გუბაზ სანიკიძის განცხადებით, თუ არჩევნებზე ამომრჩეველთა მცირე ნაწილი მივა, ოპოზიცია შედეგების ლეგიტიმურობის საკითხს დააყენებს

"გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, თუ არჩევნებზე ამომრჩეველთა მცირე ნაწილი მივა, ოპოზიცია შედეგების ლეგიტიმურობის საკითხს დააყენებს.

როგორც სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „10%-ის არჩეული ხელისუფლება, გამორიცხულია აიტანონ“.

მისივე თქმით, ხელისუფლება ახლა პანდემიას ვეღარ მართავს და მას ამომრჩევლის შესაშინებლად იყენებს, რათა არჩევნებზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდეს.

„გახარიას მე მგონია ტყუპისცალი ჰყავს ან ძალიან ცელქია და პოზიციებს იცვლის. ეს ის გახარია არ არის? - დიდი მენეჯერი, რიშელიე, ლავრენტი ბერია, ალბერტ შპეერი, კოვიდი რომ მართა?! მე საერთოდ „ქართულ ოცნებას“ უნდა ვურჩიო, რომ სარკეები ჩამოხსნას სახლებშიც და სამსახურებშიც, რომ ძალიან დიდხანს უყურებენ საკუთარ თავს და ტკბებიან. სარკეები ჩამოხსნას იმიტომ, რომ იმის მაგივრად, რომ კოვიდი ემართათ, კოვიდის გამოყენება დაიწყეს და მიიღეს კატასტროფა, რაც მოსალოდნელი იყო. ვერ მართავს პანდემიას და ახლა შიშის დანერგვა უნდა, რომ რაც შეიძლება ცოტა ამომრჩეველი მოვიდეს. ვურჩევ „ქართულ ოცნებას“, უფასო რჩევაა მათთვის, თუ ელოდებით, რომ ხალხი არ მოვა, მოგახსენებთ ძვირფასო მეოცნებეებო, თქვენი მომხრეები არ მოვლენ და ოპოზიციის მომხრეები მოვლენ არჩევნებზე იმიტომ, რომ ისინი უფრო მოტივირებულები არიან,“ - განაცხადა სანიკიძემ.

კითხვაზე, რომელი უფრო შეიძლება აწყობდეს მმართველ პარტიას - არჩევნებამდე მისვლა თუ არჩევნების გადადება, სანიკიძემ აღნიშნა, რომ მმართველ ძალას ჭკუა არ აქვს და მხოლოდ შიშები და ინსტინქტები ამოძრავებს.

„ქართული ოცნების“ ადუღებული ტვინის სპეციალსტი არ ვარ მე იმიტომ, რომ მათ ლოგიკა უკვე საბალახოდ ჰყავთ ბახმაროს მთაზე გაშვებული დიდი ხანია. ესენი არიან ინსტინქტებითა და ფობიებით მოქმედი ადამიანები, რომლებსაც მარტო შიში ამოძრავებთ.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ბინადრობს გამოქვაბულში და იქიდან პერიოდულად ისვრის ქვებს. „ქართულ ოცნებას“ აქვს ასეთი ლოგიკა, ვინც განსხვავებულს ამბობს ყველა მათთვის არის „ნაცი“ და ყველა არის პროვოკატორი. მარტო საქართველოს შიგნით კი არა, მთელი დედამიწა უკვე „ნაცები“ არიან, ამერიკის კონგრესში „ნაცები“ არიან, სენატში „ნაცები“ არიან, ევროპარლამენტში „ნაცები“ არიან. ბიძინა ივანიშვილი იცით როგორ დაამთავრებს? მულტფილმი რომ არის „სიზმარა“, მეფეს ვირთხები რომ გაიტაცებენ სიზმრიდან, ასე დაამთავრებს,“ - განაცხადა სანიკიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა