ხათუნა ლაგაზიძე - კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ არჩევნების შედეგები წინასწარ არის ცნობილი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, წინასარჩევნო პერიოდია და დღე არ გავა რამე მნიშვნელოვანი არ მოხდეს, ან ოპონენტებმა ერთმანეთი რამეში არ დაადანაშაულონ. ძალიან რომ მოვინდომოთ ამ ფორმატში ვერც შევძლებთ ყველა თემაზე საუბარს.

ფაქტია, რომ რაც უფრო უახლოვდებით არჩევნების დღეს, ინციდენტები და დაძაბულობა მატულობს. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნები სამაგალითო იქნება, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ ვითარებას და რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ხელისუფლების მტკიცება, რომ არჩევნები მშვიდად თუ არა, ზედმეტი ექსცესების გარეშე ჩაივლის?

- საკუთარი ძლიერების დემონსტრირება ქუჩის აქციებზე და ამ გზით მებრძოლის და ძლიერის იმიჯის შექმნა ერთგვარ ქართულ საარჩევნო ტრადიციად იქცა. ამიტომაც არჩევნები არც ამჯერად ჩაივლის ექსცესების გარეშე - ხელისუფლება განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ უმეგობრდება ქუჩას.

ოპოზიცია კი ხელისუფლების ზეწოლას არ შეეპუება, რადგან მათი მხრიდან კი ნებისმიერი დათმობა სისუსტედ იქნება მიჩნეული, ეს კი წინასაარჩევნოდ უპატიებელია. მით უფრო, რადგან ქართულ პოლიტიკას დღეს აკლია ენერგეტიკა და დინამიკა, ამის ერთგვარ დემონსტრირებას თუ კომპენსირებას ახლა პოლიტიკოსები ქუჩის აქციებზე ცდილობენ.

საკუთარი ძლიერების დემონსტრირება ქუჩის აქციებზე და ამ გზით მებრძოლის და ძლიერის იმიჯის შექმნა ერთგვარ ქართულ საარჩევნო ტრადიციად იქცა. ამიტომაც არჩევნები არც ამჯერად ჩაივლის ექსცესების გარეშე

ამას ემატება ხელისუფლების ტრადიციული ტაქტიკა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ხელისუფლება ვალდებულებადაც კი მიიჩნევს აჩვენოს მოსახლეობას, ვინ არის იქ „ბატონი“. ასე რომ, ქუჩის შეხლა-შემოხლას ჩვენ არჩევნებამდე კიდევ ვიხილავთ, განსაკუთრებით, არჩევნების დღეს და დიდი ალბათობით, შემდეგ დღეებშიც.

თუმცა, ნებისმიერი ექსცესი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, დღეს ისე როგორც არასდროს, საფრთხის შემცველია ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე საომარი კონფლიქტის გამო.

ნებისმიერი ექსცესი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, დღეს ისე როგორც არასდროს, საფრთხის შემცველია ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე საომარი კონფლიქტის გამო

- სულ ცოტა ხნის წინ დამკვირვებელთა ნაწილი ამ არჩევნებზე ახალი იდეების ნაკლებობას უჩივოდა, თუმცა, უკანასკნელი პერიოდში იდეების თვალსაზრისით, საკმაოდ ხმამაღალი იდეებიც კი გაჟღერდა.

ასეთ იდეად შეიძლება ჩაითვალოს „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის კარებს მიუკაკუნებს.

ჩვენ „მიკაკუნებები“ ცუდად გვაქცს დაცდილი, გვახსოვს, თუ როგორ მიუკაკუნა პრეზიდენტმა შევარდნაძემ ნატოს კარებს 2002 წელს. თუმცა, უნდა ითქვას რომ ნატოსკენ სავალ გზაზე საკმაოდ ბევრი ნაბიჯი მართლაც გადადგმულია.

ახალი იდეების, ნოვაციებისა და ახალი ხედვების თვალსაზრისით 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში რომელ იდეასა თუ ხედვას გამოარჩევდით?

- განსაკუთრებულად გამოვარჩევდი ლევან ბოძაშვილის საპროგრამო ხედვას სახელწოდებით „ნეოსაქართველო“, რომელსაც მე ხმა მომავლიდან დავარქმევდი, რომელიც გვთავაზობს საქართველოს დაჩქარებული ტემპით ტექნოლოგიზაციას, მომავლის შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიმუშავებს მომავალი თაობების განათლებისა და დასაქმების ინოვაციურ მიდგომებს და მსოფლიო ეკონომიკის გიგანტების საქართველოთი დაინტერესების მექანიზმებს. თუმცა, მან ბოლოს გადაწყვიტა ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.

განსაკუთრებულად გამოვარჩევდი ლევან ბოძაშვილის საპროგრამო ხედვას სახელწოდებით „ნეოსაქართველო“, რომელსაც მე ხმა მომავლიდან დავარქმევდი... თუმცა, მან ბოლოს გადაწყვიტა ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო

უშუალოდ ამ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებიდან აღსანიშნავია „ლელოს“ პროგრამის ეკონომიკური ნაწილი, სადაც საქართველოს ეკონომიკის განვითარება ქვეყნის მიმზიდველობას ეფუძნება, ისევე როგორც საქართველოს რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნქციის მინიჭებას და მათი განვითარების სრულიად რეალისტურ ხედვას.

არჩევნებში მონაწილე სუბიექტებიდან აღსანიშნავია „ლელოს“ პროგრამის ეკონომიკური ნაწილი, სადაც საქართველოს ეკონომიკის განვითარება ქვეყნის მიმზიდველობას ეფუძნება

- დამკვირვებელთა ერთი ნაწილი ყველაზე რეალურ გეგმებად მაინც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ეკონომიკურ გეგმებს მიიჩნევს.

რადგან იდეების თემას ვეხებით, წარმოუდგენელია არ გაგვახსენდეს თანამდებობაზე ყოფნის დროს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იმაზე, რომ საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავზე, ანუ 2021 წელს საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა. ბევრი მიიჩნევს რომ კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი ანაკლიის თემასთან ერთად სწორედ ეს განცხადება იყო.

იმის გათვალისინებით, რომ ახლა კვირიკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არაა, რამდენად რეალისტურად გამოიყურება ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერის ინიციატივა? ეს განცხადება იმაზეც ხომ არ უნდა იყოს მინიშნება, რომ 2024 წლის არჩევნების მოგებასაც დღევანდელი მმართველი გუნდი აპირებს?

- თავისთავად ივანიშვილის ინიციატივა რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირს მიუკაკუნებს კარგია და საჭიროა, თუმცა ამ დროსა და ვითარებაში სამწუხაროდ არარეალისტური - არც ევროპაა ამისთვის მზად და მით უფრო, არც საქართველო დემოკრატიისგან უკუსვლის აშკარა ნიშნებით - როცა ევროკავშირისკენ ნაბიჯს დგამ და რეალურად, სასამართლოს ჩექმის ქვეშ იდებ, მედიის თავისუფლებას ზღუდავ და საზოგადოებრივ მაუწყებელს აიძულებ ხელისუფლების ინტერესებს ემსახუროს, პოლიტიკური პარტიებს სატელიტად აქცევ, უარს ამბობ საქართველოს საერთაშორიოს ფუნქციისთვის და დასავლურ სამყაროში ინტეგრაციისთვის ორ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, როგორიც იყო ანაკლია და „კავკასუს-ონლაინის“ მიერ ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის თემა და ამ უარის უკან რუსული ინტერესები იკვეთება, როცა ნოყიერ ნიადაგს უქმნი ქვეყანაში რუსული აგენტურით სავსე და რუსეთის დირექტივებით მართული პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობას - ეს ინიციატივა მხოლოდ ამომრჩევლის პროდასავლური ნაწილისთვის გადაგდებულ სატყუარას ემსგავსება.

თავისთავად ივანიშვილის ინიციატივა რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირს მიუკაკუნებს, კარგია და საჭიროა, თუმცა ამ დროსა და ვითარებაში სამწუხაროდ არარეალისტური - არც ევროპაა ამისთვის მზად და მით უფრო, არც საქართველო

რაც შეეხება 2024 წლის არჩევნების მოგებას - ჯერ „ოცნებას“ 2020-ის არჩევნები აქვს მოსაგები უამრავი გამოწვევით სავსე გარემოში, ხოლო 2024 წელს სრულად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების პირობებში „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შანსი ერთადერთია - თუ ივანიშვილი პოლიტიკური პარტიების აბსოლუტურ უმრავლესობას ანუ მთლიანად პარლამენტს იყიდის.

- ვხედავთ, რომ თითქმის ყველა კვლევებით ამომრჩევენთა 40%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. გასაგებია ისიც, რომ ახლა არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი სწორედ ამ ამომრჩევლის დარწმუნება-გადაბირებაზე მუშაობს და ამაში გასაკვირი არაფერია.

ამ პროცესში საინტერესოა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების სტრატეგია და ტაქტიკა. რადგან ახლა ყველა ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალებისა“ ორპოლუსიანობაზე ამახვილებს ყურადღებას არჩევნებში მონაწილეთა სტრატეგიები მეტ აქტუალობასაც კი იძენს.

არავინ დავობს, რომ სააკაშვილი თუნდაც დისტანციური აქტიურობით „ძალა ერთობაშიას“ მეტ ხმებს სძენს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობა „ოცნებას“ აძლიერებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ტაქტიკებსა და სტრატეგიებს? თქვენი დაკვირვებით, ამ ეტაპზე რომელი პარტია შეიძლება იპყრობდეს ამომრჩევლის ყურადღებასა და მეტ ინტერესს?

- უპირველესად გამოვყოფდი საპარლამენტო სიების დაკომპლექტების პრინციპებს და ამ მხრივ მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკური კულტურისთვის. დავიწყებ „გირჩით“, რომელმაც სიის შედგენისას ამერიკაში კარგად ცნობილი პრაიმერის პრინციპი გამოიყენა, რომელიც ითვალისწინებს შიდა პარტიულ არჩევნებს ანუ პარტიის წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღებას, თუ ვინ რომელი ადგილზე უნდა იყოს საპარალენტო სიაში.

ეს შიდა პარტიული დემოკრატიის თვალსაზირისთ კარგი გარღვევაა საქართველოსთვის, სადაც არ უნდა გვიკვირდეს ხელისუფლებაში მოსულთა ავტორიტარული გამოვლინენები, იმიტომ რომ სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული პარტიების მართვა საქართველოში - არსებობენ ერთმმართველი ბელადები, მათ ქვემოთ ფეოდალები და დანარჩენი ქვემდგომი უუფლებო პარტიის წევრები და ამ ბელადების უმრავლესობა არა და არ იცვლება, არა და უთმობს ასპარეზს მომავალ თაობას.

რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც, მაგრამ პარტიების უმრავლესობა დღემდე ამ პრინციპს მისდევს. ზოგადადაც, „გირჩი“ მიუხედავად თავისი ხშირად ეპატაჟური თუ პროვოკაციულ ქცევისა, ზრდის პერსპექტივის მქონე ძალაა ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ხშირად დინების წინააღმდეგ იმიტომ მიდის, რომ ერთგვარი მისიონერის როლი შეასრულოს და როგორც თვითონ ამბობენ, შემორჩენილი საბჭოთა მენტალობა დაანგრიონ.

გირჩი“ მიუხედავად თავისი ხშირად ეპატაჟური თუ პროვოკაციულ ქცევისა, ზრდის პერსპექტივის მქონე ძალაა ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ხშირად დინების წინააღმდეგ იმიტომ მიდის, რომ ერთგვარი მისიონერის როლი შეასრულოს და როგორც თვითონ ამბობენ, შემორჩენილი საბჭოთა მენტალობა დაანგრიონ

ასევე, სიების დაკომპლექტების კიდევ ერთი, უაღრესად საინტერესო პრინციპი შემოგვთავაზა „ევროპულმა საქართველომ“, როცა ცესკო-ში პირობითი სია შეიტანა, რეალურად კი სიაში კანდიდატთა განლაგებას განსაზღვრავს კანდიდატების მიერ მაჟორიტარულ ოქლებში მიღებული შედეგები ანუ ყველა ლიდერი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს, რაც შეიძლება ბევრი ხმა აიღოს თავადაც და მოუტანოს პარტიასაც საკუთარ სამაჟორატორო ოლქში, რადგან საუკეთესო შედეგის ანუ ყველაზე მეტი ხმების მომგროვებელი ლიდერები დაიკავებენ სიაში გამსვლელ ადგილებს.

ამ პრინციპს დიდი უპირატესობა აქვს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკური კულტურისთვის, რადგან ითვალისწინებს ევროპაში კარგად ცნობილ პრეფერენციის პრინციპს, რომლის დროსაც ამომრჩეველი ირჩევს არა მხოლოდ პარტიას, არამედ თავის ფავორიტ პოლიტიკოსსაც შემოხაზავს ხოლმე პარტიის სიის შიგნით და ამა თუ იმ პარტიიდან პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს მხოლოდ მას, ვინც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ სიმპათიას და შესაბამისად მეტ ხმას დაიმსახურებს.

„ევროპული საქართველოს“ მიერ არჩეული პარტიული სიის დაკომპლექტების პრინციპი ასრულებს ბელადებზე სწორების ეპოქას და წინა პლანზე გამოდის ამომრჩეველზე ანგარიშვალდებულების პრინციპი. თუმცა ამ პრინიპის საყოველთაო დამკვიდრებას მთელი პოლიტიკური სპექტრის ნება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.

ევროპული საქართველოს“ მიერ არჩეული პარტიული სიის დაკომპლექტების პრინციპი ასრულებს ბელადებზე სწორების ეპოქას და წინა პლანზე გამოდის ამომრჩეველზე ანგარიშვალდებულების პრინციპი. თუმცა ამ პრინიპის საყოველთაო დამკვიდრებას მთელი პოლიტიკური სპექტრის ნება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება

კარგად დაბალანსებული სია მივიღეთ „ლელოსგანაც“, იმ თვალსაზრისით, რომ სიის ნახევარი დაეთმო ახალ თაობას. ასევე, საკმაოდ გამბედავი იყო გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება სია თითქმის სრულად დაეკომპლექტებინა საკუთარი პარტიის წევრებით და ახალი სახეებით.

- უკვე ვიცით არა მხოლოდ ის, 30 მაჟორიტარულ ოლქში ვინ იყრის კენჭს, არამედ ის, თუ ვინ არიან პარტიების პარტიულ სიებში.

პარტიული სიების შემადგენლობაზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ, ამ თემაზე მე კითხვას ასე დავსვამდი - პარტიული სიების გაცნობისას თქვენ ყველაზე მეტად რამ გაგაკვირათ, რა დაგამახსოვრდათ? რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ „ოცნების“ შემადგენლობასა და მთავრობაში არიან 2012 წლის არჩევნებზე „ნაციონალების“ ფინანსების შემწირველები, ანაც ის რომ ახლა „ნაციონალებში“ არიან ისეთები, ვისაც „ნაციონალური“ ხელისუფლების ოპონენტები იყვნენ?

- სიის შედგენის ჯანსაღ პრინციპებზე ნაწილობრივ ვისაუბრე, ის კი ახლა რაზეც ვსაუბრობთ, ელემენტარულად, მედროვეობაა. ანუ ადამიანები, რომელთაც ერთადერთი პრინციპი ამოძრავებთ - საკუთარი კეთილდღეობა და ამის მიხედვით არჩევენ რომელი პოლიტიკური ფრთის ქვეშ ყოფნა იქნება უფრო მომგებიანი მათი ბიზნეს-საქმიანობისთვის.

მედროვეობაა, როცა ადამიანებს ერთადერთი პრინციპი ამოძრავებთ - საკუთარი კეთილდღეობა და ამის მიხედვით არჩევენ რომელი პოლიტიკური ფრთის ქვეშ ყოფნა იქნება უფრო მომგებიანი მათი ბიზნეს-საქმიანობისთვის

ყოფილი პოლიტიკური ოპონენტების სიაში მოხვედრა კი არ არის იმდენად გასაკვირი და მიუღებელი, რამდენადაც ფულზე დახარბებული ბიზნესმენების აქეთ-იქეთ ხტომა, რადგან ისინი საკუთარი ამომრჩევლის ხმებით და მომავლით ვაჭრობენ უკანონო გზებით საკუთარი შემოსავლების გასამდიდრებლად.

საბოლოო ჯამში, ამით ზარალდება ყველა, რადგან იკარგება ზოგადად პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ ნდობა.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი უინტერესო არჩევნები კარგა ხანია არ ახსოვს. ისინი უინტერესებიას იმას უკავშირებენ, რომ 2020 წლის არჩევნები პრაქტიკულად წინასწარაა ცნობილი.

დამკვირვებელთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ 2020 წლის არჩევნების მთავარი ინტრიგაა ექნება თუ არა „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა მარტო დააკომპლექტოს მთავრობა. სხვა დამკვირვებლებს ახლა ის უფრო აინტერესებთ თუ რამდენი პარტია გადალახავს 1-%-იან ბარიერს.

თუ თქვენც ეთანხმებით მოსაზრებას, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები წინასწარაა ცნობილი, შეგიძლიათ გვითხრად, რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

- კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ არჩევნების შედეგები წინასწარ არის ცნობილი იმ საოცრად არაპროგნოზირებად გარემოში, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ.

დავიწყოთ პანდემიით - მართალია ხელისუფლება ეცდება რომ მაქსიმალურად მართოს პროცესი და საჭიროების შემთხვევაში ციფრებით მანიპულირებასაც არ მოერიდოს, მაგრამ თუ სადავეები რეალურად გაექცა ხელიდან და თვის ბოლომდე დღიურად 1000-ზე მეტ შემთხვევაზე და გარდაცვლილთა გაზრდილ ციფრებზე ავედით, ეს ვის უფრო დააზიანებს ოპოზიციას თუ ხელისუფლებას, ძნელი სათქმელია:

რადგან, ერთის მხრივ ნაცარტუტად იქცევა „ოცნების“ ეფექტური მენეჯერის იმიჯი, მაგრამ მეორე მხრივ, პანდემიის გავრცელების შიშით, ხალხი შეიძლება საარჩევნო უბნებზეც კი არ მივიდეს. ხელისუფლება კი მაქსიმალურად დააორგანიზებს საკუთარ ადმინისტრაციულ რესურსს და მიიყვანს საკუთარ ხმებს არჩევნებზე, მაგრამ იგივე გაუჭირდება ოპოზიციას.

პანდემიის გავრცელების შიშით, ხალხი შეიძლება საარჩევნო უბნებზეც კი არ მივიდეს. ხელისუფლება კი მაქსიმალურად დააორგანიზებს საკუთარ ადმინისტრაციულ რესურსს და მიიყვანს საკუთარ ხმებს არჩევნებზე, მაგრამ იგივე გაუჭირდება ოპოზიციას

მეორე მხრივ, საკითხავია რა მოუვა ლარს - ხელისუფლებას ისიც უნდა, რომ ლარი არჩევნებამდე შეაკავოს, მაგრამ მეორე მხრივ, მილიონობით სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარების თუ კომპენსაციის დარიგების, ასევე თურქეთში ლირის გაუფასურების, ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე საომარი კონფლიქტის ფონზე ლარის კიდევ უფრო გაუფასურებაა მოსალოდნელი, რაც უმძიმესი ტვირთია მოსახლეობისთვის და წესით უნდა დაარტყას „ოცნების“ საარჩევნო პერსპექტივას.

მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, საკითხავია მოუსწრებს თუ არა „ოცნებას“ გარდაუვალი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი არჩევნებამდე თუ შეასწრებს „ოცნება“ პარლამენტში. რა თქმა უნდა, „ოცნება“ ყველაფერს იზამს, რომ მოსალოდენლი ეკონომიკური კრიზისის დამანგრეველი შედეგები მოსახლეობისთვის, მინიმუმ არჩევნებამდე გადაავადოს.

საკითხავია მოუსწრებს თუ არა „ოცნებას“ გარდაუვალი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი არჩევნებამდე თუ შეასწრებს „ოცნება“ პარლამენტში. რა თქმა უნდა, „ოცნება“ ყველაფერს იზამს, რომ მოსალოდენლი ეკონომიკური კრიზისის დამანგრეველი შედეგები მოსახლეობისთვის, მინიმუმ არჩევნებამდე გადაავადოს

ასევე, უდიდესი გავლენა ექნება სომხეთ-აზერბაიჯანის ომს და მის შესაძლო შედეგებს საქართველოზე: თუ კონფლიქტი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახდა, გასცდა ყარაბაღის ფარგლებს და დიდი რეგიონალური მოთამაშეების რუსეთისა და თურქეთის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა გამოიწვია, ეს უდავოდ აისახება წინაასაარჩევნო გარემოზეც საქართველოში, მინიმუმ ეთნიკური რეგიონებით დასახლებულ რეგიონებში. და უმთავრესი ფაქტორი: ოპოზიცია, რამდენად შეძლებს ის დარჩენილ სამ კვირაში ამომრჩევლის მოტივირებას და დარწმუნებას იმაში, რომ ის „ოცნებაზე“ უკეთ შეძლებს ქვეყანაზე თავსმოჯარული უამრავი პრობლემის გამკლავებას, მანამდე კი - „ოცნების“ დამარცხებას.

- არჩევნების შედეგებით სავარაუდოდ ექნება თუ არა „ქართული ოცნებას“ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა და სავარაუდოდ, რამდენი პარტია შეძლებს 1%-იანი ბარიერის გადალახვას?

- პარლამენტში „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა აუცილებლად შევლენ - „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“, შანსი აქვთ აგრეთვე ელისაშვილის, ეკა ბესელიას და დათო ჭიჭინაძის პარტიებს, დანარჩენებზე რა მოგახსენოთ.

თუმცა, თითო-თითო კაცით შეიძლება სხვებიც იყვნენ წარმოდგენილები. ამ არჩევნების მთავარი სიახლე იქნება ის, რომ პარლამეტში მივიღებთ 6-8%-იან რამდენიმე პარტიას, შემდგომი ზრდის პერპექტივით, რომელთაგან რამდენიმეს ვიხილავთ „ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში. ეს პროცესების მშვიდობიანი გზით განვითარების შემთხვევაში.

არჩევნების მთავარი სიახლე იქნება ის, რომ პარლამეტში მივიღებთ 6-8%-იან რამდენიმე პარტიას, შემდგომი ზრდის პერპექტივით, რომელთაგან რამდენიმეს ვიხილავთ „ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში

მაგრამ თუ „ოცნება“ უპრეცედენტო გაყალბებაზე წავიდა და ხმათა 40%-ზე მეტის დაწერა მოინდომა, როცა მისი რეალური პროცენტი სადღაც პლიუს-მინუს 35-ის ფარგლებში იმერყევებს, არ გამოვრიცხოთ მასობრივი საპროტესტო აქციებსაც.

მართალია, ხელისუფლება ეცდება, რომ პანდემიის შიშით აკრძალვები დააწესოს და ამით შეზღუდოს ხალხის ქუჩაში გამოსვლის შანსი, მაგრამ ეს მას არ უშველის.

თუ „ოცნება“ უპრეცედენტო გაყალბებაზე წავიდა და ხმათა 40%-ზე მეტის დაწერა მოინდომა, როცა მისი რეალური პროცენტი სადღაც პლიუს-მინუს 35-ის ფარგლებში იმერყევებს, არ გამოვრიცხოთ მასობრივი საპროტესტო აქციებსაც

ერთადერთი, რაც ხელისუფლებას ამ შემთხვევაში შეიძლება გამოადგეს, არის პარტიების ნაწილის მიმხრობა, მათ მიერ არჩევნების შედეგების აღიარება და მათი დათანხმება შევიდნენ პარლამენტში ანუ 2008 წლის არჩევნების სცენარის განმეორება.

- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შორის საომარი მოქმედებები სულ უფრო მეტ მასშტაბებს იძენს. ამ ქვეყნებს შორის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფონზე უცნაურ სიმშვიდეს ინარჩუნებს მოსკოვი.

არადა, მოსკოვი ერევნის მოკავშირეა. აქამდე ბაქოს მოკავშირედ ანკარა მოიაზრებოდა, მაგრამ ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ არც კრემლი არაა წინააღმდეგი იმის, რომ ბაქომ თუ სტეპანოკეტრტზე არა, ყარაბაღის ირგვლივ არსებულ ტერიტორიებზე, რომელიც სომხეთს აქვს დაკავებული აღადგინოს თავისი იურისდიქცია. პრეზიდენტ ალიევის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, არ გავს რომ ბაქო მხოლოდ ამას დასჯერდეს.

როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და სავარაუდოდ, რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო თუ ეს პროცესი დროში გაიწელა?

- პირველი რიგის საფრთხეები და ამოცანები საქართველოსთვის შემდეგია - ამ დაპირისპირების საერთო რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზარდა ნიშნავს აზერბაიჯანზე გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისთვის საფრთხის შექმნას, მაქსიმალურად იზრდება ამ კონფლიქტში მსხვილი რეგიონალური მოთამაშეების - თურქეთის, რუსეთის, ირანის - ღიად ჩართვის ალბათობა. ისევე როგორც კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს სირიიდან არაკონტროლირებადი ტერორისტული ჯგუფების გადასროლის რისკი.

ეს ყველაფერი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ მსოფლიო მასშტაბის გამოწვევად აქცევს.

საქართველოს უსაფრთხოების პირველი რიგის ამოცანაა დღეს მსოფლიოს დაანახოს ეს საშიშროება. შექმნილ ვითარებაში საქართველომ პირველ რიგში უნდა გააქტიუროს ამერიკის და ევროპის დაინტერესება და შესაბამისად როლი ამ კონფლიქტის დროული ლოკალიზების მიზნით.

შექმნილ ვითარებაში საქართველომ პირველ რიგში უნდა გააქტიუროს ამერიკის და ევროპის დაინტერესება და შესაბამისად როლი ამ კონფლიქტის დროული ლოკალიზების მიზნით

საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან გაძლიერებული დაცვის რეჟიმია შემოსაღები საქართველოზე გამავალ ყველა საერთაშორისო სატრანსპორტო კვანძზე და მისლადენებზე, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის მონაკვეთზე.

საჭიროების შემთხვევაში, ასამოქმედებელია შესაბამისი საერთშორისო დაცვის მექანიზმები. ბუნებრივია, განსაკუთრებული კონტროლი სჭირდება საზღვრებს და საჰაერო სივრცეს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს უსაფრთხოების პირველი ზღუდე დღეს საინფორმაციო თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე გადის - სომხეთის, ცოტა ხნით ადრე კი აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს ორკესტრირებული ანტიქართული კამპანია, რომლის უკანაც მარტივად იკითხება რუსული ინტერესი, რომლის მიზანი აზერბაიჯანსა და საქართველოს, სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დანგრევა და კონფლიქტის საქართველოზე გავრცელებაა.

საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად აქტიური კომუნიკაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტასთან, მედიასთან, აზრის ლიდერებთან არსებული დეზინფორმაციული კამპანიის ჩასაცხრობად.

მუდმივი მონიტორინგი, რაზეა გათვლილი და რა შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომის ეს ახალი ვექტორი.

მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო არ ატარებს სამხედრო ტვირთს არც ერთი მიმართულებით. გაკეთდა სომხეთის საელჩოს განცხადებაც, რომ სომხეთის სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა საქართველოს გავლით მიეწოდება აზერბაიჯანს შეიარაღება, არ შეესაბამება სინამდვილეს.

თუმცა, ეს არ არის საკმარისი მასირებული დეზინფორმაციული აგრესიული ნაკადის შესასუსტებლად. საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე უნდა უარჰყოს თავად ნებისმიერი დეზინფორმაცია და იგივე მოითხოვოს მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებებისგან. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა ავამოქმედოთ საზღვრებზე ტვირთის კონტროლის საერთაშორისო მექანიზმები.

მასირებული დეზინფორმაციული აგრესიული ნაკადის შესასუსტებლად. საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე უნდა უარჰყოს თავად ნებისმიერი დეზინფორმაცია და იგივე მოითხოვოს მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებებისგან. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა ავამოქმედოთ საზღვრებზე ტვირთის კონტროლის საერთაშორისო მექანიზმები

საქართველოს ხელისუფლებამ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა აწარმოოს აქტიური მუშაობა საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობასთან, განსაკუთრებით მათი აზრის ლიდერებთან, მოსალოდნელი დეზინფორმაციული კამპანიების და სეპარატისტული მოწოდებების აღკვეთისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოწოდებებს სამცხე-ჯავახეთში და იქ გამავალ სატრანსპორტო და მისლადენების კვანძებზე არეულობის მოწყობის თაობაზე.

მისასალმებელია აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაც, სადაც ის საქართველოს ეთნიკურად აზერბიჯანელ მოსახლეობას მოუწოდებს არ წამოეგონ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედონ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში და რომ აზერბაიჯანი არ საჭიროებს და არ მიესალმება ეთნიკურად აზერბაიჯნალი მოხალისეების ჩართვას საქართველოდან.

რუსეთი, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ამარაგებდა იარაღით ორივე მხარეს, დღეს ჯერჯერობით აქტიურად არ უჭერს მხარს თავის თავისი სტრატეგიული მოკავშირეს - სომხეთს.

თუმცა, მოსკოვი უკვე საუბრობს რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებზე კონფლიქტის პერიმეტრის გასწვრივ, რაც ფაქტობრივად ნიშნავს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განლაგებას. ასეთ პირობებში, რუსეთი არა მხოლოდ შეინარჩუნებს სრულ კონტროლს სომხეთზე, არამედ გააფრთოებს თავის სამხედრო გავლენას და ყოფნას სრულად სამხრეთ კავკასიაზე. თუმცა, მოვლენთა ამ განვითარებას შეეწინააღმდეგება თურქეთი.

მოსკოვი უკვე საუბრობს რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებზე კონფლიქტის პერიმეტრის გასწვრივ, რაც ფაქტობრივად ნიშნავს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განლაგებას... თუმცა, მოვლენთა ამ განვითარებას შეეწინააღმდეგება თურქეთი

თავის მხრივ, ფაშინიანი უარს ამბობს რუსეთი საშუამავლო როლზე სომხეთის ეროვნული ინტერესების დათმობის სანაცვლოდ. პუტინის ხელისუფლება, რომელიც დღეს მსოფლიოში რამდენიმე ფრონტზე იბრძვის შიდა პოლიტიკური უკმაყოფილების ზრდის ფონზე, ცდილობს რაც შეიძლება ძვირად დაუფასოს თავის დახმარება ფაშინიანს.

კიდევ რამდენიმე გაკვეთილი საქართველოსთვის: ამ ომმა აჩვენა თურქეთის, როგორც რეგიონალური ლიდერის როლი, რომლის წინაშეც რუსეთი კონფლიქტში ღიად მოქმედებას ვერ ბედავს.

აჩვენა ისიც, რომ აზერბაიჯანის და სომხეთის არმიებთან შედარებით, როგორც მაღალტექნოლოგიური სამხედრო შეიარაღების, ასევე, საბრძოლო მომზადების თუ მაღალი სამხედრო-საბრძოლო სულისკვეთების მხრივ, საქართველოს არმია და შეიარაღება მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს გვხდის მოსალოდნელი პროვოკაციების წინაშე.

მით უფრო იმ პირობებში, როცა ამერიკას გარე სამყაროსთვის ნაკლებად სცალია ძალზედ მძიმე შიდა პრობლემების და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ევროკავშირის უძლურება კი იქეთ იწვევს შეშფოთებას მის მოკავშირეებში. ეს საგარეო მოცემულობა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს არჩევნებზეც და მის შემდეგ დღეებშიც ყველა პოლიტიკურმა ძალამ.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა