ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2020

ამოქმედდება თუ არა არჩევნების შემდეგ მკაცრი პანდემიური შეზღუდვები

როგორ უნდა მისცეთ არჩევნებზე ხმა თუ თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფებით

ტერორიზმის კვალიფიკაცია და ინტენსიური დევნა - რას ეძებდა პოლიცია ზუგდიდში, ბანკზე სავარაუდო თავდამსხმელის სახლში

* * *

ამოქმედდება თუ არა არჩევნების შემდეგ მკაცრი პანდემიური შეზღუდვები

“ქვეყანაში პანდემიური სიტუაცია უკვე საგანგაშოა, დიდ ქალაქებში შემთხვევათა დღიური მაჩვენებელი უკვე ისეთ ნიშნულზეა, რომ საზოგადოების ნაწილის აზრით მკაცრ საერთო შეზღუდვებსაც საჭიროებს, თუმცა, მთავრობა ჯერჯერობით ასეთი რეგულაციებისგან თავს იკავებს. „როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, საქართველომ უკვე ე.წ. წითელ ზონაში გადააბიჯა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ამოქმედდება თუ არა არჩევნების შემდეგ მკაცრი პანდემიური შეზღუდვები.

“ვანგარიშობთ ბოლო ორი კვირის საშუალო მაჩვენებელს იმის მიხედვით, თუ 100 000 მოქალაქეზე რამდენი ახალი შემთხვევაა. ახლა უკვე გადავაბიჯეთ “წითელ ზონაში”. ამ ფერების მიხედვით ვუყურებთ რამდენი საწოლი უნდა გვქონდეს, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგები უნდა გვქონდეს და ა.შ. როდესაც “ყვითელ” და “ნარინჯისფერ ზონაში” გადავედით, იცით, აჭარაში დავაწესეთ შეზღუდვები, რამდენიმე ქალაქში რესტორნების 22:00 საათიდან მუშაობა შეიზღუდა და ა.შ. მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, სრული ლოკდაუნი არ იქნება”, - განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას იქნება, მან საზოგადობას მოუწოდა, რომ სლოგანი “დარჩი სახლში” რაც შეიძლება ხშირად გაახმოვანონ. ორშაბათს კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 14 პაციენტი და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 215-ს შეადგენს. ახალ შემთხვევათაგან ყველაზე მეტი - 913 თბილისში დაფიქსირდა, 337-ია იმერეთში, ხოლო 296 - აჭარაში. ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას აზრით, მთავრობის ამჟამინდელი ტაქტიკა ისეთია, რომ წერტილოვანი შეზღუდვებისა და საზოგადოების მაღალი თვითშეგნების ფონზე სიტუაციის დარეგულირება მოხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გარკვეულწილად რაღაც შეზღუდვები არის. რესტორნებში ათი საათის შემდეგ შეკრების აკრძალვა, ასევე, პირბადეების ტარების მკაცრი რეკომენდაცია. რაც შეეხება მკაცრ შეზღუდვებს, შეზღუდვების პროპორციულად ისე შემოღება, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ დაზარალდეს, ცოტათი რთულია. ამიტომ, მე როგორც ვხვდები, ასეთი ტაქტიკაა, რომ იყოს წერტილოვანი დარტყმები და ეპიდსიტუაციის დასტაბილურება ამ წერტილოვანი დარტყმებისა და საზოგადოებრივი მაღალი პასუხისმგებლობის ფონზე მოხდეს, თუმცა, ეს შედეგს რამდენად გამოიღებს, რთული სათქმელია. რა თქმა უნდა, შემთხვევების მატება თუ გაგრძელდა, შესაძლოა კონკრეტული შეზღუდვების შემოღება საჭირო გახდეს, ამის შესახებ სახელწიფო ინფორმირებულია,დაავადებათა კონტროლში განცხადებები ხშირად კეთდება და ვიცით რომ უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში შემთხვევები მზარდი იქნება, ამიტომაც სახელწიფო ამისთვის მზადაა, უბრალოდ ასეთი ტაქტიკა აქვს არჩეული, რომ ნაკლები შეზღუდვებითა და ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერებით, ამ ტალღის გადატანა მოხდეს, ახლა ასეთი ტაქტიკა აქვს და რამდენად გაამართლებს, ამას მომავალში ვნახავთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“პიკის მოლოდინში და მკაცრი შეზღუდვების გარეშე, ქვეყანა მდგომარეობას გაუმკლავდება თუ არა, ამის თქმა წინასწარ გამიჭირდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ სახელწიფომ და ჯანდაცვის სამინისტრომ იცის, რომ ეს ასე იქნება, გარკვეულ ღონისძიებებს გაატარებს, რის შედეგადაც ქვეყანა ამას გაუმკლავდება,თუმცა ახლა არსებული რესურსით ვფიქრობ, რომ გამკლავება გაჭირდება. მაგრამ, რადგან სახელმწიფომ ეს ყველაფერი იცის, რომ 2-3 კვირაში შეიძლება პიკი იყოს, ამისთვის უნდა გამოთავისუფლდეს რესურსები და დამატებითი რესურსების მობილიზება მოხდეს და ამის შემდეგ გამკლავება შესაძლებელი იქნება, მაგრამ ამ მოცემულობით ეს ცოტა ბუნდოვნად ჩანს”, - მიიჩნევს გოგინავა. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვების არ შემოღება არჩევნებს უკავშირდება, მისი აზრით ამ მიმართულებით მთავრობის მხრიდან მინიმუმ ერთი კვირა ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ”, - დასძენს გამოცემა.

“რა თქმა უნდა არჩევნებს უკავშირდება, გარკვეული ზომები შეიძლება მიღებული ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლება ამ მიმართულებით ბოლო ერთი კვირა არაფერს არ გააკეთებს, რადგან მათთვის მთავარი და აუცილებელია, რომ არჩევნები დადგენილ ვადაში ჩატარდეს. ამიტომ, რა თქმა უნდა მთავრობა არანაირ შეზღუდვას არ შემოიღებს, ღმერთმა ნუ ქნას და თბილისში შემთხვევები ცხრაასი კი არა ათასცხრაასი რომ გახდეს, ამ ერთ კვირაში შეზღუდვებს მაინც არ შემოიღებენ, ერთი კვირის შემდეგ ვნახოთ რა იქნება. სიტუაცია ისედაც რთულია, თანაც როცა ხელისუფლება თავად აანონსებს რომ გაიზრდება, ეს ხომ იმას ნიშნავს, საზოგადოებას ამზადებს, რომ ეს მოსალოდნელია და ადამიანებიც ნელ-ნელა ყველა ამას ვეჩვევით. არჩევნების შემდეგ მეორე ტურები იქნება - თუ ისე მოხდა, რომ თბილისში მეორე ტურები არ გაიმართა, რაშიც ეჭვი მეპარება, რომ ეგრე არ იქნება, მაშინ რა თქმა უნდა არ შემოიღებენ და იქამდე მიიყვანენ, რომ არჩევნები ჩატარდეს”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე,

“აქ კიდევ ერთი მომენტია - გააჩნია პროპორციულ არჩევნებში რა შედეგები დადგება, ვის რა პროცენტი ექნება და რაოდენობა რამდენად იქნება საკმარისი იმისთვის,რომ მთავრობის ფორმირება მოხდეს, ან არჩევნების შემდეგ რა გარემო შეიქმნება, ამიტომ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა, მგონია, რომ სადაც შეზღუდვა შესაძლებელი იქნება, იქ შეზღუდავენ. ამიტომაცაა წერტილოვან შეზღუდვებზე ლაპარაკი. თუმცა ახლა და უახლოეს ერთ კვირაში შეზღუდვები არა მგონია რომ შემოიღონ, რადგან სიტუაცია ძალიან გაურთულდებათ, საგანგებო მდგომარეობა რომ შემოიღონ, მაშინ არჩევნების მეორე ტურები უნდა გადაიდოს, გაურკვეველი რაღაცეები ხდება, ამიტომ ამას ალბათ არ გააკეთებენ” - დაასკვნის ძაბირაძე.

როგორ უნდა მისცეთ არჩევნებზე ხმა თუ თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფებით

“ვფიქრობ ეს პროცესი არის ძალიან რთული შესასრულებელი და არ ვიცი მოხერხდება თუ არა - ასეთია ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას აზრი ცესკოს დადგენილებაზე საარჩევნო ყუთების თვითიზოლაციასა და კარანტიში მყოფი პაციენტებისათვის მიტანის თაობაზე. როგორც ექიმი “რეზონანსთან” ამბობს, მთავარი პაციენტების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ უნდა მისცეთ არჩევნებზე ხმა თუ თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფებით / “ყუთები შესაბამისად ეკიპირებულმა ადამიანებმა მიიტანონ პაციენტებთან”.

“31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს დადგენილებით საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი კოვიდინფიცირებულებისათვის შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც დაავადებულებთან მიიტანენ საარჩევნო ყუთს. ასევე, ასეთი მოქალაქეებისათვის შეიქმნება სიები, რათა თვალსაჩინო გახდეს რამდენმა ინფიცირებულმა მისცა ხმა. ამისათვის თვითიზოლაციაში მყოფმა მოქალაქეებმა უნდა 26 ოქტომბრის ჩათვლით 22:00 საათზე უნდა დარეკონ ცესკოს სატელეფონო ცენტრის ნომერზე +995 32 251 00 51, შიდა ნომერი “0” და შეატყობინონ, საარჩენო ყუთის საჭიროების თაობაზე. ცესკოს განცხადებით თვითიზოლაციაში მყოფმა 900 მდე ადამიანმა უკვე დარეკა გადასატანი ყუთის მოთხოვნით, თუმცა უცნობია როგორ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში ის ინფიცირებული ადამიანები, რომლებიც მოცემულ დროში ცესკოს აღნიშნულ ნომერზე ვერ შეატყობინებენ ინფორმაციას გადასატანი ყუთის საჭიროებაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცესკოს განცხადებაში ნათქვამია: “იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ცესკოში უკვე მეორე დღეა ამოქმედდა სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი. 25 ოპერატორი, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სწავლება, 24-25-26 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უპასუხებენ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს და დააფიქსირებენ მათ მოთხოვნას. თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში, ისარგებლებენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 900-მდეამომრჩეველმა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ზოგადად, მნიშვნელოვანია რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს ეს პროცესი და ყუთები შესაბამისად ეკიპირებულმა ადამიანებმა მიიტანონ პაციენტებთან, თუმცა, ვფიქრობ ეს პროცესი ორგანიზაციულად არ არის მარტივი საქმე და არ ვიცი როგორ მოხერხდება ყველა ინფიცირებულის ჩართვა არჩვენებში. ყველა ადამიანს უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, თუმცა, ეს უნდა გაკეთდეს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. თუ ამ წესების დაცვა მოხერხდება, მაშინ არ იქნება პრობლემა, მაგრამ, მე მეეჭვება და ძალიან რთულად მიმაჩნია რომ ეს გეგმა იმუშავებს და შესაბამისი წესები ყველა შემთხვევაში დაცული იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

ტერორიზმის კვალიფიკაცია და ინტენსიური დევნა - რას ეძებდა პოლიცია ზუგდიდში, ბანკზე სავარაუდო თავდამსხმელის სახლში

“ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა შს სამინისტრომ ოფიციალურად საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა უწყებაში ადასტურებენ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში და 43 მძევლის აყვანაში ეჭვმიტანილი პირი 32 წლის ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუაა. პოლიციაში დაკითხვაზე არიან გადაყვანილი ესებუას ძმა და მშობლები. სახლში კი ჩხრეკა მიდის. მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე უარყოფს, რომ ის ორჯერ კიდევ გაექცათ და ამბობს, რომ ეს მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი მძევლით დავით ხვიბლიანით გამოძიება დაინტერესდეს და დამატებით კითხვები გაჩნდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტერორიზმის კვალიფიკაცია და ინტენსიური დევნა - შსს-მ ზუგდიდის ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა.

“იდენტიფიცირებულია 1988 წელს დაბადებული პირი ბადრი ესებუა, პოლიცია აქტიურად განაგრძობს მის ძებნას... ვინაიდან, საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს. პოლიციის მიერ თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს” - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. 21 ოქტომბრის შემდეგ ბადრი ესებუას ადგილსამყოფელი მისი ოჯახისთვისაც უცნობია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოჯახის ვერსიით, ძებნილის ფიზიკური მონაცემები არ ემთხვევა იმ პირის მონაცემებს, რომელიც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ცენტრალურ ფილიალში შენიღბული და შეიარაღებული შეიჭრა. თუმცა, საეჭვოდ ემთხვევა დრო, როდესაც ესებუამ მშობლიური სოფელი გრიგოლიში დატოვა და მას შემდეგ ის კონტაქტზე ტელეფონითაც კი არავისთან გასულა. ყველა ამ დეტალზე პირველად საუბრობს სამხედროს დედა, რომელიც იხსენებს, როგორ წავიდა სახლიდან შვილი, ზუგდიდში მომხდარ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე. როგორც ოჯახი აცხადებს, ესებუას მობილური ტელეფონი სავარაუდოდ ან გამორთულია ან გაფუჭებული. “ძალიან პატარა ჩანთით გავიდა სახლიდან, ექიმთან მივდივარო დამიბარა. არ არის ჩემი შვილი დამნაშავე. აი რომ ჩამოვა ყველა ნახავს, რომ მაგ სიმაღლის არ არის ჩემი შვილი”, - განაცხადა ბადრი ესებუას დედამ. ის გამორიცხავს, რომ მის შვილს დანაშაულთან რაიმე სახის კავშირი აქვს”, - დასძენს გამოცემა.

“მეექვსე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდის ცენტრში “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ეძებს. მოახერხა თუ არა ბრალდებულმა მეორედ გაქცევა, ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მედიაში გავრცელებული იფორმაციით, წუხელ სპეცრაზმს ზუგდიდი რაიონის სოფელ გრიგოლეთიდან ბანკზე ყაჩაღობაში ბრალდებული პირი ხელიდან კიდევ დაუსხლტათ. პარალელურად, მედიაში ძებნილის სავარაუდო ვინაობა დასახელდა. მედიის ცნობით, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ბადრი ესებუაა და 2008 წლის ომის მონაწილე ყოფილი სამხედროა. “რეზონანსს” ადგილობრივები უდასტურებენ, რომ ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა რას ეძებდნენ და რა იპოვეს, ჯერჯერობით უცნობია. საგამოძიებო მოქმედებები ესებუას სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოკითხეს მშობლები, ახლობლები და მეზობლები. არის თუ არა ის ეჭვმიტანილი, მათ ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არა აქვთ, სხვა რაიმე დამატებით დეტალების გახმოვანებისგან მეზობლები და ნათესავები თავს იკავებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ეძებდა პოლიცია ზუგდიდში, ბანკზე სავარაუდო თავდამსხმელის სახლში - “ეს ბიჭი ტანით უფრო მაღალია”.

“რეზონანსის” ინფორმაციით, 32 წლის ბადრი ესებუა თავდაცვის სამინისტროში უკვე ერთი წელია აღარ მუშაობს. ის სენაკის მეორე ქვეით ბატალიონში წარსულში მოღვაწეობდა. ადგილობრივები იმასაც ადასტურებენ, რომ ესებუას 20 ათასამდე ვალი ჰქონდა და მის გადახდას ვერ ახერხებდა. როგორც “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია ამტკიცებს, მას აქვს ინფორმაცია, რომ ესებუა ბანკის ძარცვის შემდეგ სახლში აუღელვებლად დაბრუნდა და ამ ხნის განმავლობაში ის სოფელ გრიგოლეთში იმყოფებოდა. აღნიშნულს გამოცემასთან ადგილობრივებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ 23 ოქტომბერს ესებუა მისსავე ეზოში დაინახეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ თავდამსხმელსა და ესებუას შორის აღნაგობით გარკვეული მსგავსება არსებობს. თუმცა, ამაზე დაზუსტებით საუბარი არ შეუძლიათ. ბადრი ესაბუას ახლობლები და ოჯახის წევრები კი კატეგორიულად უარყოფენ, რომ ძარცვა მისი ჩადენილი იყოს. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ესებუა ტანად უფრო მაღალია და აღნაგობაც სხვანაირი აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ბადრი ესებუა სენაკის მეორე ქვეითთა ბრიგადაში მსახურობდა, თუმცა ამჟამად ის მოქმედი სამხედრო არაა. სპეცოპერაციის ჩატარება არ მომხდარა. თუმცა სახლი რომ გაჩხრიკეს, ეგ ვიცი. მეზობლები ამბობენ, რომ ის 22-შიც და 23-შიც მის ეზოში დაინახეს. ეს ბიჭიც და მისი ოაჯხის წევრები, ნათესავები, ყველა ყოფილი სამხედროები არიან. დადებითად დავახასიათებ ოჯახსაც და ბიჭსაც. 2008 წალის ომის მონაწილეები არიან. ამიტომ, ძალიან რთულია ადამიანი ასე ღიად დაადანაშაულო. თითქოს გავს რაღაცით მძარცველს, მაგრამ ეს ბიჭი ტანით უფრო მაღალია. ვალები აქვს, როგორც ვიცი, მაგრამ საქართველოში ვალი ყველას აქვს, ამის გამო ბანკის მძარცველიაო, ხომ ვერ ვიტყვით”,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ”რეზონანსთან”. ბადრი ესებუას ძმის ბიძინა ესებუას განცხადებით კი, მისი ძმა თბილისში სამკურნალოდ იმყოფება და მედიის კითხვებს თავად გასცემს პასუხს. ყოფილი მძევლები არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუა იყოს, თუმცა, ამაზე დაზუსტებით საუბარი არ შეუძლიათ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო