ლევან ვარშალომიძე - 21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ

ჩვენი გზავნილი ასეთია: მშვიდობიანად არჩევნების გზით ხელისუფლება შევცვალოთ,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან ვარშალომიძის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, რის გამოც მათ ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ საარჩევნო უბანზე არ მივიდნენ.
ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად საპროტესტო აქციები აჭარის მთავრობის სახლთან გაგრძელდება.
"ერთად დგომით ბევრ საქმეს გავაკეთებთ. ბათუმი ყოველთვის იყო სიყვარულის ქალაქი და ის გამარჯვების ქალაქი გახდება. 8 ნოემბრიდან ღამეებს ვათენებთ, ჩვენ ამით მივაღწევთ გამარჯვებას. მადლობა ყველა ახალგაზრდას, ვინც გვერდში დაგვიდგა, ამ ძალას თქვენ გვაძლევთ და თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ქუჩა და ეს შენობები სიმბოლურია, რადგან ბათუმმა 2003-2004 წლებში ერთი გამარჯვება იზეიმა და კიდევ ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას“,- განაცხადა ვარშალომიძემ.
ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს სირცხილის კორიდორი მოაწყონ.
„31 ოქტომბერს სპეცოპერაცია მოხდა. დღეს რუსული ოცნება გვეუბნება: არ გამოხვიდეთ დაჯექით სახლში, როდესაც ცესკო და უსკო უსინდისოდ აყალბებს არჩევნებს, ერთადერთი გზაა, რომ დავიცვათ თითოეული ხმა და არჩევნებით ხელისუფლება შევცვალოთ. ჩვენი გზავნილი არამარტო საქართველოსთვის არამედ მსოფლიოსთვის, ასეთია: მშვიდობიანად შევცვალოთ ხელისუფლება, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და შეიცვალოს ცესკოს ხელმძღვანელობა. ამ მიზნით ვდგავართ ყველა პარტია, ბევრი ჭორი და ლაპარაკი იქნება, მე არსად არ ვაპირებ წასვლას ბოლომდე ვიბრძოლებ და თქვენს გვერდით ვიქნები. მოთხოვნას სჭირდება კონკრეტული გეგმა, 24 - საათიან რეჟიმზე ვიქნებით. 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური იქნება, ჩვენ არ ვღებულობთ მონაწილეობას და აქტივს მოვუწოდებთ, რომ არ მივდივართ არჩევნებზე. არცერთი ჩვენგანი არ შედის პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში. 21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს "ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი. 22 ნოემბერს აქ ჩვენ ისევ შევიკრიბებით. ეს ბრძოლა მხოლოდ არჩევნებისთვის არ არის, აქ ბრძოლაა საქართველოს მომავლისთვის, იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია არაა, ყველამ ერთად დემოკრატიის სადარაჯოზე დავდგეთ. ხვალ ბათუმში აივნებზე გამოვფინოთ საქართველოს დროშა და ვაჩვენოთ რამდენი ვართ",- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

























