ანრი ოხანაშვილი - ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა არჩევნების მშვიდობიანად წარმართვისთვის, თუმცა ეს არ ათავისუფლებს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ არ დაიცვან კანონი

ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა არჩევნების მშვიდობიანად წარმართვისთვის, თუმცა ეს არ ათავისუფლებს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ არ დაიცვან კანონი,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში „ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების დაპირისპირების თაობაზე განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნების” რეიტინგებიდან გამომდინარე, პროვოკაციები მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ შევქმენით პლატფორმა, კანონმდებლობა, ვიცავთ წესებს, რომ დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩავატაროთ არჩევნები. სამწუხაროდ, ამ ყველაფერში არ აგვიბეს მხარი და ოპოზიციური ჯგუფები არ იცავენ ამ წესებს. განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები.

ყველა ფაქტზე, განსაკუთრებით ჟურნალისტებთან მიმართებით პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს, აუცილებლად უნდა წარიმართოს შესაბამისი პროცედურა და შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერს პასუხი უნდა გასცენ”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ოპონენტებს თანაბარ კონკურენციაში შესვლის უნარი არ აქვთ და ისინი პროვოკაციებსა და ძალადობას ეცდებიან.

„როგორ უნდა აღიკვეთოს პროვოკაცია, როდესაც „ქართული ოცნების” ოფისის წინ მიდიან, აგინებენ, ემუქრებიან და ძალადობენ „ქართული ოცნების” აქტივისტებზე.

მიუხედავად ამისა ჩვენს აქტივისტებს მოვუწოდეთ, არ აყვნენ არცერთ პროვოკაციას. იქნება უამრავი პროვოკაცია. ამას ჩვენ ვაანონსებდით ბევრად ადრე, ვიდრე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყებოდა. ვინაიდან, ყველა გამოკითხვით „ქართული ოცნების” რეიტინგი აღემატება ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს, ამიტომ კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები, როდესაც მათ არ აქვს თანაბარ კონკურენციაში შესვლის უნარი, ეცდებიან პროვოკაციებს, მუქარას და ძალადობას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილი ოპონენტებს მაჩანჩალებს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი მმართველი გუნდის დღის წესრიგს ვერ მიყვებიან.

ცნობისთვის, მარნეულში გუშინ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და „პირველი არხის“ ოპერატორს, ასევე დაუზიანეს კამერები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობას ოპონენტები “ქართულ ოცნებას” აკისრებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის ვალდებულებაა, ქვეყანაში სიმშვიდე უზრუნველყოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა