ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2020

საჭიროა თუ არა შეზღუდვების გამკაცრება აჭარაში - რას ფიქრობენ სპეციალისტები

რას ითხოვენ ჯავახეთის მცხოვრებლები - ახალქალაქში ყარაბაღის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა

***

საჭიროა თუ არა შეზღუდვების გამკაცრება აჭარაში - რას ფიქრობენ სპეციალისტები

“კორონავირუსით ინფიცირებულთა 60% აჭარაზე მოდის. რეგიონში საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მოძრაობს. სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა აჭარა ვირუსის გავრცელების კერად რჩება. ამ ფონზე ისმის ხმები ზომების გამკაცრების მოთხოვნით, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ნეგატიურად და ზოგჯერ პროტესტითაც ხვდება” - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საჭიროა თუ არა შეზღუდვების გამკაცრება აჭარაში - რას ფიქრობენ სპეციალისტები

“აჭარაში შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს, შესვლა - გამოსვლა უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ კარანტინის გამოცხადება საჭირო არ არის," - ასე გამოეხმაურა "რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ბათუმში შეზღუდვების გააქტიურება არ უნდა დაგვიანდეს. ინფექციონისტის თქმით, კორონავირუსის დასასტაბილურებლად რეკომენდაციების დაცვაა საჭირო. კარანტინის გამოცხადება აჭარაში ამ ეტაპზე არ არის საჭირო. შეზღედვები უნდა გამკაცრდეს, საზოგადოების, მოქალაქეების ქცევაც შესაბამისი უნდა იყოს. საჭიროა დაიცვან რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები იძლევიან, რადგან სხვანაირად ამ პანდემიას ვერ დავამარცხებთ და ვერ შევძლებთ სიტუაცია დავასტაბილუროთ. კომპლექსურად უნდა მოხდეს ყველაფერი. სახელმწიფომ ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს და საზოგადოებისაგნ მზაობა უნდა იყოს რეკომენდაციების დაცვის, რასაც სპეციალისტები გასცემენ. კარანტინის გამოცხადება ამ წუთითვის არ არის საჭირო. მაგრამ უნდა გაკონტროლდეს შესვლა-გამოსვლა. თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს. რეგიონის ჩაკეტვისგან თავს შევიკავებდი," - განაცხადა გოგინავამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გამო ბათუმში რეჟიმის გამკაცრება არ უნდა დაგვიანდეს. ამბობს, რომ მიუხედავად ვირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკისა, ბათუმიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ადამიანების მობილობა არ წყდება, რაც სხვა ქალაქებშიც ვირუსის გავრცელების საშიშროებას ქმნის. ქვეყანაში არსებული სიტუაცია დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. მაშინებს, რომ არ მივიდეთ იმ ზომამდე, როცა სამედიცინო სისტემის ჩამოშლის საშიშროების წინაშე დავდგებით თუნდაც ბათუმის პირობებში. ამ გადმოსახედიდან, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ამის რისკი ნაკლებად გვემუქრება. ჩვენ ვხედავთ, როგორი დისპროპორციულია შემთხვევების განაწილება. მე მაინც მგონია, რომ ამ შეზღუდვების გააქტიურება განსაკუთრებით ბათუმთან მიმართებაში ალბათ არ უნდა დაგვიანდეს, დროულად უნდა იყოს მიღებული, თუნდაც, კარანტინის გამოცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ყოველდღიურად შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მზარდია, ეს ადამიანები მობილობას აგრძელებენ, ისინი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, ამიტომ ძალიან დიდი შანსია და რისკი, რომ საქართველოს დანარჩენ ნაწილში, შიდასაზოგადოებრივი გავრცელების მასშტაბებს ხელი შეუწყოს შიდა ექსპორტმა. ვფიქრობ, მთავრობამ არ უნდა დააყოვნოს ძალიან და ალბათ სჯობს, გამკაცრდეს, კონტროლზე ავიყვანოთ სიტუაცია," - განაცხადა კულუმგებოვმა”, - წერს სტატიის ავტორი.

რას ითხოვენ ჯავახეთის მცხოვრებლები - ახალქალაქში ყარაბაღის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა

“სამშაბათს ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სოლოდარობის ნიშნად მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა ლოზუნგით "ჯავახეთი ყარაბაღის მხარდასაჭერად" გამართეს. გროვდება თანხა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტში დაშავებულებისთვის და სომეხი სამხედროების დასახმარებლად გაიგზავნება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით,რას ითხოვენ ჯავახეთის მცხოვრებლები - ახალქალაქში ყარაბაღის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა

"ჩვენ ვმართავთ მშვიდობიან აქციას ცენტრალურ სტადიონზე, სადაც სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს თანამემამულეებს. ვკრიბავთ თანხას და სხვადასხვა დახმარებას. ამის დემონსტრაციისთვის გვსურს, სტადიონზე აქციის გამართვა. არანაირი მოთხოვნა არ გვაქვს. უბრალოდ გვსურს ჩვენ სომხებს ვუთხრათ, რომ მარტო არ არიან", - განაცხადა ტელეკომპანია "პირველთან" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. „მთიანი ყარაბაღი სომხებისაა - ეს ისტორიული ფაქტია. აზერბაიჯანს კი მხოლოდ 102-წლიანი ისტორია აქვს. ჩვენ ტერიტორიებს არ დავთმობთ. ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც კარგად იცის. ყარაბაღი ჩვენია, ჩვენი ახლობლები იბრძვიან ომში. 2 უკვე გარდაიცვალა", - აცხადებს „პირველთან" სოფელ განძაში მცხოვრები ერთ-ერთი აქციის მონაწილე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, ქალაქის სტადიონზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის ორგანიზატორებს სურდათ შეეჯამებინათ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯავახეთში ყარაბაღის დასახმარებლად შეგროვილი მატერიალური დახმარება. მოგვიანებით, ისინი სომხეთისა და საქართველოს დროშებით, ასევე, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ჯავახი ჯარისკაცების ფოტოებით სურბ ხაჩის ეკლესიისკენ გაემართნენ, სადაც საერთო ლოცვას დაესწრნენ. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ საქართველომ ჰუმანიტარული ტვირთები გაატაროს. მოგვიანებით სომხეთის საელჩო საქართველოში განცხადება გაავრცელა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. "ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საწვავის ან ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს,"- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

"მათივე ინფორმაციით, სომხეთის საელჩო მუდმივ კონტაქტშია საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, საკითხის სწრაფი გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოში სომხეთის საელჩოს", - ნათვამია განცხადებაში. სომხეთის საელჩო საქართველოში ყველას მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ეს პირდაპირ აზიანებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს. ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მასშტაბური საბძოლო მოქმედებები მიმდინარეობს მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. დაღუპულთა რაოდენობა ორივე მხრიდან ასეულებით, და შეიძლება ათასობითაც კი იზომებოდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი