მურთაზ ზოდელავა „ქართულ ოცნებას“ - „კარუსელს“ კი არა, ერთ სკამს ვერ დაატრიალებთ ვერც ერთ საარჩევნო ოლქში

მურთაზ ზოდელავა „ქართულ ოცნებას“ - „კარუსელს“ კი არა, ერთ სკამს ვერ დაატრიალებთ ვერც ერთ საარჩევნო ოლქში

ფოთში ჩვენმა საარჩევნო შტაბმა გამოავლინა რამოდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც არიან მიწერილნი სხვის საცხოვრებელ ფართებზე, ოჯახებში, სადაც მათ არ იცნობენ, მათი სახელი და გვარი არ გაუგიათ და ეს ხალხი არის გამზადებული მასალა „კარუსელისთვის“, - ამის შესახებ ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

„ჩვენმა შტაბმა ძალიან დეტალურად იმუშავა. აბსოლუტურად ყველა ეს ადამიანი არის იდენტიფიცირებული, მათი ფოტოებიც მოპოვებული გვაქვს და ყველა მათგანს ველოდებით იმ საარჩევნო უბნებთან, სადაც არიან მიწერილები ხელოვნურად, „კარუსელის“ დასატრიალებლად. მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ და მივმართო მათ - თქვენ „კარუსელს“ კი არა, ერთ სკამს ვერ დაატრიალებთ ვერცერთ საარჩევნო ოლქში. ყველა იდენტიფიცირებულია, ყველას ნამდვილი ვინაობა, მისამართები დადგენილია. ყველა მათგანს საარჩევნო უბნებში მიუშვერთ კამერებს, ფეისბუქ ლაივებს, მთელი საქართველო დაინახავს ამ ადამიანების სახეებს. მერე აუხსნან თავიანთ მეზობლებს, ნათესავებს, თუ რატომ იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულებრივ სქემაში. მათაც მოუწოდებ - „ქართული ოცნება“ დასრულებულია, ნუ მისცემთ საშუალებას გამოგიყენონ თქვენ, როგორც შავი მასალა. ყველაზე სამარცხვინო როლში ნუ ჩადგებით“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.