რუსთავში მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა

რუსთავში, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მერაბ კოსტავას ბიუსტი, მისივე სახელობის განახლებულ გამზირზე, რუსთავის მერიისა და საზოგადოება ,,რუსთაველების“ ერთობლივი ინიციატივით დაიდგა.

გახსნის ღონისძიებას, მერაბ კოსტავას შვილი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები, საზოგადოება ,,რუსთაველების“, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

,,წელს დასრულდა რუსთავის ერთ-ერთი ძველი უბნის იმ გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახელს ატარებს. სიმბოლურია, რომ სწორედ მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეს, ჩვენს ქალაქში გაიხსნა ბიუსტი ადამიანის, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება, სამშობლოს სიყვარულსა და მის თავისუფლებას შესწირა. ნიშანდობლივია ისიც, რომ, მერაბ კოსტავა დიდხანს მოღვაწეობდა რუსთავის სამუსიკო სასწავლებელში, სადაც არაერთი განთქმული პედაგოგი აღზარდა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ბიუსტის ავტორი რუსთაველი მოქანდაკე ვალერიან ჯიქიაა.

რუსთავის მერიამ, მერაბ კოსტავას გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაასრულა. ქუჩა, სადაც რამდენიმე შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, დღეს მთლიანად რეაბილიტირებულია.

“არქიტექტურული სტილის შენარჩუნებითაა აღდგენილი ფასადები, გამოცვლილია ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა. განახლებულია ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებითაა მოპირკეთებული ტროტუარები. მოწყობილია გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, რეკრეაციული სივრცე, ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!