საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აზერბაიჯანსა და სომხეთს  შორის სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება, რომელსაც შედეგად, სამწუხაროდ, უკვე მოყვა მსხვერპლი, ვითარების ესკალაცია კი მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის. საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები. საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანლებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში.

ქართული მხარე მრავალი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის. დღესაც, საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება. ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ. ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი საერთო ინტერესია - სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე