„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“   პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო და საგანგებო სესიების მუშაობას აფასებს

ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო და საგანგებო სესიების მუშაობას აფასებს. მათი განმარტებით, საგაზაფხულო სესიის პარლამენტის საქმიანობაში გამოიკვეთა დადებითი მხარეები: გადაიდგა ცალკეული პროგრესული ნაბიჯები როგორც კონკრეტული საკანონმდებლო მიმართულებით, ასევე, მთავრობის კონტროლის კუთხით. თუმცა, საერთო სურათის საფუძველზე, პარლამენტის საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიები, ძირითადად, არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ შეფასებით, პრობლემებმა, რომლებიც საშემოდგომო სესიაზე გამოვლინდნენ, რაც დემოკრატიულ ჩართულობას, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობასა და მთავრობის აქტიურ კონტროლს შეეხება, ამ სესიის განმავლობაშიც იჩინეს თავი.

„2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე დადებითი კუთხით პარლამენტმა მუშაობა გამოავლინა რამდენიმე ცალკეული მიმართულებით: პარლამენტმა ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების თავლსაზრისით და ასევე დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით, მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო მიმართულებით. მთავრობის წევრთა დაბარების კუთხით, საგაზაფხულო სესია უფრო აქტიური იყო: თუ წინა სესიაზე მსგავსი მოთხოვნა პარლამენტში არ დაფიქსირებულა, ამჯერად, აღნიშნული ფაქტი 6-ჯერ გამოვლინდა: 2 შემთხვევა კომიტეტების და 4 კი პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მხრიდან არის დაფიქსირებული. დეპუტატის შეკითხვას, როგორც აღმასრულებელი კონტროლის მექანიზმს ოპოზიცია იყენებს. რამდენიმე კანონპროექტის მოსამზადებელ ეტაპზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყო. რამდენიმე საკითხი, რაც პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობასა და პანდემიასთან დაკავშირებით გადაწყვიტა: პანდემიის დროს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დროულად და ერთსულოვნად გამოაცხადა; ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უცხოეთში მცხოვრები ქართველების პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე; გენდერული თანასწორობის საბჭომ რეკომენდაციები გასცა მთავრობის მიმართ კორონავირუსის გავრცელების პირობებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით; და ასევე აღსანიშნავია, რომ ეპიზოდური გამოვლინებით ოპოზიცია აქტიური იყო პრემიერ-მინისტრის მიმართ ინტერპელაციით. წინა სესიასთან შედარებით, მიმდინარე სესიის დროს, თემატური მოკვლევის მექანიზმი კომიტეტებმა უფრო აქტიურად გამოიყენეს. კომიტეტების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების დროული გამოქვეყნების კუთხით მდგომარეობა წინა სესიასთან შედარებით, არსებითად გაუმჯობესდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ შეფასებით, ინდივიდუალური დეპუტატების ანგარიშვალდებულების ხარისხი დაბალია.

„წინა სესიის მსგავსად, ინდივიდუალური დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობა არ არის საჯარო და, შესაბამისად – კვლავ უცნობია საზოგადოებისთვის. არ ხდება მათი საქმიანობის დოკუმენტირება და მიმდინარე რეჟიმში პარლამენტის ვებგვერდზე ასახვა. საერთო ჯამში, დეპუტატის შეკითხვა გამოიყენა მხოლოდ 22 დეპუტატმა, რომლებსაც, გამონაკლისის გარდა (ნინო წილოსანი, ზაზა გაბუნია), ძირითადად ოპოზიციის წევრები წარმოადგენდნენ. მსგავსად წინა სესიისა, ამჯერადაც, მოქალაქეთა წერილებით გამოკვეთილი პრობლემების საპასუხოდ, შემხვედრი საკითხები საპარლამენტო დღის წესრიგში პარლამენტის წევრებს არც შეუტანიათ და არც განუხილავთ.

პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების ჩართულობის და მათი აზრის გათვალისწინების ხარისხი დაბალია: კანონპროექტების განხილვა, ძირითადად, უსაფუძვლოდ დაჩქარდა, რამაც ხელი შეუშალა მათ საფუძვლიან განხილვასა და საზოგადოების სათანადო ჩართულობას.

ზოგიერთი კანონპროექტის მოსამზადებელ ეტაპზე დაინტერესებულ პირთა ჩართულობის პრობლემა დაფიქსირდა. ასეთია კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ.”

წინა სესიის მსგავსად, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, ამჯერადაც, ძალიან დაბალია, რადგან არსებითი მნიშვნელობის საკითხების მიმართ მათი მწვავე პროტესტი, ყოველ ჯერზე, იგნორირებული იყო. გამოვლინდა მაღალი თანამდებობის პირებად სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელი პირების, ან მიუღებელი პროცედურით არჩევის ფაქტები.

ალტერნატიული ანგარიშები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებამ წარმოადგინა, პარლამენტს არსებითად არ განუხილავს. ინდივიდების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს არცერთ შემთხვევაში არ მიუღია კანონპროექტის სახე და, შესაბამისად, საზოგადოების საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობაც გამოირიცხა.

მთავრობაზე კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს: პარლამენტის მიერ მთავრობის კონტროლი ძალიან დაბალია – მინისტრები, დაბარების მიუხედავად, ძალიან იშვიათად ცხადდებიან პარლამენტში; ამის საპასუხოდ პარლამენტს არ გაუტარებია რაიმე ქმედითი ღონისძიება.

მინისტრთა ანგარიშები, ფაქტობრივად, არ განიხილება, ან სხვა და სხვა ფორმატით მათი მოსმენა პარლამენტში არსებით ხასიათს არ ატარებს. ხშირ შემთხვევაში, დეპუტატების შეკითხვა/კომენტარები ეხება არარელევანტურ საკითხებს.

კომიტეტების მუშაობა არ არის აქტიური: კომიტეტების უმრავლესობამ სხდომების მხოლოდ მინიმალური ან მინიმალურზე ნაკლები რაოდენობა ჩაატარა.

კომიტეტები პასიური არიან სხვა უფლებამოსილებების გამოყენებაშიც, როგორებიცაა – საკანონმდებლო ინიციატივები; კანონის აღსრულების კონტროლი; ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესწავლა; დროებითი საგამოძიებო კომისიებისა და სხვა დროებითი კომისიების შექმნა; სასამართლო პრაქტიკის შესწავლა; კანონქვემდებარე აქტების კანონებთან შესაბამისობის შესწავლა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პარლამენტი არ ფუნქციონირებდა: პანდემიის პირველ ეტაპზე პარლამენტი აღმოჩნდა სრულიად უუნარო – არ გაუტარებია რაიმე ღონისძიება კანონშემოქმედებითი ან საზედამხედველო კუთხით. საპარლამენტო ოპოზიციის როლი სუსტია: ოპოზიციის ხანგრძლივი ბოიკოტი პარლამენტის როლს კიდევ უფრო აკნინებს, შესაბამისად სუსტდება არსებითი და კრიტიკული დებატების შესაძლებლობა. ოპოზიციის საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა, მცდელობის მიუხედავად, შეფერხდა. კერძოდ, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტების მომზადების ეტაპი ყოველ-ჯერზე გაჭიანურდა, რის გამოც, მათი განხილვა არ მოხდა.

ოპოზიცია მთავრობის კონტროლის მექანიზმების გამოყენების თვალსაზრისით, როგორიც არის მაგ., საგამოძიებო კომისიების შექმნა – არ აქტიურობდა, განსხვავებით წინა სესიისგან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა