ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი, ემსახურება იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური ზეგავლენა არ განხორციელდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას ითვალისწინებს, ემსახურება იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური ზეგავლენა არ განხორციელდეს.

როგორც ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნილია იმ მიზნით, რომ მასთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩეს.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ახლა, ელოდებიან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რის შემდეგაც კანონპროექტს მესამე მოსმენით განსახილველად პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

„მსჯელობის საგანი იყო და არის ამ კანონპროექტში ჩადებული სამი პრინციპი. ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თითოეული ეტაპის კონკრეტული დასაბუთება, რომელიც საჯარო იქნება და გამოქვეყნდება. მეორე, კანდიდატებისთვის შესაძლებლობის მიცემა იმის თაობაზე, რომ გაასაჩივრონ კონკრეტული გადაწყვეტილება და ეს პრინციპი ჩადებულია. მესამე- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ღიაობა. რაც შეეხება ღიაობის ნაწილში დასაბუთებას, კონკრეტულ ქულებს და ა.შ. ყველაფერი ქვეყნდება. საკითხი დგას იმის შესახებ, რომ თათბირის პროცედურა უნდა იყოს თუ არა საჯარო. ამასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ვერსია, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს - საბჭოს თითოეულ წევრს ეცოდინება თითოეულის მიერ დაწერილი ქულა და ეს საჯარო არ იქნება. რაც შეეხება დასაბუთებას, ეს ყველაფერი ოფიციალურად გამოქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული კანდიდატი გაასაჩივრებს, რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო პალატას ინფორმაცია ექნება, იმ პირების სახელებისა და გვარების შესახებ, ვინ, რა ქულა დაწერა. ამიტომ, ეს არის ე.წ ნაზავი, ღია და ნახევრად დახურული ტიპის გადაწყვეტილების მიღებისა, რომელიც ემსახურება მიზანს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური ზეგავლენა არ განხორციელდეს. როდესაც შეიკრიბება საბჭო და იმსჯელებს, ის ყოველგვარი სუბიექტურობისგან დაცლილი უნდა იყოს და მასზე არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა, ეს იქნება პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური. ეს უნდა იყოს მაქსიმალურად საკუთარ ნებაზე დამოკიდებული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა