ქართული პრესის მიმოხილვა 05.11.2020

როგორ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე - “ოპოზიციის ამომრჩეველი მეორე ტურზე შეიძლება არ მივიდეს”

სასიკვდილო საფრთხის ქვეშ უკვე ახალგაზრდებიც არიან - საგანგაშო ლეტალობის მიზეზებს ექიმები ზუსტად ვერ ადგენენ

ოპოზიცია ქვეყნის მასშტაბით 52%-ი ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს

* * *

როგორ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე - “ოპოზიციის ამომრჩეველი მეორე ტურზე შეიძლება არ მივიდეს”

“საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე მოსალონდელია, რომ ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები ხმის მისაცემად არ მივიდნენ, რადგან ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მოთხოვნა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმებაა, თუმცა, თუ მათი ამომრჩეველი მეორე ტურზე მივა, ის ჩვეულებრივად შეძლებს ხმის მიცემას სასურველი კანდიდატისთვის და ამ მხრივ არავითარი ტექნიკური პრობლემა არ შეიქმნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე - “ოპოზიციის ამომრჩეველი მეორე ტურზე შეიძლება არ მივიდეს”.

“საკითხზე, თუ როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების გარეშე და ტექნიკურად როგორ ჩატარდება არჩევნები, “რეზონანსს” კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრნენ. ხმალაძის აზრით, მეორე ტურში ტექნიკური პრობლემები არ შეიქმნება და ამომრჩეველი ჩვეულებრივად მისცემს ხმას სასურველ კანდიდატს, იმის მიუხედავად ოპოზიცია უარს იტყვის თუ არა. საყვარელიძე საკითზე, თუ როგორ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუკი ოპოზიციური პარტიები რეალურად იტყვიან უარს მეორე ტურზე, მაშინ შეიძლება მათი ამომრჩეველიც არ მივიდეს ხმის მისაცემად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ტექნიკურად არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ბიულეტენში ჩვეულებრივად იქნებიან კანდიდატები. ერთი ამომრჩეველიც თუ მივიდა და მისცა ხმა რომელიმე კანდიდატს, ის კანდიდატი გაიმარჯვებს და ამით დასრულდება ყველაფერი. ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვიცით რაც არის ნათქვამი. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები ჩატარდა უამრავი დარღვევებით და ამიტომ ამ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს. ამ დროისათვის მათ ეს მოთხოვნა აქვთ დარჩენილი, მერე რა იქნება, არ ვიცი, ამიტომ დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

“ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თუ რეალურად აპირებენ უარის თქმას არჩევნების მეორე ტურზე, მაშინ დიდი ალბათობით არც მათი მხარდამჭერები და ამომრჩევლები არ მივლენ ხმის მისაცემად, რადგან მათთვის ამ შემთხვევაში მთავარი იმ პარტიათა შეხედულებები იქნება, რომელთაც მხარს უჭერენ, მაგრამ თუ ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდა, ის ჩვეულებრივად მისცემს ხმას. ბიულეტენებში უკვე შეტანილია ყველა პარტია თავისი წარმომადგენლით და ვინც არის ამ ჩამონათვალში, ისინი ჩვეულებრივად მიიღებენ ხმებს. შესაბამისად ხმის მიცემის პროცესებზე ოპოზიციის უარი მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. თუკი საარჩევნო უბანზე მისულმა ადამიანმა შემოხაზა ოპოზიციიდან კანდიდატი, მას ჩვეულებრივად ჩაეთვლება ეს ხმა. ასევე იქნება მმართველი პარტიის წარმომადგენლის შემთხვევაშიც. შესაბამისად ხმის მიცემის პროცესზე პრობლემა არ შეიქმნება და ოპოზიციის უარი ამაზე გავლენას ვერ მოახდენს. აქ მთავარია ერთი დეტალი, მივა თუ არა ოპოზიციის მხარდამჭერი მეორე ტურზე”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

სასიკვდილო საფრთხის ქვეშ უკვე ახალგაზრდებიც არიან - საგანგაშო ლეტალობის მიზეზებს ექიმები ზუსტად ვერ ადგენენ

“საქართველოში ეპიდვითარების გაუარესებასთან ერთად, კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა - სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღიურად სამი ათასეულის ფარგლებში გადავიდა და გარდაცვალების მონაცემები საათობრივად იცვლება. ასევე, მცირეწლოვნების დაინფიცირების შემთხვევებიც იზრდება. ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი კოვიდპაციენტი 15 წლის მოზარდი იყო, იგი საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დაგვიანებით მკურნალობას შეეწირა ქუთაისში მცხოვრები 26 წლის გოგო - გარდაცვლილის დედის თქმით, კლინიკებში ადგილები არ იყო და მისი შვილის გადაყვანა ამიტომ ვერ შეძლეს. პაციენტი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სასიკვდილო საფრთხის ქვეშ უკვე ახალგაზრდებიც არიან - საგანგაშო ლეტალობის მიზეზებს ექიმები ზუსტად ვერ ადგენენ / “ადრე თუ გვიან ვირუსს ყველა მოიხდის - ვინც ვერ მოიხდის, ლეტალური შედეგი იქნება”

“როგორც ოჯახი ამტკიცებს, გარდაცვლილი დედისგან დაინფიცირდა და თანმდევი დაავადება არ ჰქონია, ხოლო მდგომარეობის მოულოდნელად დამძიმების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს - გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკული პაციენტისთვის კლინიკაში ადგილები არ იყო, ოჯახი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. “შეიძლება პირველი შემთხვევაა, ვინც ვერ დააწვინეს და გარდაიცვალა... პაციენტის ისე სწრაფად გადაყვანა სტაციონარში, როგორც ეს გაზაფხულზე ხდებოდა, ვერ ხერხდება გასაგები მიზეზების გამო. სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში ასეა. ამიტომ, ამ პრობლემის გადაწყვეტას უნდა კომპლექსური მიდგომა როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე სტაციონარების მხრიდან -პაციენტების სწორად შეფასება უნდა მოხდეს, რადგან საავადმყოფოებში მხოლოდ მძიმე პაციენტები მოხვდნენ”, - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ. ახალგაზრდა პაციენტი გარდაიცვალა მარტვილის მუნიციპალიტეტშიც. 31 წლის ქალს ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მისი სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა “პისიარ” ტესტის ჩატარების შემდეგ დადებითი პასუხი მიიღეს. ახალგაზრდა ქალი კი ტესტის პასუხამდე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რისგანაა გამოწვეული საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკის გაახალგაზრდავება, ხომ არ განიცადა ვირუსმა გარკვეული მუტაცია, ან რა გამომწვევი მიზეზი აქვს აღნიშნულ ფაქტს? თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღავნელი მარინა ენდელაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდების გარდაცვალება გამოწვეულია არა ვირუსის მუტაციით, არამედ შემთხვევების კრიტიკული მატებით. იმავე აზრისაა ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე, იგი მიიჩნევს, რომ გარდაცვლილთა ასაკის გაახალგაზრდავება კორონავირუსის ე.წ. პასაჟირების ანუ გადადების სიხშირის მკვეთრი მატების ფონზე ვირუსის გაძლიერების ბრალია”, - დასძენს გამოცემა.

“მუტაციის შესახებ ასე იოლად საუბარი არ შეიძლება - უბრალოდ ძალიან ბევრი ინფიცირებუილია და ამ ინფიცირებულებიდან ზოგი ახალგაზრდა იქნება და ზოგი უფრო ასაკოვანი, ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია, ბევრ პაციენტში ბევრი იქნება. თანაც, სიკვდილიანობის თვალსაზრისით ამ რაოდენობას ბევრი არ ჰქვია, ჩვენთან კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე სხვაგან. სიტუაცია რა თქმა უნდა, საგანგაშოა, ახლა მიტინგები არ შეიძლება და არ შეიძლება ნიღბის გარეშე სიარული, რა თქმა უნდა, რომ შემთხვევები მოიმატებდა და ახლა კიდევ მოიმატებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა ენდელაძე.

“ვირუსი როცა უფრო მეტ ადამიანს დაემართება და გადადების სიხშირე მოიმატებს, ამას პასაჟირება ჰქვია, რასაც ლაბორატორიებში ვირუსის გასაძლიერებლად იყებენ და სამწუხაროდ, მისი პათოგენობაც იმატებს ხოლმე, არაა გამორიცხული რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკის გაახალგაზრდავება, სწორედ ამის ბრალია. იმიტომაა, რომ სიკვდილიანობა ყოველთვის იქაა ხოლმე მეტი, სადაც ბევრი ინიცირებულია, როდესაც ჩვენთან 30-მდე შემთხვევები იყო, სიკვდილიანობა თითქმის არ იყო, ახლა უკვე მოიმატა. ის ფაქტი, რომ სიკვდილიანობის თვალსაზრისით ასაკობრივი ცვლილება მოხდა, ეს ძალიან შემაშფოთებელია, სიფრთხილე კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ. ესაა ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია, რომელიც ძალიან ადვილად ვრცელდება, ეს ეტყობა მას გენში უდევს და ამას ემატება ის პასაჟირება, რომელიც მის გადამდებლობის უნარს აძლიერებს - ყოველი გადაცემის შემდეგ ვირუსი ძლიერდება, იმიტომ, რომ მან სხვადასხვა ადამიანის იმუნიტეტს გაუძლო და ამ ბრძოლებში უფრო გაძლიერდა, როგორც ჯარისკაცების მომზადება ხდება ხოლმე”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ის რაც ახლა ხდება, ჩვენმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ვირუსს ხელი ძალიან შეუწყო, თავშეყრები და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში პირბადე არ უკეთიათ და თუ უკეთიათ, არასწორად, ასევე ახლო კონტაქტები, არავითარი დისტანცია, ერთმანეთს მიწოლილი ხალხი, ამ დროს ადამიანი აბსოლუტურად დაუცველი ხდება ხოლმე. თუ ასე გაგრძელდა, ადრე თუ გვიან კორონავირუსს ყველა მოიხდის, ვინც ვერ მოიხდის, სამწუხაროდ, ლეტალური შედეგი დაფიქსირდება, მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ სახელმწიფო ყოველთვის მათ ვერ დაიცავს, პირველ რიგში თითოელმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავსა და მის ირგვლივ მყოფ ადამიანებზე უნდა იზრუნოს”, - დაასკვნის ხმალაძე.

ოპოზიცია ქვეყნის მასშტაბით 52%-ი ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს

“ოპოზიცია ფიქრობს, რომ ქვეყნის მასშტაბით უბნების 52%-ის შემთხვევაში ხმები არასწორად არის დათვლილი და გაყალბებული ბიულეტინების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ. ისინი თვლიან, რომ ხმების გადათვლის შემთხვევაში, რეალობა სრულიად სხვა იქნება. ამიტომაც, ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ამ არჩევნების გადარჩენა შესაძლებელი იქნება, თუკი ცეესკო ყველა საჩივრის დაკმაყოფილებას შეძლებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიცია ქვეყნის მასშტაბით 52%-ი ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს.

“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივანი და “ენმ-ძალა ერთობაშია”-ს წევრი, თამარ კორძაია ბრიფინგზე ამბობს, რომ საჭიროა, იმ ბიულეტენის ხელახლა გადათვლა, სადაც მონაცემები არასწორადაა შეყვანილი. “მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჩვენს პარტნიორებს - ის, რაც ხდებოდა არჩევნების დღეს, ენით აღუწერელი დანაშაულია. ირაკლი კობახიძე დარღვევებს ადამიანური შეცდომებით ხსნის. ეს შეიძლება იყოს მართალი, რადგან დაშინებული, დაშანტაჟებული და მოსყიდული ადამიანები 100%-იანი სიზუსტით ვერ დასვამდნენ ოქმებში გაყალბებულ მონაცემებს და დიახ, შეშინებული ადამიანი ზუსტად ვერ დაწერს ციფრებს. ჩვენ ვითხოვთ იმ ბიულეტენების გადათვლასა და სრულად ბათილობას, სადაც შეცდომითაა შეტანილი მონაცემები. დღეს პროკურატურაში ხელმოწერების გაყალბებაზე შეგვაქვს 20 საჩივარი. ადამიანებმა ჯანმრთელობის ფასად გააკეთეს არჩევანი და მას ხელისუფლება პარავს”, - ამბობს კორძაია. ვაკის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მხოლოდ ვაკის ოლქში 3989 ბათილი ბიულეტენია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საგანგაშოა ბათილების რაოდენობა: ვაკის ოლქში არის 3989 ბათილი ბიულეტენი, რაც არის, საშუალოდ, უბანზე 50 ბათილი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, 7% გამოდის, რაც არის აბსოლუტურად უჩვეულო. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამას ჰქონდა კამპანიური ხასიათი - სპეციალურად არ აწერდნენ ხელს და არ ურტყამდნენ ბეჭედს ისეთ ბიულეტენებს, როცა ცნობდნენ ოპოზიციონერებს და მერე სპეციალურად აბათილებდნენ. ორი წარმომადგენელი უარყოფს, რომ შესწორების ოქმის დაწერისას იქ საერთოდ ფიზიკურად იყვნენ და მათ ნაცვლად მოაწერეს ხელი ამ შესწორების ოქმზე. მას შემდეგ, რაც ისინი დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ისინი ფიზიკურად იქ არ იყვნენ და ის ხელმოწერა მათი არ არის, უთხრეს, რომ არ შეაწუხეს და მათ მაგივრად მოაწერეს ხელი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული”, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ისანში “ძალა ერთობაშიას” კანდიდატ ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში 81-დან უმრავლესობაში - 45 უბანში არ არის ბალანსი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ისანში არის 81 საარჩევნო უბანი. აქედან 45 ოქმში არ გვხვდება ბალანსი. არცერთ უბანზე არ არის თანაფარდობა ბიულეტენების და ამომრჩეველი რაოდენობის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ყველა უბანზე დატრიალებულია ე.წ. გაყალბების კარუსელი. ჩვენ ვითხოვთ 45-ვე უბნის გაბათილებას”, - თქვა ხატია დეკანოიძემ. “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ ციფრები ყველა დაუბალანსებელ ოქმში “ოცნების” სასარგებლოდაა ასახული და “ეს გასაკვირი არცაა”. “მთაწმინდის საარჩევნო უბანზე 29 ხმა მივიღეთ და ეს რიცხვი გადაკეთებულია 3-ად. სულ მცირე, ჩემი ოჯახის წევრები აძლევდნენ იქ ხმას. არჩევნები უბინძურესად ჩატარდა. ტოტალური გაყალბება თუ რამეს ჰქვია, ჰქვია 31 ოქტომბრის არჩევნებს”, - ამბობს ელისაშვილი. “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა. მისი განცხადებით, სპეცუბნებზე დაფიქსირებული შეცდომები არაკვალიფიციური კომისიის წევრების ბრალი იყო”, - დასძენს გამოცემა.

"ეს შეცდომები განპირობებული იმით, რომ ინფიცირებულ და იზოლირებულ პირებთან მუშაობას თავისი სპეციფიკური ცოდნა ესაჭიროება და ამიტომ სპეცუბნებში კომისიის ძველი წევრები ახალი, პრაქტიკულად დაუტრენინგებელი წევრებით იყვნენ ჩანაცვლებული და ტექნიკური შეცდომები იყო ძალიან ბევრი. არის უბნები, სადაც ფიქსირდება ხელმოწერაზე მეტი ბიულეტენები, ამ შემთხვევაში, თუ ეს არის დიდი რაოდენობა, პრობლემაა და დეტალურად არის შესასწავლი. რაც შეეხება უბნებს, სადაც შეიძლება იყოს ბიულეტენების დანაკლისი, ეს საარჩევნო პრაქტიკაში პრობლემას არ წარმოადგენს. ოქმების პრაქტიკულად უმრავლესობაზე ფიქსირდება, მათ შორის, ნაცმოძრაობის წარმომადგენლების ხელმოწერები. მათ დაადასტურეს ოქმის სისწორე, რომელზეც დღეს მიდის არაერთი სპეკულაცია”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. “ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნი, ირაკლი კობახიძე საარჩევნო შედეგებში უზუსტობებს განმარტავს. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მითუმეტეს მაშინ, როცა კორონავირუსის გამო სპეციალური უბნები დაამატეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“კობახიძის თქმით, დარღვევები ყველგან ერთნაირი არ იყო, თუმცა მათი უმეტესობა ტექნიკური შეცდომაა, რაც შეეხება სამგორსა და მარნეულს, იქ კობახიძის აზრით, არა ტექნიკური ხარვეზი, არამედ მანიპულაცია იყო. “95%-ზე მეტში არის მარტივი ტექნიკური შეცდომები, რაც შეეხება ბალანსის დასმას, ამასთან დაკავშირებით მე პირადად ჩავატარე ბრიფინგი, სადაც განვაცხადე იმის თაობაზე, თუ რას აპირებდა რადიკალური ოპოზიცია. მათ ჰყავთ საკუთარი რეგისტრატორები, კომისიის წევრები, ერთ-ერთი მათი ამოცანა იყო, რომ ხელი არ მოეწერინებინათ საკუთარი აქტივისტებისთვის, როგორც კი ერთი ხელმოწერა ვარდება სიაში მაშინვე ბალანსი აღარ ჯდება. მეორე მარტივი მანიპულაცია არის ის, რომ როდესაც შენი აქტივისტი შედის კაბინაში, ერთ ბიულეტენს იდებს ჯიბეში და ამ შემთხვევაში უკვე ბალანსი არ ჯდება. ამაზე წინასწარ განვაცხადეთ და ძირითადად ტექნიკურ უზუსტობებზე როცაა საუბარი იქ საქმე ეხება ერთი ხმის და ორი ხმის უზუსტობას... სადაც არის ტექნიკური ხარვეზი და ბალანსი დარღვეული, 1 და 2 ხმაში ეს ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი სცენარი, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია”, - თქვა ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმით, მათ ეს ინფორმაცია 3 დღით ადრე მიაწოდეს საზოგადოებას”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს