რომან გოცირიძე - გარეჯი არის ქალბატონი ზურაბიშვილის სინდისზე - ჩაიცვა ჩექმები, დაიხურა ჩაფხუტი, ავტომატიან ჯარისკაცებთან დადგა და ერთ თვეში, საზღვარი გაავლეს ფაქტობრივად

გარეჯი არის ქალბატონი ზურაბიშვილის სინდისზე, ჩაიცვა ჩექმები, დაიხურა ჩაფხუტი, ავტომატიან ჯარისკაცებთან ერთად დადგა და ერთ თვეში საზღვარი გაავლეს და ჯარი ჩააყენეს ფაქტობრივად,- ამის შესახევ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აზერბაიჯანი - საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია - დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გარეჯის საკითხის გამწვავებაში „ქართული ოცნებაა" დამნაშავე, რომელიც ამ საკითხს წინასაარჩევნოდ იყენებს.

„გარეჯის თემის წამოწევა არის „ქართული ოცნების" მოღალატე ხელისუფლების წინასაარჩევნოდ ჩატარებული პიარ - აქცია, რომელიც ვნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და საბოლოო ჯამში, დავით გარეჯის პრობლემის ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტას უშლის ხელს. ეს არის დაახლოებით ისეთი საქმე, როგორიც იყო ე.წ. ტრაქტორების საქმე, როცა ალასანიას და მისი პარტიის დასჯა გადაწყვიტეს და საბოლოოდ, წლების შემდეგ ეს საქმე დამთავრდა სასიკეთოდ. მაგრამ სად ტრაქტორები, რომელიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნებით იყო განპირობებული და სად გარეჯის საქმე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი და ისტორიული მნიშვნელობა. საქმეს აფუჭებენ ძალიან სერიოზულად,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა