კობა ხაბაზის განცხადებით, აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, კობა ხაბაზის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე კაბინეტშია გამოკეტილი და სიმართლის, ხალხის ეშინია. როგორც მან ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.
„ეს არის შეშინებული ხელისუფლების ქმედება. კაბინეტშია გამოკეტილი სამარცხვინო რიჟვაძე, მას ეშინია სიმართლის და ხალხის. შენობაში არიან შეყუჟულები და უნდათ, ქვეყნის მართვა გააგრძელონ. ჩვენ ხმის ქურდებს და პუტინის მონებს ამის უფლებას და ქვეყნის მართვის საშუალებას არ მივცემთ.
ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება- გადაადგილების უფლება. გვინდა, რომ რიჟვაძეს შევხვდეთ. გვინდა პოლიცია ვაიძულოთ, რომ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების ხელყოფაზე უარი თქვან. თუ ასე გაგრძელდება ამ ქვეყნააში და პოლიცია გახდება არა კანონის, არამედ რიჟვაძის და ივანიშვილის დამცველი, ქვეყანას საფრთხე ემუქრება“,-აცხადებს ხაბაზი.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სხვადასხვა სოციალური საკითხების განსახილველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
ადგილზე შეკრებილები სკანდირებდნენ: “მონა, მონა!“.

























