ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020

სანდრო თვალჭრელიძე - “ყველაზე ფატალური შეიძლება “შავი პარასკევის” გამო დატრიალებული ამბები აღმოჩნდეს”

როდის შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს - რა დრო სჭირდება საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციას

მამუკა ხაზარაძე - “ხელისუფლებამ ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყო”

როგორი იქნება აშშ-ს ახალი პოლიტიკა საქართველოს მიმართ - “ბაიდენისთვის მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთია, ტრამპისთვის ჩინეთი”

ზაზა ფირალიშვილი -“ოპოზიცია ექსტრემისტული რიტორიკის ტყვეობაში აღმოჩნდა”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ყველაზე ფატალური შეიძლება “შავი პარასკევის” გამო დატრიალებული ამბები აღმოჩნდეს”

“ჩემი აზრით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მთავრობამ აღარ, უფრო სწორად, ვეღარ შეძლო ეპიდემიოლოგების მოსმენა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება. ამას უპირველესად პოლიტიკური მიზეზი აქვს _ არჩევნების გამო იძულებული გახდა აღარ დაეჯერებინა ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტებისთვის. მაგრამ ყველაზე ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს გასულ კვირას “შავი პარასკევის” გამო დატრიალებული ამბები. ამან შესაძლოა დიდი ეპიდემიური აფეთქება გამოიწვიოს არა მარტო დედაქალაქში. იმ დღეს დედაქალაქიდან გასვლამ მომიწია და ვნახე, ათიათასობით მანქანა როგორ შემოდიოდა რეგიონებიდან თბილისში. ვფიქრობ, ამ პროცესისთვის ასეთი თავისუფლების უფლება არ უნდა მიეცა მთავრობას”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ყველაზე ფატალური შეიძლება “შავი პარასკევის” გამო დატრიალებული ამბები აღმოჩნდეს”.

“მე ინფიცირების სტატისტიკა კარგად შევისწავლე და გავაკეთე მისი პოლიტიკურ მოვლენებთან კორელაცია, ანუ ინფიცირების გაზრდის მიზეზები ჩემი აზრი კი არ არის, არამედ ღრმა სტატისტიკურ კვლევაზე დაფუძნებული უტყუარი ფაქტი. ჩვენი და ევროპული ქვეყნების ბიზნესსისტემა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. მათი ბიზნესი უფრო მწარმოებლურია, ჩვენი კი ყიდვა-გაყიდვაზე დაფუძნებული. ჩვენთან ბიზნესსაქმიანობა სწრაფ მოგებაზეა გათვლილი. მთავრობამ, როგორც ჩანს, ბიზნესის თხოვნით ვერ დაუშვა “შავი პარასკევის” გაუქმება. როგორც ვიცი, ეპიდემიოლოგები ამბობდნენ, რომ შეზღუდვები უნდა გამოეცხადებინათ არა 28 ნოემბრიდან, არამედ 27-დან და ასეთი ზედახორა არ გაიმართებოდა. სამწუხაროდ, მთავრობამ არ გაიზიარა ეპიდემიოლოგების აზრი და ანგარიში გაუწია ბიზნესს. როგორც პაატა იმნაძემ თქვა, და მე მისი მჯერა, შეზღუდვების შედეგებს სადღაც 2 კვირაში დავინახავთ, ანუ ინფიცირების მასშტაბიც და გარდაცვალების რიცხვიც შემცირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ იანვრის ბოლოს მოვახერხებთ ვითარების სტაბილიზაციას. ამასობაში, ალბათ, ვაქცინაც შემოვა. როგორც ითქვა, პირველ ეტაპზე 700 000 დოზის შემოტანა იგეგმება. თუ სწორად გაანაწილეს მიზნობრივ ჯგუფებში, იმედია, ეპიდემიას მომავალ წელს მოვერევით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“როცა სოციალურ პასუხისმგებლობას ვახსენებთ, ვილაპარაკოთ ყველა მხარეზე. მოქალაქეების გარდა, სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიზნესის წარმომადგენლებსაც. იმისთვის, რომ მოგება მიეღოთ, არ გაუფრთხილდნენ მოქალაქეებს და ეპიდემიის მიუხედავად, “შავი პარასკევი” გამოაცხადეს, თანაც აუცილებელი რეგულაციები არათუ არ დაიცვეს, არც კი სცადეს. უმთავრესი პრობლემა კი ისაა, რომ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, დაახლოებით ასე ფიქრობს ხალხის ნაწილი - თუ ავად გავხდი, სიკვდილიანობა 1%-ზე დაბალია და რაღა მე მოვკვდებიო. საკუთარი თავის გარდა, არავინ ენაღვლებათ. გერბზე კი დავაწერეთ, რომ “ძალა ერთობაშია”, მაგრამ ეს საქართველოში მხოლოდ ლოზუნგია. ჩვენ არავითარი ერთობა არ გვინდა, ჩვენს ოჯახებში ან პოლიტიკურ პარტიებში ვცხოვრობთ, დანარჩენს კი არავის ვუფრთხილდებით. როგორც ჩანს, მთავრობასა და ეპიდემიოლოგებსაც იმედი აქვთ, რომ ერთ თვეში მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდება ვითარება. ამიტომ ფიქრობენ შეზღუდვების შემსუბუქებას. ვფიქრობ, პროცესების განვითარებას დააკვირდებიან. იმედია, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ის აღარ განმეორდება, რაც გასული კვირის პარასკევს ვნახეთ. შობა და ახალი წელი დიდი დღესასწაულებია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, თანაც ცხოვრება, ეპიდემიის მიუხედავად, გრძელდება. მთელ მსოფლიოში, სადაც მკაცრი შეზღუდვებია, დღესასწაულების გამო ხსნიან ან ამსუბუქებენ შეზღუდვებს. ჩემი აზრით, ეს სწორია. თუმცა, ვფიქრობ, შემდგომ პროცესები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვფიქრობ, მძიმე ზამთარი გველის, მაგრამ არა კატასტროფული. ერთი კვირაა ვმუშაობ ნავთობის ექსპორტსა და პანდემიის გავლენაზე რუსეთის ეკონომიკაზე. რუსეთს 2020 წელს ელოდება მთლიანი შიდა პროდუქტის 29%-იანი ვარდნა. იქ ნამდვილად კატასტროფული ვითარებაა. ჩვენ გვექნება 5-6%-იანი ვარდნა. საქართველო პატარა, მობილური ქვეყანაა და თუ რუსეთი პანდემიის დანატოვარს 2024 წლამდე ვერ გაუმკლავდება, ჩვენთან ეს რამდენიმე თვეში მოხერხდება, თუ სწორად მოვიქცევით. გასული საუკუნის 90-იანი წლები გვაქვს გადატანილი. აი, მაშინ იყო კატასტროფული მდგომარეობა და გავუძელით. ვფიქრობ, ახლა გაცილებით უკეთესად გავართმევთ თავს. ჩვენთან სოფელი ძლიერია, მოსახლეობის 59%-ს სოფლად პატარა მეურნეობები აქვს... ჯერ კიდევ გაზაფხულზე თქვა პრემიერმა გახარიამ, მრეწველობა უნდა განვითარდესო. არ ვიცი, გაკეთდა თუ არა რაიმე. სამწუხაროდ, ეს ვერც ერთ თვეში გაკეთდებოდა და ვერც ერთ წელიწადში, მაგრამ ამაზე ზრუნვა აუცილებელია. სწორედ ეს აჩვენა მსოფლიოს პანდემიამ. ჩვენ ისიც გვიშველის, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა. დიდი შეცდომა იყო ქართული ეკონომიკის ტურიზმზე აგება. გაქრა ტურიზმი და დაგვიდგა შავი დღე. ამ თვალსაზრისით კოვიდსასტუმროები კარგი გამოგონებაა. ამით ბევრი სასტუმრო გაკოტრებას გადაარჩინეს, მაგრამ შემდგომში ტურიზმის განვითარებაზე ყველაზე ნაკლები საბიუჯეტო თანხები უნდა დაიხარჯოს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება პოსტსაარჩევნო ვითარებას, შესაძლოა გამაკრიტიკონ, მაგრამ არ მჯერა, რომ ამ არჩევნების შედეგები მასობრივად გაყალბდა. მე ამის საკმარისი მტკიცებულება ვერ ვნახე. არჩევნების შედეგებმა აჩვენა ის, რასაც არჩევნებამდე აჩვენებდა კვლევების უმეტესობა და ასევე, რაც დაფიქსირდა ხმების პარალელური დათვლისას და ეგზიტპოლებშიც. დონალდ ტრამპის ნარატივი არაფრით განსხვავდება ოპოზიციის ნარატივისგან. ისიც გაიძახის, ბაიდენმა სრული გაყალბებით გაიმარჯვაო. ამიხსენით, სრული გაყალბებით როგორ შეიძლება მოეგო, როცა პრეზიდენტი ტრამპი იყო. ისე, როგორც ჩვენი გადასახედიდან ჩანს, ტრამპის განცხადებები სასაცილოა. დარწმუნებული ვარ, ამგვარი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც ჩვენი ოპოზიციის მოსმენისას. ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, ამ კრიტიკულ ვითარებაში არ არის დაპირისპირების დრო. შევიდნენ და გვაჩვენონ, რა შეუძლიათ. იქ გაცილებით ნაყოფიერად იმუშავებენ”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“ახლა რაც ხდება, მხოლოდ ოპოზიციის მარგინალიზაციას უწყობს ხელს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები უხსნიან, რომ ახლა მნიშვნელოვანია პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობა, მაგრამ... ერთ-ერთი შეფასება წავიკითხე, რასაც ვიზიარებ. შეიძლება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს “ქართული ოცნება” დიდად გულზე არ ეხატებათ, მაგრამ ოპოზიციისგან განსხვავებით, ეს ძალა პროგნოზირებადია და ამიტომ მათთვის უფრო მისაღებია. ოპოზიციის მარგინალიზაცია მათთვისაც და ქვეყნისთვისაც ძალიან ცუდია. ამით საერთაშორისო იმიჯსა და მხარდაჭერას კარგავენ. ვთქვათ, დათანხმდა `ოცნება'' და რიგგარეშე არჩევნები ჩაატარა, რაც ამ კოვიდეპიდემიის დროს დიდი შეცდომა იქნება, რას მივიღებთ შედეგად? ისევ პოლარიზებულ ამომრჩეველს, რომელიც ისევ ორ ძალას შორის გაიკრიფება. უმეტესობა ისევ მისცემს ხმას სტაბილურობას და არა “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას. ამ პატარა პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში შესვლის შანსი მიეცათ, არაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. მიკვირს, ეს რომ არ ესმით”, - დასძენს თვალჭრელიძე.

როდის შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს - რა დრო სჭირდება საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციას

“ვაქცინებზე ცდების ბოლო ეტაპის მიმდინარეობის პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პლანეტის მოსახლეობის ის რაოდენობა დაასახელა, რომელთა აცრის შემთხვევაში პანდემია უკან დაიხევს, ეს ციფრი 60-70%-ია - რა პერიოდში შეიძლება მოხერხდეს ამ ადამიანების ვაქცინაცია და რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ვაქცინის გავრცელების პროცესში. როგორც “დოიჩე ველე” წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ვაქცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კეტრინ ობრაიენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაჩვენებელი რამდენიმე მოდელირებულ კვლევას ემყარება. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, სამმა ვაქცინამ, “ასტრაზენეკამ”, “მოდერნამ”, “პფაიზერ-ბიოტექმა”კვლევის პერსპექტიული შედეგები გამოავლინა. როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, პროცენტული მაჩვენებლის, რაც ჯანმომ დაასახელა აცრის დრო ქვეყნების განვითარების დონეზე და ტექნიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს - რა დრო სჭირდება საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციას.

“მსოფლიო მოსახლეობის 60-70% არ ვიცი რამდენ ხანში აიცრება, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის განვითარების დონეზე ტექნიკურ მონაცემებზე. აცრა მხოლოდ ის არაა, რომ პრეპარატი გქონდეს, იმას ერთჯერადი ნემსი, მოსახლეობის მოზიდვა უნდა. სიმართლე გითხრათ აცრასთან დაკავშირებით მაინცდამაინც არ ვიჩქარებდი, მაინც მირჩევნია, რომ დაველოდოთ, გაირკვეს თუ რა გვერდითი მოვლენებია აქვს და რამდენად ეფექტურია. აცრა წამალი არაა, უცხო ცილაა, რომლის მიმართ ანტისხეულები უნდა გამომუშავდეს და შესაბამისად ამგვარ სიტუაციაში გვერდითი მოვლენები და გართულებები, ამიტომ საქართველო დიდი ქვეყანა არაა, მაგრამ არის ჩინეთი, ამერიკა ეს დიდი ქვეყნები რამდენ ხანში აიცრებიან, მათ მარიფათზეა დამოკიდებული. რაც შეეხება საქართველოს, მთავარია ვაქცინა შემოვიდეს და იყოს რეალური, ადეკვატური, ადაპტირებული, ეფექტური და ძალიან მალე ავიცრებით. სხვა არანაირი მომენტი არაა წმინდა ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, რომ მოსახლეობა დროულად მოვიდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“და საერთოდ, ვაქცინირება არ ხდება, თუ ადამიანს ტემპერატურა აღენიშნება და ეს პირობები სწორად იყოს დაცული. დაცული იყოს სანიტარული მდგომარეობა და მაქსიმალურად მოსახლეობის მოზიდვა უნდა მოხდეს და კიდევ ერთი - ვაქცინას ფასი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაედოს, ის უფასო უნდა იყოს, იმიტომ, რომ ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი უარს განაცხადებს. მთავარია მონდომება, ამ ყველაფრის გაკეთება კი ძალიან მალე შეიძლება”, - თქვა ხმალაძემ. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე კი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს 70%-მდე ვაქცინაციას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, “კარგი მენეჯმენტიოს შემთხვევაში, სადღაც ათ თვემდე”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჯანმოს ნათქვამ სიტყვას ძალიან ცნობილი ექსპერტები საერთოდ უგულებელყოფენ ხოლმე, იმიტომ, რომ ზუსტად ამ ორგანიზაციის დანაშაულია, რომ მსოფლიო იმ სიტუაციაში ჩავარდა, რაშიც ვართ. მართლაც მასე რომ იყოს, რაც განაცხადა, ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, რადგან, მაგალითად, ჩვენმა მთავრობამ ხომ უნდა გვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამა და ამ კომპანიას ველაპარაკებით, ესა და ეს თანხა გამოვყავით, იმიტომ, რომ ვაქცინის თვითღირებულება სადღაც 47 დოლარამდეა, ეს ხომ უნდა ჩამოიტანონ, შეინახონ, დაარიგონ, არაფერი არაა გაკეთებული და ჩვენ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება. კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში ჩვენ სადღაც ათ თვემდე შეიძლება მაინც დაგვჭირდეს. არ ვიცი ახლა რა პერიოდში არიან, თუ თავიდან მოლაპარაკებაში შესვლა მოგვიწია, ფასები გაიზარდა და არ გამოვრიცხავ, რომ გაიზარდოს, ევროპა რამდენად დაგვეხმარება, ეს ყველაფერი ძალიან ჰაერშია ჩამოკიდებული”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

“კი ამბობენ დეკემბერში გამოვაო და მინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, მაგრამ ერთი შეკითხვა დაისვა - ვაქცინირებული ადამიანი რამდენად არაა გადამდები, ვაქცინაცია რა არის - რომ იკეთებ, შენ ამ დაავადების სუსტი ფორმა გემართება, ადამიანს იმუნიტეტი უმუშავდება, მაგრამ ეს სუსტი ფორმა რამდენად არაა გადამდები, სამწუხაროდ ამისი კვლევები ჯერ ბოლომდე ჩატარებული არაა. ესაც კიდევ ერთი პრობლემა, ამიტომაც ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ყველაფერი დროზე მოხდეს, მაგრამ, ელემენტარულად გრიპის ვაქცინები ვერ ვუზრუნველვყავით. ყველაფერი არის “გააჩნიაზე” დამოკიდებული, გააჩნია ვინ აკეთებს და როგორ, თორემ კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში 7-8 თვე მაინც დაგვჭირდება,რომ იმ რაოდენობაზე გავიდეთ, რაც ქვეყანას უსაფრთხოების შეგრძნებას შეუქმნის”, - განმარტავს სურგულაძე.

“აღსანიშნავია, რომ ამერიკული და გერმანული ფარმაცევტული კომპანიების “პფაიზერისა” და “ბიოტექის” კორონავირუსის ვაქცინის კვლევების ბოლო ანალიზით, ყველა ასაკში 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა, დადებითი შედეგი პირველი ვაქცინაციიდან 28 დღის შემდეგ მიიღეს. ხოლო “ასტრაზენეკასა” და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ პოტენციურ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდის პირველადმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეპარატმა უკეთესი შედეგი აჩვენა იმ მონაწილეებში, რომლებსაც კვლევის დროს შეცდომით ჯერ ვაქცინის ნახევარი დოზა გაუკეთეს, შემდეგ კი სრული, რამაც მეცნიერების ნაწილს კითხვები გაუჩინა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც მონაწილეებს ვაქცინის ორი სრული დოზა გაუკეთეს, მისი ეფექტურობა 62 %-ი იყო, იმ შემთხევაში კი, როდესაც ჯერ ვაქცინის ნახევარი, შემდეგ კი სრული დოზა გაუკეთეს, ვაქცინის ეფექტურობა 90%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება „მოდერნას" ნოემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია კორონავირუსის პრევენციისათვის. კომპანია ამჟამად ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზას ასრულებს და ემზადება, ვაქცინის წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც “რეზონანსთან” ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა აკაკი ზოიძემ განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინის რიგში ბევრი ქვეყანაა, შესაძლოა საქართველოს მასობრივი ვაქცინაციის შესაძლებლობა 2021 წლის გაზაფხულზე მიეცეს. მანამდე კი “რეზონანსთან” ვაქცინის ქვეყანაში მოწოდებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. “ეს უდავოდ იმედისმომცემია, ასე ვთქვათ ესაა სინათლე ბნელი გვირაბის ბოლოს, მაგრამ ეს გვირაბი სამწუხაროდ ჯერ კიდევ იქნება, იმიტომ რომ აქ მთელი რიგი სხვა საკითხებია - რამდენ ხანს გაძლებს ეს იმუნიტეტი, 6 თვეზე მეტს თუ ნაკლებს, მთელი რიგი ფაქტორები ჯერ კიდევ უცნობია. მათ შორის “მოდერნას” ვაქცინა, რომელიც ასევე 95%-ს იძლევა, ეს უფრო იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ “პფაიზერის” ვაქცინის შენახვას -80 გრადუსი სჭირდება და მხოლოდ ხუთი დღე ძლებს, ასეთი მაცივარი მხოლოდ ლუგარის ცენტრშია საქართველოში, სხვაგან არაა, “მოდენას” ვაქცინას კი -20 გრადუსი სჭირდება და 30 დღე ძლებს, რისი შენახვაც საქართველოში ბევრგან შეუძლიათ”, - ამბობს ზოიძე, რომლის თქმით, “კიდევ რამდენიმე ვაქცინაა პერსპექტიული და იმედი, რა თქმა, უნდა არის”, - წერს სტატიის ავტორი.

“მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რიგში ბევრი ქვეყანაა, პირველ რიგში ჩინეთი, ამერიკა და რუსეთი აპირებენ, რათა ეს ვაქცინები შეისყიდონ, არ მგონია, რომ ჩვენ ამ ვაქცინის შესაძლებლობა მასობრივად 2021 წლის ზაფხულამდე გვქონდეს, რისკ-ჯგუფებისთვის კი შესაძლოა კიდევ უფრო ადრე გამოჩნდეს, თუმცა მანამდე კიდევ ბევრი რამაა მოსამზადებელი. ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივია აზრის კვლევები იყო და ნახევარი ამბობდა, რომ ვაქცინას არ გავიკეთებო და თუ ნახევარი არ გაიკეთებს, არაფერი აზრი არ ექნება და რეალურად ისვე ბნელ გვირაბში დავრჩებით და არანაირი პერსპექტივა არ გვექნება. ვაქცინა არის ერთ-ერთი ეფექტური გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს რომ ჩაკეტილობის და სრული იზოლაციის გარეშე ამ დაავადების დამარცხება შევძლოთ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“ჯანმო როცა დაამტკიცებს ვაქცინებს, ჩვენი ქვეყნისთვის მოწოდებას “კოვაქსი”უზრუნველყოფს. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კოვაქსთან და ხელშეკრულებაც გვაქვს დადებული 700 ათასი ადამიანის აცრის დოზაზე. კოვიდის ვაქცინები კეთდება ორჯერადად და საუბარია დაახლოებით 1,4 მილიონ დოზაზე. ვაქცინის პირველი შენატანიც უკვე გადავიხადეთ და საბოლოოდ ეს ქვეყანას უჯდება 16-17 მილიონ დოლარამდე” , - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან გამყრელიძე.

მამუკა ხაზარაძე - “ხელისუფლებამ ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყო”

“ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა პანდემიის მართვაში და ეს უნდა აღიაროს. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება დიდი ხნის წინათ ბოდიშს მოუხდიდა ქართველ საზოგადოებას 8-თვიანი ჩაფლავებული მენეჯმენტის, უუნარო მართვის გამო. ახლა გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა ჩაკეტონ და ასე გადაწყვიტონ პრობლემები. ჩაკეტვაც ისეთივე ერთჯერადი ღონისძიებაა, როგორიც არაერთხელ გაუტარებიათ. ეს ნიშნავს, ისევ არა აქვთ გეგმა, არ არიან თანამიმდევრული და სამართლიანი. რატომ ჩაკეტეს ქვეყანა ახლა და არა უფრო ადრე, რატომ ჩაკეტეს მარნეული და სვანეთი რამდენიმე ათეული შემთხვევის გამო და არ ჩაკეტეს აჭარა, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობამ ასეულებს მიაღწია? რატომ დაუშვეს გამონაკლისი დენდროლოგიურ პარკში?! სამართლიანობა მხოლოდ სასამართლოში კი არ არის აუცილებელი, ხალხს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თანასწორუფლებიანი არიან და რაც აკრძალულია ერთისთვის, ის ხელმისაწვდომი არ არის მეორისთვის”, - აცხადებს `ლელოს~ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებამ ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყო” / “ოპოზიციის საქმეა მონიტორინგი აწარმოოს ქვეყნის ხაზინაზე და გამოამზეუროს, რაში რამდენი ფული იხარჯება”.

“გაზაფხულზევე ვიცოდით ყველამ, რომ ინფიცირების მეორე ტალღა დაიწყებოდა. რატომ არ ამზადებ ჯანდაცვის სისტემას, სამედიცინო პერსონალს, რატომ არ ყიდულობ სამედიცინო მოწყობილობებს, თუნდაც ჟანგბადის აპარატებს, რატომ არ ამზადებ არაპროფილურ პერსონალს, როცა იცი, რომ შესაძლოა ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები დაავადდნენ?! როცა ყოველივე ამას არ აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ ვითარებას პოლიტიკური მიზნისთვის იყენებ. ნახეთ, რა მოხდა - მთავრობამ უზარმაზარი ვალი აიღო მაშინ, როცა საგანგებო რეჟიმის გამო პარლამენტს აღარ ექვემდებარებოდნენ ანგარიშვალდებულებით. ცეცხლის ჩასაქრობად 200-200 ლარი დაარიგეს, დანარჩენი სად წაიღეს?! ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყეს, რომლის არსი უკვე თავად აღარ ესმით. უაზროდ გაანიავეს თანხები და ბიზნესს სასუნთქი ბალიში არ მიაწოდეს. 26 ნოემბერს გამოაცხადეს, 27-ში ჩავკეტავთ ქვეყანასო და თბილისში თავპირის მტვრევა დაიწყო. ხომ ნახეთ, რამხელა რიგები და საცობები იყო მაღაზიებსა თუ გზებზე, ტრანსპორტი გადაჭედილი დადიოდა. ეს წინასწარ ხომ უნდა გაეთვალათ?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“გამოსავალია სიყალბეზე უარის თქმა. თუ გვსურს მუშაობა დაიწყოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე, რიგგარეშე არჩევნებზე უნდა შევთანხმდეთ. ახლა გვაქვს ორპოლუსიანობის წელში გადატეხის შანსი, სხვა აღარ გვექნება. მესმის, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა მძიმე ვითარებას დაემთხვა, მაგრამ სხვაგვარად ვერც ეკონომიკურ კრიზისს დავძლევთ და ვერც ეპიდემიას მოვერევით. ყველაფრის საწყისი სამართლიანი გარემოა. პრობლემის არსებობა ყველამ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც იცის. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საქმეში უცხოელი ელჩები არიან ჩართული. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ახალი საარჩევნო კოდექსი და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. ხელისუფლებისგან ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ამიტომ მესამე რაუნდი გაიმართება მაშინ, როცა რაიმე ხელშესახები გვექნება. ჩვენს უცხოელ კოლეგებსაც არ უნდათ, რომ მოლაპარაკების რაუნდებზე მხარეებმა ერთმანეთს მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის ვუთხრათ. ახლა ის მომენტია, როცა რაღაცაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ლელომ” საპარლამენტო დაფინანსებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ეს პარლამენტის ირიბ ლეგიტიმაციას ნიშნავდა. პარტიული დაფინანსების მიღება რას ნიშნავს?” - პასუხობს:

“საპარლამენტო დაფინანსებაზე უარი იმიტომ ვთქვით, რომ საპარლამენტო საქმიანობაში არ ვმონაწილეობთ. რაც შეეხება პარტიულ დაფინანსებას, თუ ოპოზიციურ პარტიას არ ექნება დაფინანსება პოლიტიკური ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად, ის გაქრება. დღეს არსებული კანონი პარტიებს პირდაპირ უბიძგებს შავი ფულით დაფინანსებისკენ. “ქართული ოცნება” სრულად აკონტროლებს ბიზნესს. შესაბამისად, ეს სფერო ოპოზიციურ პარტიებს ვერ დააფინანსებს. ვინ აფინანსებს “ოცნებას”?! ის ბიზნესმენები, ვინც ტენდერებს იგებენ. თუ ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლება არა, სხვა ვინ დააფინანსებს?!

“ჩვენი “მარშალის გეგმა” კრიზისის გრძელვადიან და მოკლევადიან მართვაზეა გათვლილი. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან ამ გეგმის შესახებ და ეს ძალიან მახარებს, კარგი პროცესი დაიწყო. ხალხი უკვე კონკრეტული გეგმებით დაინტერესდა, რაც, სხვათა შორის, მთავრობას არა აქვს. ახლა ოპოზიციის საქმეა მონიტორინგი აწარმოოს ქვეყნის ხაზინაზე და გამოამზეუროს, რაში რამდენი ფული იხარჯება, სად მიდის ჩემი და თქვენი ჯიბიდან ბიუჯეტში შეტანილი ფული, ან რაში იხარჯება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ჩვენი სახელით აღებული სესხები. ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არავინ აკონტროლებს და როგორც მოუნდება, ისე დაჭრის და შეკერავს ქვეყნის ბიუჯეტს. ხელისუფლებას ბუღალტერია პოლიტიკური ნიშნით ფულის დარიგება ჰგონია. ასეთი მიდგომა გაზაფხულზე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. ხელში ცარიელი ხაზინა, უზარმაზარი ვალი, გაკოტრებული ბიზნესები და დამშეული ხალხი შეგვრჩება, პრემიერს კი მოხსნიან და რამდენიმე მინისტრსაც ზედ მიაყოლებენ, მაგრამ ჩვენ რა ხეირი? დავრჩებით გაკოტრებული ქვეყნის პატრონებად”.

როგორი იქნება აშშ-ს ახალი პოლიტიკა საქართველოს მიმართ - “ბაიდენისთვის მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთია, ტრამპისთვის ჩინეთი”

“გასული კვირის განმავლობაში დასავლელი ექსპერტებისგან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თაობაზე რამდენიმე განცხადება გაკეთდა, მათ შორის, ერთ შესაძლო ვარიანტსაც განიხილავენ, რომლის მიხედვითაც საქართველოს შესაძლოა ნატოს ასოცირებული წევრობა შესთავაზონ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა, იმის გამო, რომ ამის პრეცედენტი არ ყოფილა ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს მიერ გაკეთებულ განცხადებაში საუბარია საქართველოსა და უკრაინისათვის რაღაც ახალი, შუალედური სტატუსის შემოღებაზე, რასაც პირობითად შეიძლება ნატოს ასოცირებული წევრობა ეწოდოს. ამის პარალელურად კი რუსეთისათვის თანამშრომლობის ახალი პაკეტის შეთავაზებაზე, რათა ეს რუსეთის მხრიდან მტრულ ნაბიჯად არ იქნეს აღქმული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორი იქნება აშშ-ს ახალი პოლიტიკა საქართველოს მიმართ - “ბაიდენისთვის მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთია, ტრამპისთვის ჩინეთი”.

“ობსერვერმა” კი გამოაქვეყნა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალის, გენერალ-ლეიტენანტის ბენ ჰოჯესის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის მოვლენების ფონზე, აუცილებელია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევა (მაპ) გაეგზავნოს. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, ეს მხოლოდ კერძო მოსაზრებებია, ხოლო რეალური შეთავაზება, ალიანსის ოფიციალური პირებისგან არ ყოფილა. “ეს მხოლოდ კერძო პირების განცხადებებია და დღესდღეობით მსგავსი არავის არაფერი შემოუთავაზებია, მაპის სტატუსი გაცილებით უფრო უკეთესს იძლევა, ვიდრე ასოცირებული წევრობა, მაპი ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსს ანიჭებს, ასე, რომ სჯობს ამაზე გავაკეთოთ აქცენტი, თან ნატოელებმაც არაერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაპი მთავარ კრიტერიუმად რჩება. დღეს კი, როცა ამერიკას და ევროპას თავისი პანდემიური და სხვა პრობლემები აქვს გადასაჭრელი”, - ამბობს მაისაია, რომელსაც არ ჰგონია, რომ “ამ ეტაპზე ახალი რაღაცა შემოგვთავაზონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

„მაპი არის ის დონე, რომელიც ფაქტიურად ქვეყანას სრული გაწევრიანებისათვის ამზადებენ, ეს მოიცავს, სამხედრო პოლიტიკური რესურსების სწორ მართვას, უსაფრთხოების ელემენტებს, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციების სწორი მართვა ნატოს სტანდარტებით, რომელიც ალიანსისთვის მნიშვნელოვანია და ასევე სამართლებრივი ადაპტაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ელემენტების ფორმატში, კონკრეტული მოთხოვნების კრიტერიუმები დგინდება და ამის საშუალებით, თანდათანობით, ნატო ალიანსში გასაწევრიანებლად ქვეყნების მომზადებას ახორციელებს. როდესაც მაპს ანიჭებენ, ქვეყანას გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი ენიჭება, რომელიც გაცილებით უფრო დიდი პრივილეგიაა, ვიდრე ასოცირებული წევრობა, აქ უკვე ქვეყანას გარკვეულწილად უსაფრთხოების რაღაცა გარანტიები ჰქონდეს, დე ფაქტო მაინც. ამაზე უნდა ვიმუშავოთ, რომ მაპი მივიღოთ, ვინც ამბობს,რომ მაპი საჭირო არააო, ან ნატოს სტრუქტურებში ვერ ერკვევა, ან პოპულისტობს, ასეთი განცხადებებიც კეთდებოდა, რომ მაპის გარეშე შეგვიძლია ეს მივაღწიოთ, რაც სისულელეა, მაპი ახლაც რჩება საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების მთავარ ინსტრუმენტად. ეს სტატუსი ყველა ნატოს წევრ ქვეყანამ გაიარა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“აშშ-ის ახალი ადმინისტრაცის პირობებში გლობალური ცვლილებების მაღალი ალბათობაა, გამოჩნდება მალე... ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ამას ბაიდენის ადმინისტრაცია რას განახორციელებს. ბაიდენი უფრო რაციონალურ პოლიტიკას გაატარებს, არ დაძაბოს, მაგრამ საკმაოდ მკაცრი მიდგომები ექნება, ეს ალბათ 20 იანვრის მერე გაირკვევა,როცა ბაიდენის ადმინისტრაციისგან პირველი განცხადებები გაკეთდება”, - მიიჩნევს მაისაია. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი “რეზონანსთან” თვლის, რომ ნატოს ასოცირებული წევრი ქვეყნის პრეცედენტი არ ყოფილა. თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა, საკითხი ალიანსის დღის წესრიგში არ დგას”, - განაგრძობს გამოცემა.

“პრეცენდენტი იმისა, რომ რომელიმე სახელწიფო ნატოს ასოცირებული წევრი ყოფილიყო, არასდროს არ ყოფილა, გადაწყვეტილებას ჩრდილო ატლანტიკური საბჭო იღებს, ესაა ნატოს უმაღლესი ორგანო, რომელიც ნატოს სამიტებზე სახელწმიფოთა და მთავრობათა მეთაურობითაა წარმოდგენილი, ან საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ის გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებს. ანუ 30-ივე სახელწიფო ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაზე თანახმა უნდა იყოს, მათ შორის საქართველოსთვის მაპის მინიჭება-არ მინიჭების, მოწვევის გაგზავნა-არგაგზავნის თაობაზე. შესაძლებელია, რომ კონკრეტული ქვეყანა ალიანსის კანდიდატი იყოს, მაგალითად როგორიცაა მაპი, მაგრამ როგორც ასეთი ასოცირებული წევრობა არასდროს არ ყოფილა. ეს ყველაფერი თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მეტსაც გეტყვით, ვიყოთ რეალისტები, ჯერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ გააჩნია", - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

„2008 წლის დეკემბრიდან დღემდე, საქართველოსთვის ყოველწლიური ეროვნული პროგრამა მოქმედებს, ანუ ერთის მხრივ საქართველო ნატოს ერთ-ერთი მთავარი უახლოესი პარტნიორია, მაგრამ, მეორეს მხრივ სამოქმედო გეგმაც არ გვაქვს მიღებული. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში რომც დადგეს, რომ ნატოს წესდებაში ცვლილება განხორციელდეს, რომლითაც ასოცილებული წევრის ისნტიტუტი იქნება შემოღებული, აქაც კონსენსუსი შემოღებული ვერ იქნება, შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, აშშ-მა, ბრიტანეთმა მხარი დაუჭირონ, მაგრამ ასე მგონია, რომ გერმანიამ, საფრამგეთმა იტალიამ, ნიდერლანდებმა, ამ ეტაპზე მხარს არ დაუჭერენ. რაც შეეხება უცხოელი ექსპერტების განცხადებებს, ამერიკელი ექსპერტის ლუკ კოფის მიდგომა იყო,რომ შესაძლებელიაო საქართველოს ნატოში მიღება განვიხილოთ, ოღონდ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, რომ ნატოს წესდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდეს, მაგრამ ესეც არარეალისტურია, ნატოს ფარგლებში ეს საკითხი არც განიხილებოდა. ასოცირებულ წევრობაში არ ჩანს გავრცელდება თუ არა საქართველოზე ნატოს წესდების მეხუთე მუხლი, ანუ ნატოს წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოზე თავდასხვა განიხილება როგორც მთლიანად ნატოზე თავდასხმა. ჩემის აზრით ყველაზე რეალისტური ისაა,რომ საქართველო ამ უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იმყოფებოდეს, ამ შემთხვევაში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ხელშეკრულებით ", - განაგრძობს ჩიტაძე.

„ ეტყობა, რომ შეერთებული შტატები ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გლობალურ საკითხებში, უფრო მეტად იქნება ჩართული, ტრამპისთვის ასეთი იდეა იყო, რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა, მართლაც კოვიდ-19-მდე ამერიკაში 3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, რაც აშშ-სთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება ბაიდენს, მისი იდეა უფრო ისაა, რომ ამერიკა გლობალური მოთამაშე იყოს, მას პირდაპირ საქართველო არ უხსენებია, მაგრამ მოკავშირეებზე ილაპარაკა. ბაიდენი საგარეო საკითხებში გაცილებით უკეთ ერკვევა, ვიდრე ტრამპი, ამიტომაც მგონია, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში მისი გავლენები მსოფლიო სხვადასხვა რეგიონებში გააფართოვოს, მათ შორის საქართველო აშშ-ის სამხედრო ურთიერთობები. მას აქვს სხვადასხვა ქვეყანასთან ასეთი ორმხრივი ხელშეკრულებები დადებული, რომელიც ამ ქვეყნაში სამხედრო ბაზების განთავსებას ითვალისწინებს. 2009 წელს, როცა ობამამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის განხორციელება დააპირა და მოსკოვში ჩავიდა კიდეც, ზუსტად იმ დროს ბაიდენს, რომელიც ვიცე-პრეზიდენტი იყო, ამ გადატვირთვის პოლიტიკის არ სჯეროდა, იგი აქ ჩამოვიდა და მოხსენებით საქართველოს პარლამენტში გამოვიდა. ბაიდენისთვის მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე რუსეთია, როცა ტრამპისთვის მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე ჩინეთი იყო, ბაიდენი უფრო რეალისტია და აცნობიერებს, რომ ჩინეთი ეკონომიკური ძალაა, რასთანაც ჯანსაღი კონკურენციაა შესაძლებელი, ხოლო რუსეთი სამხედრო ძალაა და მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს,"- დასძენს ჩიტაძე.

ზაზა ფირალიშვილი -“ოპოზიცია ექსტრემისტული რიტორიკის ტყვეობაში აღმოჩნდა”

“არაერთი მოწოდებისა და რჩევის მიუხედავად, ოპოზიცია პარლამენტში არ შედის - საგულისხმოა, რომ ზოგმა დასავლელმა პარტნიორმა თავის განცხადებებში პოლიტიკური სიმწიფე ახსენა. მართალი გითხრათ, მეც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ოპოზიცია ექსტრემისტული რიტორიკის ტყვეობაში აღმოჩნდა და, როგორც ადრეც მომხდარა, ამჯერადაც კარგავს შანსს შექმნილი ვითარებით სარგებელი ნახოს. მიხეილ სააკაშვილი ისევ ახერხებს თავის დღის წესრიგს დაუქვემდებაროს პროცესები და ამაში მას ქართული პოლიტიკის ის მანკიერი ტრადიცია ეხმარება, როცა ზომიერი და რაციონალური პოზიცია როგორღაც უხერხული და მიუღებელი ჩანს. ამ ვითარებაში ხელისუფლებას არ უჭირს შექმნას შთაბეჭდილება, რომ მას პროცესების მართვა და განეიტრალება შეუძლია აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია ექსტრემისტული რიტორიკის ტყვეობაში აღმოჩნდა” / “საქართველოში ძლიერია დემოკრატიული ინსტინქტი და ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მსგავსად, აქ, 25 და 30-წლიანი მმართველობა ვერ ჩამოყალიბდება”.

“არადა, თითქოს ცხადია, რომ უკიდურეს მოთხოვნებს მაშინ შეიძლება მივმართოთ, როცა ამას კონკრეტული შედეგი ექნება და არა ნებისმიერი კრიტიკული მომენტისას - ამ ელემენტარულ წესს ყველა ჩვენგანი იცავს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის პოლიტიკოსებიც. განმეორებითი არჩევნების მოთხოვნა მძლავრ საზოგადოებრივ მხარდაჭერას გულისხმობს. ასეთი მხარდაჭერა კი არც არჩევნებამდე ჩატარებულ გამოკითხვებში და არც არჩევნების დროს ჩატარებულ ეგზიტპოლებში არ ჩანს. მართალია, ვინმემ შეიძლება 2003 წლის ნოემბრის არჩევნები გაიხსენოს, როცა ხელისუფლების რეიტინგი ოპოზიციის რეიტინგზე მაღალი იყო და მიუხედავად ამისა, მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ, განსხვავება არსებითია: ახლანდელი ოპოზიცია უკვე კარგად ნაცნობი და “საქმეში ნანახი” აქტორებისგან შედგება. როცა საარჩევნო დარღვევებზე ლაპარაკობს კაცი, რომელიც თავად არაერთხელ იყო ამგვარ დარღვევებში ეჭვმიტანილი, მისი ნათქვამი ჰაერში იფანტება. ამით კი მე და თქვენ ვზარალდებით, როგორც მოქალაქეები. ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ კიდევ გადაიდება იმ მექანიზმების შექმნა, რომლებიც საარჩევნო დარღვევებისგან დაგვაზღვევს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

“არ ვიცი, რამდენად მართალია ხმები “სტრატეგია “აღმაშენებლის”, “ლელოს”, “გირჩისა” და “ევროპული საქართველოს” გაერთიანების შესახებ. არადა, პოლიტიკური ლოგიკა დღეს კი არა, უკვე დიდი ხანია ერთგვაროვანი ძალების ინტეგრაციას მოითხოვს, თანაც უბრალოდ თანამშრომლობას კი არა, სწორედ ინტეგრაციას. ფეოდალური პარტიკულარიზმისა და გაბერილი პოლიტიკური ეგოების ეპოქა უნდა დამთავრდეს. თუ ეს ხმები მართალია, აჩენს იმედს, რომ დღევანდელი პოლიტიკური კონფიგურაცია ოდნავ მაინც შეიცვლება და პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი დღის წესრიგისაგან გათავისუფლდება. დღეს ხელისუფლება მომგებიან პოზიციაშია. ოპოზიციამ სერიოზული პოლიტიკური კრიზისი ვერ შექმნა. პარლამენტში შესვლაზე უარს დაფინანსებების მოთხოვნა დაურთო, რამაც მდგომარეობა მოქალაქეთა თვალში უფრო უცნაური გახადა. იმედია, მოლაპარაკების მესამე რაუნდამდე ოპოზიციური პარტიების უკვე ნახსენები ჯგუფი მაინც შეძლებს რადიკალური დაპირისპირების ჩიხიდან გამოსავლის გამონახვას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუმცა შეიძლება დაგვებადოს კითხვა, არის თუ არა დაინტერესებული “ქართული ოცნება”, რომ დიალოგი რაციონალურ ოპოზიციურ ძალასთან ჰქონდეს? წარმოიდგინეთ, რამდენად წინ წაიგდებდა ოპოზიცია საქმეს, განმეორებითი არჩევნების რადიკალური მოთხოვნის ნაცვლად საარჩევნო დოკუმენტების გაყალბების საქმეთა გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისათვის რომ მიეღწია. ცხადია, “ქართული ოცნებისთვის” ეს დიდი დარტყმა იქნებოდა როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, მაგრამ როგორც ჩანს, თავად გამპროტესტებელ ძალებშიც ეწინააღმდეგებიან მოვლენათა ამგვარ განვითარებას - ვის მიერ ან რატომ, განსჯა თქვენთვის მომინდვია... ოპოზიციის დღევანდელმა პოლიტიკურმა კონფიგურაციამ განსაკუთრებით, არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების შემდგომ, აღარ დაიტოვა შანსი, განმეორებითი არჩევნების გარდა, სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას დასჯერდეს. ვფიქრობ, გაცილებით მომგებიანი და დასავლელი პარტნიორებისთვის გასაგები იქნებოდა, რომ პოლიტიკური ქულები აეკრიფათ. ჯერჯერობით ისეთ მწვავე თემასაც ვერ იყენებენ, როგორიცაა კოვიდეპიდემიის გამო აღებული სესხები, სათამაშო ბიზნესით განადგურებული ოჯახები, ნარკომანიის ზრდა, რასაც, დარწმუნებული ვარ, მარიხუანასთან დაკავშირებულმა დისკუსიებმა შეუწყო ხელი, ასევე კრიმინალის ზრდამ და ასე შემდეგ. ბელორუსული მოვლენების რაღაც მსგავსის აქ დატრიალება შეუძლებელი იქნება და ამაში იოლად დავრწმუნდებით, თუ ორი ქვეყნის ეგზიტპოლების შედეგებს შევადარებთ”, - ამბობს ფილოსოფოსი.

“რაც შეეხება “ოცნებას”, ის წინა ხელისუფლებების შეცდომებს უშვებს. მესამე ვადა კრიტიკული იყო წინამორბედებისთვის. როგორც ჩანს, ორი საარჩევნო პერიოდი ის პირობითი ზღვარია, რომლის შემდეგაც ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, ეჭვები თუ მობეზრება ღრმავდება. ნაცვლად იმისა, ამ ვითარებაში ხელისუფლების დროებით დათმობაზე თუ არა, პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე მაინც იზრუნოს, “ქართული ოცნება” კვლავ ერთპიროვნული მართვის ხიბლშია და ამას არ შეიძლება მისთვის და ქვეყნისთვის კარგი შედეგი მოჰყვეს. საქართველოში ძლიერია დემოკრატიული ინსტინქტი და ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მსგავსად, აქ, 25 და 30-წლიანი მმართველობა ვერ ჩამოყალიბდება”, - დაასკვნის ზაზა ფირალიშვილი და შეკითხვაზე - “სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობა გვაქვს. რას მოასწავებს ეს და რამდენად სახიფათოა საქართველოსთვის?” - პასუხობს:

“სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის ეს ყველაფერი ლამის შეუმჩნეველი დარჩა. ყარაბაღის ომმა დაანგრია ის მოდელი, რომლითაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროებს მართავდა. თვალდათვალ მცირდება მისი გეოპოლიტიკური როლი და რეგიონული გავლენა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყარაბაღში სამშვიდობოების განთავსებით რუსეთმა თავისი სამხედრო გავლენის სფერო გააფართოვა. ამას წინ ის უძღოდა, რომ ყველანი ვხედავდით, როგორი უმწეო იყო რუსული იარაღი ისრაელის და თურქეთის იაფი დრონების წინაშე და ათასი მიზეზით როგორ ეუბნებოდა დახმარებაზე უარს თავის უერთგულეს სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს. ყოველივეს შედეგს უახლოეს დროში ვნახავთ. პირველი და თვალსაჩინო შედეგი ის არის, რომ თურქულმა იარაღმა უკრაინის ბაზარზეც შეაღწია. თეზისს პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ, რომლითაც ათწლეულების განმავლობაში ინიღბებოდა რუსული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვაში, უკრაინაში და ა.შ., წყალი შეუდგა...”

“თავისთავად ის, რომ რუსეთს “ბიზანტიურ მემკვიდრეობაში” ეცილებიან, დიდი ცვლილებების მაჩვენებელი არ არის?! ორასწლიანი პაუზის შემდეგ თურქეთი აქტიურად ერევა სამხრეთკავკასიური კონფლიქტის ბედის გადაწყვეტაში და სასურველ შედეგსაც აღწევს. თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში პუტინმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სუვერენული ქვეყანაა და უფლება აქვს მოკავშირეები თავად შეარჩიოს. არადა, სულ ორიოდე წლის წინ არც დაუშვებდა მსგავს აზრს. მოკლედ, რეგიონული პოლიტიკის მკვეთრად განსხვავებულ ფაზაში აღმოვჩნდით... ომის დაწყებისთანავე აშკარა იყო, მკაფიოდ გაიზრდებოდა ჩვენი რეგიონული მნიშვნელობა და მაიკლ პომპეოს ბოლო მომენტში დაგეგმილი ვიზიტი სწორედ ამაზე მიგვითითებს. მოგეხსენებათ, შეერთებულ შტატებს თურქეთთან გაორებული დამოკიდებულება აქვს და მას მყარი რეგიონული საყრდენი სჭირდება. იმედია, ოპოზიცია იქამდე არ მიიყვანს საქმეს, როცა დასავლეთს თავისი გზავნილების ადრესატი არ ეყოლება. ჩვენ შეიძლება თამაშგარე აღმოვჩნდეთ მაშინ, როცა ქვეყნის ბედი უნდა გადაწყდეს. უნდა გავიხსენო ზატულინი-მიგრანიანის დოქტრინა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დიალოგისა და თანამშრომლობის ყველა შესაძლო პლატფორმის მოშლით და ქაოსის პროვოცირებით უნდა იმართოს”, - განმარტავს ფილოსოფოსი.

“ისევ დავუბრუნდები ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების პრობლემას. აზერბაიჯანს თავისუფლად შეუძლია მათ ადგილი თავის კონტროლირებად ტერიტორიებზე მიუჩინოს. ომი, რომლითაც პუტინმა სომხები “დასაჯა” საგარეო ვექტორებში დასავლური ორიენტაციის ნიშნების გაჩენისთანავე, თავისი შედეგებით თავად რუსეთისთვის აღმოჩნდა მრავალმხრივ წამგებიანი. საკმარისია მხოლოდ ის წარმოვიდგინოთ, თუ როგორი ექო ექნება ამ მოვლენებს ჩრდილო კავკასიის ხალხებში. როგორც რუსი ანალიტიკოსები წერენ, მართალია, სომხეთი ომის შედეგების მიხედვით იოლად შეიძლება იქცეს რუსეთის ისეთივე დანამატად, როგორიც აფხაზეთია, მაგრამ, ჯერ ერთი, აზერბაიჯანმა თავისი დიდი მოკავშირის მეშვეობით მისივე გავლენისგან თითქმის მთლიანად თავის დაღწევა მოახერხა და მეორეც - სომხეთში დღეს ზვავისებრად იზრდება ანტირუსული განწყობა”, - მიიჩნევს ფირალიშვილი.

“ვიმეორებ: ჩვენთვის ეს ვითარება კარგი შანსია, დღევანდელმა ორომტრიალმა კი შეიძლება ხელიდან გამოგვაცალოს. დასავლეთი თუნდაც დაინტერესებული იყოს ივანიშვილის ხელისუფლების წასვლით, კარგად იციან, რომ ერთსა და იმავე ქვეყანაში დროის საკმაოდ მოკლე შუალედში ორი ფერადი რევოლუცია ვერ მოხდება.. რაც შეეხება ამერიკის ახალ პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ცვლილებები სერიოზულია. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილება ენტონი ბლინკენი - კაცი, ვინც კარგად იცნობს საქართველოს და ვისთვისაც რუსული “მუხლებიდან წამომდგარი” იმპერიალიზმი სრულიად მიუღებელია. ბაიდენმა თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში რუსული მმართველობის ფორმა კლეპტოკრატიად მოიხსენია. როგორც ჩანს, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება, თუმცა ჯერ ძნელია თქმა, რა ინტენსივობით და ფორმებით. ეს ჩვენთვის სერიოზული შანსია, ოღონდ ამ შანსს ადეკვატურად უნდა გამოყენება”, - დასძენს რესპონდენტი.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა