საქართველო ევროპელ მკვლევართა ღამეს წელს პირველად შეუერთდა

პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს და ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით, სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 27 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ მთავარი ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში COVID-19-ის ზედამხედველობასა და მართვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა და მადლობის სიგელი NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს გადასცა.

„ევროკავშირის ეგიდით გაიმართა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მეცნიერებას. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ევროკავშირს, საქართველოში მეცნიერების მხარდაჭერისთვის. ეს ღონისძიება ახალ ასპარეზს უქმნის ჩვენს მეცნიერებს ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მეცნიერების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა მისი სასიცოცხლო მნიშვნელობა. ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ დავაჯილდოვეთ ლუგარის ცენტრის მკვლევარი მეცნიერები, ექიმები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს მათი თავდადებული შრომისათვის. ისინი უხილავი ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან და ჭეშმარიტად არიან თანამედროვე გმირები,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ ის მკვლევრები და მეცნიერები, რომლებიც „ჰორიზონტი 2020“-ის სხვადასხვა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. მათ შორის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია (GALA);

სამინისტროს ცნობით, პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ძირითადი ღონისძიებები თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში დისტანციურად ტარდება. „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა „მეცნიერება კაპიტანია“ ევროკავშირის პროგრამის ‘Horizon 2020’ მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნული კონკურსი 2005 წლიდან მხარს უჭერს მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მეშვეობით.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს