არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა, რომელთაგან საბიუჯეტო თანხების მისაღებად ცესკოს ჯერ მხოლოდ ცხრამ მიმართა

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა - 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. მათგან ორი საარჩევნო ბლოკი იყო და ორივე ბლოკი ერთად, შვიდ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა.

2020 წლიდან, დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტები შემდეგი პარტიები გახდნენ: - “ქართული ოცნება“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“, "ევროპელი დემოკრატები" “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“, “კანონი და სამართალი“, “ევროპული საქართველო“, “პატრიოტთა ალიანსი“, “ლეიბორისტული პარტია“, “მოქალაქეები“, “გირჩი“ და “ლელო“.

ამასთან, კანონმდებლობის გათვალისწინებით, აღნიშნულ პარტიებს 25 ნოემბრამდე ჰქონდათ დრო, რათა დაფინანსების მისაღებად ცესკოსთვის წერილობითი თანხმობა წარედგინათ.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას წერილობით 14-დან ცხრა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.

შესაბამისად, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბრამდე დაწესებული ვადის დასრულების მიუხედავად, ცესკო ვალდებულია პარტიები გააფრთხილოს, რის შემდეგაც პარტიებს დამატებით სამი დღე აქვთ, საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ. თუკი ზემოთ აღნიშნული პარტიები დადგენილ ვადაში თანხმობას კვლავ არ წარადგენენ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას დაკარგავენ.

პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის ივლისში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა, რომლის საფუძველზე პარტიების დაფინანსების ფორმულა მთლიანად შეიცვალა. ახალი წესით, დაფინანსება დამოკიდებულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე - სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია იღებს, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ხმების 1% მაინც მოიპოვა. პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისათვის განსაზღვრულია 15 ლარი, ხოლო თითოეული შემდგომი ხმისთვის - 5 ლარი. აღნიშნული თანხის გარდა, პარტიები ასევე დამატებით დაფინანსებას მიიღებენ გენდერული კვოტის დაცვის გამო, რაც ამ შემთხვევაში მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით არის განსაზღვრული.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ