ქართული პრესის მიმოხილვა 26.10.2020

მამუკა არეშიძე - “პანდემია, კრიმინალი და არჩევნები ანუ რატომ მართებს ყველას დიდი სიფრთხილე”

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნებას” დიდ ქალაქებში მოგება გაუჭირდება, განსაკუთრებით თბილისში”

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 15%-მდე შემცირდა და არჩევნებამდე კიდევ დაიკლებს - გალუმაშვილი

დრონების ომი - შეცვალა თუ არა ყარაბაღის ომმა ჩვენი წარმოდგენა ზოგადად ომზე

* * *

მამუკა არეშიძე - “პანდემია, კრიმინალი და არჩევნები ანუ რატომ მართებს ყველას დიდი სიფრთხილე”

“ვერ გეტყვით, რომ ამგვარი დანაშაულების სპეციალისტი ვარ, მაგრამ, მიჩნდება ეჭვი, რომ ვითარება მთლად ისეთი არ იყო, როგორსაც ეკრანზე ვხედავდით... ასეთ მძიმე დანაშაულზე, როგორც წესი, თანამზრახველების გარეშე არ მიდიან და არ არის აუცილებელი, ეს თანამზრახველი მძარცველს გვერდით ჰყავდეს. თუ ვინმე მარტო გეგმავს ასეთ რამეს, ძირითადად, ფიასკოთი ამთავრებს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ადამიანის ნაფიქრალ-ნამოქმედარი არ ჩანდა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას ეხმარებოდნენ. დრამის რეჟისურის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, სადაც გვასწავლიდნენ სხეულის ენას, ანუ როგორ გამოხატავს ადამიანი ემოციებს სიტყვების გარეშე. ჩემი სუბიექტური აზრით, მძევალთა ნაწილის საქციელი არ ემთხვეოდა იმ ვითარებას, რომელშიც აღმოჩნდნენ”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პანდემია, კრიმინალი და არჩევნები ანუ რატომ მართებს ყველას დიდი სიფრთხილე” / “დანაშაულზე ხელისუფლების რეაგირება, ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია, თუმცა ვიმეორებ - ვერ ვიტყვი, რომ მათ პროცესის მართვა ხელიდან გაექცათ”.

“დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებს მართავენ, რაშიც პოლარიზებული მედიასივრცე უწყობთ ხელს. ხშირად ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისე უპასუხისმგებლოდ იქცევა - და ეს ამ დანაშაულის პროცესშიც გამოჩნდა, - აღარ მიკვირს, რომ საზოგადოება სულ შეთქმულების თეორიებზე ფიქრობს. საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ კრიმინალური ამბების უკანაც პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი დგას, სხვა ფიქრობს, რომ ამის უკან მეორე ჯგუფი დგას და ასეა გაუთავებლად. სხვათა შორის, ეს განწყობა სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულად კარგად გამოჩნდა. თუმცა ობიექტური რეალობაც არსებობს - ბოლო კვირების განმავლობაში ყოველდღიურად ხდება მძიმე დანაშაულები. ჩემთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა საქართველოში, კერძოდ, წალკის რაიონში მცხოვრები უცხოელების ოჯახზე თავდასხმა. სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის რაღაც ტალღა. მინდა ვიფიქრო, რომ ეს განპირობებულია ფსიქოლოგიური ფონით, რომელიც პანდემიის გამო შეიქმნა, მაგრამ ამასთანავე, ვხედავ საზოგადოების ნაწილის განწყობას, რომელიც ფიქრობს, რომ შეიძლება ეს მძიმე პროცესი პოლიტიკური დაკვეთით იმართებოდეს...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რასაკვირველია, ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. ვერ გავიზიარებ ნათქვამს, რომ კონტროლი გაექცათ. თუმცა უნდა ვთქვა, რომ დანაშაულზე ხელისუფლების რეაგირება, ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია. ამგვარი მძიმე ფაქტები, სამწუხაროდ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოქმედებს საზოგადოებაზე... ეს სერიოზული პრეცედენტია. ერთი მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მძევალი ცოცხალი და ჯანმრთელია და ამით სპეცოპერაცია წარმატებულია, მაგრამ, ამასთანავე, ის ბოლომდე წარმატებულად ვერ ჩაითვლება, თუ დამნაშავის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ვერ მოხერხდა. ბოლო დღეებში სხვა ქვეყნების მაგალითები მოჰყავდათ. მეც ვიცი ეს მაგალითები, ბევრგან მომხდარა ასეთიც და უარესიც, ამაზე დიდი თანხაც წაუღიათ და მათი კვალისთვის ვერ მიუგნიათ, მაგრამ არ მაინტერესებს, სხვა ქვეყნებში რა ხდება. მე არ მინდა, ჩემს ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული განვითარების პროცესი ძალიან მყიფეა, ასეთი პრეცედენტები შეიქმნას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დაძაბულობის ტალღა სულ უფრო გაძლიერდება. ვხედავ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის, ყველაფერზე წავიდეს ძალაუფლების დასაბრუნებლად. ბოლო კვირების განმავლობაში გვიმტკიცებენ, რომ მათ თურმე ძალოვანების ნაწილი მხარს უჭერს და საჭირო შემთხვევაში მათ გამოიყენებენ. ჯერ სამხედროების რაღაც ჯგუფი გამოიყვანეს, მერე - ყოფილი პოლიციელების. პოლიციელებზე არაფერს ვიტყვი - იქ ვინც იყვნენ, არავის ვიცნობ, მაგრამ სამხედროების, ვეტერანების მართლაც გამკვირვებია, იმიტომ, რომ კარგად მახსოვს, რამდენიმე მათგანს “ნაციონალების” მმართველობის დროს მემორიალთან როგორ სცემეს, როდესაც სოციალური მოთხოვნებით საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ჩანს, თავმოყვარეობაზე მეტად ამ ხალხში სხვა ბერკეტები მუშაობს. მოკლედ, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მეგობრები მუდმივად ცდილობენ ძალის დემონსტრირებას. ეს მათ ახასიათებდათ ხელისუფლებაში ყოფნისასაც და მერეც”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ამ ეტაპზე კვლავ ვერ ვხედავ კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას, რადგან “ქართულ ოცნებას”, მიუხედავად ყველაფრისა, გამარჯვების მაინც მეტი შანსი აქვს. არა იმიტომ, რომ ის ყველაზე მისაღები პოლიტიკური ძალაა, არამედ იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგე მთავარი ოპოზიციური ძალა უფრო მიუღებელია, მაგრამ ვითარება ისეთია, რომ საბოლოო შედეგზე დიდ გავლენას მოახდენს პანდემია. ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა თუ გარდაცვლილთა რიცხვი, რაც ძალიან მოქმედებს საზოგადოების განწყობაზე. მიჭირს პროგნოზის გაკეთება იმიტომ, რომ ახალი და მოულოდნელი უბედურება ეწვია ქვეყანას და მსოფლიოს, რასაც პანდემიის მეორე ტალღა ჰქვია. ეს ცვლის ვითარებას, მათ შორის - საარჩევნო სიტუაციასაც. ხელისუფლების სიძლიერე, რაც პირველი ტალღისას თვალსაჩინო იყო, დღეს ასე აღარ ჩანს. ხალხი ამითაც გაღიზიანებულია. ზოგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ხელიდან გაუსხლტა სიტუაცია, თუმცა მე ასე არ მგონია. ხელისუფლება, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა რაღაც მდგომარეობაში შეენარჩუნებინა, იძულებული გახდა, შეღავათები დაეწესებინა, ამან კი ეს შედეგი მოიტანა. ჩვენს მეზობლებში უარესი მდგომარეობაა, მაგრამ ამაზე აღარ ვფიქრობთ, რადგან შევეჩვიეთ, რომ ჩვენ უკეთესად ვუმკლავდებოდით ეპიდპრობლემებს”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“ჩვენ მცირე რესურსების ქვეყანა ვართ და მეეჭვება, რომ უკეთესად შეიძლებოდა მომზადება. შეხედეთ წამყვან ევროპულ ქვეყნებს, რა ხდება. თუმცა, კონკრეტული მიმართულებებით ალბათ უკეთესად შეიძლებოდა რაღაცების გაკეთება. მაინც მგონია, რომ ისეთი გარემოებები შეიქმნა, სიტუაციის ხელში დაჭერა ძალიან გართულდა. მაგალითად, ზაფხულის განმავლობაში არაფრით შეიძლებოდა, ტურისტული ობიექტებისთვის შეღავათები არ დაწესებულიყო - ეს ხალხი შიმშილით დაიხოცებოდა. გარდა ამისა, ამ ოთხთვიანი ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოხსნა იყო საჭირო, ადამიანებს სჭირდებოდათ სახლებიდან გასვლა. ასევე ჩვენი პასუხისმგებლობაც უნდა დავინახოთ. როგორ ვიქცეოდით, ვიცავდით ან დღეს ვიცავთ წესებს? ზოგიერთი ჩვენი მოქალაქისთვის კორონავირუსი კვლავაც არ არსებობს და გამოგონილია იმისთვის, რომ არჩევნებში ხელისუფლებამ გაიმარჯვოს. ზოგი ფიქრობს, რომ უნდა დაგვჩიპონ, ზოგისთვის ამერიკა გვებრძვის და ა.შ. მოკლედ, სულ მითებში ვართ და ჩვენს პრობლემებს ვაბრალებთ ყველას, საკუთარი თავის გარდა”, - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “დუმის დეპუტატ ზატულინის განცხადებით, რუსეთიდან დახმარება სომხეთში შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით გაიგზავნოს” - პასუხობს:

“ზატულინის განცხადება რატომ გაგვიკვირდა?! რომ მოითხოვოს ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთმა, ჩვენს თანხმობას დაელოდება? რა თქმა უნდა, არა. და რას ვიზამთ, ჩამოვყრით თვითმფრინავებს? ამიტომ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ხმაური და საერთაშორისო თანამეგობრობის მოკავშირეობა. მაოცებს, როგორ ეფექტიანად მუშაობენ ჩვენი მტრები, როდესაც სომხურ და აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებში იარაღის მთავარ მიმწოდებლად ლამის საქართველო გამოჰყავთ. ამ შავ პროპაგანდაზე მუშაობს რუსეთი, რომელიც თვითონ არის მთავარი მიმწოდებელი და არ გამორიცხოთ თურქეთიც. ქართველი საზოგადოება კი გადაჰყვა არჩევნებსა თუ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას! უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ იმ გამოწვევებსა და რისკებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე წარმოიშვა, ნელ-ნელა იზრდება და ხვალ-ზეგ უფრო სერიოზული გახდება”.

“რაც ახლა რეგიონში ხდება, კარგა ხანს არ დასრულდება. აქ მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომზე არ არის ლაპარაკი, აქ დიდი გეოპოლიტიკური ჭიდილია - სერიოზული დაპირისპირება რუსეთსა და თურქეთს შორის და ნელ-ნელა ამ დაპირისპირებაში სხვა ქვეყნებიც აღმოჩნდებიან ჩათრეული. საბოლოოდ, სამწუხაროდ, ყველაფერი აუცილებლად გადატყდება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაზე - თავისთავად ცხადია, აზერბაიჯანსა და სომხეთზე და ასევე საქართველოზეც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აზერბაიჯანი ამ პროცესიდან გამარჯვებული გამოვა ისე, როგორც მას უნდა, ძალიან ცდება. ჯერ ერთი, ვერ გამოვა იმიტომ, რომ უდიდესი დარტყმა მიაყენა თავის საერთაშორისო პრესტიჟს ისლამისტების გამოყენებით. ამას უახლოესი წლების განმავლობაში ვერაფრით გამოასწორებს. სულ მიკვირდა, აზერბაიჯანის ხელისუფლება რატომ ებრძვის რელიგიური ფაქტორის გამოყენებას. ახლა გასაგებია - ისედაც ისეთი რთული ვითარება აქვს თავის რიგებში ისლამისტების მიღებით, ახლა რელიგიური ფაქტორიც რომ დაამატოს, აზერბაიჯანისთვის მთლად დაიხურება დასავლეთისა და ევროპის კარი”, - განმარტავს ექსპერტი.

“ამას რა მოჰყვება, როგორ გაიზრდება ისლამისტების რაოდენობა რეგიონში? როგორ დაეტყობა ეს მთელ კავკასიას? რა ფორმით ჩაერთვება პროცესში ჩრდილოეთ კავკასიის იატაკქვეშეთი? მოკლედ, ეს არის მრავალასპექტიანი პრობლემა. რაც შეეხება სომხეთის მდგომარეობას, ისიც მძიმე სიტუაციაშია. ჯერ ერთი, სომხური არმია სამხედრო მარცხს მართლა განიცდის; ასევე ცხადად ჩანს, რომ მისი მოკავშირე რუსეთი ცდილობს წაუგებელ თამაშს და შუაში ჩადგომას მაშინ, როცა სომხეთს მისგან დახმარება სჭირდება. მოკლედ, სომეხი საზოგადოება ძალიან იმედგაცრუებულია... ამავდროულად, ჩვენ ვუშვებთ შეცდომას, როდესაც ხელისუფლებაც და საზოგადოებაც სრულიად პასიურია. ხელისუფლებას ბევრს ვერაფერს მოსთხოვ ღია პოლიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ საზოგადოების პასიურობა არ მესმის. ვის აღარ შევთავაზე, რომ უფრო მეტად ვიხმაუროთ და ხმა მივაწვდინოთ მსოფლიოს, მაგრამ არ ინდომებენ - ამით არაფერი გამოვაო, რაც მცდარი მიდგომაა. ამ დროს ვისაც არ ეზარება, ჩვენს ტერიტორიაზე მუშაობს, განსაკუთრებით - სომხურ და აზერბაიჯანულ ეთნიკურ უმცირესობებთან. ვერც წარმოიდგენთ, როგორი ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს! ამ ყველაფერთან დაპირისპირებას სჭირდება აბსოლუტურად ახალი სტრატეგიის შემუშავება, რაზეც მუშაობენ თუ არა, არ ვიცი...” - დასძენს მამუკა არეშიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნებას” დიდ ქალაქებში მოგება გაუჭირდება, განსაკუთრებით თბილისში”

“ხელისუფლებას გაუჭირდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება, თუმცა პროპორიულ არჩევნებს მაინც “ოცნება” მოიგებს. ოპოზიციას არ აქვს ამომრჩევლის ის მხარდაჭერა, რომ პროპორციულ არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდეს”, - ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არჩევნებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შანსებზე საუბრისას. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ყველა კვლევებით “ოცნება” ყველა ქალაქსა და რეგიონში მოიგებს. ოპოზიცია კი თავის გამარჯვებას აანონსებს და ხელისუფლებას ოპოზიციაში გადასასვლელად მომზადებას ურჩევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნებას” დიდ ქალაქებში მოგება გაუჭირდება, განსაკუთრებით თბილისში, - ძაბირაძე.

“როდესაც ხელისუფლება რეიტინგს კარგავს, ეს ძირითადად აისახება მსხვილ დასახლებულ ქალაქებში, მაგალითად თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ამიტომ ამ ქალაქებში მმართველ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება გაუჭირდება, განსაკუთრებით თბილისში, რომელიც ზედმეტად ინფორმირებული და პოლიტიზირებული ქალაქია. ამ ქალაქებს შეიძლება დაემატოს გორი და თელავიც. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროპორციულ არჩევნებს მოიგებს “ოცნება”. დიდი ალბათობით თბილისში სამ მაჟორტარულ ოლქში გაიმართება მეორე ტური, ეს შეიძლება იყოს გლდანი, ვაკე და საბურთალო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, ოპოზიციას არ აქვს ამომრჩევლის ისეთი მხარდაჭერა, რომ პროპორციული არჩევნები მოიგოს. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, მიუხედავად დაპირისპირებისა, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ხმას მაინც სახელისუფლებო გუნდს მისცემს, ასეა უკვე 30 წელია. მაჟორიტარებში კი, მაგალითად, დმანისში და კიდევ ორ რაიონში შეიძლება მეორე ტური გაიმართოს, მაგრამ აქაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მეორე ტურში ხმას მისცემს იმ ძალას, რომელიც პროპორციულ არჩევნებში გაიმარჯვებს. სააკაშვილის წინასაარჩევნო ხრიკებმა კი შეიძლება ხელისუფლებას გამარჯვების უფრო მეტი საშუალება მისცეს”, - დაასკვნის ძაბირაძე.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 15%-მდე შემცირდა და არჩევნებამდე კიდევ დაიკლებს - გალუმაშვილი

“გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა ბოლო ორ კვირაში განახევრდა და უშუალოდ არჩევნების დღეს იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც საარჩევნო ყუთთან მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მინიმალური იქნება. ამის შესახებ “რეზონანსთან” საურსისას პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” ხელმძღვანელმა სოსო გალუმაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე 6 დღე რჩება, ხოლო გადაუწყვეტელი ამომრჩეველი კი სოციოლოგიური გამოკითხვებით საკმაოდ მაღალია, ოქტომბრის შუა რიცხვებში სხვბადასხვა გამოკითხვებით, ასეთი ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი 24-დან 35%-მდე მერყეობდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 15%-მდე შემცირდა და არჩევნებამდე კიდევ დაიკლებს, - გალუმაშვილი.

“გალუმაშვილის აზრით, ამჯერად საქართველოში ასეთი ამომრჩეველი დაახლოებით 15%-ია და თუ მსოფლიოში არსებულ ტენდენციას დავეყრდნობით, უშუალოდ არჩევნების დღეს მათი ეს რაოდენობაც განახევრდება. “არჩევნების დღის მოახლოვებასთან ერთად, რასაკვირველია, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა იკლებს. თუ ბოლო კვლევებს ვნახავთ, არჩევნებამდე 20 დღით ადრე, 24-30%-ის ფარგლებში მერყეობდა. ზოგადი ტენდენცია ასეთია, რომ არჩევნების დღეს ან წინა დღით მათი რიცხვი 10%-მდე ჩამოდის ხოლმე და ძალიან ცოტა რაოდენობაღა რჩება, ვინც უშუალოდ სარჩევნო ყუთთან იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას. საქართველოში ასეთი ტიპის კვლევები არ ყოფილა, თუ რამდენია მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვინც უშუალოდ საარჩევნო ყუთთან იღებს გადაწყვეტილებას”, - ამბობს გალუმაშვილი, რომლის თქმით, სტატისტიკის მიხედვით “მსოფლიო მასშტაბით ასეთი 4-7%-ია ხოლმე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვფიქრობ, რომ საქართველოში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი 15%-ის ფარგლებშია, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეთი ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით იმ პროცენტული თანაფარდობით ნაწილდება, როგორიც უკვე გადაწყვეტილი ამომრჩევლის პოზიციაა. ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე აქტივობა დაახლოებით 60% ფარგლებში იქნება”, - დაასკვნის გალუმაშვილი. ცესკოს საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 526 022 ამომრჩეველი, რისი 60%-იც დაახლოებით 2 115 000 ამომრჩეველია”, - დასძენს გამოცემა.

დრონების ომი - შეცვალა თუ არა ყარაბაღის ომმა ჩვენი წარმოდგენა ზოგადად ომზე

“ყარაბაღში მიმდინარე ომმა უკვე აჩვენა, რომ ზოგადად ომზე აქამდე არსებული შეხედულებები გარკვეულწილად მოძველებულია. წინა პლანზე გამოვიდა ახალი ტექნოლოგიები და ზეზუსტი იარაღი. სამხედრო ექსპერტთა ნაწილი იმასაც ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა კლასიკური ტანკებისა და საბრძოლო თვითმფრინავების ერის დასასრულის დასაწყისი იყოს. რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ სომხურ-აზერბაიჯანული ომიდან და როგორ უნდა შეიცვალოს საქართველოს შეიარაღებული ძალები საიმისოდ, რომ თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობდეს? სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ მიუხედავად ყარაბაღის ომში სხვადასხვა ტიპის დრონების აქტიური გამოყენებისა, ჩვეული შეიარაღება თავის აქტუალობას მაინც არ კარგავს. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განმარტებით, მსოფლიოში არსებულ სამხედრო შეიარაღებაში დრონებს ტანკები და თვითმფრინავები არ ჩაუნაცვლებიათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დრონების ომი - შეცვალა თუ არა ყარაბაღის ომმა ჩვენი წარმოდგენა ზოგადად ომზე.

“მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები მეოთხე თაობის ომის კონცეფციის თანახმად ვითარდება, ანუ შეიმჩნევა მაღალი მობილურობა და მანევრირება, ასევე ტექნოლოგიების გამოყენებაც დრონებისა და ზეზუსტი იარაღის სახით. თუმცა ტანკებსა და სხვადასხვა საჰაერო სისტემებს კვლავ დარჩა დიდი გავლენა. საბრძოლო ტანკები, საარტილერიო სისტემები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გამოიყენება ინტენსიურად. ახლა ორივე მხარემ ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამოყენება დაიწყო. მართალია, ორივე მათგანს მოძველებული თ-72 ტიპის ტანკები აქვს, მაგრამ აზერბაიჯანს თ--90-ის ტიპის ტანკების 6 ბატალიონიც ჰყავს. რა თქმა უნდა, დრონებმა დიდი როლი შეასრულეს, მაგრამ არც ისე დიდი, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ მათს გამოყენებას ჰქონოდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაიასია.

“იმედია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობა და გენერალური შტაბი გააკეთებს შესაბამის დასკვნებს სომხეთ-აზერბაიჯანის საომარი მოქმედებებიდან, რაც ახლა უკვე შესაძლებელია. შეუძლებელი არაფერი არ არის. ჩვენ გვაქვს 31-ე საავიაციო ქარხანა და სამხედრო თვითმფრინავების მშენებლობის ქარხანა და შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩემი აზრით, ჩყ-25-ის ნაცვლად ჯობია, რომ საქართველოში დრონები განვითარდეს და დაიწყოს მათი წარმოება”, - დაასკვნის მაისაია.

“იმის თქმა, რომ ტანკებმა და თვითმფრინავებმა ფუნქცია დაკარგეს, არაა სწორი - ყველას თავისი ადგილი აქვს. უბრალოდ, გამოჩნდა ბრძოლის წარმოების ახალი საშუალება, რომელიც ახალმა ტექნოლოგიებმა მოიტანა. დრონი დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატია, რომელიც იმართება ოპერატორის მიერ გარკვეული მანძილიდან, უშუალოდ ამ საფრენ აპარატში პილოტი არ ზის. თუმცა, უკვე ხელოვნური ინტელექტის განვითარებიდან გამომდინარე, მალე იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ოპერატორის მოქმედებაც შემცირდეს და საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დრონების მართვა სწორედ ამ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოხდეს. მაგრამ დღევანდელ დრონებსაც აქვთ უკან დაბრუნების ფუნქცია - თუ ოპერატორმა დრონთან კავშირი დაკარგა, ის თავისით ბრუნდება სტარტის ადგილზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“აქ ორი მხარეა - სამხედრო და მორალური. პირველ ყოვლისა, ეს არის შედარებით პატარა ზომის საფრენი აპარატი, რომლის აღმოჩენა როგორც ვიზუალურად, ასევე რადიოლოკაციური საშუალებებით რთულია. მორალურ მხარეში კი იგულისხმება ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასეთ საფრენ აპარატს ჩამოაგდებენ, ადამიანი არ იღუპება, რაც ძალიან დიდი პლუსია. დღევანდელი დრონები რამდენიმე ფუნქციას ასრულებენ: სადაზვერვო, სადაზვერვო-საბრძოლო ფუნქციებს და ამასთანავე არსებობს “კამიკაძე დრონი”, რომელსაც შეუძლია სადაზვედრო ფუნქციის შესრულება, მაგრამ მიზნის აღმოჩენის შემთხვევაში ოპერატორს შეუძლია, რომ დააჯახოს ამ სამიზნეს - ასაფეთქებელი მოწყობილობა უშუალოდ დრონშია ჩამონტაჟებული. ვხედავთ, თუ როგორი უპირატესობა აქვთ აზერბაიჯანელებს ამჟამინდელ ყარაბაღის ომში, რადგან სომხეთი ჩვეული, მეოცე საუკუნის მეთოდებით ემზადებოდა, ხოლო აზერბაიჯანმა გამოიყენა თანამედროვე ელემენტები, საუბარია არა მხოლოდ დრონებზე”, - განაგრძობს ალადაშვილი.

“რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთვის საჭიროა საარტილერიო ცეცხლის მართვა, მათ შორის კონტრსაბატარეო ბრძოლის უზრუნველყოფა ანუ, როდესაც მოწინააღმდეგე გესვრის, მისი არტილერიის პოზიციების აღმოჩენა და შენი არტილერიით მისი პოზიციების ზუსტად დაბომბვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ერთი თვის წინ ესპანეთში შეიძინა ორი ტიპის რამდენიმე დრონი - თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ტიპის დრონები, რომელთაც წმინდა სადაზვერვო ფუნქცია აქვთ. სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ “დელტას”, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შედის, აქვს იმის პოტენციალი, რომ საქართველოში სხვადასხვა ტიპის დრონების აწყობა მოხდეს. პირველ ეტაპზე შეიძლება სხვა ქვეყანაში ნაყიდი დეტალებით დრონების საქართველოში აწყობა, ხოლო შემდეგ კი უფრო მეტი ადგილობრივი დეტალების გამოყენებით. შემდგომ ამ დრონებით შეიძლება ქართული არმიის სხვადასხვა დანაყოფებისთვის გადაცემა ისევე, როგორც ეს მოხდა დიდგორის ჯავშანმანქანების ქართული არმიისთვის გადაცემით”, - დასძენს ალადაშვილი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით