ეპიდსიტუაცია დამძიმებულია და სამწუხაროდ, შიდა გავრცელება დაიწყო, - ამის შესახებ ჰოსპიტალური მართვის ექსპერტმა ზაზა ავალიანმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აჭარაში თბილისიდან ექიმ-სპეციალისტები ჩავიდნენ, რომლებიც ადგილზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ეხმარებიან, რათა ეპიდსიტუაციის მართვა შესაბამისად მოხდეს.
"მსოფლიოსა და საქართველოს მთავარი გამოწვევა კოვიდ პანდემიაა. ამ ურთულეს გამოწვევას მაქსიმალური მზადყოფნა სჭირდება როგორც საკადრო, ასევე ტექნოლოგიური რესურსით. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა სამედიცინო პრობლემაზე ვსაუბრობთ, ყველამ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს საზოგადოებრივი, უმნიშვნელოვანესი, პრიორიტეტული პრობლემაა დღევანდელი ჩვენი ყოფიერების“,- განაცხადა მან.
ზაზა ავალიანმა განმარტა, რომ უნდა გაწყდეს ინფექციის გადაცემის ჯაჭვი, ვიდრე ვაქცინა შეიქმნება.
„სიტუაცია არის ზოგადად დამძიმებული, სამწუხაროდ, მოხდა და დაიწყო შიდა გავრცელება. თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ კოვიდ პანდემია ნამდვილად არსებობს. ნამდვილად არსებობს ვირუსი, რომელიც ერთ-ერთი მიზეზია სიკვდილობის მსოფლიოში. ხედავთ მილიონ გარდაცვლილს და სამწუხაროდ, პროგნოზულად ეს ციფრი გაიზრდება, რასაც შეჩერება უნდა, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ინფექციის გადაცემის ჯაჭვი, ვიდრე ჩვენ ვაქცინა მოგვისწრებს“, - განაცხადა ზაზა ავალიანმა.