ნინო ბურჯანაძე - მესამე რაუნდის გამართვა ხელისუფლების ადეკვატურობაზეა დამოკიდებული, რადგან მოცლილი არც მეგობარი ელჩები არ არიან, ჩვენც რაუნდი რაუნდისთვის არ გვჭირდება

“ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს „ქართული ოცნების“ გუნდის ადეკვატურ ქმედებებსა და კონკრეტულ წინადადებებზეა დამოკიდებული.

როგორც მან აღნიშნა, არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ ექნება, თუ ხელისუფლება ოპოზიციას სერიოზულ წინადადებას არ შესთავაზებს.

„მესამე რაუნდის გამართვა აბსოლუტურად არის დამოკიდებული ხელისუფლების ადეკვატურობაზე, იმიტომ, რომ ბუნებრივია, მოცლილი არც ჩვენი მეგობარი ელჩები არ არიან, ჩვენც რაუნდი რაუნისთვის არ გვჭირდება. მთავარია, რომ მოლაპარაკებებს გარკვეული შედეგი მოყვეს. ჩვენი მხრიდან ნათლად არის ნათქვამი, რა არის პირობები - ეს არის ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რაც მთავარია, ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები სერიოზული კომპრომისია ჩვენი მხრიდან, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი ნამდვილად არალეგიტიმურად არის არჩეული. ახლა ხელისუფლებამ უნდა მოიტანოს კონკრეტული წინადადადება, თან სერიოზული. როცა ხელისუფლება ლაპარაკობდა გადათვლაზე, მან გადათვლის კარები თავადვე ჩაკეტა ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმით, რომელიც უკანონოდ და დროზე ადრე მიიღო, ასევე სასამართლოების გადაწყვეტილებით, რომელმაც ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებული სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა.

თუ წინადადებას მოიტანენ, კეთილი ინებონ და ამ წინადადებას სერიოზული სახე ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირ რაუნდს აზრი არ ექნება“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, „უკანონო პარამენტში“ შესვლის სურვილი არავის აქვს.

„ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ძალიან სერიოზული სილა გააწნა ხელისუფლებას მეორე ტურის დღეს, როდესაც ამომრჩეველი უბანზე უბრალოდ არ მივიდა. მოდით მეგობრებო, დათვალოთ, „ქართული ოცნების“ მიერ რამდენი პროცენტი გამოდის აღებული?!“-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი ვარაუდით, ხელისუფლება მაშინ დათმობს, როდესაც საბოლოოდ მიხვდება, რომ ვერავის ყიდულობს.

„როდესაც ხელისულება მიხვდება, რომ ვერავის ყიდულობს და ვერავის გატეხს, იძულებული გახდება, დათმობაზე წამოვიდეს. რაც მალე გააკეთებს ამას, მით უკეთესი“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ორჯერ უკვე გაიმართა, თუმცა შეხვედრებს კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. ჯერჯერობით, მხარეები დათმობას არ აპირებენ, ოპოზიცია კი ბოიკოტს აგრძელებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავს