ე.წ. ტურიზმის მინისტრი - სოხუმის აეროპორტის გახსნა აუცილებელია, მაგრამ ძალიან ძნელი

სოხუმის აეროპორტის გახსნა აუცილებელია, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან ძნელია. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ გვსმენია სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ აი, ახლა გაიხსნება აეროპორტი. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ასოციაცია ამერიკაში, ჩიკაგოშია. ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტი იქ ირიცხება საქართველოს სახელზე. უახლოეს პერსპექტივაში ამასთან დაკავშირებით ცვლილება, სამწუხაროდ, არ იხილება“ , - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ არსებულ პირობებში აეროპორტმა იმუშაოს, უნდა ფუნქციონირებდეს ავიაკომპანია.
„საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, ავიაკომპანია დაფიქსირებული უნდა იყოს არ რუსეთში, ან აფხაზეთში და ასრულებდეს რეისებს რუსეთის შიგნით და აფხაზეთში. როგორია მოცემული პროექტის რენტაბელობა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ შეგვეძლო წავსულიყავით ჩრდილოეთ კვიპროსის გზით, როდესაც იქიდან თვითმფრინავები ფრენენ მხოლოდ თურქეთში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში, მაგრამ ეს პოლიტიკური ნაბიჯია. თუკი ჩვენ ბიზნესზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა გამოვიანგარიშოთ პლუსები“, - განაცხადა ხიშბამ.
მისი თქმით, ავიაკომპანიები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში იმუშავებენ, არა მხოლოდ არ დაიშვებიან საერთაშორისო რეისებზე, არამედ სარემონტო სამუშაოებსაც ვერ განახორციელებენ თავისი კომპანიის სერვისებში.
„თვითმფრინავს დააპატიმრებენ იმისთვის, რომ დაფრინავდა მათი მცდარი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

























