წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსში გამარჯვებულის შერჩევის ეტაპი დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კურორტ წყალტუბოს განვითარებისთვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი შედგა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონკურსში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე გამოცხადდა, წინადადებები წარადგინა სამმა კომპანიამ.

„სამივე კომპანიას წარმოდგენილი აქვს კურორტის განვითარების ხედვის ვრცელი წინადადება და მათი შეთავაზების მიხედვით, საპროექტო ჯგუფებს უხელმძღვანელებენ სათანადო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის უცხოელი სპეციალისტები.

წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესი დღეს დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას შეიმუშავებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში.

გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოამზადებს საპრივატიზაციო წინადადებებს, ხოლო კონკურსში გამარჯვებული კომპანია გააგრძელებს გენგეგმის შემუშავებას.

წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისას აუცილებელია კომპლექსურად გაანალიზდეს კურორტის მდგრადი განვითარების საჭიროებები და მის საფუძველზე შეიქმნას ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული გარემოს პირობები, დაიგეგმოს კურორტის უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები, რომლებმაც უნდა დაიცვას ქალაქი ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან.

წყალტუბოს გენგეგმის შემუშავების მიზანია მისთვის კურორტის სტატუსის შენარჩუნება და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიის გეგმაზომიერი განვითარება.

წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი შეწყდა, ვინაიდან მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა ვერ წარმოაჩინა კურორტის უნიკალური პოტენციალის შესაფერისი ხედვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა