გია ხუხაშვილი - მე-9 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის უმრავლესობას ჰქონდა ნოტარიუსის ფუნქცია - თავწახრილი ადასტურებდა მიცემულ დირექტივებს

ვიტყოდი, რომ უმრავლესობის უმრავლესობას ჰქონდა ნოტარიუსის ფუნქცია - მორჩილი უმრავლესობა თავწახრილი ადასტურებდა მიცემულ დირექტივებს,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ მოწვევის პარლამენტის ერთადერთ მიღწევად შეიძლება მივიჩნიოთ ახალი კონსტიტუცია, რაც შეეხება სხვა დანარჩენს, როგორც ხუხაშვილი აცხადებს, პროცესები პარლამენტში „საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დამახასიათებელ მანკიერ სტილში“ მიმდინარეობდა.

„ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მივიღეთ ახალი კონსტიტუცია და მიუხედავად იმისა, რომ ამ კონსტიტუციასთან შეიძლება გვქონდეს პრეტენზიები, ეს მაინც შეიძლება რაღაც ტიპის მიღწევად ჩაითვალოს. დანარჩენი ყველაფერი სამწუხაროდ, იყო მანკიერ ჩვეულ სტილში - უაზრო კინკლაობა და დაპირისპირება, არა შედეგზე ორიეტირებული, არამედ დაპირისპირება დაპირისპირებისთვის. ამ პარლამენტმა თავი იმით „გამოიჩინა“, რომ ჩააბეტონა ის მანკიერი მართლმსაჯულების სისტემა, რასთანაც საზოგადოებას ჰქონდა პრეტენზიები, კიდევ „გამოიჩინა“ იმით, რომ თავისივე საჯაროდ გაცემული დაპირება, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, უკან წაიღო. ასე რომ, საბოლოო ბალანსი ამ პარლამენტის, არის მკვეთრად ნეგატიური,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა მაინც მიიღო დაპირებულ პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა, ხუხაშვილი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით ხსნის და აღნიშნავს, რომ პარლამენტს ამ ნაბიჯის გადადგმა იძულებით მოუწია და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდს და საპარლამენტო უმრავლესობას საამაყო არაფერი აქვთ. მისივე თქმით, პარლამენტის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ იქ არ მუშაობდნენ პოლიტიკოსები, არამედ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ ერეოდნენ პოლიტიკაში და ელოდნენ დირექტივებს.

„გადაწყვეტილების მიღების მთავარი ცენტრი კანონმდებლობასთან დაკავშირებით, საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით, არ არის პარლამენტში. პარლამენტში უმრავლესობაში არ გვყავს პოლიტიკოსები, უმრავლესობის უმრავლესობა ფაქტობრივად იქცა ვიღაცის წარმოდგენების, არც თუ კვალიფიციური პირების დამადასტურებლად, ანუ ნოტარიუსად. სწორედ ამ ფუნქციას უფრო ასრულებდნენ, ვიდრე რეალურად პოლიტიკის განსაზღვრის ფუნქციას. რაც მთავარია, დირექტივები, რომელსაც იღებდნენ, არ იყო ინსტიტუციონალური. ტყუილად არ არის ეს ფრაზა მოგონილი - „მორჩილი უმრავლესობა“. მორჩილი უმრავლესობა თავწახრილი ყველაფერს ადასტურებდა. კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იყო პარლამენტისთვის გავრილოვიც თემა, რამაც გარკვეული რყევები გამოიწვია. ეს პარლამენტი არ გავდა ცივილიზებული ქვეყნის საპარლამენტო ორგანოს ამ პერიოდის განმავლობაში,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისათვის, მე-9 მოწვევის პარლამენტმა გუშინ არჩევნებამდე ბოლო პლენარული სხდომა გამართა. რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, არჩევნების თვეს პლენარული სხდომები არ იმართება.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება