მდუმარე ამომრჩეველის “ნაღმი” - როგორი იქნება პარტიათა საუკეთესო ხუთეული არჩევნებზე
რა ანტიეპიდემიური ზომები გველის არჩევნების შემდეგ - “წერტილოვანი შეზღუდვები საკმარისი იქნება”
მთავრობამ პურის ფასი უნდა დააზღვიოს! - სხვა შემთხვევაში გაძვირება გარდაუვალია
* * *
მდუმარე ამომრჩეველის “ნაღმი” - როგორი იქნება პარტიათა საუკეთესო ხუთეული არჩევნებზე
“წინასაარჩევნოდ ჩატარებულ სხვადასხვა კვლევაში პარტიების ხუთეული სხვადასხვანაირად გამოიყურება, თუმცა ყველგან პირველ და მეორე ადგილს გამოკითხვებში “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” იკავებენ. როგორი იქნება ანალიტიკოსების პროგნოზი პარლამენტში შესული პარტიების საუკეთესო ხუთეული? - ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “რეზონანსთან” საუბარში პარტიების პირველ ხუთეულს პროგნოზირებს, თუმცა, ასევე მიიჩნევს, რომ შესაძლოა “მდუმარე” ამომრჩევლის გადაწყვეტილებამ შედეგები რადიკალურად შეცვალოს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი პარტიების იმ ხუთეულის მსგავს სურათს პროგნოზირებს, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა სოციოლოგიური კვლევების კომპანია “სურვეიშენმა” ჩაატარა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მდუმარე ამომრჩეველის “ნაღმი” - როგორი იქნება პარტიათა საუკეთესო ხუთეული არჩევნებზე.
“ჩვენ თუ ამის ამოსავალ წერტილად, რაც გვაქვს, იმ ბოლო კვლევებს ავიღებთ, ამ შემთხვევაში სურათი ასეთი უნდა იყოს: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი”. არის რამდენიმე ძირითადი ინსტიტუციურად შემდგარი და ფინანსური რესურსების მქონე პარტია, როგორებიცაა: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და შემდეგ კი თანაბარი რესურსებით მოდიან, მაგალითად, “ახალი საქართველო”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ლელო”. ალბათ ამ წყების შემდეგ მოდის ნინო ბურჯანაძის პარტია, “გირჩი”, “ლეიბორისტები”, რომლებსაც რაც მონაცემებში გამოიკვეთა, თანაბარი დონის მხარდაჭერა აქვთ. პირობითად მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე ადგილებს შორის შესაძლოა პროცენტული მაჩვენებლებით ძალიან მცირე განსხვავებებიც იყოს - ისე, რომ საპარლამენტო მაჩვენებლებით პლიუს-მინუს ერთი დეპუტატით იყოს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ კვლევებში დიდი წილია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც პასუხს არ აძლევს, ან ჩამოყალიბებულები არ არიან, თუ ხმას ვის მისცემენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ისაა - ეს კატეგორია არჩევნებზე წავა თუ არა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
“მათი გაცემული ხმა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ შესაძლოა ქვედა ნაწილში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიამ საერთოდ ზედა ნაწილში აიწიოს, უბრალოდ აქ ის თემაა, თუ ამ არჩევნებზე იმ დონის მოწადინება იქნება თუ არა, რაც 2012 წელს იყო. თუ ეს გაჩნდება, მაშინ შესაძლოა მთელი ამ კვლევების მაჩვენებლები თავიდან ბოლომდე ამოაყირავოს და მხარდაჭერა სად რა ნაწილში გადავა, კაცმა არ იცის, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად პროგნოზის გაკეთება იმიტომ ჭირს, რომ ფონი ისეთია, რომ რა წამში რა მიმდინარეობას მიიღებს, ამისი გააზრება ძნელია. მდუმარე ამომრჩეველი ერთგვარი მომართული „ნაღმივითაა", ამ ხალხმა თუ ნება გამოხატა, მაშინ შესაძლოა ამოყირავებული მონაცემები მივიღოთ და ე.წ. ლიდერები შესაძლოა უმცირესობაშიც აღმოჩნდნენ, თუმცა, გაკეთდება თუ არა ეს არავინ იცის”, - დაასკვნის გამზარდია.
“პარტიების პარლამენტში გასვლის პროგნოზში, სოციოლოგიური გამოკვლევებით ვხელმძღვანელობთ, კერძოდ “რუსთავი 2”-ის დაკვეთით რომ გამოკვლევა ჩატარდა, ამ კომპანიას ზოგადად კარგი შეფასება აქვს, ამ გამოკვლევის მიხედვით ხუთეულში “ოცნება”, “ნაციონალები”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო” და “ევოპული საქართველოა”. „ხუთეული ესენი იქნებიან, თუმცა გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, თუ ეს პროგნოზი გამართლდა, მგონია, რომ გადაწყვეტილებას ისევ “ოცნება” მიიღებს და დანარჩენები კი კრიტიკის ცეცხლში გაატარებენ, ეგაა და ეგ. მდუმარე ამომრჩეველი როგორც წესი ძალიან დიდი პროცენტებია ხოლმე და რეიტინგების შეცვლაც შეუძლია. ჩვენ გვინახავს მდუმარეც და მატყუარა ამომრჩეველიც, რომელმაც 2012-ში სოციოლოგებს უთხრა, რომ მიშას ვირჩევო და შემდეგ ივანიშვილი აირჩიეს. ყველა ვგრძნობთ, რომ ასეთი ტყუილის საფუძველი ხელისუფლების მხრიდან არ არის, თუმცა შესაძლოა ამომრჩეველი ჭოჭმანობს, არც ერთი არ უნდა და არც ის იცის რას იზამს, ან მნიშვნელობა უახლოეს გარემოცვას აქვს ხოლმე და თავისი პოზიციის თქვა ამ გარემოცვასთან ერიდება. მაგრამ, დღევანდელ სიტუაციაში ეს მიზეზები მგონია, რომ მაინც უფრო გადანაწილებული მიზეზებია, მე ამავე პარტიებზე ამ გადაუწყვეტელი ხმების თანაბარ გადანაწილებას ველოდები” - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
რა ანტიეპიდემიური ზომები გველის არჩევნების შემდეგ - “წერტილოვანი შეზღუდვები საკმარისი იქნება”
“რა თქმა უნდა ექიმებიც ადამიანები არიან და შეიძლება პაციენტისგან დაინფიცირდნენ, თუმცა, ასევე, შესაძლებელია ის ვირუსით საავამდყოფოს გარეთ ტრანსპორტში ან ოჯახის წევრებისგან იყოს დაინფიცირებული. ზუსტი მიზეზი მე არ ვიცი - ასე აფასებს ინფექციური საავამდყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე საკითხს კორონავირუსით დაინფიცირებული ექიმების თაობაზე. ის ასევე საუბრობს პრეპარატ რემდესივერზე და როგორც ამბობს, აღნიშნული პრეპარატი უკვე დამტკიცებულია კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად. მოცემული ეპიდვითარებისა და ვირუსით დაინფიცირების ყოველდღიური მატების ფონზე საკითხზე იქნება თუ არა საკმარისი მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, ენდელაძე ამბობს, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გარდა სხვა გამოსავალი არ გვაქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ანტიეპიდემიური ზომები გველის არჩევნების შემდეგ - “წერტილოვანი შეზღუდვები საკმარისი იქნება”.
“ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და გადაადგილდებიან ჩვეულებრივად. შეიძლება, რა თქმა უნდა, ექიმის პაციენტისგან დაინფიცირებაც მოხდეს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა შეიძლება არ იყოს პაციენტისგან და იყოს გარედან დაინფიცირებული. ამის მიზეზია - ტრანსპორტი, ოჯახის წევრები და ა.შ. ორივე ვარიანტის განხილვა შეგვიძლია როგორც პაციენტისგან ისე გარედანაც. მინდა აღვნიშნო რომ ჩვენს ინფექციურ კლინიკაში ავადმყოფისგან არც ერთი ექიმი არ დაინფიცირებულა. პრეპარატი რემდესივერი უკვე დამტკიცებულია და გამოიყენება ვირუსის სამკურნალოდ. ჯერ ჩვენ ეს პრეპარატი პრაქტიკაში არ გამოგვიყენებია. ზოგადად რემდესივერის გამოყენებით შეიძლება შემცირდეს ვირუსის გავრცელებაც და შესაბამისად სიკვდილიანობის მაჩვენებელიც - ვინდაინ ამ პრეპარატს სამკურნალო ჰქვია, სავარაუდოდ ასეც იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა ენდელაძე.
“დღევანდელი ეპიდვითარების ფონზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეზღუდვები მკაცრდება. მაგალითად გერმანიაში ქვეყნის კანცლერს ანგელა მერკელს კორონავირუსის შესაჩერებლად რესტორნებისა და ბარების დახურვა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს. მათივე ცნობით შესაძლოა გერმანიაში ადამიანებს სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად ჰქონდეთ. ასევე შეიძლება დაიხუროს ფიტნეს-დარბაზები, კლუბები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერის სახლები, საკონცერტო დარბაზები. ამასთანავე ღია დარჩეს მაღაზიები. ხოლო რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით ექნებათ მუშაობის საშუალება. გერმანიაში მიმდინარე ვითარების ფონზე, ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე საკმარისია თუ არა საქართველოში მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები ვირუსის შესაჩერებლად, მარინა ენდელაძე გვპასუხობს, რომ საკმარისია და წერტილოვანი შეზღუდვების გარდა სხვა გზა არ გვაქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამ ეტაპზე წერტილოვანი შეზღუდვების გარდა, სხვა რამეს აზრი არ აქვს და სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩემი აზრით, საკმარისია და სამომავლოდაც თუ ამის საჭიროება გახდა, საკმარისი იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება კორონავირუსთან საბრძოლველად”, - მიიჩნევს მარინა ენდელაძე. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაინფიცირებული ექიმების შესახებ ისაუბრა. “სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, დღევანდელი დილისთვის ასეთი 123-ია. სამწუხაროდ, იცით რომ გარდაგვეცვალა ერთი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი. ასევე სხვა რისკჯგუფებში დაახლებით 299 ადამიანია კოვიდ დადებითი”, - განაცხადა მან. წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ კომენტარი გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმაც. მისი თქმით, რაც უფრო მაღალი იქნება წესების დაცვის ხარისხი, მით უფრო ნაკლები შეზღუდვები გახდება საჭირო. “რაც უფრო მაღალი იქნება წესების დაცვის ხარისხი და აქ პირველ რიგში, პირბადის გამოყენება და დისტანცია იგულისხმება, მით უფრო ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. დღეს 2000-ს გადააჭარბა, რაც პოზიტიური პროცესია” განაცხადა მეზვრიშვილმა, რომლის განმარტებით, “პროცესის მართვა გრძელდება და ყველას ვისაც ექიმის კონსულტაცია სჭირდება დახმარება ეწევა”, - დასძენს გამოცემა.
მთავრობამ პურის ფასი უნდა დააზღვიოს! - სხვა შემთხვევაში გაძვირება გარდაუვალია
“მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი კვლავ მატულობს. პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი მუდმივად ძვირდება. ისევ პიკზეა 1 ბუშელი ხორბალი და მისი ღირებულება 6.20 დოლარის ფარგლებშია. ამის გამო კი, საქართველოში პურ-პრუდუქტებზე ფასის მატებაა მოსალოდნელი. საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის გაზრდის გამო, შესაძლოა, საქართველოში მარცვლეულის სუბსიდირების საკითხი უკვე რეალურად დადგეს დღის წესრიგში. როგორც სპეციალისტები ამბობენ, გაძვირების თავიდან ასაცილებლად ეკონომიკური გუნდის გააქტიურება ნოემბრის ბოლოდან იქნება საჭირო. ხორბალზე ფასის ზრდა ძირითად იმპორტიორ ქვეყნებში მოსავლის რაოდენობის სიმცირით და მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სექტემბრის შემდეგ ხორბალი საშუალოდ 30%-ით გაძვირდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მთავრობამ პურის ფასი უნდა დააზღვიოს! - სხვა შემთხვევაში გაძვირება გარდაუვალია / მსოფლიოში ხორბალი კვირიდან კვირამდე ძვირდება, ჯერჯერობით საქართველოს გაძვირებული პარტია არ შეუძენია.
“მეხორბლეთა ასოციაციას პრემიერ-მინისტრთან უკვე ჰქონდა შეხვედრა. მთავრობა მზად არის საჭიროების შემთხვევაში პურზე ფასის მატება კვლავ დააზღვიოს. “თუ მსოფლიოში ასეთი ტენდენცია გაგრძელდება და ხორბლის ფასი აიწევს, ეს შექმნის დაძაბულობას ბაზარზე. ამასთან დაკავშირებით შეხვედრა გვქონდა პრემიერთანაც, რომელმაც გვითხრა, რომ თუ ზედა ზღვარი იქამდე მივიდა, რომ ამან გარკვეული ასახვა ჰპოვა და გადავიდა გაძვირების ტენდენცია ფქვილიდან პურში - აუცილებლად ჩაირთვება ფასების შენარჩუნების პროგრამა”, - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ. საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ძირითადად რუსულ ხორბალს მოიხმარს. იმის გამო, რომ საერთაშორისო ბაზარზე და მათ შორის რეგიონში ხორბალზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, რუსეთი ხორბლის ექსპორტზე კვოტების დაწესებას განიხილავს. ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ხელმძღვანელი ქეთევან კუბლაშვილი ამბობს, რომ კვოტების დაწესების თემას რუსეთი სპეკულაციის მიზნით იყენებს და მიუხედავად ამ განაცხადისა, ხორბლის დეფიციტი არ შეიქმნება და საქართველოს შეუძლია სტრატეგიული პროდუქტის იმპორტი სხვა ბაზრებიდან განახორციელოს, თუმცა ამასაც გარკვეული ფასი ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გამოვრიცხავთ დეფიციტს ხორბლის ბაზარზე, რადგან კარგი მოსავალია მწარმოებელ ქვეყნებში და მათსავე ინტერესში შედის, რაც შეიძლება მეტი ხორბალი გაყიდონ. რუსეთის ხრიკი, რომელსაც კვოტირების დაწესება ჰქვია, ეს არის მუდმივმოქმედი თემა, ის ყოველ წელს მანიპულირებს. კვოტები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს დეფიციტს და არ გამოწვევს ფასის ზრდას. დეკემბერში ველოდებით 27 ათას ტონა ხორბალს, რომელიც შემოვა ალტერნატიული ბაზრიდან. ზოგადად თავისუფალ ბაზარზე შეძენა პრობლემა არ იქნება და შესაბამისად, არც დეფიციტი შეიქმნება, თუნდაც აკრძალოს რუსეთმა და კვოტირება მოახდინოს. სავსებით შესაძლებელია სხვა ქვეყნებში მოხდეს მარცვლეულის შესყიდვა საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასით”, - თქვა ქეთევან კუბლაშვილმა, რომლის განმარტებით, “ტრანსპორტირების ტარიფის სხვაობის გამო, ეს საქართველოში ხორბალზე ფასის ზრდას გამოიწვევს". როგორც ირკვევა, თუ რუსეთში ხორბილის ფასი გაძვირებას გააგრძელებს, საქართველოში ფქვილის ფასის მატება გარდაუვალი იქნება. საქმე იქითკენ მიდის, რომ სუბსიდირების ამოქმედება გახდება საჭირო. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ადასტურებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მთავრობა დაზღვევის მექანიზმს აამოქმედებს”, - დასძენს გამოცემა.
“ჯერჯერობით, საქართველოს ხორბლის ახალი პარტია არ შეუძენია. ჩვენი ბოლო შესყიდვა იყო, როდესაც 1 ტონა 208-212 დოლარი ღირდა. რუსეთში არის ადგილები, სადაც ახლაც უამრავი ხორბალი აქვთ და რომ იტყვიან, უყრიათ - მთავარია იყიდო და წაიღო. მე ვიცი, რომ ქართული მანქანები ამაზე მუშაობენ და ხორბალი ასე შემოაქვთ. თუ ამას ხელი შეეწყობა, გარკვეულწილად, საქართველოში ფქვილის ფასს დაასტაბილურებს. არსებობს სხვა სცენარიც. თუკი მძიმე სიტუაცია შეიქმნება, ალბათ, სახელმწიფო ისევ ჩაერევა, რადგან არც ერთ ქვეყანას არ აწყობს პურის ფასის ცვალებალდობა. ასე, უაზროდ პურის ღირებულების აწევ-დაწევა არ შეიძლება. ყველა უყურებს რა ღირს პური მაღაზიაში და სულ არ აინტერესებს ხორბალი და ფქვილი რა ფასად არის ნაყიდი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მალხაზ დოლიძე.
“მწარმოებელებს გვქონდა მინისტრთან შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ საჭიროების შემთხვევეაში მთავრობის მხრიდან მოხდებობდა სუბსიდირება, რათა ფასები დიდად არ გაიქცეს. მჯერა, რომ დღევანდელი ვითარება პურის ფასზე დიდად არ აისახება. ამას უფრო მეტად არჩევნების შემდეგ ვიტყვით. ჯერჯერობით, ხორბლის მარაგი არის, დაახლოებით 1-1,5 თვის მარაგი არსებობს ქვეყანაში. მგონია და ჩემი სურვილიც ასეთია, რომ ყველაფერი სტაბილურად დარჩეს. ფასის ცვალებადობის შემთხვევაში დისტრიბუტორები და მაღაზიები პირობებს შეცვლიან. ეს ჯაჭვური რეაქციაა”, - ამბობს მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე.