Microsoft-ი საქართველოს განათლების სისტემის შესახებ სტატიას აქვეყნებს

Microsoft-მა თავის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს განათლების სისტემის ტრანსფორმაციის თემაზე სტატია და ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სახელწოდებით - „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დან აცნობეს, სტატიაში აღნიშნულია, თუ როგორი წარმატებით იყენებს სამინისტრო Microsoft 365-ის საგანმანათლებლო პროდუქტებს სასწავლო პროცესში.

Microsoft Teams-ის ინტერფეისისა და ყველა ონლაინ გაკვეთილის გაქართულებამ პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა და სამ თვეში ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 750-დან დაახლოებით 300,000-მდე გაზარდა.

თანამედროვე ეპოქაში განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე სტატიაში საუბრობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. „21-ე საუკუნეში, ადამიანის საქმიანობაში ციფრულ ტექნოლოგიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ყოვლისმომცველი განათლება და, ამავდროულად, იყვნენ კონკურენტუნარიანები სწავლის დამთავრებისთანავე, მათ სჭირდებათ ელექტრონულ რესურსებთან წვდომა. ინტერაქტიული ონლაინ მასალები, ონლაინ კურსები, ერთობლივი სასწავლო ჯგუფები, ციფრული ბიბლიოთეკა, თამაშებზე დაფუძნებული გაკვეთილები - ეს ყველაფერი თანამედროვე სასწავლო გამოცდილების უმთავრესი კომპონენტებია,“ - ამბობს მიხეილ ჩხენკელი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში Microsoft 365-ის აპლიკაციებს არაერთი ფუნქცია დაემატა, მათ შორის, ციფრული საგანმანათლებლო მასალის ბიბლიოთეკა და ჩატბოტი, რომელიც Teams-ის მომხმარებლებს პასუხს სცემს თემატურ შეკითხვებზე. გარდა ამისა, Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამა 150-ზე მეტ სკოლაში დაინერგა თამაშზე დაფუძნებული გაკვეთილების გასავითარებლად და მოსწავლეებში შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების წასახალისებლად. სტატია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3qmzFh6

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა