ნიკა ჩიტაძე - ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია, განვიხილოთ როგორც წინასაარჩევნო პიარსვლა

შეიძლება შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ არჩევნების წინ აცხადებს საქართველო იმის შესახებ, რომ შეიტანს განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე - ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს,- ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ნიკა ჩიტაძე აცხადებს, ბევრი რეფორმაა განსახორციელებელი იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი დადგეს.

„ჩემი აზრით, საქართველო ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. კერძოდ, ევროკავშირი პირველ რიგში გახლავთ დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საქართველო „ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემების მიხედვით გახლავთ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანა, ანუ ის ჯერ კიდევ არ არის გაერთიანებული სრულად თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნების რიცხვში. დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხრივ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

რაც შეეხება ეკონომიკას, ამ შემთხვევაში ვიცით ევროკავშირის ყველაზე ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნები, მაგალითად რუმინეთი და ბულგარეთი. ამ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე აღემატება 10 ათას დოლარს, საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 4 ათას დოლარს, ამიტომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს გააჩნია თავისი ძლიერი მხარეები. შესაძლებელია აღინიშნოს, რომ ევროკავშირზე მოდის საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 25%, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში, მათ შორის ცენტრალური აფრიკის ტერიტორიაზე, ამით საქართველო ამტკიცებს, რომ ევროკავშირის პარტნიორი სახელმწიფოა, საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული, გეოეკონომიკური მდებარეობა, რაც ზრდის ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესს. თუნდაც ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტებით.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტები, თავდაცვის და უსაფრთხოების ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობა იძლევა საფუძველს, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ვითარდება.

სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ შორს არის ევროკავშირის სტანდარტებისკენ, ბევრი რეფორმაა განსახორციელებელი იმისთვის, რომ დადგეს საკითხი საქართველო აღიარებული იქნეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატად“,-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ გააქტიურდა მმართველი გუნდის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბარი წინასაარჩევნოდ, ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება შესაძლოა, განვიხილოთ როგორც წინასაარჩევნო პიარსვლა.

„შეიძლება შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ არჩევნების წინ აცხადებს საქართველო იმის შესახებ, რომ შეიტანს განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე. ბუნებრივია, ეს აჩენს გარკვეულ კითხვებს, ვინაიდან და რადგანაც აღნიშნული განცხადებები არ გაკეთებულა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმ დროს, როდესაც 2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

შესაძლებელია, აღნიშნული განვიხილოთ როგორც წინასაარჩევნო პიარსვლა, თუ როგორ ესწრაფვის საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მაგრამ, შესაძლებელია შემდგომში ხელისუფლება აღნიშნული განცხადებების მძევალი გახდეს, რადგან მოთხოვნა იქნება მოსახლეობისგან, რომ გვპირდებოდით ევროკავშირის წევრობას, რატომ არის, რომ ევროკავშირი არ განიხილავს საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირში წევრობაზე“,-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს. მისი თქმით, ამისთვის ხელისუფლებამ სხვადასხვა სფეროში ფუნდამენტური რეფორმები გაატარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა