული ზონების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი კი, ცხადია, მანქანა დანადგარების კი არა ივანიშვილის პირადი მოძრავი ქონების გადასახადების გარეშე შემოტანას ემსახურება. დაახლოებით შესაძლებელია მიხვდე, კიდეც რა ქონებაზეა საუბარი. სამწუხაროდ, სიხარბეს საზღვარი არ აქვს და ამ შემოტანილ პირად ქონებაზე უნდა რომ გათავისუფლებული იყოს ქონების გადასახადისგანაც კი. ეს არის დამოკიდებულება თავისი სახელმწიფოს, თავისი ხალხის მიმართ, როდესაც რეალურად მცირე გადასახადის გადახდაზეც კი უარს ამბობს ბიძინა ივანიშვილი იმ უზარმაზარ, ასობით მილიონის ქონებაზე, რომლის შემოსატანადაც შექმნა ეს სისტემა, რომ თუ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ მის მოძრავ ქონებას დაემუქრება სანქციები საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაშინ მას უნდა შემოიტანოს ეს ქონება საქართველოში, არ გადაიხადოს არანაირი გადასახადი შემოტანისას, არც შემდგომი წლების განმავლობაში. ამასთან „ქართულმა ოცნებამ“ ერთხელ უკვე ფარცხალაძესთან მიმართებაში შექმნა პრეცედენტი, რომ სანქცია, რომელსაც აწესებს შეერთებული შტატები ან ევროკავშირი არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეზე და ეს იყო ფარცხალაძის შემთხვევაში და სწორად ამ სისტემის შექმნის დასრულებას მიუძღვნა ბიძინა ივანიშვილმა ამ კანონის მიღება.

-რამდენად შეიძლება ივანიშვილის გარდა ამით ისარგებლონ სხვა სანქცირებულმა ბიზნესმენებმა და აქედან გამომდინარე უკვე სანქციების საფრთხე დაემუქროს ჩვენს ფინანსურ ინსტიტუციებს?

-ამის რისკიპრაქტიკულადგამორიცხულია იმიტომ, რომ საქართველოს წამყვანი ბანკები ხელმძღვანელობენ დიდი ბრიტანეთის რეგულატორის მიერ დაწესებული მოთხოვნებით. სანქცირებული პირი საიდანაც არ უნდა ცდილობდეს საქართველოში შემოსვლას, ოფშორული ზონიდან თუ სხვა ქვეყნიდან, მას წამყვანი ქართული ბანკები ანგარიშს არ გაუხსნიან და შესაბამისად, არ მიიღებენ თანხებს მისგან. ასე რომ, აქ რისკი პრაქტიკულად ნულოვანია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს, რაც გააკეთა ახლა „ქართულმა ოცნებამ“, არის პირადად ბიძინა ივანიშვილის მოძრავი ქონების შემოსატანად გამზადებული სისტემის შექმნა, რომელიც გულისხმობს 2028 წლამდე პრაქტიკულად ყველა გადასახადისგან განთავისუფლებას, მათ შორის უმცირესი გადასახადისგანაც კი, რომელიც არის ქონების გადასახადი და შეადგენს ქონების ღირებულების ერთ პროცენტს.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი