მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცესკო-ს გუშინდელი შემაჯამებელი სხდომა ხელისუფლების დღევანდელ შეთავაზებასთან არავითარ კავშირში არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცესკო-ს გუშინდელი შემაჯამებელი სხდომა ხელისუფლების დღევანდელ შეთავაზებასთან არავითარ კავშირში არ არის.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები „არასწორ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას იმის შესახებ, რომ გუშინდელმა თარიღმა რაღაც ჩაკეტა“.

„გუშინდელი თარიღი, რომელიც შედიოდა იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცესკო-მ თავისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, არაფერ შუაში არ არის ჩვენს შეთავაზებასთან. ისინი(ოპოზიცია) ამჯერადაც არასწორ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას იმის შესახებ, რომ გუშინდელმა თარიღმა რაღაც ჩაკეტა. კანონმდებლობის შესაბამისად, 19-მდე არის საერთო ვადა, როდესაც ცესკო-მ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო შედეგი უნდა გამოაცხადოს. რასაც ჩვენ ვთავაზობდით, ამ ყველაფრის პრაქტიკული განხორციელების საშუალება არსებობს.

ჩვენ ვეუბნებოდით, რომ გადავთვალოთ ყველა უბანი, სადაც ოდნავი აცდენაც კია ISFED-ის მონაცემებთან, მაგრამ მათ თქვეს, რომ ეს მათ არ აწყობთ. ამის შესახებ ჩვენ საუბარს არ ვაპირებდით, თუმცა დღეს თქვენ ნახეთ მათი განცხადებები. მათი გუშინწინდელი განცადებები შედარებით მოკრძალებული იყო და ფორმალურად მაინც დაიცვეს პირობა, თუ არ ჩავთვლით გიგი უგულავას განცხადებას „ჭირვეულის მორჯულებას“ თუ რაღაცას მსგავს ტერმინებს იყენებდა. დღევანდელ განცხადებებში მათ არ დაიცვეს ჩვენი ფასილიტატორი ელჩების თხოვნა და თქვეს, რომ არ თანხმდებიან იმაზე, რომ ხმები გადაითვალოს. ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ ინფორმაცია ცალმხრივი არ ყოფილიყო და მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია, რომ ჩვენ ასეთი საკითხი დავაყენეთ ელჩების თანდასწრებით. დღეს უკვე საზოგადოებამ ტელეეკრანებიდან შეიტყო, რომ ისინი ცალსახად და გადაჭრით უარს ამბობენ ამაზე. წარმოუდგენელი ამბავია, პირდაპირ გეუბნებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ვიდეოკამერებში, რომლის ნახვაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპოზიციას შესთავაზეს, ყველაფერი ჩანს.

„ვიდეოკამერებში ყველაფერი ჩანს, გადაღებულია, მე რას ვამბობ და ჩვენი ოპოზიციის რომელიმე წარმოდგენლი კი არა, გადაღებულია ყველაფერი. როცა ამაზე უარს ამბობ, ხმების გადათვლაზე უარს ამბობ, ესეიგი შენ რეალური შედეგი არ გაინტერესებს და ცდილობ, რომ ზოგადი სპეკულაციური შედეგებით გახვიდე ფონს და შემდეგ გააკრა ჩემი, კალაძის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის სტიკერები, დააწერო „გამყალბებელი“ და შემდეგ გასაპროტესტებლად შეუშვა გოგორიშვილი და თარხნიშვილი. ამ რეალობაში არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ისინი მაინც წამოვლენ კონსტრუქციულ დიალოგზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა