ზაურ დარგალი - გუშინ ქართველმა ხალხმა თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გააკეთა თავისი არჩევანი

გუშინ ქართველმა ხალხმა თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გააკეთა თავისი არჩევანი, - ამის შესახებ მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა განაცხადა. მისივე განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ" არჩევნები უმრავლესობით მოიგო.
„ქართველი ხალხის ნებით ჩვენ, პროპორციული სიით და პირველ ტურში მაჟორიტარების ხმებით მინიმუმ, 76 მანდატი მოვიპოვეთ, ანუ უმრავლესობით მოვიგეთ არჩევნები. მარნეულში ჩვენ პირველ ტურში ვიგებთ არჩევნებს და მადლობა მინდა გადავუხადო მარნეულისა და გარდაბნის ამომრჩევლებს. ჩვენ ვიყავით ყველა ოჯახში, მივედით ყველა სოფელში, შექმნილი იყო ყველა პირობა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარებულიყო. გუშინ იყო სხვადასხვა პროვოკაცია, ინციდენტები, თუმცა, თქვენ ნახეთ, რომ ზოგადად, გარდაბანსა და მარნეულში არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა",- განაცხადა დარგალმა.
მან ასევე უპასუხა ოპოზიციის განცხადებებსაც, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლების დაშინებას, მისყიდვას ჰქონდა ადგილი.
„დაშინება, გაყალბება, ყველაფერი საქართველოში 2012 წლამდე იყო, მის შემდეგ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ტარდება",- განაცხადა დარგალმა.

























