გია ხუხაშვილი - პანდემიის მართვაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებები არა სახელმწიფო ინტერესებიდან, არამედ ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს

ხელისუფლების მთავარი პრობლემა და დანაშაული ამ ვითარებაში გახლავთ ის, რომ მათი ყველა გადაწყვეტილება პანდემიის მართვასთან დაკავშირებით არა სახელმწიფო ინტერესებიდან, არამედ ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ეფექტური ღონისძიებების მიღებას ეკონომიკურ ინტერესებს უპირისპირებს და ,,ეს ეკონომიკა ბაზრობებსა და რესტორნებზე დაიყვანეს".

„სამწუხაროდ, ძალიან დრამატული განვითარება აქვს კორონას. ჩვენ მოსახლეობაზე პროცენტულად გადაანგარიშებით მსოფლიოში უკვე პირველ ადგილზე ვართ, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე თვის წინ ჩვენი ხელისუფლება მენეჯმენტის უნიკალურ უნარებზე საუბრობდა და გვეუბნებოდა, რომ მთელი მსოფლიო მათგან იღებს კონსულტაციებს. დღეს ირკვევა, რომ ეს სიტუაცია საერთოდ მიშვებულია. ეკონომიკურ ინტერესებს უპირისპირებენ ეფექტური ღონისძიებების მიღებას და ეს ეკონომიკა დაიყვანეს ბაზრობებზე და რესტორნებზე, მხოლოდ ბაზრობებისა და რესტორნების დირექტორებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ამ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა ამოდიოდეს სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფუნდამენტური ინტერესებიდან, ბაზრობის და რესტორნების დირექტორებთან მოლაპარაკებებს კი არ უნდა აწარმოებდეს, არამედ, მათ უნდა აძლევდეს დირექტივას. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო ხელის გაშვერა ოპოზიციაზე, ამ თემის პოლიტიზირება ასეთ დროს განსაკუთრებით სახიფათოა. ორი აქცია ჩატარდა და საღამოს რესტორნები და კაფეები გადაჭედილია, პირბადით იქ არავინ არ ზის. ნაცვლად იმისა, რომ ბევრად უფრო ეფექტური და მკაცრი ღონისძიებები გატარდეს, ელაქუცებიან ამ ხალხს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, როდესაც ხელისუფლება ამ ლოგიკით მოქმედებს, ის სახიფათო ხდება იმ სახელმწიფოსთვის, რომლის მართვაზეც აქვს პრეტენზია.

„ხელისუფლების მთავარი პრობლემა და დანაშაული ამ ვითარებაში გახლავთ ის, რომ მათი ყველა გადაწყვეტილება პანდემიის მართვასთან დაკავშირებით არა სახელმწიფო ინტერესებიდან, არამედ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს. ეს არის ყველაზე მძიმე საყურებელი, როდესაც პოლიტიკურ კონიუქტურას ექვემდებარება ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის ხელის გაშვერა, რომ ოპოზიციის ბრალია პანდემია და თუ ოპოზიცია რაიმე კარგს შესთავაზებს ეს არ მივიღო, იმიტომ, რომ იმან არ დაიბრალოს. როდესაც ხელისუფლება ამ ლოგიკით მოქმედებს, ის ხელისუფალი სამწუხაროდ ხდება სახიფათო იმ სახელმწიფოსთვის, რომლის მართვაზეც მას აქვს პრეტენზია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადეს, რომ კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს