ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2020

კრიზისი უკვე დაიწყო - მედიკოსთა ნაწილი საკოორდინაციო საბჭოს დაუპირისპირდა

პომპეო და ოპოზიცია - რას შეცვლის რუსთაველზე გაჭიმული მდუმარე ცოცხალი ჯაჭვი

ბოკერიას თუ ეს მართლა სურს, უნდა დაგმოს და მოინანიოს, - საყვარელიძე სააკაშვილისაგან ოპოზიციის გამიჯვნაზე

* * *

კრიზისი უკვე დაიწყო - მედიკოსთა ნაწილი საკოორდინაციო საბჭოს დაუპირისპირდა

“ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი კატეგორიულად ითხოვს მკაცრი შეზღუდვების დაუყოვნებლივ შემოღებას. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელიც სამშაბათს თვითიზოლაციაში გადავიდა, ღიად მიანიშნებს, რომ შესაძლოა სხვადასხვა დახურული სივრცეები, მაგალითად, საგამოფენო დარბაზები, დროებით გადაკეთდეს ინფიცირებულთა მიღების ცენტრებად. ჯანდაცვის სფეროს ავტორიტეტული წარმომადგენლები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ ის ადამიანები, ვინც “გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაზე მონოპოლია დაამყარა”, კრიზისი მართვის ამ ეტაპზე საშიშროებას წარმოადგენენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კრიზისი უკვე დაიწყო - მედიკოსთა ნაწილი საკოორდინაციო საბჭოს დაუპირისპირდა.

“სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. კატასტროფულად იზრდება როგორც დაავადებულთა, ასევე გარდაცვლილთა რიცხვი. ყველა კლინიკა დაკავებულია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებს პაციენტები სავადმყოფოებში ვერ გადაჰყავთ. ამ ფონზე კი სამდიცინო საზოგადოებაში უკვე სერიოზული განხეთქილება იწყება ეპიდემიის მართვის სტრატეგიასთან დაკავშირებით. სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, რომ სრული ჩაკეტვა დიდ ვერაფერ შედეგს მოგვიტანს და ქვეყნის ეკონომიკას საბოლოოდ გავანადგურებთ. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ორი კვირით ლოქდაუნის გამოცხადება ჯანდაცვის სისტემას ამოასუნთქებს. სამშაბათს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად. მიმართვა ერთობლივად მომზადდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მიერ. მისი ავტორები აცხადებენ, რომ პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი და საკითხი პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან უნდა გადავიდეს ზეპარტიული, ეროვნული ინტერესების დონეზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“14 ნოემბრის მდგომარეობით, კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 3500-ს გასცდა, 100,000 მოსახლეზე 14 დღის მაჩვენებელი კი - 944-ს; ბოლო 7 დღეში საქართველო მე-16 ადგილზეა მსოფლიოში 100 ათას მოსახლესთან შეფარდებით გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობით. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღიური შემთხვევების რაოდენობა მზარდია, თუმცა, პროპორციულად არ იზრდება დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ეს გვაფიქრებინებს, რომ კოვიდ-19-ის კლინიკურად გამოვლენილი შემთხვევების გათვალისწინებით, რეალური რაოდენობა უფრო მეტია ქვეყანაში, ვიდრე ეს დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევით და ოფიციალურად აღირიცხება. ცალსახაა, რომ დღეს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება, რაც, შეუძლებელს გახდის არა მარტო კორონავირუსის ეპიდემიის მართვას, არამედ უკიდურესად შეზღუდავს სხვა გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას“, - ნათქვამია მიმართვაში.

“ექსპერტები მიმართვაში აუცილებელი ნაბიჯების სასწრაფო გადადგმას მოითხოვენ: გამკაცრდეს სააღსრულებო დისციპლინა, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს როლისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციისთვის. სამედიცინო მომსახურების მიწოდების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო სისტემისადმი მიმართვის მოთხოვნილების (საჭიროების) შემცირება; პაციენტთა ქცევის ტექნიკური ალგორითმის შექმნა/განახლება; მოსახლეობისთვის ერთიანი სტანდარტის - გზამკვლევის შექმნა და გავრცელება; თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ვებ-გვერდით რეალურ დროში მონიტორინგის, ლაივ-კონსულატაციებისა და სხვა მექანიზმების ამოქმედება. მიმართვას ხელს აწერენ: დავით გზირიშვილი, გიორგი გოცაძე, ნინო ევგენიძე, აკაკი ზოიძე, იაგორ კალანდაძე, ვახო კალოიანი, ნინო კიკნაძე, ლევან კობერიძე, ვატო სურგულაძე, ანდრია ურუშაძე, ნინო მირზიკაშვილი, სერგო ჩიხლაძე, ქეთი ჩხატარაშვილი, გიგი წერეთელი და ზურაბ ჭიაბერაშვილი. ამ განცხადებას, პრემიერ მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა შორის საგანგებო შეხვედრა მოჰყვა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ახლა, რომ ქვეყანაში “ლოკდაუნი” გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან”, - ამის შესახებ კი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყანაში არსებული ყველა ინტელექტუალური რესურსის გამოყენება, მათ შორის, სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლების, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან”, - დასძენს გამოცემა.

“შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა ის ინტელექტუალური რესურსი, რაც ქვეყანაშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების თვალსაზრისით, მათ შორის, ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი კოლეგები. ყველა ერთმანეთთან შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც არის ქვეყანაში, საკმარისი აღარ არის ამ სიტუაციაში, საჭიროა, ასე ვთქვათ, მეტი წერტილოვანი შეზღუდვის გაკეთება ქვეყანაში. ახლა, რომ ქვეყანაში “ლოქდაუნი” გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს”, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ჯანდაცვის ექსპერტი პარლამენტის ყოფილი წევრი “ქართული ოცნებიდან” აკაკი ზოიძე, რომელიც ზემოთ მოყვანილი მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერია, “რეზონანსთან” ამბობს, რომ ქვეყნის სრული ლოქდაუნი გამორიცხულია და იმის კიდევ გამეორება, რაც გაზაფხულზე გვქონდა, ქვეყანას ეკონომიკურად საბოლოოდ დაანგრევს. თუმცა, მისი თქმით, ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ და მეორე მხარეს სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დგას. ამიტომაც აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ კიდევ დამატებით ისეთი შეზღუდვები მიიღოს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას ერთი მხრივ შვებას მისცემს და მეორეს მხრივ ეკონომიკას სრულიად არ დავანგრევთ”, - წერს სტატიის ავტორი.

“საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ვართ. უკვე გადავცდით რაღაც ზღვარს, რომლის იქითაც, თუ დროზე არ ჩავერიეთ, სიკვდილიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. ზამთარში ვიცით, რომ გრიპის სეზონიც აქტიურდება და ჯანდაცვის სიტემა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. 4000-ზე ზემოდ არის უკვე ის ზღვარი, რის შემდეგაც კონტროლი შესაძლოა ხელიდან გაგვექცეს. ამიტომ, ერიც და ბერიც, პოლიტიკური სპექტრი და ჩვენი ყველა მოქალაქე ისევ ერთმანეთის გევრდით უნდა დავდგეთ. უნდა მოიძებნოს რაღაცა შეზღუდვების ზღვარი, რომელზეც ყველა შევთანხმდებით. სრულ ლოქდაუნს გამოვრიცხავ, არც დიდი ქალაქების სრულად ჩაკეტვის მომხრე ვარ. ქვეყნის ცხოვრება და ეკონომიკის პარალიზება არ უნდა მოხდეს. მითუმეტეს წინასახალწლო პერიოდია და მართალია, არავის გვეზეიმება, მაგრამ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა და არსებობა სჭირდება. ისეთი გეგმები და ზომებია შესამუშავებელი, რომ მეორე უკიდურესობა არ დაგვემართოს. არის ამის რესურსი და ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“ჯანდაცვის კიდევ ერთი ექსპერტი ვატო სურგულაძე, რომელიც ამ განცხადებას ასევე ხელს აწერს, “რეზონანსთან” ამბობს, რომ არსებული საკორდინაციო საბჭო სიტუაციას ვეღარ მართავს, ამიტომაც სასწრაფოდ მის მართვაში კონსულტანტების სახით ყველა ის სპეციალისტი უნდა ჩაერთოს, რომლებიც ამ განცხადების ავტორები არიან. “ჩვენ ქვეყნის ხელისუფლებას მივმართეთ და ეს პირველი მიმართვა არაა. აპრილშიც მივაწოდეთ ჩვენი რეკომენდაციები და წინადადება, მაგრამ გათვალისწინებული არაფერი იყო. ამან კი აი, ასეთ შედეგამდე მიგვიყვანა. სიტუაცია არის უმძიმესი. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ სიტუაციის მართვაში აუცილებელია ყველა იმ სპეციალისტის ჩართვა, რომლებიც ამ განცხადებას ხელს ვაწერთ. არსებული საკორდინაციო საბჭო ვერ მუშაობს. ისევ ლოქდაუნისკენ მივდივართ, რაც კატასტროფა იქნება. კორონავირუსთან ერთად ხალხი შიმშილითაც დაგვეღუპება”, ამბობს სურგულაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ “უფრო მკაცრი ადმინისტრაციული ღონისძიებები უნდა გატარდეს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ლოქდაუნი შედეგს არ გვაძლევს და ამით ქვეყანას კიდევ უფრო დავაზიანებთ. ლოქდაუნი რაღაცა პერიოდის განმავლობაში შედეგს მოგცემს, მაგრამ მერე სურათი ისევ იგივე გვექნება, პლუს ამას ჩამონგრეული ეკონომიკა. მთელი ღამე იმით ვიყავი დაკავებული, რომ ადამიანი, რომელსაც კორონა დაუდასტურდა და სიტუაცია დაუმძიმდა, საავადმყოფოში როგორმე მომეთავსებინა. ვისაც დავურეკე, ყველამ ის მითხრა, რომ პაციენტები დერეფანში სკამზე უზით და თავის რიგს ელოდებიან. ეს არის იმის ბრალი, რომ ნაკადების გადანაწილება არ ხდება და სიტუაციის კონტროლი საკორდინაციო საბჭოს ხელიდან გაექცა. ომია და მოდი ამ ომში სხვაც ჩავრთოთ, ვისაც ეს საქმე ესმის. უამრავი სპეციალისტია და საკორდინაციო საბჭო უნდა შეიცვალოს. კონსულტანტების დონეზე უნდა ჩავერთოთ. სხვაგვარად არანაირი შედეგი არ გვექნება და უმძიემს შედეგებადმდე მივალთ“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

“ხსენებული განცხადების კიდევ ერთი ხელმომწერი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე კი “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, რომ ადამიანები, ვინც მონოპოლია მოახდინა გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს დღევანდელ ეტაპზე კრიზისის მართვისთვის - “ღია კარი ნიშნავს, რომ აქ უნდა იყვნენ ჩართულნი დარგის სპეციალისტები, არ შეიძლება ეს იყოს მონოპოლიზებული. ვხედავთ, რომ ადამიანები, ვინც მონოპოლია მოახდინა გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს დღევანდელ ეტაპზე კრიზისის მართვისთვის” - თვლის ურუშაძე”, - დასძენს სტატიის ავტორი.

პომპეო და ოპოზიცია - რას შეცვლის რუსთაველზე გაჭიმული მდუმარე ცოცხალი ჯაჭვი

“ოპოზიციის გეგმები თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით უცვლელია - ისინი 18 ნოემბერს მდუმარე აქციას გამართავენ, რომელიც, მათი თქმით, სტრატეგიული პარტნიორისთვის მათგან ერთგვარი გზავნილი იქნება. რამდენად ადეკვატურია მათი გეგმა და მიაღწევენ თუ არა ამ აქციით იმას, რისი მიღწევაც სურთ? ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუკი ოპოზიციის მიზანი მხოლოდ სტუმრის ყურადღბის მიპყრობაა, ამ ფორმით ამ მიზანს მიაღწევენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პომპეო და ოპოზიცია - რას შეცვლის რუსთაველზე გაჭიმული მდუმარე ცოცხალი ჯაჭვი.

“მაიკ პომპეოს ევროპული ტურნე მოიცავს საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, გაერთიანებულ საამიროებს, ყატარსა და საუდის არაბეთს. საქართველოში ვიზიტამდე იგი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც იგი მხოლოდ კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეს შეხვდა. მაიკ პომპეოს არ შეხვედრია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, რის მიზეზადაც ოფიციალურად ერდოღანის გადატვირთული გრაფიკი სახელდება. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში არც პომპეოსა და მისი თურქი კოლეგის, საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა შემდგარა. თურქეთიდან მაიკ პომპეო თბილისს ეწვია. ოთხშაბათს დაგეგმილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრის პარალელურად, ოპოზიციური პარტიები საგანგებო აქციას გამართავენ. მათ დაგეგმილი აქვთ რუსთაველზე ცოცხალი ჯაჭვის მოწყობა და ამით შეეცდებიან პომპეოსთვის იმის დემონსტრირებას, რომ 31 ოქტიმბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პროტესტის ფორმაზე სასაუბროდ და ბოლო დეტალების შესათანხმებლად სამშაბათს მათ მორიგი შეხვედრა პარტია “ტრიბუნას” ოფისში გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ “სამართლიანობისთვის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ტრიბუნა”, “თავისუფალი საქართველო” და “ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი”. შეხვედრაზე ოპოზიციის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, მათ შორი ოთშაბათის აქციის ფორმაც. როგორც “ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მის პარტიაში ოპოზიციის გეგმასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა და ამის გამო 18 ნოემბრის აქციაში იგი დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩემი პარტიის პოზიცია ასეთია - მიჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ აქციებს აზრი არ აქვთ. ამიტომ მე ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში ჩემი პოზიციოა არავისთან არ უნდა შევათანხმო. გაყალბებული არჩევნები იგივეა, რომ რუსული ჯარი ტანკებით შემოვიდეს. მე მაქვს შეურიგებლური პოზიცია, არც მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდები და ამით არც არავის არ წავახალისებ”, - განაცხადა ფოფხაძემ. შეხვედრაზე პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელიაც იყო, იგი აღნიშნავს, რომ საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, მათ შორის, ხვალინდელი პროტესტის ფორმაზეც ისაუბრეს. როგორც ანალიტიკოსი ჩიტაძე აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკითხი წამოსწიეს და ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაც ამას ეხება, შესაძლოა ამას გარკვეული შედეგიც ჰქონდეს. საგარეო საკითხების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე კი თვლის, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს და დიდი ალბათობით, ოპოზიცია აშშ-ის სახელწიფო მდივანის ყურადებას მიიქცევს”, - დასძენს გამოცემა.

“ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის მიზანია, რომ ამით საერთაშორისო საზოგადოებისა და მათ შორის შეერთებული შტატების ყურადღება მიიქციოს. პომპეო ვიზიტს თავისი დატვირთვა გააჩნია, მათ შორის გეოპოლიტიკური ხასიათის, რომელიც უკავშირდება, ვთქვათ, ანაკლიის პორტის პროექტს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებს. ამავე დროს, დიდი ალბათობით, საუბარი ასევე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც იქნება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია როგორც “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის”, ასევე “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კრიტიკული დასკვნები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

ბოკერიას თუ ეს მართლა სურს, უნდა დაგმოს და მოინანიოს, - საყვარელიძე სააკაშვილისაგან ოპოზიციის გამიჯვნაზე

“ევროპულ საქართველოს” თუ მართლაც უნდა, რომ გაემიჯნოს სააკაშვილს, პირველ რიგში უნდა დაგმოს და მოინანიოს ის ქმედებები, რაც იყო სააკაშვილის მმართველობის დროს, რომლის თანამონაწილენიც არიან. ასევე უნდა დადოს მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური პროფილი, რომ მისი პოლიტიკა ცნობადი გახდეს. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ “გაგებუტეს” განცხადება დეკორატიულ სახეს ატარებს”, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ფაქტორთან დაკავშირებთი ქართულ პოლიტიკაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბოკერიას თუ ეს მართლა სურს, უნდა დაგმოს და მოინანიოს, - საყვარელიძე სააკაშვილისაგან ოპოზიციის გამიჯვნაზე.

“ოპოზიციის შიგნით სააკაშვილის თემა ისევ გახდა საჯარო დაპირისპირების საგანი. გიგა ბოკერიას განცხადებით, სააკაშვილის ლიდერობის საკითხის დასმა საზიანო ნაბიჯია ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, “ვისაც ქვეყნისთვის დიდი საფრთხის აცილება და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება სურს, სააკაშვილის პერსონას თავი უნდა დაანებოს და კონცენტრირდეს მშვიდობიან პროტესტზე აქ, საქართველოში”. რამაზ საყვარელის თქმით, “რეალობის გრძნობა ცუდი არ არის, რომ ის არ აპირებს პოლიტიკურ უფსკრულში გადაყვეს სააკაშვილს. ამ რეალობის გრძნობის გაჩენის ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გაემიჯნა “ნაციონალური მოძრაობის” მოწოდებას “სირცხვილის კორიდორების” მოწყობასთან დაკავშირებით, რაც დიდ შანს აჩენს იმისას, რომ თუ მოქალაქეებს შეურაცყოფას მიაყენებენ, საპასუხი რეაქცია მიიღონ”, - მიიჩნევს საყვარელიძე, რომლის განმარტებით, “ეს კი უკვე კონფლიქტია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როცა პოლიტიკოსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ძალიან მაინტერესებს სად არის მათი გონება, ან ქვეყნის სიყვარული. მაგრამ, როგორ ჩანს, ქართული პოლიტიკა ეგოიზმის იქით ვეღარ მიდის. რამდენად გაჰყვება დანარჩენი ოპოზიცია ბოკერიას ამ ინიციატივას, რომ გაემიჯნოს სააკაშვილს, მიჭირს ამის თქმა, რადგან ყველა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე გადადგამს ამ ნაბიჯს. თავად “ევროპულ საქართველოს” უჭირს და ყოველთვის უჭირდა სააკაშვილისგან გამიჯვნა, რადგან ამის ბევრი მიზეზია; მათ შორის ის, რომ ვერ კრიფავს საკმაო ამომრჩეველს “ნაცმოძრაობის” გარეშე. “ევროპულ საქართველოს” თუ მართლაც უნდა რომ გაემიჯნოს სააკაშვილს საბოლოოდ, პირველ რიგში უნდა დაგმოს და მოინანიოს ის ქმედებები, რაც სააკაშვილის დროს იყო, რადგან თანამონაწილენი არიან. ასევე უნდა დადოს მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური პროფილი, რომ მისი პოლიტიკა გახდეს ცნობადი. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ “გაგებუტეს” განცხადება დეკორატიულ სახეს ატარებს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა