აჭარაში 300 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

აჭარაში 300 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მიმდინარეობს. როგორც უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, ერთი საარჩევნო უბანი პენიტენციურ დაწესებულებაშია გახსნილი, 20 უბანი კი კლინიკებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირებისთვის.

აჭარაში არჩევნების მეორე ტური ორ ოლქში - ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში მიმდინარეობს.

„აჭარაში ამომრჩევლებს იღებს 300 საარჩევნო უბანი ორი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე (მათ შორისაა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 1 უბანი პენიტენციურ დაწესებულებაში და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 20 სპეციალური უბანი, რომელიც ამომრჩევლებს 29 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება). არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 1454 ამომრჩეველია, მათ შორის არიან როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირები, ასევე სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. აღნიშნულ სპეცუბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო გადასატანი ყუთების საშუალებით. ამ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი განხორციელდება დამოუკიდებლად და არ ექნება შეხება იმ საარჩევნო ღონისძიებებთან, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩევლების მომსახურებას. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე, სპეციალური ჯგუფების მიერ.

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის 5 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 90 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად კი უსკოში აკრედიტაცია გაიარა 9 მედიასაშუალების 91 -მა წარმომადგენელმა. მეორე ტურისათვის უსკომ, როგორც სადამკვირვებლო ისე მედიაორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს გაუგრძელა რეგისტრაცია/აკრედიტაციის ვადა.

არჩევნების მეორე ტურისათვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბნებზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა უმაღლესი საბჭოს მეორე ტურისათვის ორ მაჟორიტარულ ოლქში ჯამში შეადგენს - 243 892 ამომრჩეველს.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე 2 საარჩევნო სუბიექტის 4 კანდიდატი.

არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

მიუხედავად პანდემიისა, კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება. ამასთან აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს ხმის მიცემის განსახორციელებლად ესაჭიროება. ამომრჩეველი უბანზე დაიშვება პირადობის მოწმობით ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში. ასევე, მას უნდა ეკეთოს პირბადე. არქონის შემთხვევაში კომისია უზრუნველყოფს ამომრჩეველს პირბადით. კენჭისყრის შენობაში შესვლისას ამომრჩეველი გაივლის დეზობარიერს, და შემდგომ უკვე დაიმუშავებს ხელებს სპეციალური ხსნარით. ამომრჩეველს ორჯერ მოუწევს პირბადის მოხსნა - ნაკადის მომწესრიგებელთან და რეგისტრატორთან, რათა მოხდეს მისი იდენტიფიცირება. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე საარჩევნო ბიულეტენი არ გაიცემა. ამომრჩეველს მიეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალამი, რომლითაც ხელს აწერს სამაგიდო სიაში და იგივე კალამს იყენებს კაბინაში ხმის მისაცემად, რის შემდეგაც უბანზე განთავსებულ დახურულ კონტეინერში ათავსებს მას და ტოვებს უბანს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში (№665) შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც 21 ნოემბერს გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა; შესაბამისად საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 05:00 სთ-ის ჩათვლით“, - აცხადებენ უსკოში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა