სერგი კაპანაძე - ზოგი „პარტიუკებს“ გვეძახის, ზოგი 2%-იან პარტიას, „ქართული ოცნება“  - ანასხლეტს, მაგრამ მსვლელობაზე ყველა დაინახავს, რამდენი ადამიანია „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტიის მიერ დაგეგმილი მსვლელობა სიმბოლურად, ბიძინა ივანიშვილთან გამოსამშვიდობებელი შეკრება იქნება.

როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ეს იქნება მრავალათასიანი შეკრება, სადაც საზოგადოება დაინახავს, თუ რამდენი მხარდამჭერი ჰყავს „ევროპულ საქართველოს“.

„სიმბოლურად რომ ვთქვათ, ამ მსვლელობის მიზანია, „ევროპული საქართველოს“ მომხრეების მოპატიჟება ვარდების მოედანზე და საუბარი ჩვენს მომდევნო გეგმაზე, გარდამტეხი ცვლილებების გეგმაზე, რაც უნდა გაკეთდეს მერე, როცა ხელისუფლება დამარცხდება. შემდეგ, იქნება მსვლელობა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან და სიმბოლურად დამშვიდობება მასთან. ეს იქნება მრავალათასიანი შეკრება, რომელიც რეალობას ასახავს. ძალის დემონსტრირება ჩვენი თვითმიზანი არასდროს არ არის ხოლმე, მაგრამ ყველა დაინახავს, რამდენი ადამიანი გვიჭერს ჩვენ მხარს. ჩვენ და არამარტო ჩვენ, სხვა პოლიტიკური ძალებიც იმ პროპაგანდის მსხვერპლი ვართ, რომ ზოგი პარტიუკებს გვეძახის, ზოგი 2%-იან პარტიას, „ქართული ოცნება“ - ანასხლეტს, მაგრამ აქ ყველა დაინახავს, რამდენი ადამიანია „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერი და დარწმუნდებიან, რომ ხედვა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია არის ცენტრალური იმისათვის, რომ ამ ჭაობიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა“, - განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, მსვლელობის განმავლობაში დაცული იქნება რეგულაციები.

„პანდემიის გათვალისწინებით იქნება ყველაფერი. დისტანცია დაცული იქნება, პირბადეები ყველას ექნება, ხელების დამუშავება მოხდება. ჩვენ ყველა ღონისძიებას ასე ვატარებთ“,- აღნიშნა კაპანაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ 17 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ მსვლელობას გამართავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა