ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი "ევროპული საქართველოდან" კომისიის თავმჯდომარეს დისკრიმინაციასა და მიკერძოებაში ადანაშაულებს

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი "ევროპული საქართველოდან" ბესიკ დონაძე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს დისკრიმინაციასა და მიკერძოებაში ადანაშაულებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "მირანდა მესხი არის სუს-ის მიერ კონტროლირებადი პირი, რომელსაც რასაც დაავალებენ იმას ასრულებს".
ბესიკ დონაძის განმარტებით, ამის თქმის საფუძველს აძლევს ის, რომ მან "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი უგულავას "ფეისბუქ პოსტი" მოიწონა, ამის გამო კი სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს.
დონაძე განმარტავს, რომ ამით მას არანაირი წესი არ დაურღვევია.
"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისია "ქართული ოცნების" დამატებით შტაბად გადაიქცა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არის "ქართული ოცნების" შემადგენელი ნაწილი, დავალებების შემსრულებელი. ჩვენ, "ევროპულმა საქართველომ" სამჯერ მივმართეთ საჩივრით კონკრეტულად მირანდა მესხს ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე, ასევე პედაგოგების საარჩევნო კამპანიაში ჩართვისა და სააგიტაციო მასალის დაზიანების თაობაზე. სამივე შემთხვევაში "ქართული ოცნების" "წევრმა" მირანდა მესხმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მფარველობს, რადგან მისი უახლოესი დაქალია, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაინახა კანონდარღვევა. წერილზე პასუხი გაგვცა, რომ ირაკლი ჩიქოვანს კანონი არ დაურღვევია. ამასთან, ჩვენ გავასაჩივრეთ მესხის მიერ გამოცემული აქტები ცესკო-ში, რომელმაც ასევე დაგვიწერა, რომ ჩიქოვანს არ დაურღვევია წესი. ანუ, პედაგოგების კლიპები, რომელიც ჩიქოვანის გვერდზე ტრიალებს, თურმე ეს დარღვევა არ არის. მას შემდეგ, რაც სამი საჩივარი დავწერე, ჩემზე დაიწერა, რომ საარჩევნო აგიტაციას ვეწევი. ოღონდ, ეს წინსაარჩევნო აგიტაცია გამოხატულია ჩემს პირად "ფეისბუქ" გვერდზე. თურმე, "დალაიქებული" მაქვს გიორგი უგულავას პოსტი, რის შემდეგაც მირანდა მესხმა გადაწყვიტა, რომ ჩემთვის გამოეწერა სამართალდარღვევის ოქმი", - განაცხადა დონაძემ.

























