ბორჯომის მერია - სადგერის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში, „სადგერი-ჩხარის ჯვრის“ ზუსტი ანალოგი დააბრძანეს

სადგერის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში, მრევლისა და ადგილობრივი მცხოვრებლების შემოწირულობებით დამზადებული „სადგერი-ჩხარის ჯვრის“ ზუსტი ანალოგი დააბრძანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ისტორიული ჭედური ჯვარი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. სრულად მოვერცხლილი და ძვირფასი ქვებით შემკული ჯვარი, ზუსტად იმეორებს რელიგიური სცენების ჭედურობასა და წარწერებს.
„სადგერის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვას ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე დაესწრნენ. ისტორიული ცნობების თანახმად, XVI საუკუნის პირველ ნახევარში ძმებმა - დეკანოზმა სვიმეონმა და ბასილ შოთასძეებმა ქვემო ქართლის სოფელ ყორანთადან სადგერის წმიდა გიორგის ტაძარში გადმოაბრძანეს საკურთხევლის წინ აღსამართი ხის მასიური სანაწილე ჯვარი. გადმოცემის მიხედვით, ჯვარში ჩაბრძანებული იყო წმიდა გიორგის ხელის მტევნის ნაწილი. დეკანოზმა სვიმეონმა ჯვარი მოოქროვილი ვერცხლით, ცნობილ ოქრომჭედელ მამნეს მოაჭედინა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

























