მესტიაში, სოფელ ლატალში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარე ღონისძიებაში ადგილობრივები ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფელ ლატალის რწმუნებულმა თენგო ფარჯიანმა განუცხადა, ცეცხლი სავარაუდოდ, დაუდევრობით გაჩნდა.
„ცეცხლი გავრცელებულია დაახლოებით 8 ჰექტარ ტერიტორიაზე. მობილიზებულია ყველა სტრუქტურა და ადგილობრივი მოსახლეობა. ჩამოსულია რეგიონებიდან სამაშველო ჯგუფები, სახანძრო მანქანები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი, მაგრამ მარტო ამ ძალით არა მგონია, რამე ეშველოს. მიუდგომელი ადგილია, მთიანი და საჰაერო ძალის დახმარების გარეშე გაჭირდება ჩაქრობა. ვერტმფრენის ჩართვა აუცილებელია.
ცეცხლი სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობა ხე-ტყეზე მუშაობს, საქონელიც იქეთ ჰყავთ და როგორც ჩანს, დაუდევრობით მოხდა, ან სიგარეტს გადააგდებდა, ან კოცონს დაანთებდა. ზუსტი ინფორმაცია ამაზე არავის აქვს“, - განაცხადა ფარჯიანმა.