ანა დოლიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცესკო-ს მიმართავს, უცხოეთში საარჩევნო უბნები დაამატონ

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა დოლიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცესკო-ს მიმართავს, გაითვალისწინონ ემიგრანტების მოთხოვნები და უცხოეთში საარჩევნო უბნები დაამატონ, რათა მათი საარჩევნო ნების რეალიზება მოხდეს. როგორც დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, ხომ არ იყენებს დაცარიელებულ საარჩევნო ბიულეტენს ხელისუფლება საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.

„მოგეხსენებათ, რომ უცხოეთში მილიონზე მეტი ჩვენი ემიგრანტი ცხოვრობს, რომლებიც ვერ ახერხებენ არჩევნებზე საკუთარი ნების გამოხატვას. ხშირად 5-6 საათი მგზავრობა ან ფრენა უწევთ. ხშირ შემთხვევაში, მათ არ აქვთ საშუალება, რომ საკუთარი საარჩევნო ნება-სურვილი გამოხატონ. არადა, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც 50-დან 3 ათას ადამიანამდე გამოირჩევა ერთ გეოგრაფიულ ადგილას, ცესკო ვალდებულია, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების შედეგად საარჩევნო უბანი გახსნას. ჩვენი ემიგრანტები სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად ითხოვენ ახალი საარჩევნო უბნების დამატებას. იცით, რომ მიმდინარეობს ემიგრანტების რამდენიმე კამპანია საარჩევნო უბნების დამატებასთან დაკავშირებით. დაუშვებელია, როდესაც მაგალითად, აშშ-ში ემიგრაცია გაფანტულია ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით, ჩვენ მხოლოდ ერთი და ორი სარჩევნო უბანი გვქონდეს“,-განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, საეჭვოა ის გარემოება, რომ ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს და ამ დრომდე მოუგვარებელია.

„წლების განმავლობაში ცარიელი სახელები და გვარები ფიქსირდება საქართველოში, რაც გამოყენებულია ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ანუ, ხელისუფლება ქმნის სპეციალურად ვაკუუმს ემიგრანტების ნების გამოხატვის საკითხში. მას ევალება, შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში, გახსნას საარჩევნო უბანი, თუმცა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს არ ხსნის. ეს წარმოშობს ეჭვს, ხომ არ იყენებს ხელისუფლება ამ ვაკუუმს და ემიგრანტების ხმებს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად. დარჩენილია კიდევ რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ცესკო-მ მიიღოს. ახალი უბნები არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა უნდა გაიხსნას. ამიტომ, დღეს მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცესკო-ს, მოისმინოს ემიგრანტების მოთხოვნები და მაქსიმალურად დაამატოს საარჩევნო უბნები უცხოეთში იმისთვის, რომ მოხდეს ემიგრანტების საარჩევნო ნების რეალიზება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ჩავთვლით, რომ როგორც მანამდე, ხელისუფლების ინტერესშია, ეს დაცარიელებული საარჩევნო ბიულეტენები, რომელიც საქართველოში გამოუყენებლად რჩება, საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს“,-განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო