ნინო ნიჟარაძე - აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, ხოლო 23 კრიტიკულად მძიმეა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული, ხოლო 23 კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აჭარაში კოვიდ კლინიკებში ინტენსიური თერაპიის საწოლები თითქმის შევსებულია.
მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ეპიდსიტუაციის სტაბილურობისთვის ჯანდაცვის რეკომენდაციები როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში დაიცვან.
„აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსისგან 186 პირი გამოჯანმრთელდა. ჯამში რეგიონში 7000-მდე პირი არის გამოჯანმრთელებული.
დილის ინფორმაციით, 650 პაციენტი კოვიდ სტაციონარშია, 1200 კი კოვიდ სასტუმროშია მოთავსებული.
რეანიმაციაში კი 85 პირი იმყოფება, ხოლო 23 მართვით სუნთქვაზეა. რეგიონში რჩება, დაძაბული, თუმცა სტაბილური სიტუაცია.
მოსახლეობამ წესები უნდა დაიცვას, ვინაიდან თითოეული ჩვენგანის ქცევაზე არის დამოკიდებული ხვალინდელი შემთხვევების რაოდენობა. როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში პირბადეები ვატაროთ“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

























