ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ინფორმაციით, ბაღებში ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, 83-მდე გაიზარდა, მათგან 3 კლინიკაშია გადაყვანილი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას განცხადებით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა უმრავლესობა, რომელთაც სავარაუდოდ ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, სახლში მკურნალობს, 3 კი კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

„15 ოქტომბერს სასწავლო პროცესი 32 საბავშვო ბაღში დავიწყეთ. შაბათს, 16:00 საათისთვის პირველად მივიღეთ ინფორმაცია, რომ 4 ბავშვს ისეთი სიმპტომები აღენიშნებოდა, როგორიცაა სიცხე, ღებინება, დიარეა. აღნიშნულის შემდეგ დავიწყეთ მოკვლევა, დავუკავშირდით ყველა ბაღის მენეჯერს, დღის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ იყო, თუმცა, მოგვიანებით, 32 ბაღიდან 11-ში აღსაზრდელებს მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ. მაშინვე ვაცნობეთ მომხდარის შესახებ საზოგადოებრივ ჯანდაცვას, სურსათის უვნებლობის სამსახურს, ეპიდემიოლოგებს. დღეს იყნენ მოსულები, შეხვდნენ ბაღის მენეჯერებს, ჩატარდა დეზინფექცია, ასევე ლაბორატორიული ანალიზები აიღეს. ამ დრომდე 80 ბავშვის შესახებ ვიცოდი, თუმცა ახლახან მაცნობეს, რომ უკვე 83 ბავშვს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები. აღსაზრდელების უმრავლესობა სახლშია. ოზურგეთის კლინიკაში სამი ბავშვია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, - აღნიშნავს მაკა ჭყონია.

მისი განმარტებით, საბავშვო ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტების ვადები და შენახვის პირობები დაცული იყო. მაკა ჭყონიას თქმით, ასევე უზრუნველყოფილი იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

„აბსოლუტურად ყველაფერი შეესაბამება სტანდარტს, მაგრამ მოიკვლევენ. როგორც ვიცი, რამდენიმე მშობელს უთხრეს, რომ ეს ენტეროვირუსია“, - განაცხადა ჭყონიამ.

ის ასევე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბავშვები ბაღში შეტანილი ხორცით მოწამლულიყვნენ.

როგორც მაკა ჭყონია აცხადებს, ბაღში იყვნენ ისეთი აღსაზრდელებიც, რომლებსაც იმ კონკრეტულ დღეს ხორცი არ მიუღიათ.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა