საგარეო უწყება - საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტრანზიტი არ ხორციელდება - ფრენები მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვები, საქართველოს გავლით სამოქალაქო ფრენების მეშვეობით ხორციელდება. უწყება აღნიშნულს „ინფორმაციით მანიპულირებად“ აფასებს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, კონკრეტული გადამზიდავის და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები.

ამასთან, დარსალია ამბობს, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება.

„მოგეხსენებათ, ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი, სახმელეთო და საჰაერო გზით როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით. ამიტომ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომელიც სრულდება საქართველოს საჰერო სივრცეში, მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა და სრულად შეესაბამება „იკაოს“ სტანდარტებს. საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის კომერციული ტვირთების გატარების მხრივ.

აღნიშნული ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის „იკაოს“ რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში. მიუხედაქვად ამისა, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება სამოქალაქო ფრენების მეშვეობით. კონკრეტული გადამზიდავის და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის, „იკაოს“ წინაშე“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

იხილეთ ვიდეო: საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღის მიმართულებით იარაღის საქართველოს გავლით გადაზიდვას დეზინფორმაციას უწოდებს

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს