ბათუმში დღეს გამოცემა "ბათუმელების" მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ბათუმში, ევროპის მოედანზე, დღეს, გამოცემა "ბათუმელების" მხარდამჭერი აქცია გაიმართება. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, აქციაზე შეკრებილები ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს გააპროტესტებენ. ჟურნალისტების ინფორმაციით, გუშინ ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ გამოცემა "ბათუმელების" ჟურნალისტს კრიტიკული შეკითხვის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

ხელვაჩაურის მერის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარი თავად გამოცემამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ გადაადგილდება მერი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს მერიის კუთვნილი ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. მერმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, შემდეგ კი გინებაზე გადავიდა. მან ზუსტად იცოდა, რომ ესაუბრებოდა ჟურნალისტს. საჭიროდ ჩავთვალეთ გამოგვექვეყნებინა ჩანაწერის ფრაგმენტი, რადგან ვთვლით, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ“, - აცხადებს „ბათუმელების“ მმართველი რედაქტორი ნანა კვაჭაძე.

ამასთან, ხელვაჩაურის მერმა დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

„გულწრფელად ვნანობ ჩემს გადაჭარბებულ ემოციებს და მედიის წარმომადგენლის, ,,ბათუმელების” ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ არაკორექტულ გამონათქვამებს.

ჩემი გაღიზიანება გამოიწვია არასწორმა და ღირსების შემლახველმა ინფორმაციამ, რომელიც ვრცელდებოდა ჩემს შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიზიარებ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს მომხდარის გამო“, - წერს ჯუმბერ ვარდმანიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს